- საღამო მშვიდობის, ტრიქსტერ... მინდა გითხრა, რომ შენი "გამოსვლა" საკმაოდ ეფექტური იყო. - ეს რა "კატა" ჩამიტარე მართლა?!
სახლში დაბრუნებულმა მიამ, თავისი საყვარელი სერიალის ყურების ნაცვლად, მაშინვე "ფეისბუქი" გახსნა და ტრიქსტერს მისწერა.
- არ მოგეწონა?
- რატომღაც მგონია, რომ გიცნობ... ის ახალი ბიჭი ხარ? - კოტე ხარ?..
- არა, რას ამბობ! ახლა, კლავიატურაზე ბეჭდვის დროს, ყველაზე მეტად ჩემი ჯანმრთელი მარჯვენა თითი აქტიურობს
- რა თამაშს გულისხმობდი?
- ჩემს პროექტს. საინტერესო და გაბედულ ადამიანებს ვეძებ, რომელთაც პერიოდულად რაღაც დავალებების შესრულება მოუწევთ. თამაშის ფარგლებში, რა თქმა უნდა!
- და რატომ გგონია, რომ მე ვითამაშებ, ვენდობი ვიღაც კატისსურათიან უცნობს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი?
- იმიტომ, რომ მთელი სპექტაკლის მანძილზე დივანზე ჯდომა დამღლელია! რატომაც არ უნდა სცადო? რას კარგავ? სცადე და თუ არ მოგეწონება, დაბრუნდი შენს ამპლუაში.
- არ ვიცი... ვინმე სხვა მოძებნე. მე ეს ყველაფერი არასერიოზულად მიმაჩნია!
- შენი როლების ფონზეც?
- ირონია საჭირო არ არის!
- კარგი, წითელთმიანო, არაფერს დაგაძალებ! უბრალოდ, მგონია, რომ არ მიეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებსაც შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვეველ ბედნიერებას!... შეიძლება შევცდი კიდეც შენში... მშვიდობით, მია
მიას უსიამოვნო გრძნობა მაინც დაეუფლა. მეორე დღეს, რეპეტიციაზე მთავარი როლის შემსრულებელ გოგოს - ეთოს აკვირდებოდა. რა აქვს მას ისეთი, რაც მიას არა აქვს? - ალბათ იღბალი, თორემ მთელ დასში ყველაზე უნიჭოა. სოფიკოც კი უკეთესად ითამაშებდა... საკმაოდ ხშირად უშვებს შეცდომებს და რეზოც ყოველთვის პატიობს, მაშინ, როცა მიას ერთ უმნიშვნელო შეცდომასაც არ შეარჩენს. - რა უსამართლობაა!
უნიჭოსთან ერთად, საკმაოდ უხეშია და ყველას ზემოდან უყურებს.
- უი, შენც აქ ხარ? ვერ შეგამჩნიე. - შესვენებაზე ეთო დივანზე ჩამოჯდა და მიას ირონიულად მიმართა.
პრინციპში, მისგან სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი. მია სიბრაზისაგან გაწითლდა და რაღაცნაირად ვეღარ აიტანა იქაურობა. უფრო იმაზე გამწარდა, რომ საკადრისი პასუხი ვერ მოიფიქრა. როცა საჭიროა, სწორედ მაშინ დაბეჩავდება ხოლმე.
უთითო კოტემაც კი სახლში გაცილება ჯერ სოფიკოს შესთავაზა და მიასთან მხოლოდ მაშინ მივიდა, როცა იმ უკანასკნელმა უარით გაისტუმრა...
სახლში მისვლისთანავე მიამ ლეპტოპი ჩართო და უცნობს მისწერა:
- აქ ხარ?.. მოკლედ, თანახმა ვარ, ვცადო ეგ თამაში თუ რაც არის... მითხარი, რა უნდა გავაკეთო?
მთელი დღის განმავლობაში არ მოსვლია პასუხი. მიამ იფიქრა, ალბათ აქაც დავაგვიანეო და დეპრესიას საშუალება მისცა, დაუფლებოდა. ძილის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ შეამოწმა "ფეისბუქი".
- მიხარია, რომ აზრი შეიცვალე! - სწორი არჩევანია, წითელთმიანო! - დავალებას ხვალ დილით მიიღებ :)
მია რეპეტიციაზე აღარ წავიდა. დილით კურიერმა მუყაოს ყუთით გზავნილი მოუტანა. ყუთში ყვავილის ფორმის გულსაბნევი, საბილიარდოს აბონემენტი და კონვერტი იდო.
მიამ ბროში ხელისგულზე დაიდო და შეათვალიერა. ლამაზი იყო, ფერადი თვლებით გაწყობილი. შემდეგ კონვერტი გახსნა:
"დავალება პირველი: - შენი პირველი როლი ჯაშუში გოგოა. დღეს, საღამოს 9 საათზე, საბილიარდო "პირამიდაში" მიხვალ, ბარში დაჯდები, წვენს შეუკვეთავ და ისე მოიქცევი, თითქოს ვიღაცას ელოდები, ის კი არ მოდის. მეშვიდე მაგიდასთან ახალგაზრდა წყვილი ითამაშებს. ბროში გაიკეთე. შიგნით მინი-კამერაა და წითელ თვალზე დაჭერით ჩაირთვება, მწვანეთი კი გამოირთვება. ისე დაჯექი, რომ კამერა მათკენ იყოს მიმართული. ეცადე, რომ წყვილი სულ მიზანში გყავდეს ამოღებული.
თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც ფიქრობდი, არ ინერვიულო! - მოიქეცი ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებს. მოუსმინე შენი სხეულის ენას! - დაანგრიე საზღვრები!"
trickster
რა საოცარია! მიას თავისი საყვარელი სერიალი - "ჯაშუში" გაახსენდა, ჯენიფერ გარნერის მონაწილეობით და გული აუჩქროლდა. როგორ ოცნებობდა ჯაშუშის როლის შესრულებაზე... რა დამთხვევაა! - მისი ერთ-ერთი საოცნებო როლი, რომელიც ახლა აუხდება.
საღამოს საგულდაგულოდ გამოეწყო: ვიწრო ტყავის შარვალი და ტყავის ქურთუკი ჩაიცვა, ბროში დაიმაგრა, თმა მაღლა აიწია და შავი სათვალე გაიკეთა.
ცხრას რომ 15 წუთი აკლდა, უკვე საბილიარდოში იყო. ბარში ახალგაზრდა გოგო და ბიჭი შემოვიდნენ და გეზი მეშვიდე მაგიდისკენ აიღეს. მიამ კამერა ჩართო.
როგორც ჩანს, ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ. ბიჭი დაბნეული ჩანდა, უფრო გოგო აქტიურობდა, სულ ლაპარაკობდა და იცინოდა. კიის დასამიზნებლად რომ დაიხრებოდა, შემოტკეცილი ჯინსის შარვლიდან შავი ტანგა უჩანდა. დროდადრო, ვითომ შემთხვევით, თავის უკანალს ბიჭს შეახებდა ხოლმე. შორიდან სასაცილო სანახავები იყვნენ.
მია ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაცას ელოდა - მალ-მალე მაჯის საათზე იხედებოდა.
"საინტერესოა, ნეტა ვინ არის ის ტრიქსტერი, ან რაში სჭირდება ამ ყველაფრის კამერით გადაღება"?! - ფიქრობდა და თან წვენს სვამდა.
მიას მაინც ეშინოდა, რომ რაიმე უსიამოვნებაში არ გახვეულიყო, მაგრამ ამავდროულად, ეს შიში და ინტრიგა რაღაცნაირად მოსწონდა. ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო მის ცხოვრებაში.
მიას ჯაშუშობა ერთ საათში დამთავრდა. შინ დაბრუნებულმა "კატას" მისწერა:
- დავალება შევასრულე გულსაბნევს რა ვუყო?
- ხვალ იგივე დროს მოვა კურიერი და გაატანე
- შემდეგი დავალება რა იქნება?
- გეტყვი წინასწარ! მანამდე შენი საქმე გააგრძელე! შენი სპექტაკლის პრემიერამდე ორი დღეღა რჩება. შენს სანახავად აუცილებლად მოვალ.
- სანახავი არაფერია! სცენაზე სულ სამჯერ გამოვჩნდები და სამივეჯერ დივანზე ვიჯდები...
- ეგ ჯერ კიდევ საკითხავია! - დროებით, წითელთმიანო
მია მეორე დღეს რეპეტიციაზე წავიდა. თავს სხვანაირად გრძნობდა.
- გუშინ რატომ არ იყავი? - ჰკითხა ეთომ.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ ვიყავი? - იქნებ ვიყავი და ვერ შემამჩნიე?..
- ეგრეც ვიფიქრე! - გუშინ რომ გითხარი, იმიტომ არ მოხვედი, არა?
- არა, ეთო, უბრალოდ, არ მეცალა! - უფრო საინტერესო როლს ვთამაშობდი!
- მართლა? - და რა როლი იყო? - ჰკითხა დამცინავი ტონით მიას ეთომ.
- ჯაშუშის!
- რა საინტერესოა! მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ და ძლივს არ გავიცინე?..
მიამ აღარაფერი უპასუხა. სოფიკოს გვერდით, დივანზე დაჯდა.
- ეთოს რა სჭირს დღეს?
- თევზი უკვდება და ცუდ ხასიათზეა! - ეგ თევზი ჩემთვის ყველაფერიაო...
- მერე წაიყვანოს ვეტერინართან, თუ არ დაჰყავთ მანდ თევზები?
- უიმე, რა ვიცი... - შენ სად იყავი მართლა გუშინ? ისე, ჯაშუში მე მჭირდება ზუსტად. ორი დღეა ვიღაცა სახლის ტელეფონზე რეკავს და სუნთქავს.
- რას შვრებაა?
- სუნთქავს! აი, ფილტვებს რომ უსმენს ექიმი ფონედოსკოპით და ღრმად ისუნთქეო, ისე...
- "აზაბოჩენი" იქნება ვიღაც, ანანისტი!
- რა ვიცი, მე კიდევ ეს კოტე მგონია!
- უი, არაა... არ ჩანს ეგეთი ტიპი.
- გუშინ ჩიპსები იყიდა და შემომთავაზა.
- მერე რა გინდა?
- განა "პაჩკით"? ამოიღო და ისე... თავისი მარჯვენა ხელით...
- ცოდოა, რა ქნას...
- რა დღეში ხართ მანდ? სალაპარაკოდ გაქვთ არა საქმე? მთელი დღეა დივანზე სხედხართ და ერთი ლარიც კი ვერ გააკეთეთ! არავინ არ აგირჩიათ... თქვენ კიდე, ბინის ქირა გაქვთ გადასახდელი... ახლავე შედით როლში და შესაბამისი გამომეტყველება მიიღეთ! - დაუყვირა რეზომ გოგოებს.
მიამ ეთოს კმაყოფილ სახეს შეხედა და უცებ ტრიქსტერის სიტყვები გაახსენდა: -"მოიქეცი ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებს! - დაანგრიე საზღვრები!"
უცებ ფეხზე წამოხტა და რეზოს მიმართა:
- ბატონო რეზო, რამდენლარიანი ვარ?
- ბატონო?..
- რამდენლარიანი მეძავი ვარ? ასი, ორმოცდაათი... - მითხარით, რომ უკეთესად შევიდე როლში...
- მაგაზე არ მიფიქრია, იცი?.. მოდი, ორმოცდაათიანი იყავი!
- 50 თეთრი, ბ-ნო რეზო?
- არა, ლარი, რა თქმა უნდა! - უპასუხა გაკვირვებულმა.
- ხედავთ, ბ-ნო რეზო, რაშია საქმე?.. პრესტიჟული მეძავის როლიც კი არ გემეტებათ ჩემთვის! - რა ხდება?.. რა დაგიშავეთ ასეთი?.. "რიჟა" რომ ვარ, გეშინიათ, სპექტაკლი არ დავთარსო?.. თქვენ გგონიათ, არ შემიმჩნევია, სცენაზე რომ ავდივარ, მაგ თქვენს მაგიდაზე ხან კალამს რომ გადააბრუნებთ ხოლმე, ხან ბლოკნოტს და ხან მობილურს?.. იცით რა? - მომბეზრდა ეს "ფინტიკლუშკა" როლები... მე მივდივარ და ვინმე შემცვლელი მოძებნეთ!
მიამ ამაყად დატოვა სცენა და დასის წევრების გაოცებული მზერა გაიყოლა. ქუჩაში გამოვიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. - თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა.
"ესეც ასე, მგონი რაღაცა შევცვალე, მაგრამ არ ვიცი, კარგისკენ თუ ცუდისკენ... - მთავარია, რომ შევცვალე, დანარჩენი ვნახოთ!" - გაიფიქრა მიამ, ყურსასმენები გაიკეთა, მუსიკა ჩართო და ქუჩა გადაკვეთა.
სახლამდე სულ - "მაგარი გოგოსთვის" დამახასიათებელი სიარულის მანერით იარა, - ისე, როგორც ჯენიფერ გარნერი დადიოდა ფილმ "ჯაშუშში".
გაგრძელება იქნება პარასკევს
P.S. მკითხველისთვის:
დავალება პირველი არცთუ ისე ძნელია.
სადარბაზო-გვირაბი საკმარისად გრძელია...
უხილავი სახლი - ყავისფერი ფერია,
ქუჩის მხრიდან არა ჩანს, თან ძალიან ძველია.
გალავანი - მაღალი, საშიში სულ არ არი...
დაიხმარე და ქალი, - ოღონდ, მხოლოდ ახალი!
ზუსტ მისამართს იხილავ, დრო კი - ათი მარტია.
მინიშნება დაგხვდება, - უტყუარი ფაქტია!
შენს ინსტინქტებს მიენდე, ნახე კიბე მაღალი...
დაგჭირდება ფურცელი, ფარანი და ფანქარი.
შიფრს გადაწერ სიზუსტით, - ხელს ნუ ახლებ!!! - სხვისია...
ლოკაციას დატოვებ, აქ მთავრდება მისია.
კოდურ სიტყვას შიფრისთვის, შენ პარასკევს გაიგებ,
როცა ჩვენი "კოლიბრი" მინიშნებას წაიღებს...
Trickster
დავალების შესრულების დრო: 10 მარტი, 15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე...