„მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში მომცა. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც დავიმსახურე. ჩემი ცხოვრების ცუდი ეტაპებიც საჭირო იყო იმისთვის, რომ წინ წავსულიყავი. გამომდინარე აქედან, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. ბევრი კარგი საქმე მაქვს გაკეთებული. ვთვლი, რომ კეთილი ვარ და მინდა, ყოველთვის მქონდეს ძალა და შანსი, ვაკეთო სიკეთე.
ვვარჯიშობ, მთელი ცხოვრება ვლოცულობ და სულ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ მეტი სიკეთე გავაკეთო. ჩემი მტერიც ბევრჯერ გამიხარებია, რადგან მაქვს უნარი, ასეთი ადამიანიც კი გულში ჩავიკრა. ჩემი სარწმუნოება მეხმარება, რომ სიბრაზეს მოვერიო. პოზიტიური განწყობა ყველაზე კარგად მოქმედებს გარეგნობაზე…“ - ამბობდა თამუნა ამონაშვილი, მომღერალი და მსახიობი, რომელიც სცენასა და ეკრანზე ორიათასიან წლებში განსაკუთრებით აქტიურად ჩანდა. დღეს თამუნა საჯაროდ უფრო იშვიათად ჩნდება, საკუთარი ცხოვრების შესახებ კი გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ისაუბრა:
"სიყვარულზე სულ ვამბობდი რომ არა ჯერ არ მინდა. დედის დამსახურებაც დიდი იყო და მეუბნებოდა, ახლა თუ არ გააკეთე, გადადგი ნაბიჯი, არაფერი აღარ გამოგივაო. თავიდან უარყოფითად ვიყავი რეზის მიმართ განწყობილი. არანაირი სიმპათია არ მქონია მის მიმართ და არაფერს არ ვფიქრობდი. ერთ დღეს შევხედე და ვთქვი, ეს ვინ არის-მეთქი. რეზიკო ძალიან თავმდაბალი იყო", - ამბობს თამუნა.
თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს.
დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა — ვითომ ჩაიჭრა.
იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.
მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.
"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს. მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას.
გული მწყდება, რომ არ მყავს შვილი. როდესაც პატარა ვიყავი, მქონდა, ასე ვთქვათ, ეს ახირებები, რომ ჩემს კარიერას არ შევწირავ. ცოტა დროულად რომ გავთხოვილიყავი, ალბათ, მექნებოდა ის დიდი ბედნიერება ცხოვრებაში, რაც ყველა ადამიანს აბედნიერებს… სიამოვნებით ავიყვანდი ბავშვს, გავზრდიდი ერთსაც, ორსაც. ძალიან რთულია, მაგრამ იმდენი დრო გავიდა, რომ რამდენიმე წელია, მზად ვარ, მეც და რეზიკოც", - ამბობდა მომღერალი.