მსახიობი ეკატერინე მახარობლიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბევრი წლის წინ მოექცა. ის ცნობილი მსახიობის, ალეკო მახარობლიშვილის შვილი გახლავთ. დედაც მსახიობი ჰყავს და ბუნებრივია, რომ თავადაც ეს პროფესია აირჩია.
ხელოვანების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. თითქმის მთელი ცხოვრება კულისებში აქვს გატარებული და პირველი როლი პროფესიულ სცენაზე 4 წლის ასაკში ითამაშა.
"მოგეხსენებათ, მსახიობების შვილი ვარ. ჩემი მშობლები მოზარდ მაყურებელთა თეატრში მუშაობდნენ და ფაქტობრივად, ამ თეატრში გავიზარდე. როცა ბებიასთან ვერ მტოვებდნენ, თეატრში მივყავდი და მთელ დღეს იქ ვატარებდი, ხან სცენაზე, ხან პარტერში – ბატონი შალვა გაწერილიას გვერდით. ხან გარდერობში, ხან სად, ხან სად. ბუნებრივია, რომ ამ გარემოში მეც გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი.
ოთხი წლის ვიყავი, როდესაც თამარ მესხმა არჩილ სულაკაურის პიესა „ცისფერი ირემი“ დადგა, სადაც მთავარი როლი მომცა და პარტნიორობას ცნობილ მსახიობებს ვუწევდი. მახსოვს, ერთხელ 39 მქონდა სიცხე, ძალიან ცუდად ვიყავი, არადა, იმ დღეს სპექტაკლი უნდა მეთამაშა. დედამ თქვა, თეატრში დავრეკავ და ვეტყვი, რომ მოხსნან დღევანდელი სპექტაკლიო. ეს რომ გავიგე, მაშინვე ფეხზე წამოვხტი, არ არსებობს, არ მოახსნევინოთ სპექტაკლი, წამოვალ და ვითამაშებ-მეთქი. წავედი და მართლა ვითამაშე. ჩემი მშობლებისგან გამომდინარე, გონებაში მქონდა გამჯდარი, რომ თუ ცოცხალი ხარ, სპექტაკლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააცდინო. ოთხი წლის ასაკში უკვე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი" - იხსენებდა ეკატერინე.
ამჯერად ეკა ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
ბატონი ალეკო როგორია მამის ამპლუაში?
ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მზრუნველი. ყველაფერი ძალიან ახლოს მიაქვს გულთან და მერე ნერვები ეშლება (იცინის). ხანდახან ვერ თოკავს ემოციებს და ვჩხუბობთ კიდეც (იცინის). ყველა საკითხზე შეგვიძლია ვიკამათოთ და ძალიან ბევრს ვჩხუბობთ. ორივეს ფეთქებადი და ხისტი ხასიათი გვაქვს, „ვერძები“ ვართ და ამას ვაბრალებთ, მაგრამ იმავდროულად, ძალიან მზრუნველია. როცა უნდა დავურეკო, მაშინვე ჩემთან გაჩნდება და ყველანაირად დამეხმარება. მასზე ცუდი მართლა არავისგან გამიგია. მგონი, ცხოვრებაში არავისთვის უწყენინებია და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მამა მყავს. ძალიან ბევრი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც გიჟდებიან მასზე. ძალიან მეამაყება, რომ ასეთი წესიერი, პატიოსანი და ნიჭიერი მამა მყავს.
მამაჩემისთვის ხშირად უთქვამთ, შენი შვილი გჯობსო (იცინის). ჩემს ჯგუფელებს ისიც კი უთქვამთ, შენ მამაშენის ხათრით მიგიღეს თეატრალურშიო. ეს ძალიან მტკენდა გულს და ვტიროდი ხოლმე. დროთა განმავლობაში ეჩვევი და ეგუები მსგავს მომენტებს. მე ყოველთვის ჩემს გზაზე მივდიოდი, რომელსაც თვითონ ვიკვლევდი. ხანდახან პირიქითაც მომხდარა, მე ვყოფილვარ რომელიმე სერიალში და მერე ჩემი ხათრით მოუყვანიათ მამა (იცინის). შეიძლება არის რაღაცები, რის გამოც მე შეღავათები მაქვს ზუსტად ჩემი მშობლების გამო, მაგრამ რადგან ეს მთელი ცხოვრებაა ასე, ბუნებრივი მგონია. რაღაც მომენტებში დამიფიქსირებია კიდეც, რომ მამაჩემის მსახიობობასა და პოპულარობას დიდი როლი მიუძღოდა და ეს, ალბათ, დამხმარებია. თუმცა, მე ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი დამოუკიდებლად გავაკეთო. ჩემმა მშობლებმაც ამ აზრით აღმზარდეს. ყოველთვის მაჩვევდნენ, რომ ყველაფრისთვის ჩემით უნდა მიმეღწია და სულ იმას მეუბნებოდნენ, რასაც უნდა მიაღწიო, არ უნდა დაიჯერო, რომ მაგარი ხარ და გზა წინ უნდა გააგრძელოო.