ყოველ დილით ვამჩნევ, რომ ისტერიკული მოლოდინის რეჟიმში ვარ გადასული. საქმე ისაა, რომ თითქმის დამოკიდებულებაში მაქვს გადასული უტასთან ჩემი ურთიერთობა და ვეღარ ვეგუები, რომ არ მწერს და არ მირეკავს.
მართალია, ტექსტები ძირითადად შემდეგნაირად ჟღერდა: "ჩაიცვი, რამე შევჭამოთ ერთად," "მოტოთი ვისეირნოთ" ან " მარტო ვარ და ჩემთან ამოდი, უნდა დავტკბე შენი ყურებით", მაგრამ ესეც მაკლია.
ხომ შეუძლია, ის მაინც მომწეროს, რომ გაბრაზებულია, ან ის მაინც, რომ არ მაპატიებს. რამე ხომ შეიძლება მითხრას. მისი დუმილი ეჭვს მიღრმავებს და მაფიქრებს, რომ არც არასდროს ვუყვარდი. ქალღმერთი, რომელიც მშვილდ-ისრით ორ კურდღელს მისდევდა და ორივე ფერხთით ჰყავდა, ახლა სრულიად ხელმოცარული მოჩანჩალებს ტრიალ მინდორზე, მხოლოდ მშვილდით, კურდღლების და ისრების გარეშე.
საღამოს გუგა მწერს. არადა, მართლა აღარ ველოდი მის გამოჩენას.
GUGA: "თუ შეგიძლია მნახე"
რვა საათისკენ მთვრალივით მივბოდიალობ ჩემს ქუჩაზე და გაჩერებასთან გუგას მანქანას ვამჩნევ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ დღეს მაინც დავასწრო და მე დავშორდე. ხომ არ შეიძლება, ერთ კვირაში ორმა კაცმა მიგატოვოს. მანქანაში ჩაჯდომისთანავე მის თბილ მზერას ვეგებები და სახიდან მკაცრი გამომეტყველება ჩემდა უნებურად მიქრება. მგონი, ავადმყოფი ვარ. მზად ვარ, ყველამ მატკინოს, ოღონდ მე ნუ ვატკენ ნურავის.
სტანდარტული მოკითხვების შემდეგ თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და ხმადაბლა მითხრა:
- ზოგჯერ მინდა, რომ წავიდე შენი ცხოვრებიდან. უხეშად გექცევი და გწერ და მერე ვფიქრობ - რა სისულელეებს ვაკეთებ. მერე ვნანობ...
ის წვერიანი ახალგაზრდა მახსენდება, გაბრიელის დაბადების დღიდან. დავიჯერო, ეს ის სინანულია, რაზეც ლაპარაკობდა?! ცხადია, არაფერი აქვს მასთან საერთო. როცა ნანობენ, მეორედ ხომ იმავე სისულელეს აღარ აკეთებენ. რამდენნაირი სინანული არსებობს ნეტა საერთოდაც.
- ორივემ ვიცით, სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, მაგრამ რომ ვერც გეშვები, რა ვქნა. - ხმას არ ვიღებ და ის განაგრძობს. - დილით რომ ვიღვიძებ და შენი მოწერილი მხვდება, აი, ისეთი, მე რომ მიყვარს, გრძელი და განსაკუთრებული შინაარსის, მომენტალურად მთიშავს და ენერგიას მაცლის, მაგრამ მაინც მიყვარს, იმიტომ, რომ დილა, როცა შენი არაფერი მხვდება, მკვდარია, უინტერესო. ფაქტობრივად, ის დღე არ ვარსებობ.
მორჩა, საბოლოოდ გადამიარა სურვილმა, რომ დაველაპარაკო. მიუხედავად იმისა, რომ უტას დაკარგვას აშკარად განვიცდი და იმედს არ ვკარგავ, რომ დამიბრუნებს, მაინც არ შემიძლია ვატკინო. სასოწარკვეთილად შეყვარებული მეჩვენება და ხმის ამოღების უნარი მერთმევა. გუგა ისევ თავზე ისვამს ხელებს ნერვიულად, მერე თითქოს გადაწყვეტილებას იღებს, ბრუნდება და გულში მიხუტებს. ასე ვართ ალბათ რამდენიმე წუთი. მერე ხელს მიშვებს და მკოცნის, თვალებში მიყურებს და მერე ხელახლა მკოცნის. მერე ისევ მეხუტება. თავს კარგად ვერ ვგრძნობ, ვბრუვდები და თავბრუსხვევა ნელ-ნელა მიძლიერდება. სიგარეტს ვეწევი და კიდევ უფრო ცუდად ვხდები. სახლში წაყვანას ვთხოვ და მგონი, თვითონაც იმავე აზრზეა. მანქანას გაჩერებასთან ტოვებს და სახლში ფეხით მაცილებს. ჩვეულებრივ ამბებს განვიხილავთ და თავი ისე მიჭირავს, თითქოს ამ რამდენიმე წუთის წინ ისეთი არაფერი ჩამედინოს, ჩაგვედინოს, უფრო სწორად, მაგრამ ყველას თავის წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. ის, რომ ორივემ დავაშავეთ, მდგომარეობას არ მიმსუბუქებს. მართალია, არსებითად დავშორდი უტას, მაგრამ გულის სიღრმეში დაშორების წამიდან მასთან შერიგებაზე ვფიქრობ. არ ვიცი, იმიტომ, რომ გუგას იმედი არაფერში მაქვს თუ იმიტომ, რომ უტა მიყვარს, და თუ უტა მიყვარს, მაშინ ნამდვილი არამზადასავით ვიქცევი.
საღამოს გუგას ვწერ.
ELI: "ხომ არ ნერვიულობ?"
GUGA: "შენ როგორ ფიქრობ?"
ELI: "მე მგონია, რომ ნერვიულობ"
GUGA: "ელენე, იქნებ რამდენიმე დღე აღარ მივწეროთ ერთმანეთს. ისეთი აფორიაქებული ვარ, ცოტა თუ არ დავმშვიდდი, კარგად არ დავამთავრებ, მგონი".
საწოლში ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. ჩემი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ თავს დამცირებულად ვგრძნობ... ისევ... ეს ერთადერთი პრობლემა, მაგრამ არა... ამაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობის დაწყების წამიდან არ დავასამარე ყველაფერი. ასე ავიცილებდი უზარმაზარ ნერვიულობას და გუგას თვალშიც ალბათ მეტი ფასი მექნებოდა.
ისევ ნიკას სიტყვები მახსენდება: "ქალის ღირსება განისაზღვრება მისი თავშეკავების ინდიკატორით"... და რა არის ჩემი თავშეკავების ინდიკატორი?! "0", აბსოლუტური "0".
ორმა კვირამ სრულ სიმშვიდეში გაიარა. გუგა ისევ დაიკარგა. მისი ხასიათის მრავალ ელფერზე ვფიქრობდი, ერთი დღე რატომ უნდოდა ყველაფერი და მეორე დღეს თავს ისე რატომ იჭერდა, თითქოს "აზრზე მოსულიყოს"?! ერთ რამეს დანამდვილებით მივხვდი: ის დასაყრდენს ეძებდა, ვინმესი კი არა, საკუთარი თავის პოვნა უნდოდა ვინმეს საშუალებით.
მეუბნებოდა, ძლიერი ქალი ხარო, მე შენსავით არ შემიძლიაო, აღიარებდა თავის უსუსურობას. ხვდებოდა, ცხადია, რომ მეც ვნერვიულობდი, მაგრამ ასე ერჩივნა... ერჩივნა, მხოლოდ საკუთარ ვნებასა და საკუთარ შიშებზე ეფიქრა. მერე ხან ერთი ემართა და ხან მეორე, მონაცვლეობით. ამიტომაც იყო, რომ ხან მეუბნებოდა, უშენოდ არ შემიძლიაო და ხანაც უნდა გავჩერდეთო.
უტასთან რომ ვიყავი, მაშინ უფრო ცდილობდა ურთიერთობას. მგონი, ბავშვივით ის უნდოდა, რაც მას არ ეკუთვნოდა. ერთი წამიც კი, როცა მოვეშვი და მან ეს იგრძნო, როცა დაუშვა იდეაში, რომ შეიძლებოდა მისი საკუთრება გავმხდარიყავი - უკანმოუხედავად გაიქცა. ყოველ წამს იმეორებდა, ლინჩის წესით გამასამართლებენო. მხოლოდ საკუთარ თავს დაეძებდა. არც ერთხელ არ უკითხავს, მე რა ბედი მეწეოდა, სად იყო აქ სიყვარული, მხოლოდ საკუთარ თავში...
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ კი არ მივლიდა - უარესად მიმძაფრდებოდა უტას მონატრება. ეს უფრო სხვა რაღაც იყო, ჰაერივით მჭირდებოდა. საკუთარ თავს ხშირად ვეკითხებოდი, მართლა ასე აუტანელი იყო მისი სიჩუმე თუ გუგას სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე, რომ ვიმსახურებდი უტასნაირ ერთგულ და გაგებულ კაცს, რომელსაც გუგას მჭევრმეტყველი მანერებიც ექნებოდა.
უტა არ ჩანდა. ხშირად იმასაც ვფიქრობდი, რომ ნაწილობრივ მართალი ვიყავი, უტას სიყვარული მასთან ურთიერთობის დროსაც მაკლდა, თანაც ისე მაკლდა, რომ გუგას გამოჩენისთანავე ერთიანად ავივსე, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. იმას ვიღებდი გუგასგან, რასაც უტასგან ვითხოვდი. ამიტომაც იყო ასე რთული, მისგან თავი შორს დამეჭირა. ამიტომაც მეჩვენებოდა გუგა ასე ძვირფასი. ზუსტად იმას მაძლევდა, რაც მჭირდებოდა, თუმცაღა მაძლევდა და მერე უკანვე მგლეჯდა. ამის გამო მერჩივნა, არასდროს არაფერი ეთქვა, თუნდაც ასე სასურველი ჩემი ყურებისათვის, გულისთვის და გონებისთვისაც კი.
ღამე ძალიან გვიან, ერთსა და იმავე დროს მესმოდა მოტოციკლის ხმა. აშკარად მიფრინავდა ჩემი კორპუსიდან რამდენიმე მეტრში ტრასაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უტა იყო, თუმცაღა არც ერთხელ არ დამინახავს.
ერთ საღამოს, სამზარეულოში რომ ჭურჭელს ვრეცხავდი, ეკა მოვიდა სახლში. მითხრა, უტა ვნახე, ალბათ, აქ იყოო. ვიგრძენი, როგორ გამიშეშდა ხელები და როგორ დამიწყო რაღაცამ წიწკვნა შინაგანად.
- მე არ მინახავს. - შევეცადე, მშვიდად მეპასუხა და ჭურჭლის რეცხვა განვაგრძე.
გამოკითხვა დამიწყო, მაგრამ ჩემი პასუხებიდან მალევე მიხვდა, ბევრს ვერაფერს გაიგებდა. მითხრა, მამამისი ნერვიულობს, ამბობს, იმ ავარიის შემდეგ აღარ დადიოდა და ახლა სახლში ვეღარც უტას ვხედავთ და ვეღარც მოტოციკლსო. მუცელში პეპლები ამეშალნენ. ვიფიქრე, ჩემ გამო იყო ალბათ მოსული, მაგრამ ამოსვლა გადაიფიქრა-მეთქი. სხვა ვერსია არც დამიშვია. ჩავიცვი და ნიას ვუთხარი, ჯგუფელებს ვხვდები-მეთქი. მაშინვე მიხვდა, სად მივდიოდი.
- თავი არ დაიმცირო, ელი, უარესად... - რა მწარე თქმა იცოდა. შეეძლო ერთ სიტყვაში მიწასთან გავესწორებინე.
- არა. - მოვუჭერი მოკლედ და სახლიდან გავედი.
გაჩერებამდე ნელ-ნელა მივდიოდი. ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა ან მექნა, რომ პირველ რიგში თავი არ დამემცირებინა და მეორეც - აზრი რომ ჰქონოდა რამე. არაფერი მომდიოდა თავში, მაგრამ მაინც გავაჩერე უტას სახლისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსი. იქვე სკვერში დავჯექი, საიდანაც კარგად ჩანდა უტას სადარბაზო. ვერ გამომეპარებოდა, რომ შესულიყო ან გამოსულიყო. კარგად მოვეწყვე სკამზე, სიგარეტი ამოვიღე და ის იყო, მოვუკიდე - უკნიდან მესმის, ვიღაც ქალი კბილებს უჭერს და ისე ცრის: "არ უნდა მიაწვა ახლა ამას ტუჩებზე?!" საზიზღარი შეგრძნება მაქვს. არ ვბრუნდები უკან, მაგრამ გულის სიღრმეში ეს ქალი მძულს. ვინ ჰკითხავს, მე რას ვაკეთებ, მას რა უშავდება.
მაინც ინსტინქტურად ვაქრობ და სანაგვეში ვაგდებ სიგარეტს. ასე ვზივარ სამი საათი ალბათ. რაც უფრო გვიანდება, უფრო მეწურება იმედი, რომ ვნახავ. საათს დავყურებ. უკვე ათია. ვწყვეტ, რომ ერთი საათიც ვიჯდები და თუ ვერ ვნახე, სახლში დავბრუნდები. ღამის თერთმეტის ოც წუთზე უტა მოდის, ორ ძმაკაცთან ერთად. ორივეს ვიცნობ და ვხვდები, რომ ამ მდგომარეობაში უტას ნახვა მათთან ერთად ნამდვილად დამამცირებს, თუმცაღა ისე დავიღალე ლოდინით, აშკარად სხვა გზა არ მაქვს და ვდგები თუ არა ფეხზე, ერთი მისი მეგობართაგანი მამჩნევს და უტას უცნაურად ჰკრავს ხელს. ვნერვიულობ და იმ წამსვე ვნანობ, რომ მოვედი. ისეთი განცდა მაქვს, რომ ჯოჯოხეთურად ცუდად გამოვიყურები და ამის წარმოდგენაზე ვპატარავდები და ვმრგვალდები. უტა ჯერ მიყურებს, მერე რაღაცას ეუბნება მათ და გეზს ჩემკენ იღებს. მისი მეგობრები სადარბაზოში უჩინარდებიან.
- რა ხდება, ელენე? - მეკითხება ხმადაბლა და ვამჩნევ, რომ ეს თეთრი მაისური წინანდელზე მეტად უხდება. თმა მოზრდია გვარიანად და თვალებამდე აქვს კულულები ჩამოყრილი. განცდა, რომ ჭკუის დაკარგვამდე მიყვარს ამ წამს, ხელს მიშლის მხოლოდ და უარესად მაბნევს. არ შეიძლებოდა რამე სხვა ეკითხა?! ვფიქრობ ჩემთვის და თავში ისევ მხოლოდ ერთი სიტყვა მომდის: "ჯანდაბა, ჯანდაბა".
- არაფერი არ ხდება. - ვპასუხობ. უბრალოდ, არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა. არადა, სამ საათზე მეტი მქონდა, რომ მეფიქრა და კარგად დამელაგებინა აზრები.
- აქ რას აკეთებ? - ისეთი მშვიდია და ისე მაგიჟებს მისი ეს სიმშვიდე, მისი თავდაჯერებულობა და გაწონასწორებულობა, რომ ლაპარაკის უნარს მომენტალურად ვკარგავ.
- მგონი, ვდგავარ და ვცდილობ, დაგელაპარაკო. - ვეუბნები და თვალს ვერ ვუსწორებ.
- დიდი ხანია აქ ზიხარ?
- სამ საათზე მეტია. - ჩუმდება და სიგარეტს იღებს კოლოფიდან. ჩუმად ვართ ორივე ალბათ ხუთი წუთი, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ხუთი საათია ასე უხერხულად ატუზული ვდგავარ. უტა სიგარეტის მოწევას ასრულებს და ჩემკენ ტრიალდება.
- წაგიყვან სახლში, ახლა რას უნდა გაყვე?! - მეუბნება და ვხვდები, ფეხებიდან როგორ მეცლება მიწა. ისე მინდა, ვიტირო ახლავე, აქვე და ძალიან ხმამაღლა, მაგრამ სიბრაზე არ მაძლევს უფლებას.
- არ მინდა, წავალ ჩემით. - გვერდს ვუვლი და სკვერიდან გავდივარ.
- უბრალოდ მიგიყვან. - გასასვლელთან მეწევა და ცდილობს, წინ დამიდგეს.
- არა. - ვჩურჩულებ ჩემთვის და მივდივარ. ერთი სული მაქვს, თვალს მოვცილდე და ხმამაღლა ვიღრიალო. გზაზე გავდივარ. მაშინვე ვხედავ ტაქსის და ვაჩერებ. ღმერთმა უწყის, რამდენს გამომართმევს, მაგრამ ვაჭრობისთვის ახლა შეუფერებელი დროა. ჩაჯდომის წამიდან ხმამაღლა ვიწყებ ტირილს და სულ არ მაინტერესებს, ეს კაცი რას ფიქრობს ჩემზე.
- გოგონა, ეს მოტოციკლი ჩვენ მოგვყვება? - მეკითხება და უკანა ხედვის სარკეს თვალს არ აცილებს ტაქსის მძღოლი. - შარში არ გამხვიო, შენი ჭირიმე. - აყოლებს თან.
- არაფერს იზამს, ალბათ, აინტერესებს, სახლში მივალ თუ არა, სახლამდე მიმაცილებს. - ვპასუხობ და უკან ვიყურები, კიდევ უარესად ვგრძნობ, რომ მიყვარს... კი არ მიყვარს, შემიძლია ახლავე მოვკვდე მის გამო, რაღაც საშინელება ჩავიდინო მის თვალწინ, ოღონდ მომცეს შანსი, რომ შევირიგო.
მთელი გზა სახლამდე უკან მოგვყვება, მაგრამ არ ჩერდება და გზას აგრძელებს. ეს ტაქსი გვარიანად მყვლეფს, ფაქტობრივად, ორმაგს მთხოვს.
- რა ხდება, რომ განერვიულათ იმ მოტოციკლმა, იმის მორალურ ზარალსაც მე მანაზღაურებინებთ? - ვეკითხები გამწარებული და მაინც იმას ვუხდი, რაც მომთხოვა.
- ღამეა და ასე ღირს. - მაძახებს უკნიდან.