მომღერალი თამარ ალადაშვილი გადაცემის "დღის პოსტი" სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა. ის ახლახან მოველი შვილის დედა გახდა. გადაცემაში თამარმა სწორედ ოჯახსა და მეუღლეზე ისაუბრა:
"მეუღლე 15 წლით უფროსია, ბავშვივით მანებივრებს, ლექსებს და ჩანახატებს მიძღვნის. ჩვენი ისტორია საოცრად დაიწყო და ასეც გრძელდება. ეს გრძნობა ორივესთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ 12 წელია, ერთმანეთი გვიყვარს. ათი წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სახე მიგვეცა ამ ყველაფრისთვის. ერთად საოცარი მოგონებები გვაქვს. ადამიანებს, ალბათ, ორი ცხოვრება არ ეყოფათ ამდენის გამოსავლელად. სასწაული დღეები გვაკავშირებს. ის ყველა კონცერტზე ჩემ გვერდით იყო. მთელი საქართველო ერთად გვაქვს მოვლილი. თავიდან სხვა სიტუაცია იყო, ჩუმად მაკვირდებოდა. ძალიან მანებივრებდა გვერდზე ყოფნით, მაგრამ აქტიურად არ ჩანდა (იცინის). სიყვარულის ახსნაც განსაკუთრებული იყო: 2012 წლის 14 იანვარს სიღნაღის ცენტრში დამიჩოქა და უამრავი ადამიანის წინაშე სიყვარულში გამომიტყდა. ადგილიც და დღეც განსაკუთრებული შეარჩია და ეს დღე ჩვენს ისტორიაში გამორჩეულ ადგილს იკავებს. ასეთი დღე ძალიან ბევრი გვაქვს და ძალიან მინდა, ჩვენს ისტორიას წიგნის სახე მივცე. მთელი ჩემი შემოქმედება თავიდან ბოლომდე ამ ადამიანს ეძღვნება. ყველა სასიყვარულო ტექსტის ადრესატი ის არის." - ამბობს თამარ ალადაშვილი.
თამარ ალადაშვილი
თამარ ალადაშვილი — ავტორი, შემსრულებელი, ანსამბლ „თსუ გორდელას” წევრი და ანსამბლ „თორდას " ხელმძღვანელი.
"ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ძალიან მხიარული და მუსიკალური პატარა ვიყავი. მიყვარდა ეზოში კონცერტების ჩატარება და მსგავსი გართობები. მაშინ ტელეფონები არ იყო და ისე ვერთობოდით, როგორც შეგვეძლო. ოთხი წლისა უკვე ვმღეროდი. პირველი კლასიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი სასკოლო ღონისძიებებზე. ყველა სოლოს მე ვასრულებდი. 7 წლის ასაკში ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში შემიყვანეს და იქ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.
მე „გორდელას“ ერთ-ერთი სოლისტი ვიყავი. ჩვენ 2009 წელს ვიმღერეთ „აყვავებულა არაგვზე დეკა“ და პირველად ბუმი ამ სიმღერის დამსახურებით წამოვიდა, საერთოდ, ანსამბლის თუ ცალკეული გოგოს მიმართ. იქამდეც აქტიურები ვიყავით, მაგრამ ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც მსმენელმა აიტაცა. რაც შეეხება სიმღერას, რომელმაც მე, როგორც სოლომომღერალს, პოპულარობა მომიტანა, არის ტარიელ ხარხელაურის ლექსზე შექმნილი „გოგო რომელსაც უყვარდა წვიმა“. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი სოლოკარიერისკენ და ამანაც დიდი აღიარება და სიყვარული მომიტანა."