წიგნი, როგორც კინოს ინსპირაცია - 9 რომანი და მათი საოცარი ეკრანიზაცია - Marao

წიგნი, როგორც კინოს ინსპირაცია - 9 რომანი და მათი საოცარი ეკრანიზაცია

2024-05-24 16:47:56+04:00

კინო და ლიტერატურა ყოველთვის მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული ერთმანეთზე. ბევრი ცნობილი ფილმი დაფუძნებულია ცნობილ რომანზე და ხშირად, კინოადაპტაციები  ნამდვილი შედევრები ხდება. ძველი დროიდან მოყოლებული, კინო და ლიტერატურა ადამიანური ისტორიების ლაბირინთებში გვამოგზაურებენ. ხელოვნების სფეროს ამ ორი გიგანტის კავშირი უწყვეტ ძაფად გასდევს კინოს მთელ ისტორიას. მრავალი კინოშედევრი, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა, მწერლების მყუდრო კაბინეტში წარმოიშვა, სადაც ცოცხლდებოდნენ გმირები, კონფლიქტები და საინტერესო სამყაროები. 

ამ ორ ხელოვნებას შორის კავშირი არ შემოიფარგლება მხოლოდ სიუჟეტის წიგნის ფურცლებიდან ეკრანზე გადატანით. ნიჭიერი სცენარისტები და რეჟისორები მუშაობენ ტექსტზე, ამატებენ თავიანთ ბრილიანტებს ისტორიებში და საკუთარი ხედვითა და ინტერპრეტაციით ნამდვილ შედევრებს ქმნიან. ერთის მხრივ, წიგნის ეკრანიზაცია  საყვარელ წიგნის პერსონაჟებს  ხელმისაწვდომს ხდის ფართო აუდიტორიისთვის. მეორეს მხრივ, ლიტერატურულ ნაწარმოებებზე დაფუძნებული ფილმები ხშირად აღძრავს ინტერესს კითხვისადმი, რაც მაყურებელს უბიძგებს, მიმართონ ორიგინალურ წყაროს.

ამ სტატიაში განვიხილავთ 9 რომანს, რომლებმაც რეჟისორები საოცარი ფილმების შექმნაზე შთააგონეს:

  • ნათლია (1969)                      

1972 წლის ფრენსის ფორდ კოპოლას ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც გადაღებულია 1969 წლის ამავე სახელწოდების, მარიო პიუზოს წიგნის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ. „ნათლია“ მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ და გავლენიან ფილმად მსოფლიო კინოში. ამერიკული კინოს ინსტიტუტის მიერ მიჩნეულია მეორე საუკეთესო ფილმად ამერიკულ კინოში; ასევე მეორე ადგილი უკავია კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზის (IMDb) ვერსიით.

 

  • მხევლის წიგნი (2017)  

„ერთ დღეს ვცდი რაღაც ასეთის დაწერას, ოღონდ ქალი მთხრობლით. რა თქმა უნდა, ის სრულიად განსხვავებული იქნება“, უთხრა საკუთარ თავს მწერალმა, როცა ჯორჯ ორუელის „1984“ წაიკითხა. და მარგარეტ ეტვუდმა დაწერა „მხევლის წიგნი“ . - წიგნი მომავალზე, რომელიც ახლოს არის, იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ გამუდმებით თვალს დავხუჭავთ ძალადობაზე, შევუშინდებით პრობლემების დანახვას, ჩავიკეტებით და არ შევიმჩნევთ, როგორ იკრებენ ძალებს რელიგიური ექსტრემისტები და აფართოებენ თავიანთ გავლენას. რომანის მიხედვით გადაღებული ტელე სერიალი მსოფლიოში დღესაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. სერიალი წარმოადგენს მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების დისტოპიური რომანის ეკრანიზაციას. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. სამყარო, სადაც ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება...

  • 451 ფარენჰაიტით (1966)  

რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას...

  • ბეჭდების მბრძანებელი (2001-2003)  

 ჯ. რ. რ. ტოლკინის ეპიკური ფანტასტიკური რომანების ტრილოგიაზე დაფუძნებული პიტერ ჯექსონის 2001-2003 წლების კინოტრილოგია გახდა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი კინოს ისტორიაში. ნაწარმოების შექმნის პირველ ეტაპზე ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ადრე გამოცემული რომანის „ჰობიტი“ გაგრძელება, თუმცა მოგვიანებით ის უფრო მასშტაბურ ნაშრომში გადაიზარდა. მისი დიდი ნაწილი დაიწერა 1937—1949 წლებში და მისი შექმნა მეორე მსოფლიო ომის პერიოდს დაემთხვა. დღემდე გაყიდულია რომანის 150 მილიონზე მეტი ასლი.

  • შინდლერის სია (1993)  

თომას კენილის ცნობილი რომანი, 1993 წლის ისტორიული დრამა, რომელიც დაფუძნებულია გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის რეალურ ისტორიაზე, რომელმაც გადაარჩინა 1000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლე ჰოლოკოსტის დროს. სტივენ სპილბერგის ფილმმა მიიღო ოსკარის შვიდი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისა და საუკეთესო მუსიკის კატეგორიებში.

  • ღამის აგენტი (2023)  

1:05 საათი. ტელეფონი რეკავს: „მე როუზ ლარნიკი ვარ... დეიდაჩემი და ბიძაჩემი უკვე მოკლეს... ის კაცი აქ არის. შიგნითაა. ახლა ჩემი მოკვლა უნდა“, - აი, ამ სატელეფონო ზარით მოხვდა პოლიტიკური ინტრიგების შუაგულში FBI-ის თანამშრომელი პიტერ საზერლენდი, თურმე რუსულ აგენტურას უკვე თეთრ სახლშიც შეუღწევია, სადაც ნებისმიერი შეიძლება იყოს მოღალატე ან კორუმპირებული. ყველაფერს ნათელს მოჰფენს „წითელი დავთარი“, რომლის საპოვნელად რუსი აგენტი დაუნდობლად კლავს ყველას, თორემ მას გამოააშკარავებენ. ამიტომ პიტერმა უნდა დაასწროს. მეთიუ ქიურქის ამ უაღრესად საინტერესო პოლიტიკური თრილერის მიხედვით, რომელიც ჯონ გრიშემისა და დეივიდ ბალდაჩის რომანებს მოგვაგონებს, „ნეთფლიქსის” ამავე სახელწოდების ახალი ჰიტი (2023) შეიქმნა. ფილმი „ღამის აგენტი” ინგლისურენოვანი სერიალების უპირობო ლიდერი გახდა - ჩვენების პირველივე კვირაში თრილერის ეკრანიზაციის ნახვამ 168 მილიონი საათი შეადგინა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ტელეჩვენების ისტორიაში, რაც უდავოდ მეთიუ ქუირქის ამ მძაფრსიუჟეტიანი რომანის დამსახურებაა.

 

  • პრესტიჟი (2006)  

 პრესტიჟი — რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2006 წლის მხატვრული ფილმია, გადაღებული კრისტოფერ პრისტის რომანის მიხედვით. ორიგინალური რომანისგან განსხვავებით, სიუჟეტი მოწოდებული ფრაგმენტულად, ე.წ. ’ფლეშბეკების’ დახმარებით. სცენაზეა რუპერტ ენჯერი! სცენაზეა ალფრედ ბორდენი! ვინ გაზომავს და შეაფასებს მათი ჯადოქრობის ხარისხს? ”პრესტიჟი ” ორი ილუზიონისტის დაპირისპირების, მეტოქეობის, ფარული თუ აშკარა ბრძოლის ამბავია. ის, რაც გამოსდის ერთს, გამოსდის მეორესაც და მაინც, მათი წარმატება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ორ საიდუმლოს ეფუძნება. მაგრამ თითქმის ერთნაირია თითოეულის მიზნისკენ მიმავალი გზა _ საცალფეხო და ციცაბო, რისკით, ტყუილით, ეჭვიანობით გაჯერებული...

  • ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992)  

ემილი ბრონტეს რომანის ეკრანიზაცია წიგნზე არანაკლებ პოპულარული გახდა. "ეს უბრალოდ სასიყვარულო რომანი კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ღრმა ნაწარმოებია. მისი დედააზრი, რომ ადამიანური ბუნების გამოვლენის საფუძველი ის ძალებია, რომლებიც მას დიდებულებას სძენს, აყენებს ამ რომანს განსაკუთრებულ, თვალსაჩინო ადგილზე მსგავს რომანთა შორის." - ვირჯინია ვულფი. ინგლისური ტელეარხის UK TV Drama-ის გამოკითხვით, ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი" ყველა დროის ყველაზე რომანტიკულ რომანად აღიარეს, ხოლო BBC-ის 2003 წლის გამოკითხვაში - ,,ყველა დროის 200 საუკეთესო წიგნი" - ის მე-12 ადგილზეა.

 

  • სიკვდილი ნილოსზე  (1978)  

 მრავმილიონიანი ქონების მემკვიდრე – ლინეტი საუკეთესო მეგობრის, ჟაკლინის საქმროს გაჰყვა ცოლად. ახალდაქორწინებული წყვილი გემით ნილოსზე არაჩვეულებრივ კრუიზში გაემგზავრნენ. ჟაკლინი კი, გადაწყვეტს ახლადშეუღლებულ წყვილს თაფლობისთვე ჩაამწაროს. საქმეს ერკულ პუარო იძიებს. ფილმი აგათა კრისტის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული... 

 

R