სოფო ჭყონია საქართველოში Mercedes-Benz Fashion week-ის დამფუძნებელია და მას ყოველწლიურად აწყობს. რამდენიმე წლის წინ ის მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში, BoF500-ში, შეიყვანეს.
თემურ ჭყონია, სოფოს მამა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიის” დამფუძნებელია. „არც არასდროს უარვყოფ, რომ მამაჩემი მეხმარება... ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. რატომღაც საქართველოში მიღებულია, რომ ეს თემა უნდა გაკომპლექსებდეს, გაურბოდე და ამბობდე, რომ არა, მე ჩემით მივაღწიე, რასაც მივაღწიე. სისულელე იქნება, რომ ახლა მე დავდგე და ვილაპარაკო, რომ მე ყველაფერს ჩემით, ჩემი წვალებითა და შრომით მივაღწიე. ამას არც არავინ დამიჯერებს. ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რომ როცა გამიჭირდება, ვიცი, ვისთანაც უნდა მივიდე და მამაზე ახლობელთან ვისთან მიხვალ.
მამას უყვარს, რჩევას რომ ვეკითხები. მაგრამ არის რაღაცები, რაშიც შეიძლება ვერ დავეთანხმოთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ბიზნესრჩევებს თითქმის არ ვეკითხები და არც ვითვალისწინებ. მე თვითონაც არ ვიცი, რატომ ვიქცევი ასე. ვერ გეტყვით, რომ ეს კომპლექსია, მაგრამ ასე -გამომდის. არადა, ყოფილა არაერთი შემთხვევა, რომ ამის გამო მინანია კიდეც. ის სფერო, სადაც მე ვმუშაობ, მამას არ აინტერესებს, ის, უბრალოდ, მხარს მიჭერს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მამაჩემს ფულით არასდროს გავუნებივრებივარ და არც ახლა მანებივრებს. მამაჩემი სისხლით და ხორცით ბიზნესმენია. ის არ არის ოლიგარქი, რომელიც თავის თავს აძლევს უფლებას, ხარჯოს დიდი ფული გასაოცარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ან შვილების ზედმეტად გასანებივრებლად. მას კარგად ახსოვს, რომ წარმატება და ფული თავისი შრომით, წვალებითა და ჭკუით მოიპოვა, ამიტომ ასეთი ადამიანისთვის ძნელია, შენს „მაიმუნობაზე” ფული დახარჯოს. თუ შეატყო, რომ მე რაღაც სისულელეს ვაკეთებ, ის არასდროს დამიჭერს მხარს.
თემურ ჭყონია ჩემთვის არის კლასიკური self made man, რასაც ჰქვია. მან თავისი თავი შექმნა თვითონ. მე ძალიან კარგად ვიცი მისი ბიოგრაფია. არასდროს არაფერს მალავს, ვიცი საიდან დაიწყო, რით და როგორ. 90-იან წლებში მას არ მოსწონდა არაფერი საბჭოთა, დღესაც ასეა, ეწინააღმდეგება. ქართული ტრადიციები არ უყვარს, კარგი გაგებით ქართული ტრადიციები არა.... ამერიკული ცხოვრების სტილი იმდენად მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ნამყოფიც არ იყო, დღემდე არ იცის ინგლისური, მაგრამ ინტუიცია აქვს ძლიერი" - ამბობდა სოფო.
16 წლის იყო, როცა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. სწორედ იქ ჩაუვარდა ხელში ჟურნალი „ვოგი”. სტატიებმა თუ ფოტოებმა ცნობილი დიზაინერებისა და მოდელების შესახებ მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სერიოზულად გადაწყვიტა სამოდელო ბიზნესით დაინტერესება:
„ვყიდულობდი კოლოსალური რაოდენობით „ვოგს” და ვაგროვებდი. საქართველოში რომ დავბრუნდი, 200-მდე ჟურნალი ჩამოვიტანე. სულ მაინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა ჩვეულებრივი ადამიანისათვის იმ სამყაროში მოხვედრა. იქაურობა ისეთი სრულყოფილი იყო, დიზაინერების ინტერვიუებს რომ ვკითხულობდი, გაოცებული ვიყავი მათი მრავალფეროვანი და ლამაზი ცხოვრებით და ჯერ კიდევ მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რომ იქ მოვხვედრილიყავი”, – ამბობდა სოფო.