მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა. მაკა ასათიანის დედა ლუიზა თავართქილაძეა. ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მედიასთან გამოჩენა არც მას უყვარს. უმშვენიერესი ქალბატონის ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად მისი შვილიშვილი, მაკა ასათიანის დისშვილი, მარიანა აჩბა აქვეყნებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიანა ძალიან ჰგავს დეიდას, ხოლო მაკა კი - დედას.
მაკა წლების მანძილზე მერაბ ჟორდანიას მეუღლე გახლდათ და თბილისში ცხოვრობდა. წყვილს ქორწინებიდან ორი ვაჟი, კახი და ლევანი ჰყავს.
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ მაკა საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, თუმცა საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ერთი პერიოდი ის ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელი და დირექტორი იყო.
მაკას მეორე მეუღლე კოტე გეგელიაა. წლების მანძილზე ოჯახი ესპანეთში ცხოვრობდა, თუმცა მაკა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში უფროს ვაჟთან, კახისთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მაკას და კოტეს ერთი საერთო შვილი, კონსტანტინე ჰყავთ.
მაკა ასათიანი ქართულ მედიასთან თითქმის აღარ ჩნდება.ის არც სოციალურ ქსელშია აქტიური. მაკა ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ ოჯახის სიწმინდის დღეზე იხილა, სადაც ის შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. მის ჭაღარა თმას დიდი განხილვაც მოჰყვა, თუმცა აღნიშნავენ, რომ წლები და შევერცხლილი თმა მაკა ასათიანის სილამაზეს ვერაფერს აკლებს.
გთავაზობთ მაკა ასათიანის შესახებ წლების წინ "კვირის პალიტრის" მიერ მომზადებული სტატიის ნაწყვეტს, რომელიც მას უფრო ახლოს გაგაცნობთ:
"ვის არ უყვარს მზე?
პირველ რიგში, ბროწეულს უყვარს მზე! თითქოს მზე სავსებით შეუსრუტავსო. მზის ნაბადებია, მზისობა უჩანს თითოეულ ნაკვთში"...
ბუნების ასეთივე საჩუქარია, ყველას ოცნებას რომ შემოხვევია ბროწეულის ყვავილივით, სხვადასხვა ეპოქის კუთვნილი ყველა ლამაზი ქალი - ეპოქისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სილამაზითა და უჩვეულო ხიბლით.
ეს ქალი თანამედროვე ქართული შარმის სიმბოლოდ აღიარეს - ერთსულოვნად! მაკა ასათიანი სხვადასხვა თაობის მილიონობით ქართველმა მოიწონა, ფარულად თუ აშკარად გაუმიჯნურდა...
ცხოვრებამ მრავალჯერ გააწნა სილა, ზოგჯერ, ალბათ, დაუმსახურებლადაც. ბანალური ვიქნები - ეს ლამაზი ქალის ხვედრია.
"...მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? ვინ იცის?!"
სკოლისდროინდელი
მაშინაც ლამაზი იყო, თან ძალიან, თუმცა, ცოტა პუტკუნაც. ფალიაშვილზე, 56-ე სკოლაში სწავლობდა. იმ წლებში გატაცებული იყო.... მხოლოდ გართობით! ალქაჯივით ერთობოდა, ბიჭების გარემოცვაში თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობდა... ბავშვობის უმეტესი ნაწილი ვაკის პარკში, მის მიმდებარე ტყე-ღრეში ხეტიალსა და ეზოში ფეხბურთის თამაშში აქვს გატარებული.
- მაკაა, მაკაააააააა! - სახლიდან ეძახდნენ. რას გაიგონებდა?! ხან სად პოულობდნენ მშობლები და ხან - სად.
აღარც ახსოვს, სახლიდან გასვლის წინ როდის ჩაიხედა პირველად სარკეში იმ განცდით, რომ ზღურბლს გადაბიჯებული "მას" გაეპრანჭებოდა. აღარც "ის" პირველი ახსოვს...
როდის შეიგრძნო, რომ ძალიან ლამაზი ქალია? ეს დღემდე არ აქვს სათანადოდ გაცნობიერებული.
პოსტთინეიჯერული
გაიზარდა. "ალქაჯობიდან" - შედარებით სერიოზულ ასაკში ნაფიქრალი ნაბიჯი უნდა გადაედგა. ბევრი არც უფიქრია, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა... ახლა ზუსტად აღარც ახსოვს - სად. სავარაუდოდ, რუსული ან ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობა უნდა ყოფილიყო. როგორ არა, ყველა საგანი მომზადებული ჰქონდა და "პატიოსნად" განვლო საგამოცდო ეტაპი "სანუკვარ სტუდენტობამდე", თუმცა უნივერსიტეტში ერთხელაც არ გამოცხადებულა.
დრო იყო ცუდი - ახალდაშლილი საბჭოთა კავშირი, ქაოსური მდგომარეობა... მამამ მაკა ქართულ არაჯანსაღ გარემოს გაარიდა და ბიძაშვილთან ერთად საფრანგეთს აფრინა...
პარიზული
ჩვიდმეტი წლის გოგონები "შავ-წითელი"” საქართველოდან პირდაპირ მოდის ფერადსა და თვალისმომჭრელ სამყაროში აღმოჩნდნენ. როგორ შეიძლებოდა, მოდაზე არ ეფიქრათ?! იფიქრეს კი არა, იმდენიც მოიფიქრეს, რომ სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეს - პარიზში!
იქ ჩასვლის პირველივე დღიდან მაკა "შოკში ჩავარდა". ეს შოკური მდგომარეობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გრძელდება დღესაც - ყოველი ჩასვლა პარიზში მაკასთვის შოკის მომგვრელია.
მოდური
ტანსაცმლის პირველი კოლექცია - სადიპლომო ნამუშევარი - პირველად პარიზულ პოდიუმზე გამოფინა. გამოცდა წარმატებით ჩააბარა.
მერე, თბილისს დაუბრუნდა. გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, პროფესიით ვერ იმუშავებდა - იმდროინდელ საქართველოში მოდის ბიზნესი არ არსებობდა, დიზაინერის საქმიანობაც, შესაბამისად, არავის სჭირდებოდა. არჩევანის წინაშე დადგა - ან სახლში დამჯდარიყო და ორ შვილზე ეზრუნა, ან... გარისკა და მეორე გზა არჩია - მაკა ასათიანს მოდის არარსებულ სფეროში უნდა ემოღვაწევა.
ბევრი კონსულტაციისა და ფიქრის შემდეგ თბილისში მაკა ასათიანის მოდის სახლი გაიხსნა. დასაწყისში ძალიან გაუჭირდა - იმ პერიოდში ასაკით პატარა, დამწყები დიზაინერის ტანსაცმლის სახლის გახსნა სერიოზული განაცხადი იყო, არა მხოლოდ მოდის სფეროში.
დამკვეთი არ ჰყავდა, დამთვალიერებელი - ძალიან ცოტა.
თეონა თავართქილაძე, იკა ბობოხიძე, თიკა შენგელია და სხვა რამდენიმე დამწყები დიზაინერი მუშაობდა იმ დროს მაკას მოდის სახლში - ერთად ქმნიდნენ მოდელებს და ერთობლივად უღვივებდნენ სიცოცხლის ნიშანწყალს ქართულ თანამედროვე მოდასაც.
ახლა ტანსაცმელს მხოლოდ საკუთარი სხეულისთვის ქმნის, იმასაც იშვიათად. თვლის, რომ მოდის სფეროში, როგორც დიზაინერმა, განაცხადი უკვე გააკეთა და შესაძლებლობებიც ამოწურა. ახლა შემოქმედებითად აღარ არის დაკავებული, თუმცა კვლავ აქტიურობს - ზოგჯერ შემფასებლის, ზოგჯერ კრიტიკოსის, ზოგჯერ საპატიო სტუმრის, ზოგჯერ კი კომპეტენტური მრჩევლის სტატუსით.
ოჯახური
პირველად... სტოპ!!! მერაბ ჟორდანიასთან დაკავშირებულ წარსულზე ღიად საუბრისგან თავს იკავებს. ეს მისთვის რთული და არცთუ სასიამოვნო თემაა.
მეორედ როცა მოუხდა არჩევანის წინაშე დადგომა, კვლავ შეექმნა თუ არა ოჯახი, ძალიან, ძალიან ბევრი იფიქრა - ძალიან, ძალიან ბევრი მიზეზის გამო...
თუმცა, გადაწყვეტილება დიდმა სიყვარულმა მიაღებინა - "ამ დროს ხომ ყველაფერი გავიწყდება და თვალები გებინდება?!"
მე: - როცა პირველად შექმენი ოჯახი, მაშინაც სიყვარულმა...?
ის: - ჰო, რა თქმა უნდა!
კოტე გოგელიაზე ბევრს არ ლაპარაკობს, ისევე, როგორც ზოგადად, პირად ცხოვრებაზე. ახლანდელი ქმარი ბიზნესმენი, წარსულში ჩოგბურთელი და უბრალოდ, "მაგარი ტიპია"! მაკა ასათიანი ვერაფრით ახერხებს პირადი ცხოვრების იზოლირებას, ყველა ერევა, განიხილავს, იქექება, არჩევს და აკრიტიკებს იმას, რაც მხოლოდ მისი კუთვნილებაა.
მეორე ქმარი რუსეთში დარჩა, მაკა კი უმცროს შვილთან ერთად შვეიცარიაში გადასახლდა. მითხრა, ჩემს მეუღლეს ბევრი კომპანია აქვს შვეიცარიაშიო და... თუმცა, რეალური მიზეზი გაუხმაურებელია. ეს ფაქტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეფიქრათ... ხმაც გავრცელდა და ეჭვიც გაჩნდა - მაკას ოჯახი მეორედაც დაენგრა?!
ამბობს, რომ ერთად არიან, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე გრაფიკისა და ცხოვრების წესის გამო ერთმანეთის გვერდით ცხოვრებას ვერ ახერხებენ. კვირის ბოლო ორი დღე აქვთ დროის ერთად გასატარებლად, როცა კოტე გოგელია შვეიცარიაში აკითხავს ცოლ-შვილს. ზოგჯერ, ქმარს ქვეყნიდან ქვეყანაში გადასაადგილებლად დიდხანს უწევს ფრენა, მაკა შანსს ხელიდან არ უშვებს და მასთან ერთად მიფრინავს ერთადერთი მიზნით - კოტესთან ცაში მაინც გაატაროს დრო. საჰაერო პაემნებსაც თავისებური ხიბლი აქვს, თუმცა ესეც იშვიათი ბედნიერებაა.
მე: - შეუდარებელი ქორწილი გქონია...
ის: - საერთოდ არ მქონია!
მე: - ვიცი, რომ კაბა გალიანომ შეგიკერა.
ის: - ჰო, მართალია.
მე სახეზე გაოცებამ გადამიშლიგინა.
ის თვალისმომჭრელად იცინის.