სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხედავთ სილამაზის ხატად აღიარებული ქალების: მონიკა ბელუჩის, ანჯელინა ჯოლის, სინდი კროუფორდის, მიშელ პფაიფერისა თუ სხვა ვარსკვლავების ფოტოებს. თითქმის ყველა მათგანი 40 წელს გადაცილებულია, თუმცა ახალგაზრდულ იერს დღემდე ინარჩუნებენ.
ვარსკლავები მართლაც ბევრს შრომობენ, ვარჯიშობენ, იკვებებიან სწორად, იტარებენ სხვადასხვა გამაჯანსაღებელ პროცედურას და შედეგიც არ აყოვნებს, თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრების ეს სტილი ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი არ არის.
არსებობს შეხედულებაც, რომ წლებს კი არ უნდა ვებრძოლოთ, პირიქით - უნდა მივიღოთ, შევიყვაროთ ყველა ნაოჭი, ყველა ჭაღარა და ვიცხოვროთ ჰარმონიულად. ასეა თუ ისე, ყველას სურს, გამოიყურებოდეს ლამაზად, თავდაჯერებულად, მომხიბვლელად...
ქვემოთ გთავაზობთ ქართველი ქალების მცირე ჩამონათვალს, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილები არიან და რომლებსაც წლები ვერაფერს აკლებს:
ია ფარულავა 57 წლისაა. დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორის და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. იას სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მან რეჟისორ თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას — თიკოს როლი ითამაშა. ამის შემდეგ მსახიობმა მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა. ესენია: „ფესვები“, „სპირალი“ და სხვა.
მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. ის მალე 51 წლის გახდება. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. მის ცხოვრებაში წარმატებასთან და ბედნიერ ამბებთან ერთად, ტკივილიც ბევრი იყო, მოუკლეს მამა - ცნობილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი კახი ასათიანი:
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლისდა) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა. რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა. მაკა ასათიანის დედა ლუიზა თავართქილაძეა. ოჯახის სხვა წევრების მსგავსად, მედიასთან გამოჩენა არც მას უყვარს. უმშვენიერესი ქალბატონის ფოტოებს სოციალურ ქსელში იშვიათად მისი შვილიშვილი, მაკა ასათიანის დისშვილი, მარიანა აჩბა აქვეყნებს. ხშირად აღნიშნავენ, რომ მარიანა ძალიან ჰგავს დეიდას, ხოლო მაკა კი - დედას.
მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ 61 წლის დალი ჩიტალაძეს, რომელიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.
"ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო. ადამიანები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თავს მოვუაროთ, შევიყვაროთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს. სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სასმელი არ დალიოთ და ა.შ."
ნინო ცქიტიშვილი 44 წლისაა და 4 შვილის დედაა. ის სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინო "მის საქართველო 1997"-ისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია. ის ასევე წარმატებული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის მეუღლეა და მათ ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უფროსს, თაკო ნაცვლიშვილს, საზოგადოება უკვე კარგად იცნობს.
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი 45 წლის გახდა და ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როცა ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ის უკვე არაერთი წელია აქტიურად ჩანს თეატრის სცენასა თუ ეკრანებზე. შექმნა არაერთი დაუვიწყარი როლი, მოირგო ტელეწამყვანის ამპლუაც, ბოლო დროს კი განსაკუთრებული სამოქალაქო პასუხისმგებლობითა და აქტივიზმით გამოირჩევა.
ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.