ცნობილი მსახიობის, კლაუდია კარდინალეს კარიერა 1960-იან წლებში აყვავდა და დიდ პოპულარობასაც მიაღწია. თუმცა იგი გამორჩეული გარეგნობის გამო ბავშვობიდან ყველას ყურადღებას იპყრობდა.
კარიერის განმავლობაში მუშაობდა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფედერიკო ფელინი, სერჯო ლეონე და ვერნერ ჰერცოგი... მისი ხმა ზედმეტად ხისტად ითვლებოდა, ამიტომ ფილმებში ყოველთვის დუბლიორი ახმოვანებდა.
კლაუდია 1938 წელს ტუნისში დაიბადა. მის მშობლებს იტალიური და სიცილიური წარმომავლობა ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ფრანგულად საუბრობდნენ. პირველად, როდესაც კარდინალე იტალიურ კინოში გამოჩნდა, ეს ენა არ იცოდა და როგორც მოგვიანებით თავად აღნიშნა, ტექსტს იზეპირებდა.
"ჩემი პირველი ენა ფრანგული იყო", - თქვა კარდინალემ. როცა იტალიურად ლაპარაკს ცდილობდა, მისი ფრანგული აქცენტი ყურადღებას იქცევდა.
გოგონა მდიდარ ოჯახში ცხოვრობდა, თუმცა საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების სტილი ჰქონდა. ეცვა შავი ტანსაცმელი, არ იყენებდა მაკიაჟს და არც ხმაურიანი წვეულებები უყვარდა. სკოლაში ბიჭები მას და მის დას, ბლანშს, იტალიელებს ეძახდნენ. ხშირად ფაშისტებადაც მოიხსენიებდნენ, რადგან იმ დროის იტალიას მუსოლინი მართავდა. კლოდი ასეთ დამოკიდებულებას ვერ იტანდა და ხშირად ტუნისელ ბიჭებს ფიზიკურადაც უსწორდებოდა.
კლაუდია კინოში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მის სკოლაში მივიდა რეჟისორი, რომელიც ტუნისზე ფილმს იღებდა და გოგონებს კასტინგისთვის არჩევდა. კარდინალე მაშინვე შენიშნა. 1957 წელს გოგონა ვენეციის კინოფესტივალზე გაემგზავრა და იქ პატარ-პატარა როლების მიღება დაიწყო.
ამავდროულად, ახალგაზრდა გოგონას ფრანგ მამაკაცთან ჰქონდა ურთიერთობა და გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. მან 19 წლის ასაკში ვაჟი, პატრიციო ფარულად გააჩინა. კლაუდიამ მშობლებთან და პროდიუსერებთან ერთად გადაწყვიტა, რომ ეს ამბავი არ გაეხმაურებინა, რომ კარიერაში პრობლემები არ შეჰქმნოდა. კარდინალეს შვილს მისი მშობლები ზრდიდნენ და მრავალი წლის განმავლობაში ბიჭი ფიქრობდა, რომ კლაუდია მისი უფროსი და იყო.
კლაუდიას დილის ხუთ საათზე უწევდა ადგომა, რომ როლზე ემუშავა. "ძალიან ხშირად მინანია, რომ კარგი სამსახიობო განათლება არ მივიღე, რადგან ყოველთვის მაკლდა ის პროფესიული უნარ–ჩვევები, რაც მუშაობაში დამეხმარებოდა. თანაც გაცილებით ცოტა დრო დამჭირდებოდა როლზე მუშაობისათვის. მთელი კარიერის განმავლობაში ერთი უცნაური ჩვევა მქონდა – არასოდეს ამირჩევია როლები, მე ვირჩევდი რეჟისორებს. ისეთ რეჟისორებს, რომლებიც ჩემთვის კარგი პედაგოგები იქნებოდნენ", – ამბობდა კლაუდია.
სოფი ლორენისა და სხვა საერთაშორისო მსახიობების მსგავსად, რომლებმაც დიდება მოიპოვეს 1950-იან და 1960-იან წლებში, კარდინალეც მოთხოვნადი იყო ჰოლივუდში. თუმცა რამდენიმე ფილმის შემდეგ ამერიკის დატოვება გადაწყვიტა: "მე ევროპელი ვარ... არ შემიძლია აქ დარჩენა" - განაცხადა მან.
1960 წელს ლუკინო ვისკონტიმ გოგონა პატარა როლზე მიიწვია ფსიქოლოგიურ–სოციალურ ფილმში "როკო და მისი ძმები". ნახევარი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად ფილმ "ლეოპარდის" გადაღებებზე. მისი შემხედვარე ლუკინო ვისკონტი ამბობდა: "ეს გრაციოზული კატა თავის როლებში დიდ ბრჭყალებს აჩენს. ისე ხდება ხოლმე, რომ მე როლზე ამყავს კატა, რომელიც ბოლოს ვეფხვი ხდება".
კარდინალე აღნიშნავდა, რომ ფელინი და ვისკონტი, როგორც რეჟისორები, სრულიად საპირისპიროები იყვნენ:
"ყოველთვის მუქი ფერის თმა მქონდა. ვისკონტის უნდოდა, რომ ქერად შემეღება, ფედერიკო კი ჩემს ბუნებრივ ფერს ანიჭებდა უპირატესობას".
პროდიუსერ ფრანკო კრიტადზე დაქორწინდა. იგი საკუთარ ცოლს მხარს უჭერდა და ყველაფერში ეხმარებოდა. სწორედ მან გაუხსნა კარდინალეს გზა ჰოლივუდისკენ. 17-წლიანი ქორწინების შემდეგ, 1975 წელს, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
ამის შემდეგ კლაუდიამ მსახიობ პასკუალე სკუიტიერთან დაიწყო ურთიერთობა. მაშინ ის უკვე 40 წლის იყო და კინოშიც როლებს ხშირად აღარ სთავაზობდნენ. ქალი მეორედ გახდა დედა და პასკუალესაგან გოგონა შეეძინა, რომელსაც ასევე კლაუდია დაარქვეს.
მის პირველ შვილს, პატრიციოს, 8 წლის ასაკში უთხრეს, რომ სინამდვილეში კლაუდია მისი უფროსი და კი არა, დედა იყო. თავდაპირველად ბიჭი ამის გამო ძალიან ნაწყენი იყო და დედასთან ურთიერთობას ვერ ახერხებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ყველაფერი შეიცვალა. 41 წლის ასაკში კარდინალე ბებია გახდა. პატრიციო ადრე დაქორწინდა და ქალიშვილი შეეძინა. ახლა კარდინალეს ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.