მარიამ საჯაია ტელეეკრანებზე პირველად 2012 წლის თებერვალში გამოჩნდა განათლების სამინისტროს სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამის სპიკერის ამპლუაში. 21 წლის 2012 წლის 15 მარტს გახდა. მაისში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა და მალევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის არჩევნებისთვის წარმოდგენილი სიის პირველ ათეულში ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი სწორედ მისი სახით წარმოადგინა.
ამ პერიოდში ის იყო 4 საპარლამენტო კომიტეტისა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. 2015-2016 წლებში იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2012-2015 წლებში იყო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2013-2016 წლებში — საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი. 2016 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე — სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი.
მარიამ საჯაია დღეს
რამდენიმე წლის წინ მარიამ საჯაია საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა. ქალაქში ცხოვრებაზე უარის თქმა ახალგაზრდა ქალისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა. თავიდან მეუღლე ზურა ქავთარაძესთან ერთად კარავში ცხოვრობდა. ამასობაში სახლიც აშენდა და მარიამი, ზურასთან და შვილთან ერთად, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ქალაქგარეთ დასახლდა.
"არემარე" - ასე დაარქვეს საცხოვრებელს, სადაც წყვილი სოფლის მეურნეობას ეწეოდა და თავად მოჰყავდათ პროდუქტები. პანდემიის დაწყებისას, როდესაც ქალაქის მცხოვრებლებს ახალ ყოფასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, მარიამი „არემარიდან“ ხშირად აქვეყნებდა სტატუსებს, საიდანაც ჩანდა, რომ ქალის ბედნიერ ცხოვრებაში რეალურად უარესობისკენ არაფერი შეცვლილა. "ვინც კი მხვდება და მეხმიანება, თუმცა კი ცოტა, ყველას პირველი სათქმელია, რა ლამაზად ვცხოვრობთ, რომ ფოტოებს ნახულობენ, რომ თვალს გვადევნებენ ფბ-ზე. არადა, მე ხომ ვიცი, როგორ გავზარმაცდი ამასობაში სოცქსელში ამბების გაზიარებით. სრული უმაქნისობა ჩემი, ამ მხრივ, ძალიან უცნაურია. ეგრე სცოდნია დალხენილ ცხოვრებას, მაგრამ რადგანაც მაინც ძაან მომწონს ადამიანების მოტივირება (და ეს ცალსახაა შემხვედრ-შემხმიანებლების აღფრთოვანებით), პირობას ვდებ, რომ ვიბრძოლებ ჩემი განცხრომილობით გამოწვეული სიზარმაცის წინააღმდეგ. გადავიღებ მეტ ფოტოს ჩვენი ყოველდღიური (ანუ მრავალფეროვანი) ცხოვრების შესახებ, მოვყვები მეტ ფერად ამბავს, გაგაცნობთ პატარა, კოხტა დეტალებს და ვიჭყლოპინებ აქ, ზუსტად ისე როგორც ყოველ დილით ვჭყლოპინებ, ცხელი ყავის სმისას გადათრვილულ ეზოს რომ გავცქერი. ნელ-ნელა მოვყვები, ერთ წელზე ნაკლებ დროში რა (ანუ რამდენი) გავაკეთეთ და სახლის შენებასაც სულ წვრილად აღვწერ", - წერდა მარიამი.
ბოლო პერიოდია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებშიც ჩართულია და აქციიდან ფოტოებს ხშირად აზიარებს: