ნინა სუბლატმა, რომელიც გადაცემას „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ სტუმრობდა, მის ცხოვრებაში არსებულ სტრესულ პერიოდზე, კერძოდ, მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა:
„პოსტსამშობიარო დეპრესია მქონდა. ამაზე ძალიან იშვიათად საუბრობენ…
ვინც შვილის ყოლას გეგმავს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ინფორმაცია (რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია), რომ პოსტსამშობიარო დეპრესია სინამდვილეში ბუნებრივი რამ არის.
ჩემს შემთხვევაში ეს ეტაპი, დაახლოებით, ორ წლამდე გაგრძელდა, ყველაზე მძიმედ მახსოვს ნეგატიური ხმა, რომელიც არასდროს ჩერდებოდა, ამ ნეგატიურ ხმას მოჰყვება შემდგომ დისბალანსი ყველა იმ საქმეში, რასაც აკეთებ…
პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ როცა მძიმედ ხარ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ელოდები, რომ ვიღაც ან რაღაც გადაგარჩენს. შეიძლება ეს მოლოდინი წლები გაგრძელდეს, თუმცა ბოლოს ხვდები, რომ საკუთარი თავის გარდა ვერავინ გიშველის…“, – განაცხადა ნინა სუბლატმა.
ნინა სუბლატი
ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ნინა არაორდინარული გარეგნობითა და სტილით მალევე გახდა ბევრი თინეიჯერისთვის მისაბაძი. მისი ვოკალური მონაცემები კი საქართველოს ფარგლებს გასცდა და მეუღლესთან ერთად შექმნილი პროექტი მან საზღვარგარეთაც გაიტანა.
ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას კარიერის უცხოეთში გაგრძელებაზე ოცნებობდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, მან დაქორწინება გადაწყვიტა და 2013 წელს რჩეულთან, გიორგი შამანაურთან ერთად ფოტოები იუსტიციის სახლიდან გამოაქვეყნა, სადაც წყვილმა ხელი მოაწერა. გიორგი თავადაც მუსიკოსია და მომავალი მეუღლე სწორედ მუსიკალურ პროექტში გაიცნო.