Miss Argentina 2024 კონკურსის ფინალი 25 მაისს გაიმართა. გამარჯვებული მოდელი და მსახიობი მაგალი ბენეჰა კორტი გახდა, თუმცა მაყურებლის ყურადღება კონკურსის სხვა მონაწილემ, ალექსანდრა მარისა როდრიგესმა მიიქცია. სილამაზის კონკურსების წესები დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ბოლო წლებში მოიხსნა ასაკობრივი ზღვარი - ადრე 28 წელს გადაცილებულებს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ. ალექსანდრა ირწმუნება, რომ მის გამარჯვებაში დიდი როლი მისი პიროვნების "ფასეულობების კომპლექტმა" ითამაშა, რომლის გარეშეც ფიზიკური სილამაზე არაფერია...
ვინ არის ალექსანდრა მარისა როდრიგესი
60 წლის როდრიგესმა დიდება აპრილში მოიპოვა, როდესაც ბუენოს-აირესის პროვინციის სილამაზის დედოფალი გახდა. მანამდე იგი ცხოვრობდა მშობლიურ ქალაქ ლა პლატაში, დედაქალაქის სამხრეთით და მუშაობდა იურიდიულ მრჩევლად... ალექსანდრა დაიბადა 1964 წელს. მამა, ბენჯამინ როდრიგესი, ბუენოს-აირესის პროვინციის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო. შვიდი წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ლა პლატას ბავშვთა სილამაზის კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც. დაამთავრა ლა პლატას ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მედიაში. 2000 წელს მან მიიღო იურიდიული ხარისხი იმავე უნივერსიტეტიდან და გახდა არგენტინის ჯანდაცვის სისტემის კონსულტანტი.
2024 წელს "მის ბუენოს აირესის" ტიტული მოიპოვა. ხალხი ვერ იჯერებდა, რომ როდრიგესი მართლაც 60 წლის იყო. როგორც თავად აღნიშნავს, გამოწვევა იმიტომ მიიღო, რომ ადამიანების გაგება სილამაზის კონცეფციის შესახებ გაეფართოებინა. იმასაც ამბობს, რომ მის ასაკში ახალგაზრდული გარეგნობის შენარჩუნება დისციპლინას მოითხოვს. „დიეტას ვიცავ, როგორც ჩანს, ძალიან მეხმარება. ვცდილობ, ვჭამო მხოლოდ ორგანული პროდუქტები - მეტი ბოსტნეული და ხილი - და ვიყენებ მაღალი ხარისხის კანის კრემებს“, - გაამხილა თავისი საიდუმლო როდრიგესმა.
ალექსანდრა ბევრს მოგზაურობს, უყვარს თავისი კატები. იმას ვერ ვიტყვით, რომ ფიტნესითაა დაკავებული. მხოლოდ კვირაში სამჯერ აკეთებს მსუბუქ ვარჯიშებს, სამაგიეროდ, ბევრს დადის ფეხით.