ასაკი: 28 წლის.
განათლება: დაამთავრა სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრალური კოლეჯი.
ამჟამინდელი საქმიანობა: მსახიობი. თანამშრომლობს მცხეთის დრამატულ თეატრში არსებულ სივრცის თეატრთან.
ჰობი: სიმღერა.
ცხოვრების დევიზი: "სტატუსების შეძენის მიუხედავად, ადამიანმა ადამიანობა არ უნდა დაკარგოს".
- ადამიანი ჯერ ადამიანად იბადება, მერე ეძლევა სტატუსები. სტატუსების მიუხედავად, ადამიანობა არ უნდა დაკარგო, რადგან თუ ადამიანობას დაკარგავ, სტატუსი დარჩება, ხოლო როცა სტატუსს დაკარგავ, ადამიანობა აღარ გაქვს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი აღარაფერია...
- თედო, როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- ცნობისმოყვარე, ალბათ, კეთილ, ადამიანების მოყვარე, ოჯახისთვის თავდადებულ ადამიანს, მამას, მეუღლეს...
- რომელი ზებუნებრივი ძალის ფლობას ისურვებდით?
- ამაზე არასოდეს მიფიქრია... ყველაზე კარგი ადამიანების აზრების წაკითხვის უნარია: მინდა ვიცოდე, ადამიანი შინაგანად რას გრძნობს, რას ფიქრობს...
- ადამიანების ფიქრების ამოცნობა თქვენთვის რამდენად მარტივია?
- სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით იმის გამოცნობა არ მიჭირს, თუ რას ფიქრობს სხვა ჩემზე. კონკრეტული საქციელით შეიძლება შენ მიმართ ადამიანის დამოკიდებულება გაიგო. შეიძლება შეცდე კიდეც, თუმცა, ერთი შეხედვით, პიროვნების შესახებ გარკვეული აზრი მაინც გრჩება, ემეგობრო თუ არა. კარგ ადამიანთან საქმის კეთებას არაფერი სჯობს. შესაბამისად, თუ ვინმეს მარტივად გაიცნობ, მასთან კონტაქტი უფრო კარგია...
- მეგობარი დაგიკარგავთ?
- როგორც ყველას, მეც ბევრი მეგობარი დამიკარგავს.
- მიზეზი რა ყოფილა?
- მოუცლელობა, ერთმანეთის ვეღარ გაგება... ცხოვრებაში ყველაფერი ხდება...
- რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოთ?
- ჩემი გაბრაზება ცოტათი რთულია, მაგრამ თუ გავბრაზდი, ეს მაშინ ხდება, როცა ვინმე ჩემს პირად სივრცეში იჭრება, შეურაცხყოფას მაყენებს მე ან ჩემი ოჯახის წევრს... საერთოდ, ემოციური ვარ, მაგრამ ბრაზიანი - არა. ძირითადად, თავს ვიკავებ ხოლმე.
- ემოციებზე კონტროლდაკარგული როგორი ხართ?
- ნამდვილად ცუდი სანახავი ვარ, რადგან ძალიან ვბრაზდები. ისე ვიქცევი, როგორც ალბათ, ყველა ბიჭი...
- ბილწსიტყვაობთ, ფიზიკურად უსწორდებით?..
- არა, ვინმეს ფიზიკურად რომ გავუსწორდე, მდგომარეობიდან ძალიან უნდა გამომიყვანოს. ეს არც მიყვარს. მირჩევნია, ავუხსნა. თუ გაიგებს, გაიგებს - როგორც უნდა, ისე მოიქცეს...
- ადამიანებს რა ნიშნით აფასებთ?
- სიკეთეს, უანგარობას ვაფასებ. რაც მთავარია, დადებითი ადამიანი უნდა იყოს, რომ მის მიმართ თავადაც დადებითი ვიყო. პირადად მე, ყველასთან დადებითად განწყობილი ვარ, რაც ხან კარგად მიბრუნდება უკან, ხან - ცუდად...
- თქვენს უარყოფით თვისებად რას მიიჩნევთ?
- ალბათ, უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ახლა ვაკეთებ. შეიძლება, საკმარისად მონდომებული არ ვარ. ცოტათი მორიდებული, მორცხვიც ვარ. ამის გამო, ბევრგან უკან ვიხევ. ვერ გეტყვით, ეს ცუდია თუ კარგი...
- წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისება გეხმარებათ?
- შემართება და შრომისმოყვარეობა. ნებისმიერ საქმეში შემართებით უნდა იყო ადამიანი, უკან არ დაიხიო, ბევრი იშრომო - საკუთარ თავთანაც და საქმეშიც.
- ყველაზე ხშირად რომელ საკვებს მიირთმევთ?
- ქართული სამზარეულოდან აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს.
- როგორ ფიქრობთ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლიათ?
- დღეს ალბათ, ადამიანებისთვის სიყვარულის მინიჭება შემიძლია, არავინ შემხვედრია, ვისაც ჩემ მიმართ სიყვარული არ ჰქონია. ვცდილობ, მეც სიყვარული დავთესო. იმედია, გამომდის...
- თქვენი აზრით, შეიძლება მეორე ნახევრის გარეშე ადამიანი სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
- მეორე ნახევარი იმიტომ არის, რომ მთელ ცხოვრებას მასთან ერთად ატარებ. შესაბამისად, ამის გარეშე რთულია - მარტოობაში ისეთ ბედნიერებას ვერ განიცდი... ჩემს საახლობლოში ბევრი ადამიანია, ვისაც საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. დღესდღეობით ნანობენ - ნეტავ, ოჯახი გვყოლოდაო...
- თედო, თქვენს 3 წლის შვილს თქვენთვის ყველაზე უცნაური რა უკითხავს?
- დემეტრეს საუბარი ცოტათი უჭირს. როცა უნდა, მაშინ ლაპარაკობს (იღიმის). "ეს რა არის?" - ძირითადად ამ შეკითხვას სვამს ხოლმე.
- ისეთი საქციელი თუ ჩაგიდენიათ, რომლის გახსენებისას დღესაც გრცხვენიათ?
- არ ვიცი, არა მგონია... ალბათ, როგორც ყველა ახალგაზრდას, ასეთი რამ მეც გამიკეთებია. მსგავსი რაღაცები ძირითადად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება ხოლმე, თუმცა იშვიათად ვსვამ: როცა დავლევ, უნდა დავიძინო - არაფერი მინდა (იცინის).
- ახლობლები რა მეტსახელით მოგმართავენ?
- სიმართლე გითხრათ, მეტსახელი არ მაქვს. ჩემი სახელის მოფერებითი ფორმით - თედუნა მომმართავენ. მეტსახელები არც მიყვარს.
- დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად ვის ესაუბრებით?
- ჩემს მეუღლეს. ტელეფონზე ვურეკავ, რადგან სახლში მარტოა და დროს მასთან საუბარში ვატარებ.