მსახიობი ტრისტან სარალიძე 27 მაისს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგობრები მას საჯაროდ გამოემშვიდობნენ და მის შესახებ არაერთი მოგონება გაიხსენეს. ტრისტან სარალიძის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა მისმა კოლეგამ, მსახიობმა მარინა კახიანმაც:
"40 წელზე მეტია, რუსთაველის თეატრის კედლებში ერთად მოვდივართ. ბევრ სპექტაკლში ვიყავით ერთად. ის იყო მართლაც განსაკუთრებული მსახიობი, თავისი თვითმყოფადობით, საოცარი იუმორით, ნიჭით, რომელიც გადმოდიოდა სცენიდან თუ ეკრანიდან.
საბედნიეროდ, არა მხოლოდ ამ სცენაზე, არამედ კინოშიც არაერთხელ მქონდა საშუალება, რომ მისი პარტნიორი ვყოფილიყავი. საოცარი მეგობარი იყო.
არ შემიძლია მისი ფილმებიდან არ ვახსენო ელდარ შენგელაიას „ჩიტები“, რომელშიც მან ბრწყინვალედ შეასრულა ხანდაზმული ქართველი, სოფელში მცხოვრები ადამიანის როლი. ისეთი სიღრმე და სითბო მოიტანა, აღფრთოვანებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ ტრისტანი უამრავ სპექტაკლსა და ფილმში მყავდა ნანახი", - ამბობდა მარინა კახიანი.
დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში: "მთელი ბავშვობა, 17 წლამდე, ბორჯომის რაიონში, დაბა ახალდაბაში გავატარე. უმამოდ გავიზარდე. როდესაც მამა გარდაიცვალა, დედაჩემი ოცდაშვიდი წლის იყო, მე – ორწლინახევრის. გავიზარდეთ, როგორც და-ძმანი. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. პატარა რომ ვიყავი, სახლის გვერდზე დედაჩემს სიმინდი, ლობიო და კომბოსტო ჰქონდა დათესილი. ბოსტანის ბოლოს კი ორი ხე იყო, გავჭიმავდი ამ ხეებს შორის თოკს – იქიდან ისე კარგად ჩანდა კომბოსტოს თავები, პარტერი გეგონებოდათ და ვმართავდი წარმოდგენებს. მეც ვერთობოდი და ეტყობა, კომბოსტოებსაც სიამოვნებდათ, რადგან კარგი მოსავალი მოდიოდა", - ამბობდა მსახიობი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში.რუსთაველის თეატრის მსახიობია 1980 წლიდან. აღსანიშნავი როლებია: ჯამბაზი ( „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“ ), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა ( „მერე რა რომ სველია სველი იასამანი“ ), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო ( „კაცია ადამიანი“ ), ჯარისკაცი ( „მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული ( „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ), ლადო ( „ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“ ). 2010 წელს მიენიჭა ქ. ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
"ადამიანი სიკეთისთვის იბადება. ბალიშზე რომ დადებ თავს, არის მონაკვეთი დაძინებამდე, სადაც კინოფირივით გადის, რა გაგიკეთებია ამ ქვეყანაზე და თუ ისეთ საქციელს დაიჭერ, რომლისაც შეგრცხვება, რომ ეს არ უნდა გაგეკეთებინა და გულს გტკენს, იქ ხდება ადამიანის გასუფთავება. მოკლემეტრაჟიან ფილმებს ვეძახი ამას. გადაავლებ ამ მოკლემეტრაჟიან ფილმს თვალს და რჩები ძალიან ბედნიერი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს ხელი გაუწოდე...
ღმერთი არის განგება, რომელსაც შენს თავში ვერ ხსნი. ეს არის შენთვის ღმერთი. სარწმუნოება კი ერთ რამეს ქადაგებს: აკეთე სიკეთე. თუ ბოროტებას არ სჩადიხარ, მაშინ სამოთხეში შესვლას ვინ აგიკრძალავს და თუ სიკეთე გარანტიაა სამოთხეში შესასვლელად, მაშინ ვაკეთოთ სიკეთე და ღიაა ის კარი. – სიყვარულის გამო სიგიჟეები ჩაგიდენიათ? – ერთი დეტალი გამახსენდა. მოსკოვში მატარებლით მივდიოდით გასტროლზე. მაშინ სამი დღე ვუნდებოდით გზას და ერთი გოგო გავიცანი. საუბარში ვიცინოდი, ამ სიყვარულს დავცინე – არ იყო ეს სიყვარული სერიოზული სალაპარაკო თემა. მაგრამ ეს გოგო ისე მომეწონა და ისეთი სერიოზული გრძნობა გამიჩნდა, რომ როსტოვში ჩავდიოდი, ერთად უნდა გავქცეულიყავით. სად? არავინ იცის... უცხოეთშიც ჩამიდენია სიგიჟეები, საქართველოშიც. ასეთი რაღაცაც მომხდარა ჩემს ცხოვრებაში: მეტროთი მოვდიოდი. იმ პერიოდში ძალიან პოპულარული ვიყავი – ერთმანეთზე მიეწყო ჩემი ფილმები. მიცნეს და საქეიფოდ რომელიღაცა სახლში წამიყვანეს. სამი დღე ვცხოვრობდი იმ სახლში, არავის ვიცნობდი, ვსვამდით, ვქეიფობდით... დღეს რომ მითხრან, რომელ სახლში იყავი და ვისთან იყავიო, არ ვიცი....
არგენტინაში მივფრინავდი და ღამის პირველ საათზე ჩავედი ზესტაფონში ჩემი საცოლის სანახავად. ჩავედი, ვნახე, მოვტრიალდი და წამოვედი...
ვიქტორ ლუტიძე იყო ჩემი მეზობელი. ამ კაცმა მომცა ასეთი რჩევა: თუ ვინმემ ცუდი რაღაც გაგიკეთა, ცუდით არ გადაუხადო, მეორე ლოყა კი არ შეუშვირო, მაგრამ ცუდი არ გაუკეთოო. ეს რჩევა სულ მახსოვს. არც კი ვჩხუბობ. თეატრში ხომ ისე ვერ გაძლებ, რომ რაღაც არ გეწყინოს, თუნდაც ზემდგომებისგან. როგორც კი არ გასცემ პასუხს, ისინი ხვდებიან, რომ არ ღირს.
ერთი რაღაც მინდა, გავიხსენო: როდესაც თეატრში მოვედი და ბრძანება დაიწერა, რომ რუსთველის თეატრის მსახიობი ხართ, გამოვიარე ფოიეში, სცენის წინ, სადაც მსახიობები შესასვლელად ემზადებიან. იქ გრძელი მაგიდა იდგა და ფარდა იყო ჩამოფარებული და რომ გადავწიე ფარდა, ამ მაგიდის თავში იჯდა ეროსი, გვერდზე – გოგი გეგეჭკორი, რამაზი, მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი. უცებ ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, შეიძლება აქ ადამიანმა თავისი ნიშა დადოს, სამსახიობო კარიერა მაინც დაიწყოს-მეთქი?! როგორ დაამთავრებ, ეს სხვა არის, იმდენად დიდი ადამიანები და მსახიობები იყვნენ ამ თეატრში. ამ გადასახედიდან, თეატრში ნახევარ ცხოვრებაზე მეტი მაქვს გატარებული. ჩემმა ოჯახმა იცის, მე რომ პრემიერა მაქვს, ერთი კვირა სახლში აღარ მივდივარ, თეატრში ვათენებ და ვაღამებ. მიუხედავად ამისა, მაინც ჩემი შვილები არიან ყველაზე ძვირფასი. იმათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ჩემი მისია შევასრულე.
ბავშვობაში დაბადების დღეებით განებივრებული არ ვყოფილვარ. სტუდენტობისას ზოგჯერ ბიჭებს ბოთლ არაყსა და 20 ხინკალზე გვიქეიფია. მერე დრო გავიდა და ნელ-ნელა მეტის საშუალება მომეცა. 30 წლისამ მეგობრები მოვიწვიე. ისინი ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არიან და მათი სიყვარულით ვხარობ. გურამ საღარაძე - ჩემი პედაგოგი და დიდი მეგობარი, ძმაკაცი გახლდათ. ძალიან მიყვარდა, როგორც ადამიანი, მის შემოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ. ვფიქრობ, საქართველოში მისნაირი მკითხველი არ დაბადებულა. 50 წლის ასაკში დიდი დაბადების დღე გადავიხადე, უახლოესი მეგობრები დავპატიჟე. ჩემი შვილის ნათლიამ, აკადემიკოსმა შოთა ჯაფარიძემ, შუა ქეიფის დროს მომილოცა ეს დღე, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლალიმ კი მითხრა: ჩვენი ოჯახების სიყვარულის ნიშნად ბეჭედს გჩუქნი და ატარეო. თავიდან ცოტა მეხამუშებოდა, მერე ძალიან მივეჩვიე. დავხედავ ხოლმე და ის ხალხი მახსენდება. მეგობრობა ჩემთვის უნიკალური გრძნობაა. ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ რომ გადამიღეს, სულ მალე ნუცუბიძის ქუჩაზე, კინომსახიობთა საერთო საცხოვრებელში, ერთი ოთახი მომცეს. ბინა რომ დაესუფთავებინა, დედა გამოვიძახე. მე კი არ ვეხმარებოდი, ხელს ვუშლიდი, ამიტომ დედამ მითხრა, - მომშორდიო. მეც რესტორანში წავედი. ამ დროს ჩემთან გურამ ფირცხალავა მოსულა მანქანით. ის უკვე პოპულარული მსახიობი იყო. მეორე სართულზე ვცხოვრობდი და გურამი დაბლიდან მეძახის: "ტრისტან, შვილო!" (ასე მომმართავდა). რომ აღარ გაჩერდა, დედას გამოუხედავს: თუ გოგია ხარ, 1958 წლიდან შენ გელოდები და თუ ეშმაკი ხარ, აქედან გადაშენდიო. ამის შესახებ რომ გავიგე, დედას ვეხუმრებოდი, - გოგიას სანაცვლოდ, რა ლამაზი კაცი ამოგირჩევია-მეთქი!" - იხსენებდა მსახიობი.