მოქანცული მივეგდე ბებიაჩემის საწოლზე. მგონი, აღარ მაწუხებდა დიდად ზეწრების უსიამოვნო სუნი. ქვედა სართულისთვის დამახასიათებელი სიგრილე მესიამოვნა და გავყუჩდი. ბებო მაშინვე ფუსფუსს მოჰყვა. თვალი გავაყოლე, წელში მოხრილი რომ მიმოდიოდა ოთახებში. აქეთ მივლიდა. რაც ჩამოვედი, საკუთარი თეფში არ გამირეცხია. მერე დამიბარა, ბოსტანში გავალო და გაუჩინარდა.
ტელეფონის ვიბრაციამ გაშტერებული მდგომარეობიდან გამომაფხიზლა, დაქალი მირეკავდა. ამ სამ დღეში მეხუთედ მოასწრო იმის თქმა რომ ყავის მარტო სმა აღარ შეეძლო, კიდევ უკბილოდ მეხუმრა ძროხის მოწველის თობაზე, მითხრა, გელოდებიო და დამემშვიდობა. ვიფიქრე, რამდენიმე დღეც და წავალ-მეთქი. ჩამოვიდოდი ხოლმე თვეში ერთხელ და ეგ იქნებოდა, ეს ბიძაჩემიც ხომ არ მომკლავდა და ეკითხა ლექციები, სანამ არ მობეზრდებოდა.
ჭიშკრის ხმაზე საწოლიდან წამოვიწიე და ფანჯრიდან გავიხედე. ორნი მოდიოდნენ ეზოში. ესენი ბებიაჩემის სტუმრებს არ ჰგავდნენ და ძაან კი მეზარებოდა, მაგრამ ავდექი და გავედი. დამინახეს თუ არა, ორივემ ფართოდ გამიღიმა. ახლოს რომ მოვიდნენ, ერთი ვიცანი, ჩემი კარის მეზობელი ეკა იყო, ოდესღაც შავ თმაზე ახლა აალებული კოცონი ენთო. თავს ძალა დავატანე, მაგრამ მეორეს ვერაფრით ვიხსენებდი. ორივემ მეგობრულად გადამკოცნა და რადგან დაბნეულობა შემატყვეს, იქვე, მეორე სართულის კიბეზე მოკალათდნენ შინაურულად.
თავად პატარა სამფეხა სკამზე ჩამოვჯექი. ბებოს ვეძებდი თვალებით, სადმე ახლომახლო ხომ არ იყო, იქნებ ამ უხერხული სიტუაციიდან ვეხსენი, მაგრამ არსად ჩანდა.
- ორი დღეა აქ ხარ და ცხვირს არ ყოფ გარეთ. ტასოს ვეუბნებოდი, რომ ჩვენ თუ არ გაგიყვანეთ, ასე იჯდები სამარადისოდ. - ტასო რომ ახსენა, მაშინვე გამახსენდა, ვინ იყო მეორე - უბანში ყველაზე ლამაზი, გავლენიანი და პოპულარული გოგო. როცა ვთამაშობდით ოჯახობანას, ის ყველასათვის სასურველი საცოლე იყო და მის გამო ბიჭები ერთმანეთს ხოცავდნენ. ეკას არავის ცოლობა არ უნდოდა, ბუღალტერი ვარ და ქმრის მოსაყვანად არ მცალიაო, ამბობდა. ამოატრიალებდა ბონბონერის ყუთში მოთავსებულ შოკოლადის ჩასადებებს და ვითომ საბეჭდი მანქანა იყო, დაუსრულებლად უკაკუნებდა. კიდევ უამრავ გაზეთს დაათრევდა დედამისის ლაკის ჩანთით. მე რას ვაკეთებდი?! მე არავის არ ვუნდოდი ცოლად, ყველა ბიჭი ჭირიანივით მერიდებოდა, ერთხელაც, როცა ყველამ დაინაწილა ცოლები, ტასოს ძმა ვატო და მე დავრჩით მხოლოდ. ვატომ შემომხედა და განაცხადა, ეგეთ ცოლს არასდროს მოვიყვანო. რატომ-მეთქი, ვკითხე და მიპასუხა, გოგოს არ ჰგავხარ, თმაც კი არ გაქვსო. მაშინვე სახლში გავიქეცი და თავზე ბებოს ჭრელი თავშალი დავიფარე. მერე უკან თმის სამაგრით გამოვკარი, რომ არ ჩამოცურებულიყო და ვატოსთან გავიქეცი. დამინახა, ჯერ მომაშტერდა და მერე უარყოფის ნიშნად თავის კანტურს მოჰყვა. მას შემდეგ მე ბუღალტრის მდივანი გავხდი, ეკას დავყვებოდი კუდში. გათხოვებასა და ვატოს ცოლობაზე აღარ მიოცნებია, მაგრამ სამაგიეროდ, გულს მიღრღნიდა ის ფაქტი, რომ დაწუნებული ვიყავი.
- რამეს არ დალევთ? ბებო ყავას არ სვამს და მეც ისე გამოვშტერდი დღეს, რომ გავედით, ყიდვა დამავიწყდა. ჩაი მაქვს და რძე.
რძეზე ორივემ სახე დამანჭა. ჯერ არ მინახავს სოფელში გაზრდილი ბავშვი, რძე რომ უყვარდეს, სამაგიეროდ, ჩემთვის ცივ რძეზე უკეთესი სასმელი არ შეუქმნია ჯერ ბუნებას.
- დედამ მითხრა, სახლს უწერსო, გადასაფორმებლად იყავით? - ისე უცებ მომიშინაურდა ეკა, რომ მეც გადმომედო.
- ნოტარიუსთან წამიყვანა, - თან წამოვდექი და ძველი ემალის ჩაიდანი დავადგი ღუმელზე. თითქმის ჩამქრალიყო. მუხლებზე რომ დავდექი, შარვალი სულ დამესვარა. მგონი, დრო იყო, სახლისთვის მიმეხედა და თავი ჩემი სახლის მასპინძლად მეგრძნო.
- დათი ნახე? ვერ გიცნობდა, ისე ხარ შეცვლილი. თმას რა უქენი, რა ლამაზი ფერი გქონდა. -მკითხა ტასომ.
- შევიღებე, აღარ მინდა არაფერი წითლის დანახვა. - თმებზე უნებლიეთ ჩამოვისვი ხელი.
- დათიმ რაო?
- საბუთები გვაკლდა და მოაგროვეთო.
- ღვინოს აციებს ვატო, საღამოს ტყის პირას ავიდეთ და ცოტა მოხვალ ხასიათზე. ადრე უბანში ვსვამდით და გაგვყარეს, ხმაურობთო, ახლა იქ ვართ ხოლმე.
- დღეს სახლს უნდა მივხედო, მმმ... მგონი, არ გამოვა, სხვა დროს იყოს.
- მიხედავ საღამომდე. რასაც ვერ მოასწრებ, ხვალ და ზეგ მიხედავ. შენი სახლია, როცა გინდა, მაშინ დაალაგებ. - გამამხნევა ტასომ და კიბიდან წამოდგა, - მოკლედ, საღამოსთვის მოემზადე.
- დღეს მართლა არ ვიცი... - ვეღარ გამეგო, თავი როგორ ამერიდებინა ამ ტყისპირა ლოთაობისთვის, ან რა უნდა მეკეთებინა იქ ვატოსთან და კიდევ ღმერთმა უწყის, ვისთან ერთად.
- საღამომდე! - მომაძახა ეკამ უკვე ჭიშკრიდან. - თბილი მოსაცმელი წამოიღე, იცოდე.
მთელი დღე სახლის პირველი სართული ვხეხე. ხომ უნდა მეთქმოდეს, რომ ტყუილად არ გამოვისეირნე და რაღაც გავაკეთე. კიდევ კარგი, პატარა სახლი იყო, თორემ შეიძლებოდა დავვარდნილიყავი. ბებო ისეთი ბედნიერი მიყურებდა, რომ მარტო ამად ღირდა მთელი ეს შრომა და დაღლა. ყველაფერს რომ მოვრჩი, მზეზე გამთბარი ბოთლები ჩამოვცალე ვედროში და საკუჭნაოში შევათრიე ტოლჩასთან ერთად. თავიც და ტანიც საპნით ჩამოვიბანე, შამპუნზე პრეტენზია არ გამომითქვამს. რანაირად ცხოვრობს აქ ხალხი, ყველა თუ ასე ბანაობს, მერე რა ნერვები აქვთ, რომ ტყის პირას ავიდნენ და ღვინით გამოთვრნენ. მაგრამ ერთიცაა, აქაურობას ფხიზელი თვალით და ცხვირით ჩემმა მტერმა უყურა და იყნოსა. მართალია დედა, აქ რომ დაბრუნდეს, რა უნდა აკეთოს, რანაირად უნდა იცხოვროს.
შვიდი საათი ხდებოდა, რომ ეზოში სარწეველაზე ლეიბი დავაგე და წამოვწექი. კმაყოფილი ვიყავი ნაშრომით და მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი, რომ დაღლილს დამსახურებულად უნდა დამეძინა გრილ, სუფთა ჰაერზე.
გამიხარდა, არავინ რომ არ დამიძახა. ფეხები გაუჩერებლად მიბჟუოდა დაღლილობისგან და ზურგის კუნთები მტკიოდა. საგრძნობლად გადაგრილებულიყო. სახით მაღლა ვიყურებოდი. ხეებს შორის ლაჟვარდოვანი ცა მოჩანდა, რწევაზე თითქოს ტოტები აქეთ-იქით გადიოდნენ და გამოდიოდნენ, ბავშვის საწოლის ასოციაციას იწვევდა, თავთან რომ მოძრავი სათამაშოები აქვს ჩამოკიდებული... ეფექტიც იგივე ჰქონდა და ჩამეძინა.
ვიღაც მხარში ჩამჭიდებოდა და მანჯღრევდა.
- ადექი, ვერ მომატყუებ, რომ ვითომ გძინავს.
თვალები გავახილე და თავზე წამომდგარ ეკას ბროწეულისფერ თავს ვკიდე თვალი.
- ადექი მალე.
რაღაცნაირად ცოტა თავხედი მეჩვენა. ისე მექცეოდა და მელაპარაკებოდა, გეგონებოდა, ერთად ვიყავით გაზრდილები. იქნებ მართლა არ მინდოდა ეს ტყის პირას წაქეიფება, ან რასთან დაკავშირებით ვთვრებოდით, არც წარმართული და არც რელიგიური დღესასწაული დღეს არ იყო.
წამოვჯექი. მგონი, გაბრაზების დაფარვა არც ისე კარგად გამომივიდა, იმიტომ, რომ ეკამ უკან დაიხია და წარბები შეჭმუხნა.
- კარგი რა, გაერთობი...
ჟაკეტი მოვიცვი და უკან გავყევი. ჯერ ისევ არ ვიყავი გამოფხიზლებული. გზას რომ ავუყევით ტყისკენ, მერე გამახსენდა, რომ მობილური სახლში დამრჩა, მაგრამ რაში მჭირდებოდა, ათასში ერთხელ რეკავდა მაინც და ისიც ან მამა, ან ვიკა - ჩემი ერთადერთი დაქალი. კოტეს მოწერილებს საუკუნეა აღარ ვპასუხობდი და აღარც არაფრად მიმაჩნდა. ვიწრო, ქვიან ორღობეს ავუყევით ზევით, ტყისკენ. შორიდანვე დავინახე, რომ რამდენიმე ადამიანი ფუსფუსებდა. ახლოს რომ მივედი, მივხვდი, რომ ცეცხლის დანთებას აპირებდნენ. იქვე მდინარეში ღვინის მოზრდილი ბოცა ჩაედოთ. ტასო პომიდორს ჭრიდა. დამინახა თუ არა, უკან შებრუნდა და დაიძახა:
- აბა, ვინ იცნობთ ამ გოგოს?
ჩემდა გასაოცრად, პირველი, ვინც შემობრუნდა, მაშინვე ვიცანი, ჩემი პირველი საქმრო, რომელმაც დამიწუნა და ჩემი პირველი უარმყოფელ-გამწბილებელი. ხორცის მოზრდილი ნაჭერი და შამფური იქვე დაალაგა, ჩემკენ წამოვიდა და ჩამეხუტა, ისე ჩამეხუტა, თითქოს მაშინდელის გამო პატიებას ითხოვდა.
- რიჟა, ჩამოხვედი და იმალებოდი? - გამიღიმა და თაფლისფერი თვალებიდან სითბო გადმოეღვარა. უნებლიეთ მეც გამეღიმა. რა გადამდები აურა ჰქონდათ, რაღაცნაირი... ყველა გიღიმოდა და გეფერებოდა, ისე, თითქოს აქ ვიყავი, მათთან ერთად დაბადებული და გაზრდილი, ან მთელი ცხოვრება მათი მეგობარი ვიყავი. სანამ ვატო მელაპარაკებოდა, ორი ბიჭი წამოვიდა ჩემკენ. აშკარად 25-27 წლისები მაინც იქნებოდნენ. ამიტომაც ვერც მე ვიცანი და ვერც იმათ.
- გუჯა და ჯიმი არიან ესენი, ჩვენი ძმები და მეგობრები. - გავიფიქრე, ესენიც ჩამეხუტებიან-მეთქი და ასე აგიხდათ ყველაფერი კარგი...
- ელგუჯა და ჯემალი, ბაბუების პატივსაცემად სიცოცხლის ბოლომდე დასჯილები. - მითხრა ერთ-ერთმა.
- ეს დამუღამებული ხუმრობაა. ყველას ასე ეცნობა, ჰგონია, რომ მაგრად გამოსდის. -ირონიულად გაიღიმა ვატომ.
- ეს ვახტანგია, მოასწრებდი გაცნობას. გრძელი ენა იმიტომ აქვს, რომ მისი სახელის შემოკლებული ვერსია ამ ცოტა ხნის წინ შემთხვევით შემოვიდა მოდაში. - თავით მანიშნა ვატოზე. - იცი, ბევრი ფული რომ მექნება, რა უნდა გავაკეთო? - განაგრძობდა ჯიმი.
- სახელი უნდა გადაიკეთო. - ვუპასუხე.
- გვარიც, - მიპასუხა. - ასე გადავუხდი სამაგიეროს მამაჩემს.
- და რა გვარი გახდები? - ჰკითხა ტასომ.
- ჩემი მეზობელი, რომელთანაც მიწის გამო მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე დავობს მამა და ცხოვრების მიზნად იმისი გვარის ამოწყვეტა აქვს გადაწყვეტილი, აი, იმის გვარზე უნდა გადავიდე.
ყველა ახარხარდა, მეც, მათ შორის, მამის დასჯის ორიგინალური მიგნება იყო ნამდვილად.
არაფერი დამავალეს. ეკა პურს და ლობიანებს ჭრიდა, ბიჭები ცეცხლს ანთებდნენ და ხორცს აბნევდნენ შამფურებზე, ტასო სალათას ამზადებდა. მე იქვე ჩამოვჯექი. ერთ საათში ყველაფერი მზად ჰქონდათ. რომ დავსხედით მინდორზე, გაშლილი სუფრის გარშემო, მანქანის ხმა შემომესმა, რასაც წყლის შხაპუნის ხმა მოჰყვა. შავი ,,RAGE ROVER“ პირდაპირ მდინარეში შევარდა და ჩვენკენ წამოვიდა.
- გიჟია რა, ხო შეეძლო გზიდან ამოსვლა. - თქვა ეკამ და მოზრდილი მწვადის ნაჭერი გადაიცოცა თეფშზე.
- მოასწარი ეკა, სანამ დათი მოსულა. - გაეხუმრა ვატო.
- არა ბიჭო, მაგას დაველოდები.
კარი გაიხსნა და ამ გაბარიტების ავტომობილისთვის შეუფერებლად დაბალი ბიჭი ჩამოხტა, კაპიუშონიანი, ნაცრისფერი სპორტული ჟაკეტით, თეთრი ბრიჯებითა და თეთრი ბოტასებით. სიურპრიზიც ამას ჰქვია, არც მეტი, არც ნაკლები - ჩვენი ნოტარიუსი. ახლოს რომ მოვიდა, პირი ფართოდ გააღო, გვამცნო, მიხარია, რომ გხედავთო და მინდორზე მოკალათდა ჩვენთან ერთად.
- რა კარგ დროს მოხვედი, დაგვეხმარები მწვადის ჭამაში, თორე უკვე ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა. - გუჯამ ლობიანის ჭამა შეწყვიტა და დათის ახედა.
- არ იცოდეთ მაინც, რომ დღეს ჩემი გამოსვლა გარეთ ნამდვილი პატივია თქვენთვის.
- ხვალ დაამთავრებ ლაღ და ადამიანურ ცხოვრებას საკუთარი ნებით. - უთხრა ვატომ.
- ხოდა, დღევანდელი დღე შემარგეთ, ნუღა მახსენებთ.
- ვინ გაძალებს ნეტა? - ჰკითხა ტასომ.
- ასაკი, ასაკი... მომაწოდეთ, აბა, რა იცოდვილეთ ჩემ გარეშე. ვინ დააყარა მარილი, რა უბედურებაა. - თქვა დათიმ და ხორცის ნაჭერი პირისკენ გაიქანა.
ისეთი მხიარულები და ლაღები იყვნენ, დაუსრულებლად რაღაც ისეთს იხსენებდნენ, ერთად რომ გადახდათ, ცუდ ამბებსაც კი იუმორის ჭრილში ჰყვებოდნენ. არასდროს მინახავს ამდენი ლაღი და მხიარული ადამიანი ერთად. მომეჩვენა, რომ ერთმანეთს ჰგავდა რაღაცით ყველა. გული დამწყდა, გავიფიქრე, ზაფხულობით მაინც რომ ჩამოვსულიყავი, მათი მოგონებების ნაწილი ვიქნებოდი-მეთქი. კიდევ კარგი, რომ გამოვედი. აშკარად მსიამოვნებდა ცეცხლთან ჯდომა და ღიმილიანი სახეების ყურება. ცოტა რომ დალიეს, დათიმ მანქანიდან გიტარა გადმოიღო. ყველა მღეროდა, ჩემ გარდა. ე.წ. ქალაქური სიმღერები, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა და მძულდა მთელი შეგნებული ცხოვრება - ახლა ისე მომწონდა, როგორც სხვა არაფერი. თურმე ყველაფერი შეიძლება შეგიყვარდეს, გააჩნია ვისთან ერთად და სად განიცდი. სახლებში მანქანით ჩამოგვარიგა დათიმ. მდინარეში რომ შევარდა მანქანა და არ შემეშინდა, მაშინ მივხვდი, რომ ან ძალიან მთვრალი ვიყავი, ან უკვე ვენდობოდი ყველას.
- ყველას ცოლები კი არ მოგვყავს, შენ თუ თავს იკლავ, ჩვენ რას გვერჩი. - თქვა ვატომ და ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მთელი გზა ამაზე ვიცინოდით. ოთახში რომ შევიპარე, ბებოს უკვე ეძინა. იქვე ტახტზე წამოვწექი და ბავშვებზე ფიქრში ჩამეძინა, ერთ ღამეში ყველა მიყვარდა.
გაგრძელება იქნება