კაცის ბუბუნმა გამაღვიძა. ბებოს ღამით პლედი მოეფარებინა, ფეხსაცმელებიც კი ისევ ზედ მეცვა და გუშინდელი შრომის შედეგად წელი აუტანლად მტკიოდა. ეზოში რომ გავედი, ბიძაჩემი დამხვდა, ჩაის სვამდა და კმაყოფილი სახე ჰქონდა. სავარაუდოთ, ბებიაჩემმა უთხრა, რომ გუშინ თავი გავიკალი საქმეში.
- ძია, როგორ ხარ? - ისე ტკბილად მომიკითხა, დაჭიმული კუნთები ცოტა მოეშვა და კიბეზე ჩამოვჯექი.
- არა მიშავს, მაგრამ წელი გამიცივდა, მგონი.
- თუთა გერმანიაში წავიდა. - მახარა.
გამეღიმა, მე სოფელში უნდა მოვუარო ბებიაჩემს და თუთას გერმანიაში წასვლა თურმე ძაან კარგი ამბავია.
- არ ჩამოვა? - ზრდილობის მოხდის მიზნით ვიკითხე უხალისოდ.
- სამი თვით მიდის სასწავლო პროგრამით.
- ხშირად ჩადიხარ და ნახულობ?
- დედამისის დანახვა არ მინდა... - სახე დაებრიცა და თვალი ამარიდა.
ცოლს იყო გაცილებული, მაგრამ ეს შვილის ნახვაში ხელს რატომ უშლიდა, არ მესმოდა. თუთაც ჩემს ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ ერთმანეთს არასდროს ვნახულობდით. საერთოდ, ეს თბილი ნათესაური ურთიერთობები არავისთან მქონდა და გუშინ რომ ვნახე, აქ ბავშვები ერთმანეთს როგორ ეფერებოდნენ და უყვარდათ, ცოტა გული დამწყდა, რომ მე ეგეთი არაფერი მქონია არავისთან. ერთადერთი დაქალი მყავდა მარტო - ვიკა.
აღარ შევკამათებივარ, ბავშვობის იმ ბნელ მოგონებებთან ერთად მამას დაჭერას რომ უკავშირდებოდა და ჩვეს აქ გადმოსვლას მისი და მისი ცოლის ამბებიც არანაკლებ ბნელად მახსენდებოდა.
შუაღამისას რომ მოვარდებოდა ხოლმე ვიღაც ქვედა უბნიდან და ეზოდანვე ყვიროდა, დახოცავენ ერთმანეთს, წამოდითო. პატარა ელემენტზე მომუშავე ფანარით ბნელ უსწორმასწორო გზაზე გარბოდნენ ხოლმე ბებო და დედა საშინაო ტანსაცმლით, ზოგჯერ ხალათებითა და ჩუსტებითაც... და მეც შესაბამისად, სად დამტოვებდნენ მარტოს?! გზაზე არასდროს არავინ ლაპარაკობდა, ფეხებში მხოლოდ კენჭების ხვნეშა ისმოდა. რამდენჯერ ძაღლი გამოგვკიდებია და დავუწიოკებივართ, რამდენჯერ თავსხმა წვიმაში და მუხლამდე თოვლში გაქცეულან პატარა ბავშვით ცოლ-ქმრის მოსარიგებლად.
შორიდანვე ისმოდა ყველაფრის ლეწვის ხმა, მეზობლებიც უკვე შეყრილები იყვნენ, ზოგი შიგნით იყო, ზოგი ეზოში. სახლში ყველაფერი გადმობრუნებული გვხვდებოდა. პატარა თუთა მეზობლებს ჰყავდათ გაყვანილი. ბიცოლაჩემი მოთქმით გოდებდა. მეორე ოთახიდან ბიძაჩემის ღრიალი გამოდიოდა. მე ფანჯრებთან ვდგებოდი, აივანზე. ბებო და დედა სახლში შედიოდნენ, მერე ბიცოლაჩემი ლელა მეზობლებს მიჰყავდათ და ბიძაჩემი სახლში რჩებოდა. სეირის დასრულებისთანავე ყველა იშლებოდა. ყველაზე ბოლოს ჩვენ მივბრაცუნობდით სახლში, სიბნელესა და სიცივეში, ხან წვიმასა და ქარში. სცენარი თითქმის ყოველ ჯერზე იდენტური იყო, არაფერი ახალი და განსხვავებული და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბიცოლაჩემი სახლიდან არ წავიდა თუთასთან ერთად. მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, ამ დროს მე უკვე გადასული ვიყავი საცხოვრებლად ქალაქში, ბებიასთან და მამასთან და დედაც უკვე წასული იყო საზღვარგარეთ.
ხშირად სვამდა და არ მუშაობდა. ამიტომ მარტივი იყო მიზეზის გაგება, რატომ ჩხუბობდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაუგებარი იყო მიზეზი - ასეთი საგიჟეთის შემდეგ რა აიძულებდათ შერიგებულიყვნენ. სმას რომ მოუმატა, იმავე პერიოდში დაეწყო ჰალუცინაციები, რის გამოც ორჯერ დააწვინეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. დედამ მომწერა ერთხელ, რომ რაღაც ნემსი გაიკეთა და ვეღარ სვამსო. ეს ნემსი ბიცოლაჩემის აქ ყოფნის დროს რომ გაეკეთებინა და ოჯახი შეენარჩუნებინა, ალბათ, უფრო დროული იქნებოდა, სოფელსაც დრამატულ სცენებს ნაკლები სიხშირით ანახვებდა. მაგრამ ეს იქით იყოს, ახლა აქ მოდის და მე მარიგებს ჭკუას, კაცი, რომელსაც ბაბუაჩემის ნაჩუქარი სახლის და ინვალიდობის პენსიის მეტი არაფერი გააჩნია 47 წლის ასაკში.
სამ საათზე სამსახურიდან სახლში წამოვედი. დედაჩემს ვუთხარი, ერთ საათში გამაღვიძე-მეთქი და კარი შევიკეტე. 29 წლის ასაკშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ცოლი მინდოდა. ჩემი და თაკოს ხუთწლიანი ურთიერთობა და მრავალი დაშორება რომ არა - იმ მიზეზით, რომ ფიქრობდა, მასთან სერიოზული მიზნები არ მქონდა, მგონი, ახლაც არაფერს ვიზამდი.
ნახევარი საათი უაზროდ ვიწრიალე საწოლში, მერე წყალი გადავივლე და საღამოსთვის მზადება დავიწყე. მუსიკა ჩავრთე და ვეცადე, დაძაბულობა მომეხსნა. დედაჩემს სკამზე ლურჯი შარვალი და ცისფერი პერანგი გადაეკიდა. სარკის წინ შევათვალიერე საკუთარი თავი, გავლილ წლებს თვალი გადავავლე. ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე დამაკლდა და ისიც არ ვიცოდი, მომავალში თაკო იმ ყველაფერს შემივსებდა თუ არა, რასაც ამ წლების განმავლობაში სხვა ქალებით ვივსებდი. ყველაზე მტკივნეულად მაინც იმის გაფიქრება მოქმედებდა, რომ ყველგან ამედევნებოდა, სადაც წავიდოდი და ფლირტი და ახალი ხილი აკრძალული გასართობები გახდებოდა. მაგრამ უკან დახევაც აღარ გამოდიოდა, უკვე ყველაფერი მზად იყო ფინალური მომენტისთვის. ესეც რომ არა, უნივერსიტეტში ყველაზე ლამაზი გოგო იყო და ათას კაცში მაინცდამაინც მე ამომირჩია. ერთ რამედ ღირდა იმის განცდა, რომ მარტო ჩემი იყო. ამაზე ფიქრმა მხნეობა შემმატა და ცისფერი პერანგი ნავარჯიშებ სხეულზე მოვიცვი. ფანჯრიდან რომ გადავიხედე, მამაჩემი მანქანას აპრიალებდა. რა საშინელი ჩვევები ჰქონდა, დღეს დილით გარეცხილ მანქანას რაში სჭირდებოდა ხელახლა გაპრიალება. ამხელა ბიზნესმენი კაცი ამ უაზრობებზე დროს რატომ კარგავდა, ვერაფრით გამეგო. კიბეზე რომ ჩავირბინე, დედაჩემმა უზარმაზარი თიგული დამაჭერინა ხელში და ბეჭდები გულის ჯიბეში ჩამილაგა. მერე სახეზე ხელები მომითათუნა და ცრემლიანი თვალებით მითხრა:
- ვიცოდი, რომ შენი ოჯახის ღირსს და შენ შესაფერის გოგოს მოიყვანდი ცოლად.
- კარგი ახლა...
- წავიდეთ, ტორტს გავლისას გამოვიტანთ და მგონი, აღარაფერი გვრჩება, - ზურგიდან კიდევ ერთხელ მომითათუნა ხელი და უკან გამომყვა.
უზარმაზარი ეზოს კარი დისტანციურად გაიხსნა და მწვანე ბაღი გამოჩნდა თეთრი სახლითა და ლურჯი აუზით.
თაკო ეზოშივე გამოგვეგება, ვიწრო ქვის ბილიკს მოუყვებოდა გაბრწყინებული თვალებით. გრძელი ქერა თმა მაღლა აეწია. შავი ხასხასა გრძელი კაბა ეცვა, ზურგი და მაღალი კისერი მთლიანად მოეშიშვლებინა. შავ თვალებს უზარმაზარი წამწამები უჩრდილავდა და თხელი ღვინისფერი ტუჩები ნაყინში ჩავარდნილი ალუბალივით ჰქონდა. შეუდარებლად ლამაზი იყო. გავიფიქრე, აღარ დავიცდი-მეთქი... ყვავილები რომ მივაწოდე და წელზე ხელი შემოვხვიე, უკანალისკენ ჩავაცოცე, წამოწითლდა და მაშინვე უკან დაიხია. უკვე სერიოზულად მაშფოთებდა სექსუალობასა და სექსისადმი მისი ასეთი დამოკიდებულება.
- ისედაც ჩემზე მაღალი ხარ და იქნებ ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი გამოგეცვალა. - გავღიზიანდი და ვუჩურჩულე, სახლში რომ შევდიოდით.
- ამ კაბას სხვა არ მოუხდება...
- კაბას თუ უხდება ახლა... მაშინ გეცვას. - იმას ფიქრობს, კაბას რა უხდება და თვითონ თუ უხდება საქმროს, იმას არა. საოცარი ქალური ლოგიკა...
ღამის პირველ საათზე წამოვედით. რომ გვაცილებდა, გვერდზე გავიყვანე და მანქანას მოვაფარე, კარებთან მივიმწყვდიე და ყელში ვაკოცე.
- ჩამეხუტე რა... - შევეხვეწე. ხელები კისერზე შემომხვია და თვალი უკან გააპარა, თავისი მშობლებისკენ.
- ისე რატომ იქცევი, თითქოს ოდნავადაც არ გინდოდე?
- რატომ ვერ ითმენ, რა გჭირს?
- რატომ უნდა მოვითმინოთ, ამიხსენი?
- იმიტომ, რომ სადაცაა ქორწილი გვექნება.
- მე ახლა მინდიხარ. რას ცვლის შენთვის, რამდენიმე დღით ადრე გვექნება სექსი თუ დღესვე?!
- ახლა ნასვამი ხარ...
- ჰოდა, ნასვამს მინდიხარ. - კიდევ უფრო ახლოს მივედი და სხეულზე მივაწექი. მანქანის კარს აეკრა, ისევ უკან იყურებოდა. სახე ჩემკენ შემოვატრიალებინე და კოცნისას ტუჩი ვატკინე. ხელები აიფარა პირზე.
- როგორ იქცევი? - თვალებში ბრაზი მოაწვა.
გავბრაზდი, მანქანიდან შორს გავწიე, მერე საჭესთან დავჯექი და ჩემებს დავუძახე, წავედით-მეთქი. მამაჩემმა კარი გამოხსნა და მრავალმნიშვნელოვნად წარბების აზიდვით, უხმოდ გააპროტესტა, რომ ხელზე კოცნით არ ვემშვიდობებოდი სასიდედროს და ბეჭზე ხელის დატყაპუნებით - სასიმამროს, მაგრამ მრისხანე მზერა რომ არ მომაცილა, მივხვდი, რომ საქმე ჩემს ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას უფრო ეხებოდა. თუმცაღა პირველსავე შეხვედრაზე შენიშვნის მოცემას მოერიდა და გამჭოლი მზერის შემდეგ ხმის ამოუღებლად მომიჯდა გვერდით. თაკოს მშობლებს მანქანიდანვე დავემშვიდობე და სახლში წამოვედი აგზნებული და გაღიზიანებული. სახლთან რომ მივედი, მანქანის შუქზე დავინახე, თაიას სახლის წინ ეკა, ტასო, ვატო და თაია ისხდნენ. მანქანა ეზოში შევიყვანე და გასაღები დედაჩემს მივაწოდე.
- ბავშვებს ვნახავ და შემოვალ მალე. - ვუთხარი.
- არა რა, ეს ვერაფერს ვერ მიხვდა კიდევ... - გაღიზიანდა დედაჩემი.
- თავი დაანებე, ჯიბრზე იქცევა, ამას რაც უფრო არიგებ, უარესს შვრება.
მამაჩემი სახლისკენ წავიდა ისე, რომ ჩემთვის აღარ შემოუხედავს.
ოვაციებით შემხვდნენ, ყველა ფეხზე წამოდგა და რიგში ჩადგა მოსალოცად. მხოლოდ თაია არ იძვროდა ადგილიდან. მივედი და მე თვითონ ჩავეხუტე. ნაზი, კისრამდე შეჭრილი თმა ყურს უკან გადაეწია და რომ მივიხუტე, სახეზე მომელამუნა. შემშლიდა, ისე მიზიდავდა, მაშინაც კი, საერთოდ რომ არ ჩანდა სიბნელეში.
გაგრძელება იქნება