საუზმის შემდეგ ეზოში გავიარე. ბებო ბოსტანში ნელა მიმოდიოდა. ჰოდა, რადგანაც ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებდი და თან ყოველ საღამოს გარეთ გავდიოდი, გადავწყვიტე, ყავა და ტკბილეული შემეძინა, კექსი გამომეცხო და საღამოს ბავშვები დამეპატიჟებინა. ავტობუსს გავყევი და ქალაქში ჩამოვედი. მაღაზიების ზომებმა და ფორმებმა შოკში ჩამაგდო, პროდუქციის ,,მრავალფეროვნებამაც“. თითქმის არაფერი იყო ისეთი, რისი ყიდვაც მოგინდებოდა.
რომ ნახა, ვერაფერს ვარჩევდი, დახლთან მდგომმა ჩასუქებულმა ქალმა მკითხა, რას ეძებო, თან უსიამოვნოდ ამათვალიერა. ერთადერთი პატარა მაცივარი იყო და სადღაც იმავე მიდამოებში დამზადებული ნაყინი იყიდებოდა. ჯერ რომ დავხედე, კარაქი მეგონა, არც ვაფლის ჭიქა, არც შოკოლადი. მერე წავიკითხე, მაცივარზე დიდი ასოებით ეწერა: ნაყინი ,,მთისა“. ღიმილი ძლივს შევიკავე, მაგრამ უნდა ვაღიარო, ისე დამაინტერესა, შემომეყიდა. უცნაური გემო ჰქონდა - მარგარინისა და მჭადის ფქვილის, ოღონდ გაყინულის. სამივე მაღაზია რომ მოვიარე მთელი ქალაქის, ყავით, მარგარინით, ფქვილით და შაქრით ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვდექი. ოცი წუთის შემდეგ კაცმა ჩამოიარა. ჯერ გაოცებულმა ამათვალიერა და რომ გამცდა, მერე მოტრიალდა.
- რას ელოდები? - დაიძახა.
- ავტობუსს. - ფეხზე წამოვდექი ინსტინქტურად.
- დღეს აღარ მოვა, ამ დროს ავტობუსი სად გინახავს, ბოლო რეისი გააკეთა ორი საათის წინ.
გავუღიმე და მადლობა გადავუხადე. წავიდა თუ არა, მოწყვეტით დავეხეთქე სკამს. სახლამდე ფეხით წასვლა წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუმცა ამაზე უფრო დიდი უბედურება და განსაცდელი გზად დამატყდა, წვიმა წამოვიდა გაზაფხულის, შხაპუნა, გეგონებოდა ციდან ვედრით ასხამდნენ წყალს. გზაზე ტალახის მდინარე დაიძრა და მთელი დღის გახურებულმა მიწამ ნესტის სუნი აუშვა. ბოლოს ვიგრძენი, რომ სუნთქვა აღარ შემეძლო და დიდი ხის ქვეშ გავჩერდი. არ ჩერდებოდა. სად იყო წყლის ამხელა მარაგი, რომ ზუსტად ჩემი გარეთ გამოსვლის წინ გადაწყვიტა ღმერთმა დედამიწისთვის ეწყალობა. თავბედი ვიწყევლე, გარეთ რომ გამოვედი საერთოდ, მაგრამ თითქმის ღამდებოდა და გაჩერებაც აღარ შეიძლებოდა. გამოვძვერი ხის ქვეშიდან და ის იყო, გზა განვაგრძე, რომ მთელი სისწრაფით ამიქროლა მანქანამ და გზაზე მონადენი ტალახი თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილამდე გადამასხა.
- შენი დედაც. - დამეყვირა. მანქანა გამცდა, მერე მკვეთრად დაამუხრუჭა და უკუსვლით წამოვიდა, გამისწორდა, გაჩერდა და ფანჯარა ჩამოსწია.
- რიჟა, აქ რა ჯანდაბას აკეთებ, ამ თავსხმაში?
ოღონდ დათი არა, ოღონდ ეს არა და იყოს ვიღაც გადამთიელი. პირზეც კი ტალახი მესვა, ხმას ვერ ვიღებდი.
- აუ, ეს რა მიქნია. რას წარმოვიდგენდი, ამ შუაღამისას თუ ტყეში ვინმე მობოდიალობდა, თან ისეთი პატარა ხარ, არ ჩანდი. არ უნდა შეგეღება რა თმა, წითელს ხომ დავინახავდი.
ლაზღანდარობდა, ეს ფულიანი, თავდაჯერებული იდიოტი დამცინოდა.
- ამას მერჩივნა, გაგეტანე. - თავდახრილმა ამოვილუღლუღე.
ჩემკენ გადმოიწია, კარს ხელი ჰკრა და დაჯექიო, მანიშნა.
- სულ სველი და ტალახიანი როგორ დავჯდე?
- მართალი ხარ, კაი, მაშინ წავალ.
მანქანა დაძრა. სისხლი გამეყინა ძარღვებში. - ამის დედაც, - გავიფიქრე, - ეს დამპალი.
წავიდა და ალბათ, ორმოცდაათი მეტრი რომ გაიარა, მანქანა ისევ უკან დასწია.
- ამბობენ, რომ წვიმის სუნი სტრესს ხსნის. ასე რომ, ცოტა ხანს კიდევ თუ იდგები, მიუხედავად შენი წარუმატებელი მდგომარეობისა, მაინც კარგ ხასიათზე მოხვალ. - იდიოტივით გამიცინა, - კარგი რა, რიჟა, დაჯექი. - ხელი დაარტყა ტყავის სავარძელს. ტუჩის კუთხეები ყურებთან ჰქონდა მიტანილი და უნაკლო, უსაშველოდ ლამაზ თეთრ კბილებს მთელი სისრულით აჩენდა.
მანქანის კარი გამოვხსენი და ძლივს ავბობღდი, რომ დავმჯდარიყავი.
- ბებიაშენმა რომ გაიგოს, ახლახან ჩემი დამსახურებით ტალახის აბაზანები მიიღე, ცხრა თაობაზე გადავა იმის წყევლა.
- არ მგონია, იწყევლებოდეს, მე არასდროს გამიგია, ყოველ შემთხვევაში... წვიმის სუნზე საიდან მოიტანე...
- სადღაც ამოვიკითხე, გოგოები ხომ გიჟდებით ეგეთ საჭირო ინფორმაციებზე... ეგ იქით იყოს და, მართლა ვერ დაგინახე და ასე ხომ არ გაგიშვებ სახლში.
დაიძრა და ჩვენი უბნისკენ წავიდა, მაგრამ ვიღაცის ღია ჭიშკარში შექანდა და მანქანას მიმართულება შეუცვალა.
- რატომ მოტრიალდი?
- ზემოთ ზვავი ჩამოწვა, რიჟა... არაფერი გაგიგია?!
- სულ ასე უნდა მელაპარაკო? - ისედაც საშინლად ვგრძნობდი თავს, რომ ტალახიანი და გაწუწული მის მდიდრულ, გადაპრანჭულ მანქანაში ვიჯექი და ვეღარ ვუძლებდი მის ამ დამცინავ დამოკიდებულებას.
- დამნაშავე ვარ, ვაღიარებ, მაგრამ რატომ, თუ იცი?! რომ გიყურებ, ისევ ის ბავშვი მგონიხარ, თუმცა ის მაშინ იყო, როცა პატარა იყავი, ახლა გაზრდილი და ლამაზი ხარ და უფლება არ მაქვს, ისევ ძველებურად გაგაბრაზო. - შემომხედა, ოღონდ სულ სხვანაირად, ის ირონიული და საძაგელი ღიმილი მოეშორებინა სახიდან და ოდნავ სევდიანად მიყურებდა. თავში სათითაო ფერი გადმოშალა ცისარტყელამ და ბოლოს ვეღარ დავითვალე, ზუსტად ვერ ვიტყვი, შვიდი იყო თუ ათი ან ასი, მაგრამ იმას ვგრძნობდი, რომ ცხელდებოდა და ბოლოს დნობა იწყო, სადღაც მუცლის სიღმეში და ფეხისგულებში თბილად მეღვრებოდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მანქანას არანორმალურად მიაქროლებდა, აქეთ-იქეთ ტალახის ზღვას ასხამდა. ისე წვიმდა, არაფერი ჩანდა. საქარე მინა გაშრობას ვერ ასწრებდა. არ ვიცი, რას ხედავდა, თან კარგად იყო უკვე შებინდებული.
გავყუჩდი. მანქანის სალონში აუტანლად სასიამოვნო ტყავის და სუნამოს ერთმანეთში არეული სუნი იდგა. ვიცოდი, რა სუნამოსაც ხმარობდა, ჩემი ექვსთვიანი ძვირად ღირებულ, პარფიუმერულ მაღაზიაში მუშაობის შემდეგ სუნებს შესანიშნავად ვარჩევდი. დათის ამ მდგომარეობის ფონზე თავს იმდენად დათრგუნულად ვგრძნობდი, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე, თვალი ჩუმად გამეპარებინა მისკენ.
თბილოდა და უსწორმასწორო გზებზე გიჟებივით მივქროდით. ალბათ, თხუთმეტი წუთის შემდეგ მანქანა გააჩერა, ჩასვლაში დამეხმარა. ავტობუსივით ჩასასვლელი კი ჰქონდა, კინაღამ ჩავვარდი, რა მაღალი იყო ეს ოხერი. რაში სჭირდებოდა ასეთ დაბალ ბიჭს ამხელა მანქანა. ხელი მომკიდა, ფილებით მოპირკეთებული ეზო გადამარბენინა და გარეთ შუქი აანთო. მერე მანქანის გასაღებზე დაკიდებული ხარახურიდან ერთი გასაღები ამოარჩია და საკეტს მოარგო.
- ვისთან მომიყვანე?
- ჩემთან. წყალს გადაივლებ, გაშრები, ტანსაცმელს დავრეცხავთ, საშრობში დავაშრობთ და ისეთს ჩაგაბარებ ბებიას, როგორიც გამოხვედი სახლიდან.
- არა, არა, სახლში გამოვიცვლი, მართლა, არა, - უკან დავიხიე.
- რა გჭირს, სტუმრად მოგიყვანე. - განაწყენებული სახე მიიღო. - მართლა შემთხვევით გაგწუწე, დედას გეფიცები...
- არ გსაყვედურობ, უბრალოდ ეს აქ გადავლება წყლის და რაღაც... არ მინდა...
- მოდი, არავინაა, ჯერ არავინ ცხოვრობს. ისევ ისეთი მორცხვი ხარ, რა დაგემართა, ვიღაც ხომ არ ვარ.
სახლში შევყევი. შესასვლელში უზარმაზარი, ჩაშენებული კარადა იდგა სარკით. შოკი მივიღე, რომ ჩავიხედე, ჭუჭყიანი ვიყავი თავიდან ფეხებამდე.
- გადაივლე და ისეთი სახე ნუ გაქვს, თითქოს აქაც ბებიაშენის ბინას გიმტკიცებდე. - აბაზანის კარი გამიღო, პირსახოცი და თეთრი ხალათი კართან ჩამოკიდა და წავიდა. წყალი გავხსენი, უზარმაზარი წყლის ცხელი ჭავლი წამოვიდა. აბაზანა მოვათვალიერე. ყავისფერ კედელზე დიდი, გაფურჩქნული წითელი ვარდის დეკორი იყო მოზაიკის სტილში აწყობილი. ამაზე უგემოვნოს, მგონი, გულით რომ მოეწადინებინათ, მაინც ვერაფერს გააკეთებდნენ. საინტერესოა, ვინ იზრუნა სახლის ინტერიერზე. სარკესთან კბილის ჯაგრისებიდან დაწყებული, ყველანაირი ჰიგიენური მოხმარების ნივთი ელაგა, მაგრამ ყველაფერი ხელუხლებელი ჩანდა. მგონი, მე გამოვიყენე პირველმა ხალათიც, შამპუნიც და ტანის გელიც. ჩემს თმას ეამა შამპუნით დაბანა, სარკიდან მადლობას მითვლიდა. ხალათით გავედი სააბაზანოდან. სარეცხი მანქანა უკვე ბრუნავდა. დროს შევხედე, საათი და 29 წუთი ეწერა. სამზარეულოდან ელექტროჩაიდნის ხმა გამოდიოდა. აღშფოთებული შევვარდი.
- ცოტა მოკლე რეჟიმი არაფერი ჰქონდა ამ სარეცხ მანქანას?
- არ ვიცი, პირდაპირ ჩავრთე, რეჟიმები მე რა ვიცი...
- საათ-ნახევარი უნდა რეცხოს, იცი? - ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე, თუმცაღა ზუსტად ვიცოდი, სარეცხი მანქანა რომ ირთვება, მისი პირველი რეჟიმი ვერანაირად ვერ იქნებოდა ეს, ისარი ქვემოთ მხარეს იყო მიტრიალებული, ანუ თვითონ დააყენა და შესანიშნავად იცოდა, რაზე.
- მართლა? - ისე იკითხა, არ შემობრუნებულა.
- აქ როდის გადმოდიხარ საცხოვრებლად?
- ქორწილის შემდეგ.
- ქორწილი როდის გაქვს?
- არ ვიცი ჯერ.
- ნიშნობა ხომ გქონდა?
- მქონდა, კი... ყავა დალიე. - მაგიდაზე შაქარი და ორი ჭიქა დადგა, მერე ჭიქებში ყავა და შაქარი ჩაყარა და ქაფქაფა წყალი დაასხა. - ხედავ? ცარიელი მარცვლები არაფერია, მაგრამ წყალს რომ დაასხამ, ნახევარი მსოფლიოსთვის ყველაზე სასურველი რამე ხდება. ადამიანებიც ასე არიან, ქალი ყავაა და კაცი მდუღარე წყალი, ცალ-ცალკე არაფერს წარმოადგენენ კაცობრიობისთვის და ერთად რა საჭირო რამე ხდებიან... მეზარება ცოლის მოყვანა, მაგრამ მუდმივად მდუღარე წყლად ვერ დავრჩები, ოდესმე ხომ უნდა გავხდე ყავა...
- შაქარი ვინაა?
- ეგ ურთიერთობაზეა დამოკიდებული. ოდესმე შეიძლება ყავა დატკბეს ან არასოდეს... თანაც, ყველა ყავას არ უხდება შაქარი, მხოლოდ ზოგიერთს... თმას არ გაიშრობ?
- არა, სანამ ის რეცხვას დაასრულებს, გაშრება. და საშრობს რა დრო დასჭირდება, თუ იცი?
- დამავიწყდა, რომ დასამონტაჟებელია. - გაეღიმა და თვალი ამარიდა.
- რააა???
- სად გეჩქარება, კარგი რა, ბავშვებთან ხარ შუაღამის სამ საათამდე?!
შევეცადე, ის ნერვიულობა, გულს რომ მიფლეთდა და გულისცემა ყურებში რომ გამალებით მიბაგუნებდა, დამემალა და მისაღებში დაუდევრად გავედი. ოთახი მოვათვალიერე. კედლები ყვითლად იყო შეღებილი, ჭერზე უზარმაზარი, თეთრი ჭაღი ეკიდა, სანთლისებური ნათურებით და უზარმაზარი ბროლის ზანზალაკებით. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ,,ბიცოლაჩემის ზალაში“ მოვხვდი. მაინც რა საძაგლად უგემოვნო იყო ყველაფერი. ამ კაცმა თუ ცოლიც სახლის ინტერიერის პროპორციულად შეარჩია, მეეჭვება რაღაც, ძალიან მომხიბვლელი იყოს.
გამახალისა იმან, რომ გულში დავცინოდი. ახლა ვიცოდი, რომ რაღაც ნაკლი მასაც ჰქონდა, მაგალითად, ცუდი გემოვნება.
სამზარეულოში დავბრუნდი, ყავის ჭიქას ხელი დავავლე და პირველსავე ყლუპზე ენა დავიწვი. ესეც ცოდვებისთვის, მაგრამ, აუცილებელი იყო, ამ წამში დავსჯილიყავი? როგორც წესი, ხალხი სიკვდილის მერე იხდის საზღაურს. კაცმა შემიფარა, იზრუნა და მე აქ ბროლის ჭაღის გამო ვღლიცინებდი გულში.
დათის შევხედე. სკამზე მოკალათებულიყო სამზარეულოს მაგიდასთან და ახლა სულ სხვანაირი ღიმილით მადევნებდა თვალყურს. ხალათის კალთა შემოვიკეცე და წინ დავუსკუპდი. არ ვიცი, ტალახი რომ მესვა, ამის გამო თუ სხვა მიზეზიც მქონდა, მაგრამ თავს უხერხულად აღარ ვგრძნობდი.
გაგრძელება იქნება