მანიკა ასათიანი პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას, რამდენად ეჭვიანი იყო შეყვარებულობისას ან ახლა რამდენად ეჭვიანობს ქმარზე, კალათბურთელ ბექა წივწივაძეზე:
„მე ძალიან ეჭვიანი ვარ, თუმცა ამის საბაბი არასდროს მქონია. ბექა ბევრ გოგოს მოსწონდა და ამას თუნდაც თამაშებზე ვგრძნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მას მხოლოდ მე ვუყვარდი. ბექა გუნდში ყოველთვის ლიდერი იყო, მე კი ამ დროს დარბაზში ძალიან ამაყად ვიჯექი. მეცინებოდა იმაზე, სხვა გოგონები რომ გამოხატავდნენ მოწონებას. არც ბექას ჰქონდა საეჭვიანო.
არც ის არის მართალი, რომ შეყვარებულების პერიოდი სჯობს ოჯახურ ცხოვრებას. ორივე ვამბობთ, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი.
როცა ბექა მიხვდა, რომ ჩემგან საპასუხოს ვერაფერს მიიღებდა, ერთ დღესაც გამომიცხადა, რომ ასეთ ურთიერთობას სჯობდა, ჩემთვის თავი დაენებებინა, რადგან მეგობრობის მეტს არაფერს ვთავაზობდი. ადგა და პოლონეთში წავიდა. ორი თვე საერთოდ არ მოვუკითხივარ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის უარყოფითი განწყობა, რასაც ბექას მიმართ ვამჟღავნებდი, სინამდვილეში იყო მოწონება და ნაწილობრივ – სიყვარულიც…“ - ამბობს მანიკა.
მანიკა ასათიანის ოჯახი
მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება. "ექვსი წლის ვიყავი, როდესაც კალათბურთის თამაში დავიწყე. თბილისის ვაკის საკალათბურთო აკადემიაში მიმიყვანეს, სადაც ჩემი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე იყო. ჩემი ოჯახის წევრები ფეხბურთელები იყვნენ და სპორტის ამ სახეობაზეც დავდიოდი, მაგრამ კალათბურთი უფრო შემიყვარდა და არჩევანი მასზე გავაკეთე. ბაბუა მყავდა კალათბურთელი, ნათლიები მყავდნენ კალათბურთელები და მათი გვერდში დგომით აღმოვჩნდი ამ სპორტში. ბევრმა დეტალმა შეუშალა ხელი იმას, რომ უფრო მეტად წარმატებული ვყოფილიყავი. არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ არის განცდა, დარდი, მონატრება და რომ არა ბევრი გაუმართლებლობა, შესაძლებელი იყო, ბევრად მაღალ დონეზე მეთამაშა. ბევრი კარგი თამაში შემეძლო ჩამეტარებინა საქართველოს ნაკრებში. თუმცა წარმატება ჩემთვის ჩემი ოჯახია და ამით ვიმშვიდებ თავს. სპორტიც – თავისთავად, მაგრამ ოჯახი ყველაფერია და ჩემი მეუღლე და შვილი მამშვიდებენ. კარიერის ბოლოს ისეთი ტრავმა მივიღე, რომ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და ამიტომაც მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დასრულება. ის ემოციები მაკლია, მაგრამ როგორც მწვრთნელი, ვინაზღაურებ. ამ პროცესში საკუთარ თავს ვაკვირდებოდი, რამდენად მომანიჭებდა ეს ამპლუა სიამოვნებას და აღმოჩნდა, რომ ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვის სპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. თუმცა, პარალელურად, სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული" - ამბობდა ბექა წივწივაძე.