ვიცოდი, რომ ის მზრუნველობა, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინა, სულაც არ იყო მისი შინაგანი გულწრფელი ,,მე“, იმიტომ, რომ ჩემი, თითქმის უპატრონოდ გატარებული 20 წლის მანძილზე კარგად დავინახე, ადამიანები ისეთები არიან, როგორებიც იმ მომენტში სჭირდებათ, რომ იყვნენ. არ არსებობს ზოგადი ცნება მზრუნველი, ან კეთილი, ან ბოროტი. ერთ ადამიანში ყველაფერი შეიძლება იყოს თავმოყრილი, მაგრამ მჟღავნდებოდეს სხვადასხვა დოზითა და სხვადასხვა მომენტში... ისიც ვიცოდი, რომ მისთვის არაფერს წარმოვადგენდი იმის გარდა, რასაც ერთი შეხედვით ხედავდა, ჩემს გარეგნობას, და ისიც, რომ ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა. ამიტომ წამოსვლას ვჩქარობდი. ვცდილობდი, გამომესწრო, ვიდრე იმას სცდიდა, რაზეც იმ სახლში შებიჯების წამიდან ვიცოდი, რომ თანახმა ვიქნებოდი. სახლამდე ალბათ რამდენიმე წუთში მიმიყვანდა მანქანით და რომ მობრუნდა, შემეძლო სახლისკენ მიმეტრიალებინა ისევ. ცხადია, ძალას არ დამატანდა არც ამაზე, მაგრამ ყველაზე მეტად რომ იყო ლაპარაკი საჭირო, იქ და მაშინ გავჩუმდი. ენა ხომ უნიკალური ორგანოა, მაგრამ ზოგჯერ ყველაზე საჭირო დროს კარგავს მოძრაობის უნარს, იმიტომ, რომ მასზე უფრო საჭირო და გავლენიანი ორგანო - ტვინი, ბრძანებას გასცემს: როდესაც რაღაც მთელ სხეულს უხარია, ამ დროს ენა უძრავ მდგომარეობაში უნდა დარჩეს.
ნიშნობის ღამეს რომ ჩამეხუტა და კისერში ნერწყვის ნაკვალევი დამიტოვა, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი ყველაფერს. ისიც ვიცოდი, სოფელში ყველა ფიქრობდა, რომ ქალაქელი გოგოები თავისუფალი ქცევის და ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, და არ მინდოდა ეს აზრი დათისთვის კიდევ უფრო გამემყარებინა. მაგრამ არც არაფერი გავაკეთე. სულში თვალები მოვაცეცე, მაგრამ ის არსად იყო, ის, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა - ნებისყოფა... ის, რაც ქალის ცხოვრებაში ყველაფრის განმსაზღვრელად შეიძლება იქცეს, გაქვს ნებისყოფა - გაქვს ყველაფერი, არ გაქვს და, არც არაფერი ხარ.
ჰოლში რომ დამიჭირა, ვფიქრობდი, ახლა გავაჩერებ, ახლა... ახლა... მაგრამ არაფერი გამახსენდა ჩემს ცხოვრებაში მის შეხებაზე უკეთესი. იმ წამმა ყველა მანამდე არსებული წამები გააუფერულა და ვერ გავექეცი. ვფიქრობდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებას ლაქად დააჩნდებოდა, მაგრამ ყველაზე ნათელ ლაქად... მერე რა, თუ ხვალ ცოლს მოიყვანდა და ამავე ოთახში, იმ ვარდებიან სააბაზანოში ან იმ საშინელი თეთრი ჭაღის ქვეშ, ყვითელ კედლებში და ყველგან, ყველა წერტილში ექნებოდა სექსი...
სამსახურიდან რომ გამოვდიოდი, გუჯამ დამირეკა. მითხრა, ვიკრიბებით და ამოდი, თუ შეძლებო. ჩემი ახალი სახლის სხვენზე ავძვერი, გამშრალი და მოსახმარად გამზადებული დაფხვნილი მოსაწევი წამლის პაკეტში გადავყარე და პირდაპირ ტყეში წავედი, ისე, რომ სახლში აღარ შემივლია. უკვე მდინარესთან ვიყავი, ლალიმ რომ დამირეკა.
- დათი, დედი, რატომ არ მითხარი, გუშინ თუ თაკო სახლში გყავდა? რაც დავამთავრეთ ავეჯის შეტანა, მას მერე არ დამისუფთავებია, რას იფიქრებდა?!
გავაჩერე მანქანა. ახლა რამე ჭკვიანური უნდა მომეფიქრებინა.
- თაკო არ იყო, მარტო დავრჩი. რომ იწვიმა, სოფელში ამოსვლა დამეზარა. - რომ გაჩუმდა, მერე მივხვდი, რომ რაღაც სწორად ვერ ვუთხარი.
- თაკოს ხალათი სველი ეკიდა აბაზანაში, პირსახოციც ორი ცალი და... - ხმა გაუმკაცრდა. - ის 220-დოლარიანი თეთრეულიც გადაგლეჯილი ჰქონდა საწოლს. ერთ ბალიშზე ყავისფრად ნაღები თმისგან ლაქებია დარჩენილი. ეტყობა სველი თავი ედო. მე რომ არ მივსულიყავი დღეს, ასე უნდა დაგეხვედრებინა თაკოსთვის?
- დედა, შენ უნდა შეგითანხმო ეგეთი ამბები?
- უნამუსო ხარ, ყველაფერი შენი ცოლისთვის გავამზადე და შენ ისევ ბოზებს დაათრევ. სხვა ზეწრები მაინც გადაგეფარებინა, ეგ ყველაზე ძვირფასი იყო, რაც მქონდა.
- ხო, დედა, ზუსტად მაგაზე ვფიქრობდი წუხელ, თეთრეული რამდენლარიანი ეფარა... თუ დოლარიანი.
- უნამუსო კაცი ხარ. დამიტოვე სახლის გასაღები და სანამ თაკოს არ მოიყვან, იქ აღარ გნახო ფეხშედგმული.
გავუთიშე ტელეფონი. ეს პათოლოგიური შიში იმის, რომ თაკოს ეწყინებოდა რაღაც და ცოლად აღარ გამომყვებოდა, სულ ჰქონდა. ვინც სახლში შემოვიდოდა, ყველას უყვებოდა, რომ მისი სარძლო ექიმების ოჯახში გაზრდილი, თავადაც ექიმი, განათლებული და ულამაზესი გოგო იყო. ჰოდა, საკუთარ თავს მეზობელ-ნათესავების დახარბების სიამოვნებას ხომ არ მოაკლებდა. მე კიდევ ერთი სული მქონდა, მდინარე გადამეარა და თაია დამენახა.
იქ არ დამხვდა. ცოტა ხანს ვიტრიალე, დაბასტურმებული ქათმის ბარკლები ავაგე შამფურზე და მერე ეკას დავუძახე. ის ყველაზე ახლოს ცხოვრობდა თაიასთან და თან რაღაცნაირი ძმაკაცური იყო. ვიცოდი, ზედმეტად არ მეხუმრებოდა ამ საკითხით დაინტერესებისათვის.
- სად არის თაია? - ჩუმად გადავულაპარაკე.
- ქალაქში, მამამისთან წასულა გუშინ შუადღეს, სოფლის სახლის ამბავზე... შენთან რომ იყვნენ, საბუთები აქვს წამოსაღები, მგონი. ბებიამისს დავუბარე, როგორც კი მოვა, ამოვიდეს-მეთქი ჩვენთან. რა იყო?
- არაფერი, აქ რომ არ დამხვდა, გამიკვირდა. ბოლო დღეებში სულ თქვენთან ერთად იყო...
- ჰო, ლამაზია, ვიცი.
თვალი ჩამიკრა და წავიდა. რანაირად უნდა დამალო, რომ ასეთი ძალიან ლამაზი გოგო მოგწონს?! თან მოუფიქრებია, წუხანდელი გაუჩინარების ამბავი როგორ შეელამაზებინა. - თავში კადრებად ამოცურდა შიშველი, ხალათიანი, ნახევრად შიშველი თაია, ღვთაებრივად ლამაზი თვალებითა და სხეულით და ვიგრძენი, რომ რაღაც ძალიან ძველი განცდა მიბრუნდებოდა, რაღაც საბრძოლო და გიჟური, რაღაც რომ არ გეკუთვნის და თან რომ გეკუთვნის, რომ არ იცი, შემდეგ რა იქნება... აი, რა მიყვარდა ყველაზე მეტად, ქცევა, რომელსაც არასდროს იცი, რა მოჰყვება.
ის იყო, ჭამა-სმას ვასრულებდით და გიტარის და მოსაწევის ეტაპი დგებოდა, რომ ეკამ თქვა, თაიამ მომწერა, ახლა მოსულა და ამოსვლა ეზარებაო.
- ფეხით სად ამოვა აქ, ეგ ხომ ქალაქელია, არ ეკადრება. წავალ და მანქანით ამოვიყვან. მომეჩვენა, რომ ვატომ ეჭვის თვალით გადმომხედა, დანარჩენებმაც, ან მე ვაკვირდებოდი უკვე ზედმეტად.
- ან თუ არ გეზარებათ, აჰა, გასაღები და რომელიმემ ამოიყვანეთ, - მინდორზე გადაფარებულ ცელოფანზე დავაგდე გასაღები.
- ამოიყვანე რა, ცოდოა სახლში, - შემეხვეწა ეკა. - ოღონდ მთვრალი ქალაქში არ ჩახვიდე ახლა, კარგი?
- ჩავისვამ და აქ მოვიყვან პირდაპირ. - ხელები მაღლა ავწიე იმის ნიშნად, რომ ეკას ნათქვამს ვნებდებოდი და წამოვედი. ვნებააშლილი გავვარდი, მანქანაში მის დასამარტოხელებლად. ჭიშკარზე გასაღებით მივაკაკუნე და აღარ დავლოდებივარ, მაშინვე შევედი. სახლის წინ სარწეველა სკამში იჯდა, ფეხები შემოეკეცა, პლედში გახვეულიყო და სავარაუდოდ, თვლემდა. ბებიამისმა გამომხედა, ჯერ კარგად შემათვალიერა და რომ მიცნო, დაჯდომა შემომთავაზა. მითხრა, საბუთები ყველაფერი მოვაგროვეთ და ხვალ მოვიტანთო. თაიასკენ რომ გავიხედე, თავი ზემოთ მხარეს მოეტრიალებინა და მშვიდი ლურჯი თვალები ჩემკენ მოეპყრო, ჩუმად გვისმენდა.
- რა ხდება? - ისე მშვიდად მკითხა, თითქოს წუხანდელი არც ყოფილიყო.
- გოგოებმა გამომგზავნეს და დაჟინებით მოითხოვენ, წაგიყვანო.
- დავიღალე და დასაძინებლად ავალ სადაცაა...
- ერთ საათში დავაბრუნებ უვნებელს. - მივუბრუნდი ბებიამისს.
- არავის აღარაფერს ეკითხება, დიდი გოგოა. თუ უნდა წამოსვლა, წამოვა. გუშინ გავიდა სახლიდან შუადღით და ისე წასულა დედაქალაქში, არაფერი მითხრა. მთელი ღამე ველოდე და აგერ, რამდენიმე საათის წინ მოვიდა სახლში. არაფერს ვეუბნები, კიდევ რომ არ დამეკარგოს სადმე. - ის ისევ მშვიდად იჯდა და არ ერეოდა ჩვენს ლაპარაკში.
- წამოდი რა, ტყუილად ხომ არ ვიარე... - ხვეწნაზე გადავედი.
- ნუ მთხოვ რა, მეძინება. - მითხრა, მაგრამ აღარ მოვეშვი. მანქანაში რომ ჩამიჯდა და ტყის პირს მივუახლოვდით, ჯიბიდან მოსაწევად გამზადებული ნადავლი ამოვიღე.
- მოწევ?
- არ ვეწევი...
- ეს გამონაკლისების კვირაა. არც მე მიმყავს ნიშნობიდან მესამე დღეს სახლში გოგოები... მინდოდა...
მინდოდა გულითა და სულით რამე ეთქვა წუხანდელზე, მაგრამ, თითქოს არაფერი ესმოდა.
- დანარჩენი ყველა ეწევა?
- ტასო არა, ეკა ხანდახან...
- კაიფობთ ანუ, ყველა, ქალიც... კაციც - დამცინავად გადმომხედა. ვეღარ გავბედე, მივკარებოდი. უცხოსავით მიყურებდა. მდინარეში რომ შევვარდი და ცხადია, დემონსტრაციულად, შევამჩნიე, სახელურს ჩაეჭიდა მაგრად... კარი რომ გახსნა, ჩემკენ შემოვატრიალე და მანქანის მაშუქები არ გამოვრთე, რომ შიგნით არავის დავენახეთ.
- არ მეტყვი, ის ბედნიერი ვინ იყო, პირველად რომ მიეცი შენთან ყოფნის შანსი?
- არ მეტყვი, ასე ძალიან რატომ გაინტერესებს?
- იმიტომ, რომ წუხელ ჩემთან იყავი.
- და მერე?
- მერე შეგიძლია მენდო და მითხრა.
- სახელი და გვარის ცოდნა რას მოგცემს? ის მკითხე, რაც სინამდვილეში გაინტერესებს, რამდენ კაცთან მქონია, რა სტატუსის და იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე შენთან თუ უარესი... და მე გეკითხები, პირველი რომ შენ ყოფილიყავი, რა შეიცვლებოდა? მითხარი?
ვიცოდი, რომ მართალი იყო. ყველაფერში მართალი იყო. რომც პირველი მე ვყოფილიყავი, ამით მაინც არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ძვლებში ტკივილივით შეპარულ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი. მანქანიდან გადავიდა და ბავშვებისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. სიგარეტებიდან თამბაქო გადმოეყარათ და მზად იყო მოსაწევით გასავსებად. ყველამ თაიას შეხედა. გაიღიმა, იქვე დაჯდა და თქვა:
- აბა, მომაწევინებთ თუ არა? - არადა, მე გზაზე უარი მითხრა მოწევაზე.
- აი, ადამიანი. ჯიგარი ხარ რა, რანაირი ქალაქელი ხარ ასეთი კარგი... - ვატო მისკენ წავიდა და მოეხვია. რა თქმა უნდა, შანსს ვინ გაუშვებდა ხელიდან. ახლა ეს რომ ძმურად ეფერებოდა, მაგის წარმოდგენა ძაან მიჭირდა. დაცლილ სიგარეტში ჩავყარე და მივაწოდე. გამომართვა და სანთებელა მოითხოვა. ვუყურებდი, მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა. უნაკლოდ და სრულყოფილად ეწეოდა, მაგრამ ერთხელ დაიწუწუნა სიგარეტზე, მწარეაო, ანუ არც იმაზე ამბობდა ხოლმე უარს...
მერე რაც ტრადიციულად მოსდევს მოსაწევს, სიმღერა, სიცილი და აჟიტირება... მანქანის საბარგული ავხსენი, მუსიკას ავუწიე და ცეკვა დავიწყე. ეკა ადგა, ცეკვა-ცეკვით წამოვიდა ჩემკენ და გზად თაიას სტაცა ხელი. ჯერ უარზე იყო, მერე გამოვიდა მანქანასთან და ცეკვა დაიწყო. მგონი, ექსტაზში იყო ჩავარდნილი. თავი გვერდზე ჰქონდა გადაგდებული, ორივე ხელი მაღლა აწეული, რიტმზე ბევრად ნელა ცეკვავდა, იმ ღვთიურ თეძოებს და უკანალს წრიულად ამოძრავებდა და უწვრილეს წელს და დიდ მკერდს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს ცეკვისას. რამდენიც მისკენ წავედი, იმდენი გამექცა, არ გამიკარა. არც ეკას ეცეკვებოდა, სრულიად მარტო იყო... ბიჭებისკენ გავაპარე თვალი, ისინიც და ტასოც გაქვავებულებს ჰგავდნენ, ყველა მას უყურებდა. კიდევ ერთხელ შევხედე. ახლაც არაფერს აკეთებდა ისეთს, განსაკუთრებულს, მაგრამ სხეული ჰქონდა ისეთი, რომ რაც უნდა ექნა, მაინც გამომწვევი და სექსუალური ჩანდა.
გაგრძელება იქნება