ღამით ჩემს სარწეველაზე რომ დავჯექი და კომფორტულად მოვეწყვე, დათი მოვიდა. წუხანდელის მერე საშინელი აგრესია მქონდა, უსამართლოდ, რა თქმა უნდა. არაფერი დაუშავებია, არც დაუძალებია, არაჩვეულებრივად მექცეოდა, მაგრამ შინაგანად საშინლად დაჭიმული და გაღიზიანებული ვიყავი მაინც. რომ მითხრა, ეკა გელოდებაო, თავს ვძლიე, რომ არ შეემჩნია, წუხანდელს რომ განვიცდიდი და გავყევი, თუმცაღა აქ ჯდომა და ფიქრი მერჩივნა. იმის გაანალიზებას და დაჯერებას ვცდილობდი, რომ წინა ღამე ნამდვილი იყო და არა ჩემი არანორმალური სიზმრების სერიის ერთი ჩვეულებრივი ეპიზოდი. მინდოდა დავფიქრებულიყავი იმაზე, როგორც მოვიქეცი. გულით მინდოდა, ის უნებისყოფო ქალი დამესამარებინა ჩემში, რომელიც წუხელ აღზევდა და ყველა და ყველაფერი დაივიწყა, თავისი ვნებააშლილი თავის გარდა. იმაზე არც მიფიქრია, დათი ასე რატომ მომექცა, იმიტომ, რომ რაც ცხადი და მარტივია, იმის გართულება და იმის სიღრმეებში ქექვა არ ღირს. თანაც, ასე ძირითადად იმიტომ ვიქცევით, რომ საბოლოოდ რაიმე ისეთი გამოვჩხრიკოთ, რაც ცოტა გვანუგეშებს. ერთადერთი მანუგეშებელი ახლა ის იქნებოდა, - თითქოს დათი რაღაცას გრძნობდა, რაც წინდაწინვე ვიცოდი, რომ სიმართლესთან ახლოსაც არ იყო. არც იმ ენთუზიაზმით შეპყრობილს გამიკეთებია რამე, რომ აზრიანი გაგრძელება ექნებოდა.
პირველ კურსზე გავიცანი კოტე. წარმატებული სტუდენტი იყო. პარალელურ რეჟიმში სწავლობდა ფოტოგრაფიას და ქორეოგრაფიას, მე - ხელოვნებათმცოდნეობას. ,,უხმო კინოს“ და ,,ანტიკური თეატრის“ ლექციები ერთ აუდიტორიაში გვიტარდებოდა.
არ ვკონტაქტობდი სხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან და შესაბამისად, ისიც ხმას არ მცემდა. ერთხელ, ლექცია რომ დამთავრდა, მოვიდა და მთხოვა, პორტრეტზე მაქვს სამუშაო და იქნებ გადაღებებზე წამომყვეო. უარი ვუთხარი.
მეორე დღეს დეკანატში დამიბარეს, ჩემი მიმართულების დეკანი დამხვდა, მითხრა გამოფენაზე გააქვს ნამუშევრები ჩვენი უნივერსიტეტის სახელით და ფოტოგადაღებებზე გაჰყევიო. თან მომელაქუცა, კოტე ამბობს, რომ შენზე ლამაზი პროფილის და თვალების მქონე გოგო სხვა ვერ ვნახეო.
ულამაზეს ფოტოებს იღებდა და ყოველ ჯერზე მახსენებდა, რომ ფოტოს სილამაზე პირველ რიგში იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ვინ იყო ასახული ფოტოზე. მართლაც გავიდა გამოფენაზე მისი ნამუშევრები, ექვსი ფოტო შეირჩა და სამი ჩემი იყო მათ შორის. იმ გამოფენაზე უკვე საპატიო სტუმრად ვითვლებოდი, არა იმიტომ, რომ ჩემი ფოტო იყო უზარმაზარი ფორმატით გამოტანილი, იმიტომ, რომ გამოფენაში მონაწილე ფოტოგრაფის შეყვარებული ვიყავი.
მას შემდეგ თანაშემწესავით დავდევდი. ზღვისპირეთში რომ გაუშვეს საკურსოს ფოტოებისთვის, ერთად წავედით. სასტუმროს ორი ნომერი ექირავა, არაფერს მაძალებდა და სრულ თავისუფლებას მაძლევდა. სწორედ ამიტომ გვეძინა იმ ღამეს მის ნომერში ერთად. ზღაპრული დღეები მქონდა, ბევრი ფოტოთი და სულ ახალ-ახალი ადგილებით სავსე, მანამდე, სანამ უკეთეს კანდიდატურას არ გადააწყდა პორტრეტისთვის.
ორი თვე დაიკარგა, ლექციებს აცდენდა და სულ ფოტოგადაღებებს და კონცერტებს იმიზეზებდა. ერთხელაც მისმა ჯგუფელმა ლექციაზე შემოიტანა მისი ფოტოაპარატი. მაშინვე ვიცანი და აუდიტორიიდან გავიდა თუ არა, ავიღე. აღარ სრულდებოდა ულამაზესი შავგვრემანი გოგოს ფოტოების სერია...
ზამთრის არდადეგებზე დაბრუნდა და რადგან უნივერსიტეტში დასვენება იყო და ტელეფონზე არ ვპასუხობდი, სახლში ამოვიდა ჩემთან... ჩემები მოხიბლა, მაგრამ მე აღარაფერს ვგრძნობდი.
დილით კლასიკური, ავდრისწინა რიტუალი დამიხვდა მისაღებში. დედა გადაწოლილიყო დივანზე, შუბლზე ხელი შემოედო. მამა სავარძელში იჯდა. როგორც თვითონ იტყოდა, ,,მაცნეს“ უყურებდა. ასე ეძახდა ყველა საინფორმაციო გადაცემას. ჯერ ვიფიქრე, პირდაპირ გავიპარები-მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მაინც მე უნდა გადამეტანა ერთი გამოლანძღვა და უზმოზე ვარჩიე ისევ.
- დედა, ცუდად ხარ? - მაშინვე წამოჯდა.
- მითხარი ერთი, სად დადიხარ ყოველ ღამით. ჯერ სამსახურის მერე დასვენება როგორ არ გინდა? ახლა ამ უსაქმურ ბავშვებს რას დასდევ, ამიხსენი, ყოველ ღამე, ყოველ ღამით მთვრალი მოდიხარ, თან მანქანით. ვერ ხვდები, რომ იმათი აყოლა არაფერს არ მოგცემს? - მამა დუმს, ისევ ,,მაცნესაა“ მიშტერებული, მაგრამ ზუსტად ვიცი, ჩვენ გვისმენს. დედა აგრძელებს: - თანამდებობა გაქვს, მთელი სოფელი და ქალაქი პატივს გცემს, გიცნობენ. ვინ რას იტყვის, ვინც იმ ლაწირაკ და უსაქმურ ბავშვებთან დაგინახავს, ტყე-ტყე რომ დადიხარ და დალოთაობ? ან ეს მანქანა სად დაგყავს, რომ სულ ტალახში ამოსვრილი მოგაქვს სახლში? ყოველ დილით რომ ნაბახუსევი მიდიხარ სამსახურში, სულ არ გრცხვენია? - მონოლოგი დაასრულა და მომაშტერდა აზრიანი პასუხის მოლოდინში.
- გამოვსწორდები. - გავუღიმე. იმაზე ლაპარაკს, რომ ის ,,ლაწირაკები“ ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და არ მინდა რაიმეს შეცვლა - აზრი არ აქვს, ათასგზის დამუშავებული დიალოგია. ამიტომ ვცდილობ, დილის თავსხმამ და ელჭექმა მარტივად გადაიაროს და სახლიდან გავაღწიო.
- როდის?
- ცოლს რომ მოვიყვან.
- როდის მოიყვან?
- მალე... - გავედი მე, საღამომდე.
- სახლში მოდი და დაისვენე, გამოიძინე, ადამიანურად ჭამე, - მომწივის უკნიდან დედაჩემის მუქარით სავსე ხმა.
სახლიდან ბედნიერად გავდივარ. ასე თუ ისე, ერთი კვირა მგონი ხელახლა აღარ განიხილავს ამ თემას. ქალაქის ცენტრს რომ ვუახლოვდები, წრიულზე, მარცხენა მხრიდან ვხედავ, თეთრი ,,PAJERO IO” ექსტრემალურად მიახლოვდება. ვცდილობ, გავექცე, მაგრამ ვეღარ ვასწრებ, წამებში მირტყამს გვერდიდან და გვარიანად არყევს ჩემს უზარმაზარ ,,RANGE ROVER“-ს. ამის დედაც... მანქანიდან ვხტები და ის-ის არის, უნდა ვკითხო, თვალები ტრაკში თუ აქვს ან მოძრაობის წესების შესახებ თუ სმენია რამე, რომ ვხედავ, არანაკლები იერიშით ხტება თვითონაც მანქანიდან და გააფთრებული მოიწევს ჩემკენ. მხოლოდ პატარა ხორბლისფერი სახე და წაბლისფერი თვალები უჩანს, კოჭამდე შემოსილია შავებში. სალანძღავად მომზადებული ტექსტი უკან მიმაქვს და ვფიქრობ, რა ჯანდაბა უნდა ვუთხრა ქალს, თან დედაოს, რომელმაც ამ წუთას იმაზე ბევრად მეტი ზარალი მომაყენა, ვიდრე ჩემი და თაკოს პირველი ღამისთვის ნაყიდი თეთრეული ღირს. მანქანის დამტვრეულ ნაწილებს ათვალიერებს ჯერ და მერე თავს მესხმის.
- რა გააკეთე ეს, გზაზე არ იყურები?
- თქვენ დამეჯახეთ, არაფერ შუაში ვარ. თუ გნებავთ, გამოვიძახოთ პოლიცია. - ვგრძნობ, რომ ამასთან გამკლავება არ უნდა იყოს ადვილი, თან მარხვაა ახლა და კიდევ უფრო გაღიზიანებული იყოს შესაძლოა შიმშილის ფონზე. ჯერ მათვალიერებს, ისე, რომ ცოტა უხერხულად ვგრძნობ თავს, მერე ოდნავ უკან იხევს.
- რად მინდა პოლიცია... აუფ, რა ძაან დამამტვრიე. - ისევ თავისას აგრძელებს და ზუტად ამ დროს მოდის პატრულის ეკიპაჟი. ოფლს ვიწმენდ შუბლზე და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ამ ქალთან სადავოდ არ გამწირა.
ჯერ ათვალიერებენ ორივე მანქანას, შეკითხვებს გვისვამენ. მე კარგად მიცნობს ორივე ოფიცერი, მაგრამ არ იმჩნევენ, ოფიციალურად მესაუბრებიან და ყველაფერს ინიშნავენ. შუახნის დედაო კვლავაც ჯიუტად ამტკიცებს, რომ მე დავეჯახე. პოლიცია ოქმს ადგენს, უბოდიშებენ, ეუბნებიან, რომ დიდ პატივს სცემენ ეკლესიას და სამღვდელოებას, მაგრამ კანონის წინაშე უძლურნი არიან და ჯარიმას უწერენ. უხსნიან, რომ გზის დათმობის ვალდებულება ჰქონდა. ბოლოს ერთ-ერთი პოლიციელი მორიდებულად ეუბნება:
- ალბათ ხვდებით, მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ავტომობილიც თქვენი შესაკეთებელია. ამაზე თავად უნდა მორიგდეთ. - არ ყრის ფარ-ხმალს, ეუბნება, რომ ახლობელს დაურეკავს და ერთად მოილაპარაკებენ. ათ წუთში ,,LAND CRUISER“-ით მოდის მამაო, გამხდარი, მკაცრი სახით, პირჯვარს გვსახავს იქ მდგომთ და რაღაცას ბურტყუნებს ხმადაბლა. სავარაუდოდ, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გვლოცავს. მერე ათვალიერებს მანქანებს, აფასებს მდგომარეობას, წვერსა და უზარმაზარ ოქროსფერ ჯვარზე ხელებს ისვამს მორიგეობით და ბოლოს მეკითხება:
- რამდენს ითხოვთ? - ცოტა მეუხერხულება მღვდელ-მონაზვნის თანდასწრებით ამაზე საუბარი.
- წაიღოთ იქნებ, გააკეთებინოთ და დამიბრუნოთ, ცოტა მეუხერხულება...
- ბოლო ფასი თქვი, დილის ლოცვაზე ვაგვიანებთ და არც იმის დრო გვაქვს, რომ სახელოსნოებში ვირბინოთ. - თანხას ვეუბნები, მაგრამ არ მთანხმდება, მეუბნება, რომ ამდენის გადახდას ვერ შეძლებენ. არადა, იმ თანხით ნახევარ საქმეს ვერ გავაკეთებ, რასაც ვთხოვ. ბოლოს თითქმის მეოთხედ თანხას მთავაზობს დედაო და მეუბნება, რომ ხელფასზე მომცემს. ჩემს ნომერს იწერს. ცხადია, მე ვერაფერს ვთხოვ, ვერც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ვერც მობილურის ნომერს. არადა, ნამდვილად აქვს, ამ წუთასაც ხელში უჭირავს.
ღმერთმანი, დღე ცუდად დაიწყო მაგრამ სამაგიეროდ, რამდენი რამე გავიგე. მაგალითად, ის, რომ მშვენივრად ეხერხებათ სამღვდელო პირებს ვაჭრობა და ის, რომ დედაოებსაც ჰქონიათ თურმე მოჭრილი ან სულაც ბონუსებიანი ხელფასი თვის ბოლოს. ღმერთმა უწყის, ჩემზე მაღალიც კი.
გაგრძელება იქნება