დილით ქალაქში ჩავედი და სტომატოლოგს მივადექი სახლის კარზე. აქ ვერსად ნახავდით ნიშანს, რომ სახლში სტომატოლოგიური კაბინეტი იყო გახსნილი. ალბათ, სწორედ იმიტომ, რომ ეს მთელ მხარეში ერთადერთი სტომატოლოგი იყო და ყველამ ისედაც ზეპირად იცოდა მისი მისამართი. ამ მხარეში ყველას კბილის ამბავი აქ წყდებოდა.
მისაღებში ტყავის დივანზე დამსვა, მითხრა, პაციენტი მყავს და დამელოდეო. ნახევარი საათის შემდეგ მოხუცი ქალი გამოვიდა პატარა თეთრი კარიდან და ექიმმა დამიძახა, რომ შევსულიყავი. თეთრ კაბინეტში მძიმე სუნი იდგა. სავარძლის გვერდზე გადასანერწყვებელ თასს სისხლის კვალი ეტყობოდა. იარაღებს დავხედე. თავში გამიელვა, თუ არ ჰქონდა სასტერილიზაციო ოთახი და იმ ქალის პირში ნამოგზაურები იარაღების ჩათხრას თუ მიპირებდა. უსიამოვნოდ განვეწყვე. იქნებ რაიმე საშინელი დაავადებით დაჯილდოებული გავეშვი აქედან. ის იყო, ვიფიქრე, ახლა ავდგები და წავალ-მეთქი, რომ სათვალე დაისკუპა და მითხრა, პირი გამეღო.
კბილზე ბჟენი მჭირდებოდა. მუშაობა რომ დაიწყო, ცოტა ხანში ვიღაცამ კარი შემოაღო. ქალი იყო შუახნის, მოზარდ ბიჭთან ერთად და სთხოვდა, ძალიან გვჭირდები და იქნებ მალე მიგვიღოო.
- პირი არ დამიკეტო, ჩემი გოგო. - მეუბნება და ახლახან შემოსულ პაციენტს უბრუნდება.
- დაგიგეგმავ ვიზიტს, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე, რა სამუშაოები მაქვს ჩასატარებელი, რამდენი დრო დამჭირდება. შემოდი, აბა, შვილო და შემახედე.
ბიჭი მორჩილად ჯდება კედელთან მიდგმულ სკამზე და პირს მორცხვად აღებს.
- უფრო მეტად! - ეუბნება ექიმი და ისიც ხვდება - სხვა გზა არ აქვს, მისი პირის ღრუს ყველა საიდუმლოს სამი კაცის თანდასწრებით უნდა აეხადოს ფარდა.
- ნადები გაქვს, ეს პირის ღრუს მოუწესრიგებლობის ბრალია, ეტყობა არ იწმენდს. - დედამისისკენ ბრუნდება და სათვალის ქვემოდან უყურებს.
პირი ნერწყვით მევსება, ენის ქვეშ ჩატენილი ბამბა გაჟღენთილია და ნერწყვს ტუჩთან ძალიან ახლოს ვგრძნობ. ყელი მიშრება და პანიკა მეწყება იმაზე, რომ დამახველებს და ნამუშევარს გავუფუჭებ.
- მეც მაგას ვეჩხუბები. - ფართოდ და უადგილოდ იცინის დედამისი და ვატყობ, პირის ღრუზე ,,ზრუნვა“ მემკვიდრეობით ნამდვილად ვერ გადმოეცემოდა. თვალს ნელა ვაპარებ ამ ბიჭისკენ. ლოყები წითლად უღაჟღაჟებს და თვალები დაწვრილებული აქვს, მაგრამ კარგად ვარჩევ, ჭრილის შიგნიდან ორი შავი ლაქა მე მომჩერებია.
დაძაბულობისგან თვალებიდან ცრემლები მომდის და ბოლოს მაინც ვერ ვიკავებ თავს - ხველა მეწყება. ამით ვაწყვეტინებ ლექციას პირის ყოველდღიურ ჰიგიენაზე, სხვა პაციენტის თანდასწრებით ჩემს სტომატოლოგს, რომლის დამსახურებითაც ალბათ ათი წუთი მაინც მქონდა პირი ტყუილად დაღებული და ადგილობრივმა ანესთეზიამ მაშინ დაკარგა ძალა, ყველაზე მეტად რომ იყო საჭირო.
გარეთ რომ გამოვედი, სამყარო მშვენიერი მეჩვენა. ფეხით გადავწყვიტე სახლში წასვლა. ბედნიერი ვიყავი, რომ კიდევ ერთი რთული დღე ბოლოს და ბოლოს მშვიდობიანად დავასრულე. ის გამახსენდა, დედა რომ მედგა თავზე და ჩემი ხელი ეჭირა ხოლმე. მაშინ ბევრად შეშინებული და სუსტი ვიყავი, მარტო უფრო ძლიერად ვგრძნობდი თავს, მარტო მეტის გადატანა შემეძლო...
საღამო ხანს მე და ბებო სავახშმოდ დავსხედით ეზოში. თავი უკან შევაბრუნე. უზარმაზარი მთები მედიდურად დაგვყურებდნენ. მერე სკამი შევაბრუნე და სახით გავუსწორდი ამ მშვენიერებას. მგონი, აქ ყველაფერი გემრიელი იმიტომ მეჩვენებოდა, რომ ბუნების წიაღში მივირთმევდი ყოველდღე. ბებოც ამ ბოლო დროს უფრო მელაპარაკებოდა ხოლმე, ვიდრე მაშინ, პირველად რომ ჩამოვედი. ვგრძნობდი, რაღაც ახალი და განსხვავებული რომ იქმნებოდა ჩემი ცხოვრების ისტორიაში, სრულიად განსხვავებული იმ ყველაფრისგან, რასაც შეჩვეული ვიყავი. ეს სამყარო ჩემს სიზმრებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩემს რეალობასთან.
- გოგოებთან ხო დამეგობრდი? - ჩაი დაასხა ფინჯანში და თან საუბარი წამომიწყო.
- ყველასთან, ბიჭებთანაც. ძალიან თბილები და კარგები არიან. იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ეგეთი რაღაცები არ ხდება, ასეთი ხშირი ერთად ყოფნის სურვილი იქ არ უჩნდებათ.
- სოფელი უფრო თბილია, სულ ასე იყო. რატომ, თუ იცი?! ადრე აქ ყველაზე ნაკლებად ჰქონდათ ფულის იმედი და ყველაზე მეტად ერთმანეთის, მაგრამ ახლა ზოგს ფული გაუჩნდა. ასეთი ხალხი მარტო ყოფნას ცდილობს, ზედმეტი ურთიერთობები არ სჭირდებათ არაფერში. რაც მეტი იშოვის ამ ფულს, მეტად დაშორდება ხალხი ერთმანეთს. იმ სისუფთავეში, რაც სოფელს ჰქონდა ოდითგან, ფული ნელ-ნელა ჭუჭყს შეიტანს. არადა, საჭირო რამეა, სულ არქონაც არ ივარგებს, მაგრამ სიკეთესთან ერთად გაუცხოვება და გარიყვა მოაქვს. შენთან რომ ბიჭი იყო მოსული, ჩვენი ნოტარიუსი...
- ჰო... - ჩავურთე.
- მაგათ ოჯახს არავისთან არ აქვს ურთიერთობა, მისვლა-მოსვლას ვგულისხმობ. დედამისი პედიატრია და ბევრი სიკეთე აქვს ნაკეთები. ბევრჯერ გამიგია, რომ ბავშვი მიუყვანიათ ავადმყოფი და უთქვამთ, ფული არ გვაქვსო, მაგრამ უექიმია და უწამლია მაინც... ამას დანახვა უნდა, ქალაქში ამას აღარავინ აკეთებს. ასე არ არის?
- ასეა, - დავუქნიე თავი, თან ქონდრის ჩაის ხვრეპა დავიწყე.
- ხოდა, კი აკეთებს ბევრ სიკეთეს, მაგრამ ცოტა მკაცრი და უხეშია. არც მეზობელი იცის, არც ნათესავი, ყველასგან შორს უჭირავს თავი.
- ალბათ, ფული რომ არავინ სთხოვოს, მაგიტომ. - დავასკვენი.
- მართალი ხარ შენ, - გამოიშვირა თითი ჩემკენ. - ეგაა, ამ ხალხმაც ვინმეს ,,მუქთად“ თუ შეაგულეს რამე, აღარ ჩამოეხსნებიან.
- ანუ არც ფულიანი ვარგა და არც უფულო? - გამეცინა.
- როგორ არა, ორივეს ურევია კარგი და ცუდი, დანახვა უნდა შეგეძლოს. ეკას რძალმა, ძმის ცოლმა, რამდენჯერ მიუყვანა ბავშვი, ცუდად რომ გაუხდათ, მაგრამ მაინც სულ ემდურის, ხან რაზე და ხან რაზე. მაგრამ ეკა ოქროს გოგოა, სულ აჩუმებს. წუნიაა, თორე ისე კარგი გული აქვს. აქ მოუვიდნენ რამდენჯერმე მთხოვნელები, შეძლებულებიც და გლეხის ოჯახიშვილებიც, მაგრამ არავის არ იკარებს...
- მოუვიდნენ რას ნიშნავს?
- რას და, ეს სოფელია, ბებო, იციან - გოგო პატიოსანია და კარგი ოჯახისშვილი და ბევრს უნდა ასეთი ქალი...
- პატარა არ არის ამ მთხოვნელებისთვის?
- მერე რა, არ სწავლობს და შეუძლია ოჯახს მოეკიდოს, ასე ზემოთ-ქვემოთ ღანცალში ტყუილად დროის კარგვას ეგ სჯობს. თანაც უწინ ეგ ვალდებულება იყო და ქალის ნება-სურვილზე არავინ დადიოდა. ახლა ქალს ეკითხებიან, მაგრამ დედამისი გამწარებულია, ამბობს, დრო აქვს უკვე და კაციშვილს არ იკარებსო. - გამეცინა, მთხოვნელები, თამასუქები, მზითვები... აქ ისევ წინა საუკუნე მეფობდა.
- მე რატომ არ მათხოვებ? ხომ არ ავარჩიო უბნელი ბიჭებიდან ერთ-ერთი?! - გავეხუმრე.
- სულ მე დამეკითხები შენ გათხოვებას, - ხელი ჩაიქნია. - ისე, მაინც ნუ მიხვალ ბიჭებთან ძალიან ახლოს. ახლა აქაური რომ არ ხარ, ყველა დაკვირვებას დაგიწყებს და სალაპარაკოს გახდიან ერთი ბეწვა რაღაცას. - დამარიგა და თავი ჩახარა ბოლოს.
იმ საღამოს ეკამ დამპატიჟა თავისთან. იქვე ცხოვრობდა, ჩემს კარის მეზობლად ითვლებოდა, მაგრამ პირველად მივდიოდი. ეზოშივე გამომეგება და სახლში შემიპატიჟა. რომ შევხედე, ვიფიქრე, მთვრალ მშენებელს აუშენებია-მეთქი. ფანჯრები უპროპორციოდ და აქა-იქ იჯდა, კარებიც. ყველაფერი სხვადასხვაფერის იყო, სხვადასხვა დროს მიკერებულ-მოკერებული, ნაჭერ-ნაჭერ ნაშენი. მეორე სართულზე ამიძღვა ეკა. მისაღებში მისი ძმის ცოლი დამიხვდა. შემომცინა. საგანგებოდ ჩემი მისვლისთვის გამოპრანჭულიყო. პერანგი ეცვა იასამნისფერი და შავი, მუხლზე ქვედაბოლო. სახეზე იმდენი ტონალური კრემი დაედო, ზეთიანი ხელით მოზელილი ცომის ასოციაციას ტოვებდა. ტუჩებზე ატმისფერი პომადა ესვა, ცოტაოდენი კბილებზეც. ეკამ ფეხზე დაიხადა და ოთახში შემიძღვა. იატაკს დავხედე. წითელი იატაკი იყო, საგულდაგულოდ გაპრიალებული. მეც კარებთან დავტოვე ბალერინები და ისე შევედი. ცოტა მეხამუშა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
- ნუ დაიხდი შენ. - მორიდებულად მითხრა ეკამ.
მთელ სახლში ცხვრის სუნი იდგა და ჟამთასვლისგან ფეხებდაწნეხილი მატერიაგადაკრული სკამები დიდი პრიალა მაგიდის გარშემო. ერთი ძველი დივანი იდგა, ჯდომისგან ადგილ-ადგილ ჩავარდნილი. კედელთან წაბლისფერი ლამინირებული პიანინო იწონებდა თავს. სოფელში თითქმის ყველა ოჯახში შევხვედრივარ ამ მუსიკალურ საგანძურს, იქაც კი, სადაც მაგიდას დამტვრეული სკამები აქვს შემოლაგებული და იქაც, სადაც მასზე დაკვრა არავინ იცის. სულ ეს იყო მთელი ოთახის ავლადიდება. სამაგიეროდ, ოჯახის რძალს თითზე ათგრამიანი ოქროს ბეჭედი მაინც ეკეთა და გულზე ოქროს ჯაჭვი ზედ დაკიდებული ღვთისმშობლის მედალიონით. ცოტა ხანს გველაპარაკა და მერე გავიდა.
- კარგი გოგო ჩანს. - ვუთხარი.
- ბევრ რამეს უძლებს... - ცოტა ხანს დაფიქრდა ეკა და მერე გააგრძელა, - უკეთესი არც თავის სახლში უნახავს და მაგიტომ. ცოტა სულელია, რაღაცებს ვერც ხვდება და პროტესტი საიდან გაუჩნდება?! აქ ყველაფერი სხვანაირადაა, აქ ცოლ-ქმრის ცხოვრებას უფროსები წყვეტენ და მთელმა სოფელმა დაწვრილებით იცის ყველა დეტალი მომავალი სარძლოსი. აქ ერთმანეთის ცხოვრებაზე მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე საკუთარზე. მეზიზღება აქაურობა.
გავჩუმდი. ცოტა მეუცნაურა მისგან ასეთი ლაპარაკი. მგონი, შემატყო და მერე მხიარულად დაიწყო.
- თუ აქ გათხოვდები, დაგარიგებ, აგიხსნი, რა გელოდება, გინდა?
- აბა დაიწყე... - გამეცინა.
- აქ, სოფელში გათხოვილ ქალს, თუ ოჯახის კეთილგანწყობის დამსახურება სურს, რამდენიმე აუცილებელი დილემის წინაშე უწევს წარდგომა. პირველი: ქორწილი უნდა იყოს დიდი და აუცილებლად სეფაში. კაბა უნდა იყოს შემოკეცვის პერსპექტივით, იმ შემთხვევისთვის, თუ წვიმა მოვიდა და სეფა ატალახდა. ქორწილის თამადას არჩევს სიძის მამა და მოადგილედ ინიშნება ვინმე კოლორიტული პატარძლის ოჯახიდან. თუ ასეთი არავინაა, მაშინ ვინმე თვალშიწყალჩამდგარი. მიუხედავად იმისა, რომ სუფრა ლხინისაა, თამადამ მაინც მთელი ღამე უნდა ატოკოს სიძე-პატარძლის სანათესაოს ძვლები და მუსიკოსებს უნდა ჰქონდეთ ხმის ვიბრირების სავალდებულო ტემბრი. პირველ ღამემდე მთელმა სამეზობლომ უნდა ნახოს გალაკული ორსაწოლიანი, ანუ როგორი საძინებელი გაუმზადა ოჯახმა პატარძალს. ზეწრებზე უნდა იყოს დატანილი დიდი წითელი ვარდები ან გულები, ან ორივე ერთად. ქორწილის შემდგომ ,,ახალი რძალი“ მიჰყავთ ყველაზე ,,ჯგლეთვა“ ბაზრობაზე. რიგ შემთხვევაში, რძალი დედამთილის და ქმრის თანდასწრებით არჩევს სამოსს, ანუ ისეთს, ყველას გემოვნებაში რომ ჯდებოდეს, ან სადმე რამე რომ არ უჩანდეს. ტყავის ქურთუკის შეძენა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, ან ძვირად ღირებული ბეწვის, მიუხედავად იმისა, რა სეზონზე გათხოვდები. პატარძალმა უნდა მიიტანოს ახალ ოჯახში დედამისის მთელი ცხოვრება ნაგროვები მზითვი. თუ ნეფე ოჯახის ერთადერთი ვაჟია ან უმცროსი შვილია და შესაბამისად, სახლი მას რჩება, მაშინ ახალი ოჯახი აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს დედამთილ-მამამთილთან. იდეაფიქსი ისაა, რომ როცა დაბერდებიან, მიხედვა ხომ უნდათ... და შვილებს აუცილებლად უნდა ერქვათ ბებია-ბაბუის სახელები (მამის მხრიდან). მერე რა, თუ ბაბუას ზედმეტად ძველმოდური და ისეთი სახელი ჰქვია, რომელიც თვითონაც არ მოსწონს... სხვა ნებისმიერი სახელის დარქმევა მოიაზრება, როგორც ოჯახის უპატივცემულობა და ქმრის თავზე გადახტომა, ანუ ქალი არის ოჯახის წევრი, რომელსაც გათხოვებიდან სიკვდილის დღემდე უწევს ქმრის ოჯახის ინტერესების არა გათვალისწინება, არამედ მკაცრად დაცვა. მაგრამ ეს ყველაფერი, რაც მე ასე მაწუხებს, სოფოსთვის აბსოლუტურად მისაღები და მოსაწონია. ისეთი ნეტარი სახით ჰყვება თავისი გათხოვების ამბებს, თითქოს პარიზში გატარებულ საქორწინო მოგზაურობაზე ჰყვებოდეს. ეგ კი არა, მირჩია, აქ გათხოვდი, პატიოსან და მშრომელ ბიჭზეო. ანუ სავსებით კმაყოფილი მეც იმავეს მისურვებს.
მხიარულად ჩაარაკრაკა და კმაყოფილმა გამიღიმა თავისი მონათხრობით.
სახლში მალე გამოვედი და კიბეზე ჩამოვჯექი თუ არა, ეკას ჭიშკარი გაიღო და მთვრალი მამამისი შევიდა სახლში, ეზო ბანცალ-ბანცალით გადაკვეთა და კედელს ამოეფარა. თითქმის ორი კვირაა აქ ვარ და მე ეს კაცი დილით სახლიდან გასული არ დამინახავს და საღამოს ფხიზელი შემოსული. ნეტავ როგორ უძლებდა თავისი ულვაშიანი და ოქროსკბილა ცოლი ყოველღამით ქმრის სიმთვრალესა და საშინელ ამონასუნთქს, ცხადია, თუ ერთ საძინებელში ეძინათ საერთოდ. დავფიქრდი და შემეცოდა ეკა, გათხოვებაზე მოძალადე დედა და ლოთი მამა.
- ნუ ზიხარ ქვაზე, - გამომხედა ბებიაჩემმა და თან დიდი მუთაქა გამომაწოდა, მისივე შეკერილი, დიდი ალბათობით. მორჩილად შევიცურე უკანალის ქვეშ.
- ეს კაცი სულ ლოთი იყო? ეკას მამა...
- ვინ გითხრა, რომ ლოთია? - გაეღიმა. - მთელი დღე მუშაობით დაღლილი, სოფლის ჯაფა დადგმული კაცი სად გინახავს შენ საღამოს ფხიზელი?
- ანუ ყველა კაცი ლოთია?
- მაგას ლოთი არ ჰქვია. - ლოყაზე მომისვა თავისი დაკოჟრილი, ხმელ-ხმელი ხელები ბებომ.
ადამიანი, რომელიც ყოველდღე მთვრალია, რა ჰქვია, აბა, საინტერესოა ძალიან. რა ღვიძლი უძლებს ნეტა ამ ხალხს, ან ნაბახუსევი არ აწუხებთ?! ფეხზე წამოვდექი. საიდანღაც ჩემი ტელეფონის ხმა მესმოდა. დედა იყო. როგორც იქნა, მომიკითხა, გავიფიქრე და ტელეფონს ვუპასუხე.
გაგრძელება იქნება