სახლში რომ დავბრუნდი საღამოს და დამტვრეული მანქანა დაინახეს, დედაჩემმა შეიცხადა, მითხრა, ნაბახუსევი რომ არ წასულიყავი, დროზე შენიშნავდიო. რა რთულია ადამიანთან კამათი, რომელიც არასდროს განიხილავს, რომ შესაძლოა, მის გარდა სხვაც აზროვნებდეს და სხვაც იყოს მართალი. არ შევკამათებივარ. მამაჩემს დაენანა მანქანა, სულ თავი აქნია წინ და უკან. ბოლოს იმანაც მე დამადანაშაულა, მითხრა, არ ხარ მაგფასიანი მანქანის ღირსიო. რამდენჯერ გავბრაზებულვარ და მიფიქრია, გამეყიდა ეს მანქანა, მიმეცა ის ფული მამაჩემისთვის და მეყიდა, ჩემი ხელფასით რასაც გასწვდებოდა ის, მაგრამ გადამივლიდა ბრაზი, მომეძალებოდა ეს ფუფუნების სიყვარული და იმისიც, რომ მთელ მხარეში ასეთით მარტო მე დავდიოდი და მერე აღარ მინდოდა გაყიდვა. საძინებელში ავედი. ვიფიქრე, დავისვენებ-მეთქი და ჩამეძინა. ალბათ, ნახევარი საათი არ იყო გასული, რომ ნაზმა ხელებმა გამაღვიძეს, მხრებზე მეთათუნებოდნენ. გეფიცებით, რაც გავიფიქრე, სანამ გამოვფხიზლდებოდი, თაია იყო. ამიტომ დაბნეული წამოვხტი და თაკო შემრჩა ხელში.
- გული გამისკდა, რატომ არ მომწერე, ავარია რომ მოგსვლია? - თავთან მეჯდა და მხრებზე მოფერებას განაგრძობდა. თმა უკან გადაეწია. თავზე სათვალე ეკეთა. მწვანე ზედა და მუქი შინდისფერი ტყავის პიჯაკი ეცვა მაღალწელიან შავ შარვალზე. ფეხზე, როგორც ყოველთვის - ქუსლიანი ფეხსაცმელი. მგონი, მოსწონდა, თავზე რომ დამყურებდა.
- როდის ჩამოხვედი? - კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა დრო იყო და რა ხდებოდა, ღრმა ძილის ფაზას თავს ვერ ვაღწევდი.
- ცოტა ხნის წინ. ყავა დავლიე შენებთან ერთად და აქ ამომგზავნა დედაშენმა.
- მანქანით ხარ?
- ჰო...
- მარტო?
- დაცვით.
- ჩემზე სიმპათიურია?.. - ვუთხარი და საწოლზე გადავიწვინე. არ გამიძალიანდა, ან იმიტომ, რომ ფიქრობდა, ამ სიტუაციაში არაფერს ვიზამდი, ან იმიტომ, რომ ჩემი წყენინება აღარ უნდოდა.
სანამ დაღამდებოდა, წასვლა მოინდომა. დედაჩემი ეძალადა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მედგრად ეწინააღმდეგებოდა. მანქანა რომ გაჰქონდა ეზოდან და ვაცილებდი, დავინახე, აღმართზე თაია და ტასო მოდიოდნენ. დღევანდელ უსიამოვნებებს ბოლო აღარ უჩანდა. თაკომ მანქანა გამოიყვანა, გააჩერა და ჩემს მშობლებს რომ დამშვიდობებოდა, გადმოვიდა. ზუსტად ამ დროს გამისწორდნენ თაია და ტასო. გრძელი წითელი ქვედაბოლო ეცვა და ღია ლურჯი პერანგი. მოკლეს არაფერს იცვამდა, არადა, მასზე ლამაზი სხეული არ არსებობდა. და მაინც, რა უსაზღვროდ იხდენდა 80-იანების მოდას. თვალი ძლივს მოვწყვიტე და თაკოსკენ გავაპარე, მაინტერესებდა, თუ შეამჩნია რამე. ახლა ისე მოქცევა, თითქოს არც ერთს არ ვიცნობდი, არ წამადგებოდა. ამიტომ თაკო გოგოებისკენ შევაბრუნე და ვუთხარი:
- ესენი ჩემი მეგობრები არიან, თაია და ტასო. ეს თაკოა, - ვიცოდი, უნდა მეთქვა, ჩემი საცოლეა-მეთქი, მით უმეტეს, რომ თაკოზე საშიში ახლა დედაჩემი იყო, რომ რამეს არ მიმხვდარიყო, მაგრამ ვერ ვთქვი. თაიას თვალებში მოწოლილი ლურჯი ოკეანე წამლეკავდა და მშთანთქავდა. ტასომ ხელი გაუწოდა, მერე თაიამაც. ვერაფერს შეამჩნევდი უცნაურს. ეს ფსიქიკური გაწონასწორებულობა მაგიჟებდა. მშვიდი სახე ჰქონდა, იღიმოდა, მაგრამ ის ოკეანე მაინც წალეკვით მემუქრებოდა.
გზა განაგრძეს, მე კიდევ სულ ავირიე. თაკო რომ არ ჩამხუტებოდა, დამშვიდობება აზრად აღარ მომივიდოდა. ან რა აზრი უნდა მომსვლოდა, თაიამ გაიყოლა ყველა აზრი და განცდა.
სახლში რომ შევბრუნდი და დავფიქრდი, მაშინღა მივხვდი, რომ ის გაწონასწორებულობა მისი ზოგადი მდგომარეობა კი არ იყო, უბრალოდ არ ვაინტერესებდი. იმის წარმოდგენა, რომ ჩემნაირი შეიძლება ათი სხვა ჰყავდა, შიგნიდან ყველაფერს მგლეჯდა. დალაპარაკება მინდოდა, მინდოდა კიდევ მეცადა, მაგრამ რა უნდა მეთქვა, ქორწილამდე ვიჟიმაოთ, რადგან შენი სხეული აღმაგზნებს და მერე წადი-მეთქი?! რატომ უნდა დამთანხმებოდა, რას ვაძლევდი სამაგიეროდ?! ან რა უფლებით უნდა დამეკითხა მის პირად ცხოვრებაზე, თანაც ისევ არაფერს მეტყოდა, და რომც ეთქვა, რა დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმართლე იქნებოდა.
- როგორ ჰგავს დედამისს. რომ შევხედე, ასე მეგონა, ის მიყურებდა. ისიც პატარა ტანის იყო, მაგრამ მაგასავით სახე ჰქონდა, ძალიან კლასიკური და დახვეწილი. ზუსტად დედამისის თვალებით იყურებოდა. ტანი კი აქვს პატარა, მაგრამ კოხტაა. - ლალი თან სუფრას ალაგებდა და თან რაღაცას მიყვებოდა.
- ვისზე ამბობ? - თავი სამზარეულოსკენ შევატრიალე და ტელევიზორს ხმა გავუთიშე.
- იმ ბავშვზე, წეღან ტასოსთან ერთად რომ მოდიოდა. როდის ჩამოვიდა? წლებია მე ეგ აქ არ დამინახავს, - თეფშები ნიჟარაში ჩააწყო და ისევ მისაღებში დაბრუნდა.
- დედამისი მახსოვს, მაგრამ ვერ მივამსგავსე თაია.
- მაგან დაღუპა, თვითონაც და ეგ ბავშვიც.
- რატომ არის დაღუპული ან ის და ან ეგ?
- ცუდი სახელი ჰქონდა და ამიტომ. ჯერ სოფლის საბჭოს მდივნის საყვარელი იყო, ცოლშვილიანი კაცის, მაგაზე ბევრად დიდი იქნებოდა, ალბათ 15 წლით მაინც, თან თვითონ პატარა გოგო იყო მაშინ. მერე სხვა კაცებზეც ამბობდნენ, დადისო. ერთი რომ გაუტყდება ქალს სახელი, თან სოფელში, წასულია მერე იმის საქმე...
- მამა ხომ ჰყავს თაიას?
- მე არ ვიცნობ მამამისს, მაგრამ ვიცი, რომ თაია პატარა რომ ჩამოიყვანეს, მაშინ ციხეში იჯდა. მოკლედ, ბოზი დედა, ნაციხარი მამა და გიჟი ბიძა.
- ბიძამისს ის სიგიჟე სიმთვრალეზე არ ემართებოდა?
- მაგათ გენეტიკაში აქვთ ეგ. მე რომ მამაშენმა მომიყვანა, იმ წელს მოიკლა ბაბუამისმა თავი, თავისსავე სახლში, სანადირო თოფით. მამაშენმა თქვა, ცოტა ურევდა ხოლმე ნასვამიო. მერე ისიც თქვეს, სანამ მაგას იზამდა, იმ საბჭოს მდივნის ცოლი იყო მოსული და ყველაფერი მოუყვაო. სოფელი სიპი კლდესავითაა, ერთი თუ დაგიცდა ფეხი, უფსკრულიდან ვეღარაფერი ამოგათრევს. მერე წავიდა ეს გოგო და დედაქალაქში გათხოვდა. აქაური ვინც იცნობდა მაგას, არავინ მოიყვანდა. მაგათ ოჯახს ჭირიანებივით ერიდებოდნენ, ბიძამისსაც იმ ქალს არ ატანდნენ, ორჯერ მოიტაცა. თავი გაიგიჟა, სანამ ცოლად არ შეირთო და მერე ცემაში კლავდა. შეშლილია, აბა, რა არის? ახლა ვინც ეს ამბები იცის, არავის ენდომება აქ თაია რძლად და ცოლად.
აივანზე გავედი, რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. რა ჯანდაბა მინდა, თაკო ხომ მყავს, არც მის ოჯახთან მაქვს პრობლემები, განათლებულები და შეგნებულები არიან. რატომ გადავწყვიტე, რომ პრობლემები მჭირდება და ის, რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება უნდა თავზე დავინგრიო. გამივლის ეს ჟინიც თაიაზე, ახალმა ურთიერთობებმა სულ ასე იცის და მერე ყველა ერთმანეთს ემსგავსება.
მზესუმზირა ვიყიდეთ და ფეხით მოვსეირნობდით უბნის მაღაზიიდან, რომ შევნიშნე, დათის სახლიდან უკუსვლით გამოდიოდა წითელი "მერსედესის" ჯიპი. არც დამიშვია, რომ უბრალოდ სტუმარს აცილებდა. ვიცოდი, ვინც იქნებოდა. მანქანიდან რომ გადმოვიდა და შევხედე, ფულიანი პროვინციელის შთაბეჭდილება დამიტოვა. არც გარეგნულად მომეწონა და მისმა ჩაცმულობამ, ვარცხნილობამ და მაკიაჟმა მიმახვედრა, რომ ძალიანაც მოეწონებოდა ყვითელი კედლები, ის თეთრი ზანლაკაბენანი ბროლის ჭაღი და აბაზანაში აწყობილი, მოზაიკის წითელი ვარდიც მის გემოვნებაში ჩაჯდებოდა უდავოდ.
დათისთვის არ შემიხედავს, მარტო იმიტომ, რომ საბრალო და საცოდავი არ ვგონებოდი, თუმცაღა ვგრძნობდი, რომ თვითონ ზუსტად ჩემკენ იხედებოდა. საკუთარი თავი შემაძულა იმან, რომ დათის წინ მდგომი ორი ქალიდან მე ყველაზე უკანასკნელი ვიყავი, ის - საცოლე და საპატიო სტატუსის მქონე, გალაღებული და განებივრებული, ყველაზე სასურველი კაცის საცოლე. იმ საღამოს გარეთ არ გამოსულა, არც მომდევნო საღამოს და არც იმის შემდეგ კიდევ ორი დღე. არც დამიშვია, რომ ჩემგან დამალვის გარდა, რაიმე სხვა მიზეზიც შეიძლებოდა ყოფილიყო. რომ ვეღარ ვხედავდი, დავმშვიდდი და ვაჭიანურებდი სახლის ჩუქების პროცესს, აღარ მინდოდა, თავი შემეხსენებინა.
საღამოებიც ჩაკვდა. თითქმის ყოველთვის მე, ტასო, ვატო და გუჯა ვიყავით ხოლმე. მოსაწევი ყოველდღე მოჰქონდათ ბიჭებს და სვამდნენ თუ არა, თითქმის ყოველ ღამით ეწეოდნენ. მე ერთხელ მოვწიე და აღარ გავკარებივარ. გოგოებიდან ეკა ეწეოდა ხოლმე უფრო აქტიურად, მაგრამ ოთხი საღამო იყო, მწერდა, მენსტრუაცია მაქვს და მუცელი მტკივა, წოლა მინდაო. ორჯერ გავედი შუადღისით. მართლა იწვა. ვკითხე, ძაან ჭარბად ხომ არ გდის სისხლი, ფერმკრთალი მეჩვენები-მეთქი. დამამშვიდა, ყველაფერი კარგად მაქვსო. დედამისი სულ გაალმასებული სახით დადიოდა. უფრო ხშირად მინდოდა ნახვა, მაგრამ რატომღაც მეგონა, ამ ქალს ვაწუხებდი. მეხუთე დღესაც რომ იგივე მომწერა, შებინდებულზე დაუკითხავად ავადექი. დედამისმა მითხრა, საძინებელშია და არ დგებაო. კიბით მეორე სართულზე ავედი. მისაღები ოთახი ჩაებნელებინათ, საძინებლის კარი ნახევრად იყო შეღებული. საწოლის ზემოდან იწვა, მოკლე ხალათით, მოკუნტული. ეძინა, მაგრამ მაინც შევედი, ვიფიქრე, ჩამოვჯდები და გაეღვიძება-მეთქი. ის იყო, სკამზე დაჯდომას ვაპირებდი, რომ თეთრი ბინტით გადახვეულ ბარძაყს მოვკარი თვალი. ფრთხილად მივიტანე ხელი და ხალათის კალთა ზემოთ ავუწიე. მაშინვე წამოხტა.
- როგორ შემაშინე. - გულზე დაიდო ხელი და ხმაურიანად ამოისუნთქა.
- ფეხზე რა დაგემართა? - ვკითხე.
- წნევა დამეცა და კიბეზე ჩავვარდი.
- დღეს დაგემართა?
- სახლის გაფორმება დაამთავრეთ? - ისე უაზროდ შეცვალა თემა, მაშინვე მივხვდი, რაღაც რიგზე ნამდვილად არ ჰქონდა.
- მე მეგონა, ვმეგობრობდით... - ვუთხარი, სკამიდან წამოვდექი, კაბა გავისწორე და წასასვლელად მოვემზადე.
- ვმეგობრობთ, დაჯექი რა... - ხელი მომკიდა ხელზე და შეეცადა, სკამზე დავესვი.
- დავჯდები, თუ მეტყვი რა გჭირს ბარძაყზე. გცემს ვინმე?
- არა, რას ამბობ... - მითხრა და მოკლედ შეჭრილ წითელ თმაზე ხელი გადაისვა.
- აბა?..
- არავინ მცემს, გეფიცები...
- მანახე, გაიხსენი და მანახე.
- მტკივა.
- მე შევახვევ, - ვუთხარი და დედამისის მიმართ უსაზღვრო ბრაზი და სიძულვილი მომაწვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სცემა... ან იქნებ მამამისმა, ყოველ საღამოს მთვრალი რომ მობარბაცებდა სახლში.
- კარგი რა, დაზიანებული მაქვს, ისედაც ხო ხვდები, ამის დანახვა რას შეცვლის?
- წავედი! - კარისკენ გავიწიე, - მე კიდევ ვფიქრობდი, რომ მენდობოდი და ვმეგობრობდით. ვფიქრობდი, რომ აქ ვიცხოვრებდი, თუ სადმე სხვაგან ამას აღარაფერი შეცვლიდა.
- ვმეგობრობთ... გაჩვენებ... არ წახვიდე, თაია! გაჩვენებ...
მოვტრიალდი და დოინჯი შემოვირტყი იმის მოლოდინში, რომ სახვევს შეიხსნიდა და დალურჯებულ ბარძაყს დამანახვებდა.
- გამიხსენი სახვევი! - მითხრა.
სახვევი ძალიან ფრთხილად შემოვხსენი. ორივე ხელით მისი თხელი ფეხი მეჭირა. ბოლო ფენას რომ მივადექი, ღრმად ჩავისუნთქე და ბინტი გადავწიე. მოსახრელიდან მუხლამდე, ფეხს გრძელი, თანაბარი ზოლები დასდევდა. ბარძაყი მთლიანად იყო დასერილი, რაღაც ძალიან ბასრი საგნით. ჭრილობებს შორის მათემატიკური სიზუსტის მანძილი იყო, ზუსტად თანაბარი. ხელი გავუშვი. სისხლის დანახვა მძულდა და ცოტა დამაკლდა, რომ ფეხები არ მომეკვეთა. ეკას ავხედე, მე მიყურებდა თვალებში. ვერაფერს მივხვდი და სახეზე მივაჩერდი. შეხვევა დაიწყო და ბოლომდე რომ გადაიხვია, ხალათის კალთა გადაიფარა და დამნაშავესავით გამომხედა.
- არავის არაფერი უქნია, მე გავაკეთე, ოღონდ არ წახვიდე, გთხოვ...
- არსად წასვლას არ ვაპირებ, - ხელის ცეცებით სკამი მოვძებნე ზურგს უკან და ფრთხილად ჩამოვჯექი. - ამის გამო არ გამოდიოდი?
- არ მინდა, გიჟი გეგონო, მაგრამ მგონი ზუსტად ასეთი ვარ...
- რატომ გააკეთე?
- ასე ერთბაშად ვერ აგიხსნი, ეს ტკივილი შვებას მგვრის...
- და რის გამო ეძებ შვებას?
- თაი, ამაზე არ ვლაპარაკობ, არავისთან... ტასომაც არ იცის. არადა, მის გარდა არც მყავს არავინ ისეთი, სანდო და ძველი და არც შენ გაყენებ ტასოზე უკან, მაგრამ მაინც ვერ აგიხსნი...
- გაგიგებ, რაც უნდა მითხრა...
- რაც უნდა ვთქვა, ყველაფერს როგორ გამიგებ?
- გპირდები... იქნებ იმიტომ ხარ ასე ცუდად, რომ ამაზე არავისთან ლაპარაკობ, ანუ რაც გაწუხებს.
ღრმად ამოისუნთქა. სათქმელს დიდხანს წონიდა, ძალიან დიდხანს. ლოყები გამობერა. მომეჩვენა, თითქოს სიტყვებს პირში იგუბებდა, ლოყიდან ლოყაში გადაჰქონდა, მაგრამ ვერ აბამდა სათქმელს თავს. გავისუსე. ახლა ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, შეიძლებოდა სულ გადაეფიქრებინა პირის გაღება.
- შენ აქაური არ ხარ, ცივილიზაციის ნაწილი ხარ და ეს ყველაფერზე გემჩნევა... თუნდაც იმაზე, რომ გაწონასწორებული ხარ, კარგად მალავ ემოციებს... ბევრს უსმენ და ცოტას ლაპარაკობ, და ყველა აქ მცხოვრებისგან სრულიად განსახვავებული შეხედულებები გაქვს, რასაც მეტწილად ვიზიარებ, ოღონდ ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ რასაც ახლა გეტყვი, იმის გაგებას გავალდებულებდე თითქოს.
თავი დავუქნიე. არავინ მაქებდა და არასდროს არავის უსაუბრია ჩემს პლუსებზე. რაღაცნაირად კარგად ვიგრძენი თავი და რა უნდა ეთქვა ამის მერე, რომ ვერ გამეგო.
- მოკლედ, შენნაირი და ტასოსნაირი არ ვარ... - გაჩუმდა და თვალებში შემომხედა. მემუდარებოდა, რომ ჩემით მივმხვდარიყავი სათქმელს და აღარ მეწვალებინა. გამეცინა.
- რატომ უნდა იყო ან ჩემნაირი და ან ტასოსნაირი?
- იმიტომ, რომ ქალად გავჩნდი.
- ღმერთო ჩემო, - ისე გამექცა სიტყვები პირიდან, რომ ვერც გავაანალიზე. თავში ნაცნობი ცისარტყელა გადაიჭიმა და თვალებში ვარდისფრად ჩამომეფარა.
- ხომ მიხვდი? ხოდა, დედაჩემიც ხვდება რაღაცას და ჰგონია, რომ ეს მე ავირჩიე და რომ ცხოვრებას შეგნებულად ვურთულებ. ისე ეშინია ჩემი სიმართლის, რომ არაფერს მეკითხება, სხვანაირად მიყურებს ზოგჯერ, ზიზღით. ჩქარობს, ვიდრე ჭკუიდან გადავალ. ჩქარობს, რომ ვინმე ნახოს და გავყვე, რომ მომიცილოს, რომ არ შერცხვეს ჩემი არსებობის. მაგას ჰგონია, რომ თუ გავთხოვდი და კაცთან დავწექი... - ისევ გაჩუმდა და ისევ ლოყებში დაიგროვა სათქმელი. სანამ ის ლაპარაკობდა, მე მგონი, სუნთქვა გავაჩერე. პირი ნერწყვით მქონდა სავსე და ის იყო, ტუჩებთან მომადგა, რომ ხმაურით გადავყლაპე. - ხოდა, არ შემიძლია, მომავალი არ მექნება და რომც ვცადო ოდესმე რამე, მთელი სოფელი ტალახს მესვრის. მე ხომ ვიცი, ვიღაცაზე რომ რაღაც უმნიშვნელოს გაიგებენ, აქ მთელი წელი საუზმესა და ვახშამზე ის განიხილება. კაცებზე აღარაფერს ვამბობ, ქუჩაში გამაგდებენ. იცის ეს დედამაც და თავისი ჭკუით, მეხმარება. ოცდაოთხის ვარ და მგონი, ოცდაოთხი კაცი ჰყავს მოყვანილი, აღარ შემიძლია.
- ეს იმიტომ გააკეთე, რომ დედა შეგეშინებინა?
- სისხლი რომ გამომდის, განცდა მაქვს, რომ ის, რაც შიგნიდან მჭამს, გარეთ გამოაქვს. არ მტკივა, შვებას მგვრის ამის დანახვა.
ჰაერი არ მეყო, ოთახი ბნელი და ჩახუთული მეჩვენა, გარეთ გამოვარდნა მინდოდა. ასე მეგონა, პირი დააღო და მეორე, სრულიად სხვა პიროვნება ამოხტა მისი ხახიდან და მე არ ვიცოდი, ვინ იყო. დრო მჭირდებოდა. უნდა დავფიქრებულიყავი კარგად, ნამდვილად შემეძლო მისი გაგება თუ არა... ის კიდევ საბრალო თვალებით მიყურებდა, გაგებას მემუდარებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ უნდა გამეღიმა, მომეფიქრებინა სანუგეშებელი სიტყვები და გამოვქცეულიყავი. ეს ის წმინდა ადამიანური ვალი იყო, რის მოხდასაც განგება მაიძულებდა.
- ცოტა დაბნეული ვარ... უბრალოდ... ხომ გესმის, ეჭვის დონეზე მაინც რომ გამევლო თავში, უფრო გამიადვილდებოდა ახლა რაიმე აზრიანის თქმა. ეს იმდენად ახალია, რომ ჯერ ვერ ვფიქრობ, რა უნდა გითხრა. მაგრამ ის, რომ ასეთი ხარ და ის, რომ საპირისპირო სქესი არ გაინტერესებს, ამას გიგებ. პირველი ხომ არ ხარ. თავს რომ იზიანებ, ამას ვერ გიგებ და არასდროს გაგიგებ, თუნდაც მარტო იმის გამო, რომ მაშინებს იმაზე ფიქრი - ეს რომ მეორედაც სცადო... კიდევ ამ საქციელიდან ვერანაირ ხსნას ვერ ვფიქრობ. მაპატიე, ცოტა ავირიე... იცი რა, ახლა წავალ და ხვალ ადექი, მოწესრიგდი და გავიდეთ ქალაქში. სულ განცდა მაქვს, რომ ვიღაც გვისმენს. - კარისკენ გავიხედე. სიმართლე ითქვას, ახლა მომივიდა ეს თავში აზრად და აქამდე ამაზე არც მიფიქრია. - ხვალ ჩამომდის დედას ამანათი და ფოსტაში უნდა დავხვდე. თან გამომყვები, თან კაფეში დავსხდეთ და რამე დავლიოთ. რას იტყვი?
მგონი, კარგად ვერ გავართვი თავი სიტუაციას. მოღუშული მიყურებდა. მომეჩვენა, ნათქვამს ნანობდა. კარებში რომ გამოვდიოდი, მომაძახა: - იცი რა, რაც უნდა მოიფიქრო, უნდა გულწრფელად მითხრაო.
შევბრუნდი უკან.
- საფიქრალი არაფერი მაქვს, გარდა იმის, ხვალ კაფეში ჩაის დავლევ თუ ყავას.
- იმაზე იფიქრე მაშინ, საერთოდ თუ დაგხვდა კაფე ღია.
- ანუ შეიძლება ღია არ იყოს?
- არ არის გამორიცხული.
კარი გამოვიკეტე და კიბეზე რეტიანივით დავეშვი. ჩემს ეზოში შევქანდი და სარწეველაში ჩავეხეთქე. ბებიაჩემმა გამომხედა.
- არ ივახშმებ? - მკითხა.
- წყალი მინდა.
- ცივი წყალი ჭაშია და გაიქეცი მაშინ და იქ დალიე. ჭიქაც იქვე დევს. შიგ არ ჩაგივარდეს რამე. - მომაძახა და ოთახში შებრუნდა.
თავში დაუსრულებლად ენაცვლებოდა ერთმანეთს ეკას სახე, წითელი თმები და დასერილი თეთრი ბარძაყი. როგორ ვერაფერს ვერ მივხვდი. არადა, ახლა რომ ვფიქრობ, თვალებში სულ ჰქონდა ბიჭური ნაპერწკლები.
გაგრძელება იქნება