მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.
მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.
"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც."
მარიამ ელიეშვილის ქმარი
ცოტა ხნის წინ, მარიამი დაქორწინდა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება, თუმცა კარიერის მიტოვებას არ აპირებს – მისი მომავალი მეუღლე მოტივირებულია, რომ მომღერალს ყველანაირად შეუწყოს ხელი. მარიამი უკვე ახალ სიმღერებზეც მუშაობს.
"ჩემი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ კიდევ უფრო ლამაზი და საინტერესოა. კარიერული თვალსაზრისითაც, ჩემს მეუღლესთან ერთად, უფრო ბევრს ვაკეთებ და ვფიქრობ, რომ ოჯახურ ცხოვრებასაც და პროფესიულ საქმიანობასაც შეძლებისდაგვარად, ღირსეულად ვუძღვები. მგონი, გამომდის, რომ ყურადღება არცერთს არ მოვაკლო.
ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ადამიანს დაუკავშირებ ცხოვრებას. გიორგი ჩემთვის ძალიან დიდი მოტივატორია. მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ ოჯახურმა საქმეებმა და საერთოდ, ჩვენმა ოჯახურმა ცხოვრებამ, ხელი კი არ შეუშალა ჩემს კარიერას, პირიქით, შეუწყო. ჩემი მეუღლე ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივარია. მუდმივად გვერდით მიდგას და მამხნევებს. მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ბალანსი დავიცვა და მინდა, მეუღლეს დიდი მადლობა გადავუხადო, ასეთი მხარდაჭერისთვის. გიორგი საუკეთესო მეუღლეა და მეც ვცდილობ, მისთვის ღირსეული მეორე ნახევარი ვიყო.
ადამიანი, რომელსაც ჩემს ყველა სიმღერას ვუძღვნი, ჩემი მეუღლეა. ჩემს ცხოვრებაში მისი გამოჩენის შემდეგ ყველა სიმღერა განსაკუთრებულად იმღერება. როგორც თვითონ ამბობს, მისთვის ეს ძალიან ემოციურია. ჩვენ ხშირად გვიწევს განშორება, მე საქართველოში ვარ ხოლმე, გიორგი – ამერიკაში და როცა ჩვენ შორის ამხელა მანძილია, მისთვის ეს განსაკუთრებით ემოციურია" - ამბობს მარიამი.