დალი ჩიტალაძის „უცნობი მხარე“
– ვინ არის დალი ჩიტალაძე?
დალი ჩიტალაძე: ადამიანი, რომელსაც უყვარს სიცოცხლე.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ვოცნებობ, რომ დარჩენილი ცხოვრება ბევრი ვიმოგზაურო და დედამიწის რაც შეიძლება ბევრი სილამაზე ვნახო და ასევე, ვოცნებობ, რომ ბევრი სიკეთის გაკეთება შევძლო.
– ოდესმე გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– ემიგრაციაში ყოფნისას, თავიდან, სანამ „ვერსაჩესთან“ დავიწყებდი მუშაობას, რესტორანში ვმუშაობდი. იქაც და მერეც, ვცდილობ, ცხოვრებაში არსებული მოცემულობები საჩემოდ გამოვიყენო, ისე მოვირგო, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. რესტორანშიც არ დამიმალავს, რომ კარგად ვუკრავდი, ვმღეროდი და მოვირგე იქაური გარემო. არ მქონდა განცდა, რომ იმას ვაკეთებდი, რისი კეთებაც არ მინდოდა. საერთოდ, მე არასდროს ვყრი ფარ-ხმალს, ვიცი, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ.
– რა გამოსცადეთ ბოლო დროს ცხოვრებაში პირველად?
– განსაკუთრებული ემოციები განვიცადე, როცა თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოვხტი. დაუვიწყარი შეგრძნება იყო. კიდევ მინდოდა გამეორება, მაგრამ ჩემმა ქმარმა მითხრა, ხომ არ გადაირიეო. საერთოდ არაფრის მეშინია. შიშის გრძნობა იმ მომენტშიც არ მქონია, მაგრამ რომც მქონოდა, უკან არ დავიხევდი. თუ რამის შიში გამიჩნდება, მაშინვე ვცდილობ, ზუსტად ის გავაკეთო, რაც ამ შიშს იწვევს და ასე გადავლახო ეს გრძნობა.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– ძალიან. ყველაფერზე მეტირება. სიხარულისგანაც ვტირი და მწუხარებისგან, ხომ, რა თქმა უნდა.
– რას გააკეთებდით, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგოთ?
– უამრავ გაჭირვებულს გავუმართავდი ხელს. ნახევარს ქველმოქმედებისთვის გამოვიყენებდი. ძალიან მიყვარს გაცემა. ჩემი ქმარიც ასეთია. იმაზე არ ვფიქრობთ, უკან დაგვიბრუნდება თუ არა. სიკეთე უნდა გააკეთო და გაიარო. ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს – სიკეთეს გასცემ, სიკეთე დაგიბრუნდება, ბოროტებას გასცემ, ბოროტება დაგიბრუნდება. მე ამის მჯერა.
– ხელგაშლილი ხართ?
– ჩემი მეგობარი ანეკდოტივით ჰყვება ხოლმე: დალი აუცილებლად სამოთხეში მოხვდება, იმიტომ, რომ ეშმაკის მოგონილი ფულის დაუძინებელი მტერია; ფული არასდროს გაქვს, იმიტომ, რომ შემოსავალს მაშინვე ბოლომდე ხარჯავო. ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე თქვა ეს და ნინო ნადირაძე გამოეპასუხა, მეც ასეთი ვარო. ჩემმა მეგობარმა უთხრა: არა, შენ კაჭკაჭი ხარ, ერთი ბრილიანტის ბეჭედი ყოველთვის გიგდია ჩანთაში, აბა, გვაჩვენე, თუ ასე არ არისო და ნინოც დაეთანხმა. მე არასდროს მყოფნის შემოსავალი. მეორე თვის ხელფასსაც კი წინასწარ ვხარჯავ. ამიტომ, არც მილიონის დახარჯვა გამიჭირდებოდა.
– მსოფლიო მასშტაბის ცნობადობაზე გიოცნებიათ?
– საერთოდ, ცნობადობა არ დამიგეგმავს, ეს ჩემთან თავისთავად მოვიდა. ეპატაჟური და ხელოვნურად შექმნილი ცნობადობა არასდროს მიზიდავდა. წლები, გამოცდილება, შენი პიროვნება, საქმიანობა, ცოდნა თუ ინტელექტი თავისით გაყენებს ამ გზაზე. რა თქმა უნდა, მთავარი საკუთარი საქმის სიყვარულია. რომელ ქვეყანასა თუ ქალაქშიც მიცხოვრია და მიმუშავია, იქ ყოველთვის ყველაზე ცნობადი ვიყავი. ეტყობა, არის რაღაც ისეთი ჩემში, რაც ცნობადს მხდის და ამას ემატება საკუთარი საქმისადმი ჩემი განსაკუთრებული სიყვარული, თორემ ეს არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე არ მიოცნებია, თუმცა თავს დედამიწის მოქალაქედ ნამდვილად ვთვლი. ამიტომაც მინდა ყველაფრის მონახულება. საშუალება თუ მომეცემა, ანტარქტიდაზეც სიამოვნებით ვიმოგზაურებ და კოსმოსშიც. თუმცა, რაც მთავარია, ვამაყობ იმით, რომ ქართველი ვარ.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდათ...
– თვითმფრინავში „დამაპატიმრეს“. თურმე საფრთხე შევქმენი. რა მექნა, ძალიან მინდოდა ტუალეტში. მეუბნებოდნენ, არ შეიძლება, თვითმფრინავი უნდა დაჯდესო, მაგრამ ისე ცუდად ვიყავი, ვერაფრით შევიკავებდი თავს და შევედი. ატყდა ბრახუნი, ერთი ამბავი. მეძახიან, გამოდიო. მე ვპასუხობ, მაცადეთ, ცუდად ვარ-მეთქი. თურმე თვითმფრინავი წრეზე წავიდა, ვერ დაჯდა, რადგან მე ტუალეტში ვიყავი. გერმანელი პილოტი იყო და ხომ იცით, გერმანელები როგორი პედანტები არიან. რომ გამოვედი, მოვიდა რუსული მილიცია და მეუბნება: უნდა დაგაპატიმროთო, გერმანელები ითხოვდნენ ამას. კიდევ კარგი, მაშინ ქრთამი ჭრიდა და გადავურჩი პატიმრობას. რა მექნა, ცუდად ვიყავი და მე იქით ვედავებოდი, ისეთი საშინელება მაჭამეს, მოვიწამლე-მეთქი.