ანუნა მდივნიშვილი მაყურებელმა მუსიკალურ პროექტ "ჯეოსტარით" გაიცნო. სიმღერის პარალელურად ანუნამ მსმენელს თავი მომხიბვლელი გარეგნობითაც დაამახსოვრა. ანუნას მეუღლე კალათბურთელი დუდა სანაძეა.
დუდა სანაძე სან-დიეგოს უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირებას სწავლობდა და ამავე უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა. სპორტის ამ სახეობით კალათბურთელი მამის გამო ბავშვობიდან დაინტერესდა. მამას მის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.
"მამას დიდი როლი აქვს ჩემს პროფესიაში. დღემდე მაძლევს შენიშვნებს, შესწორებებს. ბავშვობიდან მავარჯიშებდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ვარჯიშისთვის არ არის კარგი პირობები. მამას რისი შესაძლებლობაც ჰქონდა, ყველაფერს აკეთებდა. დარბაზის გასაღები ჰქონდა და თავისუფალ დროს იქ დავყავდი ხოლმე. ეზოში თუ ვთამაშობდი, მამა ჩამოვიდოდა და მეტყოდა, სავარჯიშოდ მივდივართო, უსიტყვოდ მივყვებოდი. საკმაოდ მკაცრი იყო.
შემატყო, რომ მქონდა შესაძლებლობები, თორემ ალბათ, ასე არ მომკიდებდა ხელს. კალათბურთზე შვიდი წლის ასაკში შევედი, მამაჩემმა თავისი სკოლა გახსნა და იქ დავიწყე სიარული. სერიოზული ეტაპი კალათბურთელის ცხოვრებაში 16 წლის ასაკიდან იწყება, მანამდე ვარჯიშობ.
პირველ ჯერზე ერთი წელი გამიცდა, რადგან 16 წლისას ერთ-ერთ ამხანაგურ შეხვედრაზე ფეხი გადამიბრუნდა და ორგან მოვიტეხე. სამაგიეროდ, კალათბურთში ძალიან მოწადინებული დავბრუნდი. ესპანეთში მოვხვდი "სი-ბი-ეი აკადემიაში". ჩემი თამაშებიდან საუკეთესო ეპიზოდები ამოვკრიფეთ და აკადემიაში გადავაგზავნეთ, რამდენიმე სპორტსმენმა მიიღო დაფინანსება, მათ შორის, მეც. ერთი წელიწადი სწავლა მაშინ 20000 დოლარამდე ჯდებოდა. რასაკვირველია, ღირდა კიდევაც, იქ ბევრი რამ ვისწავლე. კანარის კუნძულებზე ვიყავი ექვსი თვე და ქალაქში გასვლა ვერ მოვახერხე, ერთი დღე მქონდა დასვენება და იმ დღესაც თამაში იყო. რომ ვამბობდი, კანარის კუნძულებზე ვიყავი, ლას პალმასზე-მეთქი, მეკითხებოდნენ, როგორ მომეწონა და არაფერი მოსაყოლი არ მქონდა (იცინის). წესით, იქ ერთი წელი უნდა გამეტარებინა, მაგრამ ვიზის გაგრძელება პრობლემებს უკავშირდებოდა და ვერ გავაგრძელე" - ამბობდა დუდა სანაძე.
"ანუნა კალათბურთის ფედერაციაში მუშაობდა და შემთხვევით დავინახე, როცა სამსახურიდან გამოდიოდა. მე კი ამ დროს ვარჯიშიდან გამოვდიოდი. დავინტერესდი, შემდეგ, ინფორმაციები მოვიძიე და გავიცანი.
ჩემი წარმატება ანუნას წარმატებაა. თამამად ვამბობ, ჩემი ყველა წარმატებული ნაბიჯი ანუნას დამსახურებაა, ძალიან მიწყობს ხელს. შეიძლება, ვინც მას არ იცნობს და არ იცის, სპორტსმენის ცხოვრებაში მეუღლის როლი რამდენად დიდია, ამას ვერ ხვდებოდეს, მაგრამ ასეა.
ელემენტარული, სპორტულ რეჟიმში ხელშეწყობაც ძალიან მნიშვნელოვანია, აღარაფერს ვამბობ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე.. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვიყო და მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთო" - ამბობდა დუდა.