მსახიობი ეკა მჟავანაძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარია, რომლის ეთერშიც თავისი ყველასთვის ცნობილი ცეკვის და მის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ საუბრობს.
ეკას თქმით, ცეკვის ვიდეოზე ბევრი არასასიამოვნო კომენტარი დაიწერა, რის გამოც გაღიზიანდა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ შეიძლება რაიმე არ მოგწონდეს, თუმცა საშინელებების დაწერისგან თავი შეიკავო.
,,ცუდად არის გადაღებული, კამერა ძალიან მგრძნობიარეა და ყველა დეტალს აჩენს, წონაც გემატება. მთელი ჩემი ცეკვის შინაარსი იყო ის, რომ მე ჩემს ჭარბ წონას დავცინოდი ასეთი მოძრაობებით. ერთად არიან კლასელები, სვამენ, მხიარულობენ, მაიმუნობენ. ვიდეოც არ მომეწონა, დაბლიდან არის გადაღებული. გავღიზიანდი, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება. შემდეგ რომ აღარ დამთავრდა და კომენტარები დაიწერა, ცოტა არ მესიამოვნა.
ჩემ უკან დგას ჩემი მეუღლე, ორი შვილი. შეიძლება არც მითხრან არაფერი და არ გამიტეხონ გული, ცეცხლზე ნავთი არ დაასხან, მაგრამ არ არის სასიამოვნო. არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. არაფერი არაფერი გახდა, გაუფასურდა. შეიძლება არ მოგწონს, მაგრამ ნუ დაწერ ამ საშინელებებს. თეატრია, სპექტაკლია და შეიძლება ბევრნაირი სცენა იყოს. თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ აღარ დამთავრდა”, – ამბობს ეკა მჟავანაძე.
სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისთვის" მსახიობების შერჩევა კასტინგ-მენეჯერის, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის პრეროგატივაა... თუმცა მას, როგორც მსახიობს, კარგად იცნობენ. მაყურებელმა იგი პირველად სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" შეიყვარა, მოგვიანებით კი "ჩემი ცოლის დაქალებშიც" ვიხილეთ.
ეკა მჟავანაძემ 1989 წელს მიიღო ჯილდო „საუკეთესო ქალის როლისთვის“. ეს იყო მედეა კუჭუხიძის დადგმა, „აფინა გენოვის შიში“. როგორც მსახიობი ამბობს, მის ცხოვრებაში დიდი როლი სერიალმა "ჩემი ცოლის დაქალები" ითამაშა: „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემთვის არის მთელი ჩემი ცხოვრება, რომელმაც მე დიდი გამოცდილება მომცა. მოვიარე მთელი საქართველო. ამ სერიალმა ამოატრიალა მთელი ქართული ტელესივრცე".
ბავშვობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე, ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია.
"24-25 წლის ვიყავი, როცა ყველაფერი შეიცვალა. დავიბადე, გავიზარდე ბარნოვზე. მამა იყო მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე. მამა ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო. მე საკუთარ თავს არ ვაძლევდი უფლებას, კულისებში შევსულიყავი. ეს ყველაფერი ზღაპრის სამყარო იყო. როცა თეატრში მივედი, ისეთი დასი დამხვდა, ისინი ქმნიდნენ ეპოქას. მაშინ სულ ორი-სამი დრამატული თეატრი იყო. ის ადამიანები ჩემთვის იყვნენ „ღმერთები“. ახლოს ვიყავი ლენა ყიფშიძესთან, ჩვენ ვმეგობრობდით. მან განაახლა „ძველი ვოდევილები“. მასწავლიდა გრიმის გაკეთებას. დიდი ოსტატი იყო. 90-იან წლებს ვიხსენებ, როცა საქართველოში გაჭირვება იყო.
მამა წინააღმდეგი იყო ჩემი სამსახიობო კარიერის, არადა, მან მომწამლა ამით. გამოცდების პერიოდში ყველას ავუკრძალე მოსვლა. რუსთაველზე არ დაგინახო-მეთქი, მამას ვუთხარი. მახსოვს, ერთ-ერთი გამოცდიდან რომ გამოვედი, ოპერასთან, მამა ხის უკან იდგა. ბავშვობაში სულ ვთამაშობდი, ხან პედაგოგი ვიყავი, ხან – დედა. ჩემთვის არავის ეცალა, უბნის ბავშვებს კონცერტებს ვუმართავდი. სულ მეუბნებიან, კომუნისტური წყობა როგორ გენატრებაო. მე ის კი არ მენატრება, მენატრება ბავშვობა, ახალგაზრდობა, სტუდენტობა, რომელიც არასდროს დაბრუნდება. მაშინ გავჩნდი, რა ჩემი ბრალია."