რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის რძალი მაკუნა ზედაშიძე იუბილარია. დაბადების დღის წვეულებაზე რეზი არველაძემ და თეონა თავართქილაძემ რომანტიკული ცეკვა შეასრულეს.
რეზი და შოთა არველაძეები, როგორც ყოველთვის, ფორმაში არიან და ენერგიულ ცეკვებს გვთავაზობენ.
ვიდეო: fortuna.ge
რეზი არველაძე და თეონა თავართქილაძე
რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 29 წელია, რაც ერთადაა.
„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.
რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.
კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა:
"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.
რეზის და თეონას ორი ვაჟი, ნიკა და ვატო ჰყავთ, რომლებიც უკვე დიდები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ:
"ბედნიერება სიყვარულია. სიყვარულში ვგულისხმობ ყველანაირ სიყვარულს, შვილების მიმართ უპირობო სიყვარულიდან დაწყებული, ქალისა და მამაკაცის სიყვარულით დამთავრებული. როცა გრძნობ, რომ გიყვარს, ამ დროს ხარ ყველაზე ბედნიერი.
შვილები უკვე გაიზარდნენ და დამოუკიდებლად ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ერთი ფეხბურთს თამაშობს პოლონეთის უმაღლეს ლიგაში. მეორეც მუშაობს. ადრე ძალიან ხშირად ვიყავი მათთან, მაგრამ ახლა იმდენად ვერ ვახერხებ ხოლმე შვილებთან ჩასვლას, რომ უკვე თვითონ მეკითხებიან, როდის ჩავალ.
ძალიან მინდოდა, ქალიშვილი მყოლოდა... ისე გამოვიდა, რომ არც მე მყავს გოგონა და ჩემ გარშემოც ყველას ბიჭები ჰყავთ. ამიტომ ამას უნდა დავარქვათ აუხდენელი ოცნება", - ამბობდა თეონა.