"ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა დამეწერა, თუ არა ჩემს საქართველოზე?" - ნინი ბრეგვაძის იდეალური შესრულება გადაცემაში „აკუსტიკა“ - Marao

"ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა დამეწერა, თუ არა ჩემს საქართველოზე?" - ნინი ბრეგვაძის იდეალური შესრულება გადაცემაში „აკუსტიკა“

2024-06-10 10:04:25+04:00

მომღერალმა ნინი ბრეგვაძემ გადაცემაში „აკუსტიკა“ სიმღერა „ძალა დამელია დარდით“ შეასრულა, რომელსაც სოციალურ ქსელში გვიზიარებს. 

„ძალა დამელია დარდით“ – ჩემი პირველი ქართული სიმღერა რაზე უნდა დამეწერა, თუ არა ჩემს საქართველოზე?   იმედი მაქვს, მოგეწონებათ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.

მადლობა ჯგუფ On The Road-ს, რომ ასე პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ჩემს გულის ნაგლეჯს. ასევე მადლობა აკუსტიკა • Akustika • 1tv.ge და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტზე მუშაობს.

ყველაზე დიდი მადლობა კი ჩემს მენეჯერს, Mari Sharman-ს, რომელიც ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში საინტერესო პროექტებში მივიღო მონაწილეობა.

ერთი სული მაქვს, ამ სიმღერას აუდიტორიის წინაშე როდის შევასრულებ საქართველოში!“, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.

ნინი ბრეგვაძე

ნინი ბრეგვაძე საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის - "ახალი ხმის" აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო, რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ "X ფაქტორშიც" გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. 

  • "უდიდესი პატივია ჩემთვის საქართველოს წარდგენა ასეთი ფართო მასშტაბის კონკურსზე..." - როგორია ნინი ნუცუბიძის ემოციები დიდი წარმატების შემდეგ 
  • TOP 10 წარმატებული ქართველი ახალგაზრდა 

"საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა... რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.

ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.

 ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური... ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე... მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.

ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა... ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.

როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.

ნინი The Voice-ის ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა – მომღერალი კონკურსს გამოეთიშა. მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თავის მსმენელს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა:

„მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილ ჰორანს საუკეთესო მწვრთნელობისა და მეგობრობისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება!“, – წერდა ნინი ბრეგვაძე.

კონკურსის დატოვებასა და სამომავლო გეგმებზე ნინიმ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა: 

„რა თქმა უნდა, მინდოდა ფინალში ყოფნა. ცოტა იმედიც მომეცა, რადგან ხალხისგან ძალიან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, არა მარტო ქართველებისგან და საქართველოდან, არამედ აქ მცხოვრებლებისგანაც.

ხალხი, რომელიც პროექტს უყურებს და ამესიჯებს, ალბათ,  სხვა ჟანრს უსმენს და მოსწონს. მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავით. კმაყოფილი ვარ იმ პერფორმანსებით, რაც დავდე. ამ პროექტში ძალიან ხშირად ხდება მსგავსი რამ. კარგი მომღერლები ტოვებენ ხოლმე პროექტს.

ჩემს მწვრთნელს, ნაელს, ძალიან ეწყინა, რომ დავტოვე პროექტი. როდესაც კამერები არ გვიღებდნენ, ცოტა ვისაუბრეთ და მან აღნიშნა, რომ  დასწყდა გული და მითხრა, რომ შეეცდება, მაქსიმალურად დამეხმაროს, რომ სწორი ადამიანები ვიპოვო და ჩემი საქმე გავაკეთო“. – ამბობს ნინი.