ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში Trooping the Colour-ის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქეით მიდლტონი არ ესწრებოდა. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ უელსის პრინცესასთვის ბუკინგემის სასახლის აივანზე გამოსვლაც კი სარისკოა.
ქეითმა „ტვიტერზე” წერილი გამოაქვეყნა, სადაც ირლანდიური გვარდიის წარმომადგენლობას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ცერემონიალში ვერ მონაწილეობს:
„მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ მთელ პოლკს იმის გამო, რომ ვერ ვიღებ ღონისძიებაში მონაწილეობას. ვიმედოვნებ, მალე გინახულებთ. მინდა გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, სიყვარულით, ქეითი” – ნათქვამია განცხადებაში.
ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა
რამდენიმეთვიანი გაუჩინარებისა და არაერთი კონსპირაციული თეორიის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მოულოდნელ და შოკისმომგვრელ დიაგნოზზე საუბრობდა. როგორც აღმოჩნდა, პრინცესა მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძვის და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს:
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ, წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები.
როგორც მათ ვუთხარი, მე კარგად ვარ და დღითი დღე ვძლიერდები იმ საკითხებზე ფოკუსირებით, რაც დამეხმარება გონების, სხეულისა და სულის განკურნებაში, უილიამის გვერდით ყოფნა ასევე კომფორტისა და სიმშვიდის დიდი წყაროა.
ალბათ, ხვდებით, რომ ახლა ჩვენი ოჯახისთვის დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, რადგან მთლიანად უნდა გადავერთო გამოჯანმრთელებაზე", - ამბობდა ქეითი ვიდეოში.