9 ივნისს მუსიკოსებმა საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დარბაზში, გიორგი გიგაშვილმა და კატო კვარაცხელიამ, პირველი ერთობლივი საღამო „ადამიანის ხმა“ გამართეს და ძველი ჰიტები ახლებურად წარმოადგინეს შეკრებილი მაყურებლის წინაშე.
„ინტელექტუალურად უტიფარი თავისუფლება” — შეიძლება ეწოდოს იმ პერფორმანსს, რასაც დღეს ძველი მუსკომედიის შენობის კედლებში ვისმენდით ყველა… არც ვიცი, კონცერტის რა ნაწილი აღვწერო, გაჟღერებული მუსიკის ხარისხი და ღირებულება, ყველანაირი ფორმის რღვევა, ჰარმონიული თუ რიტმული მოცემულობების ზღვარგადასული თავგასულობა, პიანისტისა და მომღერლის საოცრად ერთიანი ხედვის წერტილი, შეგრძნებებში თანასწორობა და ბალანსი, გასაგიჟებელი სათხრობი პიანო- ფორტეები და რაც ყველაზე მთავარია, სილაღისა და თავისუფლების რაღაცნაირი მწვერვალი, რა დროსაც უწონადობის განზომილებაში გადადიხარ შენც, მსმენელიც…..
გიორგი, ფენომენალური აზროვნების მუსიკოსი ხარ..
კატო, როგორ ღირსეულად ზიდე და აგვირისტე შენთვის დამახასიათებელი ნიუანსებით საუკეთესო ქართული მელოდიის მღერადი ხასიათი….
რაღაც საოცარი საღამო მოგვიწყვეთ, წარმოუდგენელი…
ბრავო ორივეს!!!!“ - წერს პიანისტი ნინო გულიაშვილი.
გიორგი გიგაშვილი
მარტა არგერიხის სტიპენდიანტი მუსიკოსი, რომელსაც პიანისტობა დედამ შეაყვარა და 6 წლის ასაკიდან თავადაც უკრავს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი გიგაშვილი კონცერტებს მართავს, სხვადასხვა პრესტიჟულ პრემიას იღებს და მსოფლიოს საკუთარ შემოქმედებას აცნობს.