დალი ჩიტალაძე ჟურნალ „სარკესთან“ 60 წელს აჯამებს და ამბობს, რომ ახალი ენერგია აქვს გახსნილი:
„მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რატომ ამხელ საკუთარ ასაკს ასე თამამადო. მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატური აღქმა მაქვს ასაკის, ვარ ჰარმონიაში ჩემს სხეულთან, გარემოსთან. მთავარია, ვიყოთ ჯანმრთელები, თორემ ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? 60 წელი მარტო ციფრები ყოფილა. მე თვითონ არ მჯერა, რომ ჩემს ცხოვრებაში ექვსი და ნული დაიწერა. განწყობით და შინაგანი შემართებით თავი 25 წლის გოგო მგონია.
ჩემი ენერგიის მთავარი წყარო ის არის, რომ არასოდეს ვჩერდები, ყოველი მომდევნო წელი ჩემთვის მოტივაციაა, რომ განვვითარდე, რაღაც ახალი ვისწავლო. სულ სიახლის ძიებაში ვარ. ჩემი ხასიათი მაძლევს სიცოცხლის, სიყვარულის საშუალებას. როდესაც ისწავლი, რომ ცხოვრება უნდა დააფასო თავისი ბევრი სილამაზით, მაშინ ვერც ერთი ასაკი მოგერევა. ყოველთვის უნდა იყო კმაყოფილი და საკუთარი თავი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც ხარ.
რომელ პერიოდს თვლით თქვენს ცხოვრებაში ოქროს წლებად?
ოქროს წლები მაშინ გიყვარს შენს ცხოვრებაში, როდესაც ხარ თავდაჯერებული, შემდგარი პიროვნება. ჩემს ცხოვრებაში ოქროს წლები დაიწყო 40 წლიდან. სწორედ მაშინ ვიპოვე სიმშვიდე საკუთარ თავში, რადგან 40 წლამდე ჩემს ცხოვრებაში მაინც ბევრი ვნებათაღელვა იყო. როგორც იტყვიან, საკუთარი თავის 40 წლის შემდეგ ვიწამე. ბოლო 20 წელია, ცხოვრებაში მყარი ნაბიჯებით მოვდივარ. ახლა კი, რაც 60 წლის გავხდი, ვგრძნობ, რაღაც ახალი სუნთქვა მეხსნება. ძალიან დიდი გეგმები და პროექტები მაქვს, რომლებიც მინდა, განვახორციელო. სავსე ვარ ენთუზიაზმით და დიდი ენერგიით“.
მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც სოციალურ ქსელსა და საზოგადოებაში პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს. პატარა გოგონასავით მხიარულია. ცდილობს, იყოს ლაღი და ეცვას ხალისიანი ფერის სამოსი.
ამბობს, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.
"ეს ყველაფერი ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის დამსახურებაა. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო.
ადამიანები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თავს მოვუაროთ, შევიყვაროთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს. სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სასმელი არ დალიოთ და ა.შ.
საერთოდ, ასაკი რაც უფრო გემატება, ჯანმრთელობას მეტად აფასებ, თუმცა მე ბავშვობიდან ასე ვიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახში როგორ იზრდები, გასწავლიან თუ არა, რა არის ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ადამიანი რომ ბერდება, ეს არის ღვთისგან ბოძებული მადლი. სიბერე იმას ნიშნავს, რომ შენ განვლე ცხოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ბევრ გამოცდილებას და ცოდნას იღებ. მერე კი უკვე გაქვს უფლება, ადამიანებს რჩევა მისცე, გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა.
ნეტავ ყველა დავბერდეთ. ჩემი და და ძმა ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. ამის მიხედვით, მე ჩემი დასკვნები გავაკეთე – ძალიან კარგია ასაკის მატება და ამის კი არ უნდა გეშინოდეს, უნდა გიხაროდეს. ასაკი თავდაჯერებასაც გმატებს. ბევრი ქალი და მამაკაცი მინახავს, რომლებსაც ეშინიათ ამის. მე – არა, ნამდვილად არ მეშინია ასაკის მატების, პირიქით, ღმერთს მადლობას ვეუბნები ყოველი დღისთვის, რომ თენდება. ეს მართლაც დიდი მადლია.
ქალი შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგალითად, 90/60/90, დაწყობილი ნაკვთებით, მაგრამ უნდა იყოს გემოვნებიანი. თუ ქალი გემოვნებიანია, ის უკვე ძალიან მომხიბვლელია. გემოვნება ნიშნავს, რომ ყოველთვის ხარ ელეგანტური.
სამოსში ხარისხიანი და კლასიკური ელემენტები უნდა ჭარბობდეს და ტენდენციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. წელიწადში ორჯერ რამდენიმე მოდურ ნივთს თუ შეიძენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარდერობი განაახლეთ. მაგალითად, ჩემი გარდერობი წლების განმავლობაში იქმნებოდა. აუცილებელი არ არის, წელიწადში ორჯერ თავიდან ბოლომდე შეცვალოთ, უბრალოდ უნდა დაამატოთ ტენდენციური ნივთები" - ამბობდა დალი ჩიტალაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.