საღამომდე მეძინა, მერე ბებო შემოვიდა, ძველი, მტვრიანი ფარდები გადასწია და ოთახში სინათლე შემოუშვა. მთხოვა ერთად ვივახშმოთო. წითელი კვერცხები გავტეხეთ, ღვინის დანახვა აღარ მინდოდა, ამიტომ თვითონ ჩამოისხა პატარა ჭიქაში, ჯერ ღმერთი ადიდა, მერე მე მადღეგრძელა და ვახშამი ამით მოამთავრა, თან წნევის დამწევი დააყოლა. თურმე ღვინის წრუპვას უკრძალავს ექიმი და ეს მაინც ეპარება, ღრმად სწამს რომ წითელი ღვინო ყოვლისმკურნალი წამალია, ამიტომ მაძალებს მეც დილა-საღამოს. თან მეუბნება რომ ფერმკრთალი ვარ და ლოყებს ამიღაჟღაჟებს.
-ისე დედაშენიც ასეთი ფერმკრთალი იყო, რას აღარ ვაჭმევდი ბავშვობაში, ნაფერდლის ქონს და თაფლს, მაჯუნს ვუკეთებდი, ახალი თევზი მომქონდა ბაზრიდან, ყოველკვირა, მაგრამ ვერ მოვასუქე ვერაფრით, შენსავით გამხდარი და ფერმკრთალი იყო, ექიმმა მითხრა ბოლოს -თავი დაანებე, ჯანმრთელია და წითელი ლოყები და სიმსუნქნე არაფერში სჭირდებაო, მერე მე შემომხედა და დააყოლა - გენეტიკა აქვს ასეთი ეტყობაო.
დანანებით ჩაიქნიაა მერე ხელი, დავინახე თვალებში რამხელა სევდა მოაწვა და შემებრალა, კიდევ ერთხელ გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ შვიდი წელი არ ვნახე, რამდენ რამეს ვაკეთებთ ადანიანები, რომ ერთმანეთი გავაბედნიეროთ და ის კიდევ არაფერს ითხოვდა, უბრალოდ, ჩემი ნახვის გარდა არაფერი უნდოდა და მე ფუჭად გამიფლანგავს ყავის სმაში და უცხო ადამიანებთან ჭორაობაში ასობით საათი, მაშინ, როცა ის გზას გამოსცქეროდა რომ აღმართზე მომავალი დავენახე.
ორშაბათს ვიღაცის რიხიანმა ლაპარაკმა იძულებით გამომათრია უცნაური სიზმრის ბურანიდან.
აქ ვიყავი, სოფელში, ჩემს სახლში სუფრა გეშალათ და ქეიფობდნენ, ბავშვები იყვნენ, ყველანი, და მათ შორის დათიც. ეზოში გამოვედი და უკან რომ დავბრუნდი აღარავინ დამხვდა, თითქოს აორთქლებულიყვნენ, მაგიდა ისევ გაშლილი იყო, დამტვრეული პურები ეყარა და ზედ წითელი ღვინო ჰქონდა გადასხმული ყველაფერს. გავიქეცი ქუჩაში, არაფერი მეცნო, არცერთი ჭიშკარი არ გავდა იმას, რაც მახსოვდა და რაც ცხადიდან სიზმარში შევიყოლე. ცა ლურჯი იყო, ბუნებრივზე მეტად, ავხედე და რას ვხედავ?! -სულ ფერადფერადი პატარა თვითმფრინავებით სავსეა, გაუჩერებლად გრუხუნით დაფრინავენ, თეთრი ღრუბლები მოაქვთ თან, ბევრდებიან, ბევრდებიან და მათი მოტანილი ღრუბლების ნისლში ნელნელა უჩინარდებიან. ერთერთი ჭიშკრის წინ ფიცრის სკამზე დათი ზის, ისე იქცევა ვერაფერს ხედავს და მეც ვერ მამჩნევს, მიხარია მისი დანახვა, მხოლოდ ერთი წამით გამირბის მზერა ცისკენ და ჭიშკართან მჯდომი ჩემი სიყვარულის და ბედნიერების ობიექტიც ქრება. ვეძახი, ყველა ჭიშკართან მივრბივარ და ვეძებ, თვითმფრინავები კიდევ უფრო და უფრო მრავლდებიან, ვეღარ ეტევიან სივრცეში და ქვემოთ მოიწევენ, სადაცაა გამჭყლეტს რომელიმე, მე კიდევ მაინც ჯიუტად დავეძებ დათის...
დაცარიელებული სულით მეღვიძება, სახეზეც კი სველი ვარ, ქვედა სართულიდან ხმები ისევ მესმის, სიზმრიდან ავისმომასწავლებელი განწყობა გარს მჭიდრო ქსოვილივ შემომკვრია და სულს მიხუთავს. ნერწყვს სწრაფსწრაფად ვყლაპავ, ერთი მეორის მიყილებით, რომ გამომშრალი ყელი დავისველო და საწოლიდან ვდგები. საღამურების ამარა ჩავდივარ ქვედა სართულზე, ბიძაჩემი სახლის კართან დგას, საშინლად მძაფრსუნიან სიგარეტს აბოლებს და ჩემს საღამურებს ამრეზით ათვალიერებს, ველოდები, რომ რაიმე ისეთს მეტყვის და ვიცი, საპასუხოდ მეხივით დავატყდები ჩემი საშინელი სიზმრიდან გამოყოლილი ხასიათის გამო, მაგრამ თავს იკავებს, ისევ გვერდულად მიყურებს და ტუჩებს ღიმილი უწელავს. ლოყაზე მკოცნის, უფროსწორად ლოყას მადებს ლოყაზე, როგორც სჩვევია ისე, საპასუხოს არ ელოდება და გზას მითმობს ოთახში შესასვლელს.
ბებოს საწოლზე შავებში ჩაცმული ქალი ზის, აქაური ტრადიციის თნახმად თხემით - ტერფამდე მაყოლებს ოდნავ მოჭუტულ თვალებს და მერე ბებოსკენ ტრიალდება.
-ზედგამოჭრილი დედამისია, იმასავით ლამაზია, აბა დახედე მამამისის თუ გამოყოლია რამე?!
ბებო ამაყად მათვალიერებს, ლამის ვიფიქრო რომ პირველად მხედავს. ამ ქალს ვერ ვცნობ, მაგრამ საკოცნელად რომ მოიწევს მაინც ღიმილით ვუშვერ ლოყას, ახლოს მოსულს ოფლის, ოდნავ მჟავე და ოდნავაც გასარეცხი ტანისამოსის სუნს ვამჩნევ.
-ჩაიცვი ბაბუას საფლავზე ავიდეთ, -მეუბნება ბიძაჩემი. უარის თქმას ვცდილობ, მაგრამ მერე უკან ვიხევ, ვიცი რომ უარს თუ ვეტყვი საჩხუბ მიზეზს მივცემ და იმ მომღიმარი, დაბრეცილი ტუჩების მერე მისი მრისხანე თვალების დანახვას თავს ვარიდებ. უსიტყვოდ მივდივარ საძინებელში, ჯინსის შარვალს ვიცვამ და მწვანე თხელ პერანგს, ჩემს ერთადერთ თეთრ ბოტასს და ვფიქრობ წუხანდელი წვიმის შემდეგ, სასაფლაოზე, საშინელ ტალახში რა დაემართება. კიდევ ერთხელ ვფიქრდები მუცელი ხომ არ ავიტკიო ან ფეხი ხომ არ მოვიტეხო ბოლოს და ბოლოს, რომ იქ წასვლა არ მომიწიოს. თმას სარკის წინ ვიკრავ, თმები აქეთ იქედან მეშვირება, მოკლეა, აშკარად არ გამოდგება შესაკრავად, მაგრამ გაბრაზებული ვეჯიუტები და უკან ვიმაგრებ.
ბავშვობაში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი სოფლის სასაფლაოზე და იმ ძველს აღარაფრით გავს, თითქმის მთლიანადაა შეცვლილი, საფლავები გამრავლებულა შემოღობილი ტერიტორიის მიღმა, აღარსადაა სკამები და ხეები, შესასვლელშივე იწყება დაბალი, მარმარილოს ქვებით ან რკინის დაწნული რიკულებით შემოღობილი პატარა კვადრატები, არადა ადრე მოზრდილ ტერიტორიაზე ხეები იდგა და შუაში ვიწრო ბილიკზე სამი წუთი მაინც უნდა გეარა რომ საფლავებამდე მისულიყავი. თვალი გადავავლე, სულ ახალი სასაფლაოები იყო, რამოდენიმე მათგანზე მიწა ჯერ ისევ გორაკად იდგა, ფერგასული, ხელოვნური ვენოკები აქეთ-იქეთ ეყარა.
ეს შავოსანი ქალი, თურმე ბებიაჩემის ძმის ქვრივი ყოფილა, ასთმიანივით, ქოშინით მოდიოდა უკან კუს ნაბიჯებით და ყოველ წუთს ისვენებდა, ამიტომ ნებისყოფამ მიმტყუნა და წინ მიმავალ ბიძაჩემს დავეწიე.
ყველა სასაფლაოსთან პატარა რკინის მაგიდები იყო, თითქოს მიწიდან ამოსულაო, ყველგან სუფრა იყო გაშლილი. კაცები ღრეობდნენ ზედ საფლავებზე, ღვინოს ასხამდნენ აქეთ-იქეთ, ფეხით ძირს დაყრილ საჭმელს ზელდნენ, მერე ერთი მეორის სუფრაზე გადადიოდნენ და იქ აგრძელებდნენ სმა-ჭამას. თავი უხერხულად და უცხოდ ვიგრძენი, ბიძაჩემიც სანამ მამამისის საფლავთან მივიდოდა ხუთგან მაინც გაჩერდა, ხელებში შევყურებდი შეშინებული - არ დაელია, ვიცოდი რაღაც ინექციებს იკეთებდა და თუ დალევდა ცუდად გახდებოდა, ესეც რომ არა ღრმა ბავშვობიდან ტრამვა დამმართა და მთვრალი კაცების ფობია ჩამომიყალიბა.
ბებომ დაწნული კალათა მაგიდაზე დადო და ბაბუას საფლავს დააშტერდა, ჯერ სანთლები ამოიღო და საფლავთან გაკეთებულ მინიატურულ, ეკლესიის ფორმის სასანთლეში დააწება.
-თაია, კალათი ამოალაგე, - მთხოვა.
რა ცუდად ვგრძნობდი თავს, სიახლოვე ვიგრძენი სიკვდილთან. რა მაშორებდა მათგან ვინც აქ სამუდამოდ დატოვეს, არაფერი, შესაძლოა ნებისმიერ წამს ერთი კვადრატის სამუდამო მკვიდრი მეც გავმხდარიყავი. შავი, და აქა იქ ფერადი ქვებიდან ახალგაზრდა სახეები შემომყურებდნენ, ზოგიდანაც ხანში შესული ქალები და კაცები. რა საშინელება იყო იმის გააზრება, რომ ოდესმე მეც აქ მომიტანდნენ და დასრულდებოდა ყველაფერი, სიყვარული, მონატრება, სიამოვნება, სიხარული, გაბრაზებაც, ნერვიულობაც... გააზრება რომ არსებობს ცხოვრებაში გარდაუვალი რაღაცეები, მაგალითად სიკვდილი. ვიღაცეების ცხოვრების საბოლოო წერტილთან ვიდექი და ვფიქრობდი ჩემი საბოლოო წერტილი სად, როგორ და როდის იქნებოდა. ბებოს შევხედე, ისევ ბაბუას ქვას დასჩერებოდა, გავიფიქრე თუ ელაპარაკებოდა თავისთვის გულში, ის კიდევ უფრო ახლოს იყო ამ წერტილთან, ექსტრემალურად ახლოს. იმხელა ამოვისუნთქე ლამის გული თან ამოჰყვა, მერე კალათს მივადექი, ჯერ კრემისფერი გახამებული სუფრა გადავაფარე მაგიდას და მერე საჭმელების ამოლაგებას მოვყევი. ბიძაჩემმა წითელი კვერცხები და პასკა აიღო და ბაბუაჩემის საფლავის ქვას წინ დაულაგა, მერე სურათს ხელი გადაუსვა და წინ ჩაიმუხლა.
-ღვინო მომაწოდე. -დამიძახა, ისე რომ არც შემოუხედავს. ჭიქა გამომართვა და ქვის ჩამოყოლებაზე აქა-იქ მიაპკურა.
საჭმლის ამოლაგება რომ დავასრულე საფლავს შემოვუარე და ზურგით დავჯექი რიკულებიან რკინის ღობესთან, რომელიც ბაბუას იცავდა, რისგან ან ვისგან ჯერ არ ვიცი. შემორაგულში, მიწაზე, გვერდით ერთი ადგილი იყო დარჩენილი, ავად გამიელვა გულშ რომ ბაბუას დაკრძალვის დღიდან მოყოლებული, ბებიამ უკვე იცოდა, რომ ეს მისი ადგილი უნდა ყოფილიყო, საბოლოო და სამუდამო ადგილი. საშინელი სევდა მომეძალა, კინაღამ ავტირდი, მაინც რა სენტიმენტალურებს გვხდის სიკვდილის შიში, შიგანად ყველაფერი მითრთოდა. დედასთან მომინდა, მერე მივხვდი რომ ძალიან შორს იყო და კიდევ ერთხელ გავბრაზდი მასზე, რომ არ შემეძლო მის თბილ კალთაში თავი ჩამედო და მეტირა ძალიან ბევრი. მერე დათი გამახსენდა, ახლა რომ მისი ჩახუტება შემძლებოდა ამ მიცვალებულთა სავანეში, ყველაფერს დავთმობდი, მთელ ჩემს პატივმოყვარეობას და ჩემს ამბიციებს მასთან დაკავშირებით, ვიტირებდი და ყველაფერს მოვუყვებოდი რისი ცოდნაც უნდოდა ჩემზე, თავი ჩვრგე მუხლებში და ცრემლები წამომივიდა. ბალახზე რომ ჩრდილი დაეცა მაშინ მივხვდი, რომ თავზე ვიღაც მედგა, თავი ავწიე და ნაცნობ სიწითლეს მოვკარი თვალი.
-არ მითხრა რომ ბაბუაშენს ახლა გლოვობ. -გაიღიმა. მზეზე მისი თმები აალებულ კოცონს გავდა.
ავდექი და ჩავეხუტე, მაგრად ჩავეხუტე, ზურგს მზე მიწვავდა და გულს მისი უსაზღვრო სითბო, თავი მხართან დავადე და ვიგრძენი რომ საბოლოოდ ამიჩუყდა გული, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომივიდა. ხმა არ ამოუღია, აღარც არაფერი უკითხავს, მორჩილად იდგა და მმალავდა რომ არავის დავენახე ატირებული. ბებომ მაგიდასთან მიიპატიჟა, ჭამაზე უარი თქვა, მაგრამ დალევაზე ახლაც თანახმა იყო.
ყველაფერი რომ ავალაგე და წამოსვლა დავაპირეთ, ჩვენმა ნათესავმა, შავოსანმა ქალმა დაიჩემა ჩემი ბიძაშვილის სასაფლაოზე უნდა გადავიდეო. ყველა იქით დაიძრა და მეც მათ გავყევი, ძველისძველ, ხავსმოდებულ, რკინით შემოსაზღვრულ სასაფლაოს მივადექით, თვალები გამიფართოვდა როცა დავინახე, რომ საფლავს ბოქლომი ედო, არადა ღობის სიმაღლე ერთი მეტრი თუ იქნებოდა და საფლავზე ორი ქვა იდგა მხოლოდ ორი სურათით. დავფიქრდი, რისგან იცავდნენ ორ კვადრატ მიწას და რა შეიძლება ყოფილიყო ამ ბოქლომის დანიშნულება.
-შვილო, მე მანდ ვერ გადავალ და აქ მოსული ისე ხომ არ გავბრუნდები, შენი ჭირიმე გადადი და სანთელი დაუნთე მაგ უბედურს, არავინ მაგასთან მომსვლელი არ არის. -მითხრა მოხუცმა და ორი სანთელი გამომიწოდა, ერთი პატარა და ერთი ოდნავ მოზრდილი ზომის. საფლავზე გადავძვერი და ასანთი მოვიმარჯვე, ჯერ დიდ სანთელს წავუკიდე ცეცხლი და ის იყო ქვასთან დაწებება გადავწყვიტე, რომ მოხუცის მკაცრმა ხმამ ადგილზე გამაქვავა.
-რას აკეთებ, მაგას სად ანთებ, ისეთი უვარგისი დედაკაცი იყო, მაგას პატარა სანთელი დაუნთე, ეგ რაც ხელში გიჭირავს კიდევ ცხონებულ ჩემს ბიძაშვილს დაუნთე, არ იყო ცუდი კაცი, ცოლის ენის ამყოლი კი იყო...
გიჟივით გამეცინა, რას ფიქრობდა, ან მე რას მაკეთებინებდა თუ იცოდა, გეგონება ღვთის წყალობა სანთლის ზომის მიხედვით გადადიოდა ადამიანებზე. წავედი და ულვაშა კაცის წინ დიდი სანთელი დავარჭე, მერე ერთხელ კიდევ შევხედე და გამეცინა, შავოსანი მოხუცი კმაყოფილი ჩანდა და ნიშნის მოგებით გადაჰყურებდა საფლავის ქვიდან მომღიმარ წარბგადაბმულ ქალს.
ჯერ კიდევ ვმუშაობდი ჯიმიმ რომ დამირეკა, მითხრა სამწვადე წამოიღე და პირდაპირ ტყისკენ ამოდიო, ვეღარ მოვისვენე სამსახურში, მანქანაში ჩავჯექი და ბაზრისკენ გადავუხვიე. უმიზნოდ ვიხეტიალე, ხორცი გარეთ გამოეკიდათ და ყასაბი ბუზებს ზედვე აკლავდა საკლავით, თან ირწმუნებოდა უნაკლო ხორციაო. ვუარე ამ ხორცს გარშემო და ყასაბიც არ ნებდებოდა, ურტყამდა და ურტყამდა სახოცს ხორცს. დედაჩემს გადავურეკე, ვკითხე ხორცს სად ყიდულობდა, ზუსტად ვიცოდი ასე, გარეთ გამოკიდულ ხორცს მზის გულზე ეგ არ გაეკარებოდა, სოფელში ერთერთ ოჯახში მიმასწავლა, მითხრა მაცივარში აქვთ შენახული და თან თავიანთი საქონლის არისო.
-დათი, დედი, დღეებიღა რჩება და ცოლს მოიყვან, წესიერი ხორცი სად იშოვება კი უნდა იცოდე. -მითხრა რბილად და გამითიშა.
ნელა ავუყევი აღმართს სახლისაკენ, ვიფიქრე იქნებ თაიას გადავყროდი სადმე, როგორ ვეწინააღმდეგებოდი ჩემში აბობოქრებულ თვრამეტი წლის მოზარდს, რომელიც გასაქანს არ მაძლევდა, და რაც მეტად ვცდილობდი ჩემი დალაგებული ცხოვრება დამეფასებინა, მეტად მიმიწევდა გული ერთადერთი ფერადი გოგოსკენ ათას შავთეთრ გოგოში.
არადა გამბედაობა არ მყოფნიდა, მივსულიყავი თაკოსთან და მეთქვა დავინიშნეთ, მაგრამ უცებ გადამაფიქრდათქო, ოცდაათი წლის კაცისთვის ზედმეტად არაადეკვატურ საქციელად მეჩვენებოდა მე თვითონაც კი, მაგრამ ამაზე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა დედაჩემისთვის ამის თქმა, ქალისთვის, რომლისთვისაც ჩემი დაბადების დღიდან არ უარსებია არაფერს ჩემი მოვლა-პატრონობის გარდა, პაციენტებსაც კი სახლში იღებდა და სამსახურზე მერეც არ უფიქრია რაც წამოვიზარდე. ქალისთვის, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში მარადჟამს ღირსეული ადგილი ჰქონოდა. ღირსეული ქმარი, პატისაცემი შვილი და კარგი ოჯახიდან გამოსული რძალი, და ხომ კარგად ვიცოდი თაიას ოჯახზე რასაც ფიქრობდა... მაგრამ რა ჯანდაბაზე ვფიქრობდი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოცი წლის გოგო უკვე ნამყოფი იყო სულ მცირე ორ კაცთან, რომლიდანაც სავარაუდოდ არ ფიქრობდა, რომ რომელიმეს გააჩნდა მასთან სერიოზული გეგმები მომავალზე, თანაც არაფერს მიყვებოდა, ხომ შეეძლო მოვეტყუებინე მაინც, რაღაც ისეთი მოეფიქრებინა... მაგრამ არა, ჯიუტად დუმდა, არადა რათქმაუნდა საუკეთესო ვარიანტი ვიყავი მისთვის, თუმცაღა თავი ისე მაღლა ეჭირა, რომ მგონი ვერც ვწვდებოდი. ესეც რომ არა, ასე გიჟივით ამოვიჩემე რამოდენიმე წლის წინ თაკო, მოწყურებული დავდევდი და ერთი სული მქონდა ხელებში მომეწყვდია, მაგრამ გაიარა არც ისე დიდმა დრომ და აი, ახლა თაია...
ძაღლის წკავწკავმა გამომაფხიზლა, მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე და გადმოვხტი, საბურავთან ლეკვი იწვა და წკმუტუნებდა, გარეგანი დათვალიერებით ვერაფერი აღმოვუჩინე, სავარაუდოთ დამუხრუჭება მოვასწარი, მაგრამ მაინც გვარიანად მქონდა გული ამოვარდნილი. არ ვიცი შეშინებული იყო, თუ რამე დავუშავე - რამდენიც ვცადე ფეხზე დამეყენებინა, სულ წვებოდა. მანქანაში ჩავისვი და ტყისკენ ავიღე გეზი. მდინარე გადავიარე და ვიგრძენი, წყლის და მანქანის შეჯახებამ რომ შინაგანად დამამშვიდა, წყალი ჯერ მანქანას გაადაევლო და შემდეგ კალაპოტიდან გადავიდა.
-რა გააკეთე, მანდ ვაპირებდით ცეცხლის დანთებას და სულ დაასველე. -გამომძახა ვატომ.
ლეკვი გადმოვიყვანე და გოგოებისკენ გავემართე.
-ვერ ვიგებ რამე სტკივა თუ შეშინებულია, -ვთქვი.
-დაეჯახე? - მკითხა ტასომ.
-მგონი დამუხრუჭება მოვასწარი.
თაიამ მდინარეში ხელები დაიბანა, თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა და თქვა რომ მეორედ ხახვს ის აღარ დაჭრიდა, მერე მომიახლოვდა, ლეკვი გამომართვა და შუბლშეკრულმა მომახალა,
-რაზე ფიქრობდი რომ ვერ შენიშნე?
-როიალზე... -გავუღიმე.
-უფრო აზრიანი აღარაფერი მოგდის თავში?
-მეჩხუბები?
-არა, გეკითხები.
-რა არის უფრო აზრიანი?
ჯერ ავად შემომხედა და წავიდა, მერე თითქოს რაღაც მოაფიქრდაო, უკან დაბრუნდა, მომიახლოვდა და მწარედ მომახალა.
-შენს საცოლეს რატომ არ სთავაზობ როიალზე სექსს? თუ ის სხვა რამისთვის გჭირდება, უფრო ღირსეული მიზნებისთვის?
პასუხი აღარ გამიცია, ისედაც ვგრძნობდი, რომ ვატო და ეკა ჩვენ გვიყურებდნენ.
რომ დავჯექი გასაღები დავაგდე მინდორზე გაშლილ გადასაფარებელზე, თაია დასწვდა და აიღო, მერე მასზე დაკიდებულ ერთერთ ,,ბრელოკს“ დააშტერდა, კლეოპატრას თავი იყო ლითონის.
-საიდან გაქვს ჩამოტანილი? -მკითხა.
-ეგვიპტიდან ჩამომიტანა ჯგუფელმა... -გამოვართვი გასაღები, მოვხსენი და მივაწოდე. -შენი იყოს.
ჯერ თითქოს ყოყმანობდა და მერე გამომართვა. რომ ჯდებოდა ვატომ წაართვა. აღარ აძლევდა და აწვალებდა. ნერვები მომეშალა ჯერ იმაზე, რომ ეს ეხვეწებოდა და ახლა ისიც რომ აღარ ასრულებდა ამ ცანცარს.
მივედი და წავართვი.
-კარგი რა, ტვინი წაიღე. -მივახალე და თაიას გავუწოდე ჩემი კლეოპატრა, ეგვიპტური წარწერებით.
მთელი საღამო არაფერი შეუმჩნევია, იღიმებოდა, რომ ვმღეროდით თვითონაც ღიღინებდა.
კარგად რომ მოვილხინეთ, თაია ადგა და ეკასთან და ტასოსთან ერთად გავიდა, ვატომ თვალი ბოლომდე მიადევნა გოგოებს და სიბნელეში რომ გაუჩინარდნენ კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძვრინა, თითებში აათამაშა, თავი დახარა და ჩუმად თქვა.
-თაია მიყვარს.
ნასვამი ვიყავი და მოსაწევის ნორმასაც გადავაჭარბე, მაგრამ რამოდენიმე წამით ვიგრძენი, რომ ორგანიზმში ყველაფერი მიჩუმდა.
-ბევრი მოგივიდა შენ... -დაიწყო ჯიმიმ, იმის შემდეგ რაც გადაიტანა მოსაწევს აღარ ეკარებოდა. მაგრამ მაშინვე შეაწყვეტინა ვატომ.
-არ შეიძლება მიყვარდეს?! -თვალი მოავლო ყველას და სადღაც ჩემს შუბლთან მზერა შეაჩერა. -ვიცი რომ ძალიან ლამაზია...
-მოდი ხვალ დავილაპარაკოთ ფხიზელ გონებაზე რომ იქნები, ახლა სახლამდე ჩაგვიყვანს დათი ყველას, სანამ რამე ისეთს გააფუჭებდე, რომ მერე ერთმანეთის თვალებში ჩახედვა შეგვრცხვეს. -გუჯა ყველაზე ფხიზლად გამოიყურებოდა ჩვენს შორის.
-ახლა ვეტყვი, დღეს, და სახლამდეც მე მივაცილებ, თქვენ წადით და ტასო და ეკაც წაიყვანეთ.
-არ გამოვა ვატო ეგრე, ასეთი ამბები მთვრალზე და კაიფში არ გვარდება. ჯიმი ფეხზე ადგა და სავარაუდოთ ვატოს წასაყვანად მოემზადა. -დათი, უთხარი რა რამე, ხო იცი რომ შენი უფრო სჯერა, -ახლა მე მომიბრუნდა.
-დათი მითხარი რამე... -ირონიულად ჩაიცინა. -იქნებ უკეთესის ღირსია, მაგრამ თვითონ ჯერ ვერ ხვდება უკეთესი რა არის, პატარაა მაინც... -პირში მწარე გემო ვიგრძენი, ჩემს ბავშვობის ძმაკაცებთან თავი ასე განდეგილად პირველად ვიგრძენი. იმ წამს, რაც აფორიაქებულ თავში მომივიდა ის იყო, რომ სახლში უნდა წავსსულიყავი, ვერაფრით ვიპოვე იმდენი ძალა რომ ამ სიტუაციას აქ და ახლავე გავმკლავებოდი.
-იქნებ ხვალამდე მოგეცადა, -ძლივს ამოვღერღე და ფეხის ხმაც გავიგე, გოგოები მოდიოდნენ და თაია ყველაზე ხმამაღლა და მარტო მისთვისდამახასიათებელი მანერით იცინოდა.
-წავიდეთ, - გუჯა სასწრაფოდ წამოდგა და ვატოს მხარზე ხელები დაალაგა.
-თაია... -დაიწყო ვატომ, აშკარად გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ყველასთვის უნდა დაესწრო მისი მისაკუთრება, ამის შემდეგ ხომ ვეღარცერთი ვერ შევხედავდით როგორც სასურველ ქალს, ამის შემდეგ ის ქალი გახდებოდა, რომელიც ჩვენს ძმაკაცს უყვარდა, და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა თაია რას იტყოდა ან იგრძნობდა.
-გოგოებო მანქანაში ჩასხედით. -ხმამაღლა დაიძახა ჯიმიმ.
-მიყვარხარ თაია, არ უნდათ რომ გითხრა, მაგრამ მიყვარხარ, ვიცი რომ სხვადასხვა ვართ, შენ ლამაზი და ჭკვიანი, მარტო აქ კი არა - სოფელში... ყველგან გამორჩეულად მშვენიერი, ყველა ქალს შორის, მე ჩვეულებრივი სოფლელი კაცი, ერთი წიგნი რომ არ აქვს წაკითხული, მეცხრე კლასიდან გამოსული და საქმეში შებმული... მაგრამ ეს ხომ სიყვარულის უფლებას არ მართმევს, რომ შენნაირი მშვენიერება მიყვარდეს. შენი ჩამოსვლის დღიდან ვფიქრობ, რომ არ უნდა გითხრა, მაგრამ მას შემდეგ რაღაცეები შეიცვალა, და ახლა მინდა რომ იცოდე, იცოდე, რომ მე მიყვარხარ... -მერე ხმას დაუწია, თითქოს ახლაღა გამოფხიზლდაო და ჩურჩულით განაგრძო, -იმაზე კი არ ვფიქრობ რომ მიწასთან ნაჭიდები, რომ სახლის კარს შემოვაღებ ეგ სიფრიფანა ხელები გამიშლიან სუფრას, ან იმაზე რომ მაგ სილამაზეს სოფლის უბადრუკ სახლში ამოვაღამებ... არა, არაფერზე... იქნებ მეცოდები კიდეც ჩემნაირი კაცისთვის, არაფერს გთხოვ საპასუხოს, ერთადერთი რამის გარდა, ჩემზე უარესი კაცი არ ნახო, შენი უარი არ მომკლავს, მაგრამ თუ მეცოდინება ცუდ კაცს ჰყავხარ, ეგ მომკლავს... მთავრი ის არ არის შრომით გაუხეშებული ხელები მოგეფერება თუ კალმის ჭერისგან დასუსტებული, მთავარია იმ ხელებს სუფთა გული ამოძრავებდეს...
ყველა გაჩუმდა, ვეღარაფერს იზამდნენ, პირველად ვიგრძენი რომ საკუთარ თავთან დამაპირისპირა რაღაცამ. გამოაშკარავებული ქურდივით ვიდექი და ხმა ვერ ამომეღო, თვალებს და ხელებს ადგილს ვერსად ვუძებნიდი, უაზროდ ვამოძრავებდი, თაიას ვუყურებდი, რომელმაც საუბარი არცერთხელ არ შეაწყვეტინა მასზე გაგიჟებულ კაცს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაასრულა სათქმელი უკან უკან დაიხია და მიწაზე დაჯდა.
-წავედით ჩვენ. -გუჯამ ხელი მოხვია ვატოს და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
-აიბარგეთ ჩვენც მივდივართ, -დაიძახა ჯიმიმ, თაია ფეხზე წამოაყენა, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და მანქანის კარი გამოუხსნა, ტასო და ეკაც უკან ჩასხდენე, ჯიმი გვერდით მომიჯდა და დავიძარით. არაფერი მომდიოდა თვაში, არც კარგი, არც ცუდი, არც რაიმე გამოსავალი, არც რაიმე ისეთი, რომ ჩემს დაბნეულობას და სიჩუმმეს არ გავეყიდე. უკანა სავარძლიდან ტასოს ჩურჩული გავიგონე, თაიას ბოდიშს უხდიდა და ცდილობდა რაიმე ისეთი ეთქვა, რაც ვატოს გაამართლებდა.
ვერ ვიხსენებ სახლამდე მოსვლის მომენტებს, ვერაფერს საერთოდ, შინაგანად რაღაც მჭამდა, რაღაც სრულიად ახალი და აქამდე არარსებული.
გაგრძელება იქნება ორშაბათს