რეჟისორ ლევან წულაძისა და მსახიობ მანანა კოზაკოვას ოჯახს საქართველოში ბევრი იცნობს. სულ ცოტა ხნის წინ მათ ერთადერთ ქალიშვილს, თინათინ წულაძეს, პირველი შვილი შეეძინა.
მანანას ბებიის სახელი ჰქვია, რომელიც განსაკუთრებულად უყვარდა. ის ხელოვანი არ ყოფილა, თუმცა თეატრი სწორედ ბებიამ შეაყვარა. ექიმი იყო. ახსოვს, ერთხელ ბებიას სახლში საყურე დარჩა, მან კი არ დაიზარა, მიბრუნდა, უშუქობისგან ჩაბნელებული 12 სართული აიარა და უსამკაულოდ მაინც არ წავიდა.
დედა...
ამ სიტყვაში მანანა კოზაკოვასთვის დღესაც ბევრი რამ ეტევა - მშობელიც, მეგობარიც, მესაიდუმლეც... დედა მას საკმაოდ მკაცრად ზრდიდა. მიუხედავად ამისა, მათ ყოველთვის თანასწორუფლებიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ასეა დღემდე...
მანანას მამა ცნობილი საბჭოთა მსახიობი, მიხეილ კოზაკოვი იყო. მან ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, როგორც თეატრისა და კინოს მსახიობმა და რეჟისორმა. ბევრს და წარმატებით მუშაობდა ტელევიზიაში, როგორც რეჟისორი („უსახელო ვარსკვლავი“, „პოკროვის კარიბჭე“, „ფაუსტი“ და ა. შ.). თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „მესამე ზარი“, მსახიობი წერდა, რომ 1956 წლიდან 1988 წლამდე თანამშრომლობდა სსრკ-ის კგბ-სთან.
1991 წლის აგვისტოში კოზაკოვს მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს ისრაელში და ისიც ოჯახით გადავიდა. 4 წლის განმავლობაში ის ივრითზე თამაშობდა სპექტაკლებს თელ-ავივის კამერულ თეატრში. შექმნა რუსული დასი, რომელთანაც მოამზადა 4 სპექტაკლი.
1996 წელს მსახიობი დაბრუნდა რუსეთში და შექმნა საკუთარი დასი, სახელად „მიხეილ კოზაკოვის რუსული ანტრეპრიზა“.
როგორც კი წამოიზარდა, ყველა ეუბნებოდა: "რა თქმა უნდა, შენ იქნები მსახიობი", მის გარშემო სხვა აზრს არავინ უშვებდა. ბავშვობიდან მართლაც იტაცებდა მსახიობობა, დგამდა კიდეც სპექტაკლებს, თამაშობდა.
იმ აზრით იზრდებოდა, რომ მსახიობი უნდა გამოსულიყო. უკვე წამოზრდილს, როცა პროფესია უნდა აერჩია, პროტესტი გაუჩნდა და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ჟურნალისტობა სურდა. კარგად წერდა, კალამი და გონებაც უჭრიდა და ამიტომ გადაწყვიტა ჟურნალისტობა.
გოგი მარგველაშვილი ოჯახის ახლობელია, ერთხელ მათთან სტუმრად მივიდა და უთხრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ: "ხომ არ ატყუებ საკუთარ თავს, ხომ არ გეჩვენება, რომ მსახიობობა გინდა, მაგრამ პროტესტის გამო შენს თავს არ უტყდები".
ბატონმა გოგიმ დინჯად გაუზიარა საკუთარი აზრი იმის შესახებ, რაც მანანამ ისედაც იცოდა. ის ღამე, ახსოვს, თეთრად გაატარა. ბოლოს მოიკრიბა ძალა და აღიარა, რომ მართლაც მთელი ცხოვრება უნდოდა მსახიობობა. გამოცდებამდე 3 თვით ადრე გადაწყვიტა და ჩააბარა კიდეც თეატრალურ უნივერსიტეტში.
ლევან მირცხულავას ჯგუფში მოხვდა. მასთან ერთად სწავლობდნენ: დათო დარჩია, ზალიკო ჩიქობავა, ნიკო გომელაური... არაჩვეულებრივი დრო იყო. სტუდენტობა, პირველი შეხება სცენასთან, რაღაც სხვა სამყაროა თითქოს...
„მახსოვს ჩვენი პირველი პაემანი, რომელიც დავუნიშნე ოპერასთან… მოვდიოდი თეატრალურიდან. მას ეცვა შავი პალტო და ეკეთა შავი ბეწვი. თხელი და გამხდარი გოგო იყო. ახლაც ასეთია…
იცვლება მოტივაცია, ისე, როგორც წელიწადის 4 დრო. არის სუსხიანი დროც, არის გაზაფხულიც, არის ზაფხული, შემოდგომა…
ახლა ვართ შემოდგომის პერიოდში…
ჩვენ დიდი ხანი არ გვივლია. წავედით სუფრაზე მეგობართან. დაახლოებით მესამე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოჯახი შეგვექმნა. უცებ მოხდა ეს, გზადაგზა მოგვიწია ერთმანეთის გაცნობა.
ყველაზე კარგი პერიოდი არის შემოდგომა, როდესაც იღებ აბსოლუტურად ყველაფერს, ნაკლებად იპრანჭები იმიტომ, რომ გიცნობენ უკვე კარგად" - იხსენებდა ლევან წულაძე.
„ყოფილა კრიზისული, დაძაბული პერიოდები… ლევანმა საერთოდ არ იცის პირადი საუბრები, ახსნა. მეუბნებოდა, მე არ ვარ დედაშენი, სამზარეულოში ჩაისთან ერთად რომ წყვეტთ ყველა პრობლემასო.
ასე არ განიხილავდა, რატომ შეგვემთხვა და ფსიქოთერაპევტთან წავიდეთ და ა.შ. პირველად ვამბობ ახლა, ლევანმაც არ იცის… მივდიოდი რეპეტიციებზე, არა ჩემსაზე, მის რეპეტიციაზე და იქ იმდენ ახსნას ვპოულობდი, ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც უხსნის ქალს მის დრამატულ როლს, არ შეიძლება არ ესმოდეს ჩემი. იქიდან ვიღებდი ბოდიშსაც, სიყვარულის ახსნასაც, თითქოს იქ ვპოულობდი რაღაც ნამდვილს, რასაც თვითონ ვერ მეუბნებოდა ან ვერ გამოხატავდა" - ამბობდა მანანა კოზაკოვა.