დილით რვა საათი არ იყო ჯერ გამხდარი, ეკას შარიშურმა რომ გამომაღვიძა, მაგრამ თვალები დავხუჭე და გვერდი ვიცვალე. რომ გაემზადა, შუბლზე მაკოცა და მითხრა:
- დაიძინე შენ, მე უნდა გავიქცე მიწიერ ჯოჯოხეთში.
- გააზვიადე და შვებას იგრძნობ. - მივაძახე.
- გელოდები დღეს, გამოიარე და მნახე, სად ვმოღვაწეობ.
- ვისაუზმებ და წამოვალ. ავტობუსი თუ არის დღეს? თუ აუცილებლად ფეხით უნდა ვიწანწალო?
- 12 საათზე გამოვა და ჩვენს გაჩერებასთან იქნება პირველის ათ წუთზე.
მისაღებში გავიდა, მრგვალ, მოჩუქურთმებულ სარკეში თვალი შეავლო თავის ბროწეულისფერ თმას, ხელით გადასწია და გადმოსწია, მერე ნიკაპი სარკეს მიუახლოვა, ახლო ხედით დააკვირდა და კარისკენ წავიდა. ძილის გაგრძელების სურვილი დამეკარგა, ხალათი მოვიცვი და უკან გავყევი. კიბეზე შემოტრიალდა, შემათვალიერა, მერე თვალებში ის ბიჭური სხივი გაუკრთა და ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
- იცი, რა არის ქალისთვის ნამდვილი ბედნიერება?
- როცა გვერდით კარგი კაცი ჰყავს... - კიბის თავში გავჩერდი.
სახე დაეჭყანა, აშკარად სხვა რამის თქმას აპირებდა.
- რა კაცი?! როცა ახალგაღვიძებულიც და მოწესრიგებულიც ერთნაირად ლამაზია. შენ თუ იცი, რამდენი ქალი ხდება პირის დაბანის შემდეგ ღამის კოშმარი?!
გამეცინა. დილიდან სიგიჟის ხასათზე იყო. მიდიოდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ალისფერ სითბოს ტოვებდა, ყველაზე დაუფასებელ და ყველაზე დასაფასებელ რამეს, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს დაუტოვოს.
ბებო უკვე ამდგარიყო, კარებში იჯდა დაბალ, უზურგო სკამზე და ჰორიზონტის ხაზს მოჭუტული თვალებით გაჰყურებდა.
ვისაუზმეთ, ტანისამოსი ჩავიცვი და გაჩერებაზე ჩავედი. დიდი, წინა საუკუნის გადმონაშთი ყვითელი ავტობუსი ხმაურით მომიახლოვდა და წივილით დაამუხრუჭა. უკან დავჯექი. იმხელა საზურგეები ჰქონდა სკამებს, წინ არაფერი ჩანდა. რამდენიმე მეტრში კიდევ ერთხელ გაჩერდა და ავტობუსში ორი ქალი და ბავშვი ამოვიდნენ, ჩემ წინა სავარძლებზე დასხდნენ. საზურგის სიდიდის გამო მხოლოდ ფანჯრიდან მოვკარი თვალი. ბავშვს ყოველ წამს უცნაურ ხმაზე ახველებდა. სავარძლებზე რომ მოკალათდნენ, ბავშვის ავადმყოფობის ისტორია განიხილეს. ყურსასმენები მოვიმარჯვე და ვიდრე გავიკეთებდი, რაღაც საინტერესოს მოვკარი ყური.
- მაიასთან მყავდა ორი დღის წინ. მითხრა, ზედა სასუნთქი გზების ანთება აქვსო. ხომ იცი, როგორი წამლების გამოწერაც უყვარს, ისეთი ძვირი ღირდა, ფული ვისესხე და ისე ვუყიდე. ორი დღე გავიდა, მაგრამ სპაზმი არ ეხსნება და სიცხეები აქვს მაღალი. საავადმყოფოში მიმყავს. მე მგონი, ვერაფერი ვერ გაუგო.
- რას ლაპარაკობ, ხომ იცი, რომ კარგი პედიატრია. - საუბარში მეორე ქალი ჩაერთო.
- ის ვიცი, რომ ფულის ჩადება უყვარს კარგად. თურმე სახლში მისდიან წამლის დისტრიბუტორები და ბლომად ფულებს უჯიბავენ, იმათი ძვირიანი წამლები რომ დაწეროს. იმასაც რა ენაღვლება, წერს და წერს...
გაჩუმდა ეს მეორე ქალი, არ ეთანხმებოდა აშკარად, მაგრამ კონფლიქტს თავს არიდებდა. ამიტომ საუბრის თემა შეცვალა.
- მოიყვანა ცოლი მაგისმა ბიჭმა?
- ბავშვი რომ მყავდა, ვკითხე. ხომ იცნობ, რანაირიც არის, კუდაბზიკა და ქედმაღალი, ამ სოფელში თავის ტოლად არავის მიიჩნევს. მალე მოიყვანსო, მომიგდო ორი სიტყვა.
- ექიმების შვილია ის გოგო, თვითონაც ექიმი ყოფილა, სახელმწიფო უნივერსიტეტში უსწავლიათ მაგასაც და დათისაც.
- აბა, მაგას ნაკლები ხომ არ ეკადრებოდა?! მაგრამ შეიძლება კოვზი ჩაუვარდეს ნაცარში მაიას, ისეთი ვინმე ჰყავს დათის გადაკიდებული.
- რას ამბობ, ვინ?
ყურებში გაბმით გავიგე უცნაური წივილი. ვიგრძენი, სხეული ერთბაშად როგორ დამიმსუბუქდა და მერე ორმაგად როგორ დამიმძიმდა. სუნთქვა შევიკავე, რომ სათითაო ბგერა გამეგო.
- ირინას გოგო. ვითომ ბებიამისთან არის ჩამოსული. მიგდებული ჰყავთ წლებია, ის ავადმყოფი ბიჭი უვლიდა, შვილი. აღარ სვამსო, ამბობენ. ახლა ჩამოსულა ეს გოგო და მოუსწრია ფეხის ჩადგმა დედამისის კვალში.
- საიდან გაიგე?
- ახლობელმა მითხრა. ახლა ხომ ვერ გავთქვამ, ვინ, ან სახელის და გვარის ცოდნა რას გაძლევს შენ. მანქანით დაათრევს თურმე დღე და ღამე. ამას წინათ თავისი თვალით დაუნახავს, ისეთ მთვრალს გაჰყოლია ტყისკენ, თურმე თვალებს ვერ ახელდა. მაგისი ბავშვობის მეგობარი არ არის და მაგისი ასაკისა კიდევ, რა უნდა, სად დასდევს, მაგრამ რასაც დედამისმა გამოჰკრა ხელი მაშინ, იმას გამოჰკრავს ეგეც... სოფელში აღარ ჩამოესვლება.
- ამას წინათ დავინახე, დედამისის ასლია, ისეთი ლამაზია. რა იცი, იქნებ ისედაც კარგი გოგოა?
- ტყუილად არავინ არაფერს იტყვის. ეტყობა სხვა დროსაც შეამჩნია საეჭვოდ ეგენი ერთად.
- ეგ თუ მართალია, რასაც ამბობ, მაია არ დაუშვებს მაგ ამბავს...
- ჰო, ყველაფერს რომ თავი დაანებო, დედამისი ისეთი სახელგატეხილი იყო, ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოსჭრაო, ხომ გაგიგია?!. ახლა ბიძამისი გიჟი და... ირინას მამამაც მაგის უსახელობის გამო მოიკლა თავი, სირცხვილი ვერ გადაიტანა. თავი გაუხმეს, ანგელოზივით გოგო იყო, გააგიჟა ფულმა და ოჯახს უნგრევდა იმხელა კაცს. ამდენი ხალხის უბედურების მიზეზი გახდა.
- არ ვიცი, რაც არ ვიცი, რა გითხრა. ისე, კარგი გოგო იყო, ლამაზი და მოწესრიგებული. მე იმისი ცუდი არ მინახავს და რა ვთქვა. ხომ იცი, მთქმელმა ერთი ცოდვა დაიდო და დამბრალებელმა ათასიო...
- წაიყვანა მერე მშვენიერმა კაცმა და ვერ შეიშტვინა, დაჰკრა ფეხი და გავარდა საზღვარგარეთ. კუზიანს მარტო სამარე გაასწორებს.
ჰაერი აღარსაიდან მოდიოდა, მათი სიტყვები ყელზე ყულფივით შემომეჭდო და მახრჩობდა. აღარაფერი ჩანდა, არც გზა, არც ადამიანები... ჰაერი ჩაიხუთა და ოფლმა დამასხა. რაც შემეძლო ქვემოთ ჩავჩოჩდი და სახეზე თხელი, პეპლებიანი შარფი ავიფარე. არ მეტირებოდა, უკიდეგანო სიბრაზე მახრჩობდა. ისე ადგნენ და ჩავიდნენ ავტობუსიდან, სიტყვის თქმა ვერ მოვახერხე. ყელში მიჭერდა სიტყვები, რომლებიც უნდა მეთქვა, მე კიდევ ენის პირში მოტრიალებაც კი არ შემეძლო.
ემოციამ ბოლომდე ჩამითრია. ისე ჩამოვედი ავტობუსიდან, რომ სულ მაკანკალებდა, გულისცემას სადღაც ყელში ვგრძნობდი. გიჟივით ავირბინე მეორე სართულზე. ნაცნობ ტყავის კარს მივადექი. არ დამიკაკუნებია, ისე შევხსენი. მონიტორს მიღმა ნაცნობი სილუეტი დავლანდე და მის მოპირდაპირე მხარეს ვიღაც ულვაშა კაცი. დათიმ ჯერ გაოცებულმა გამომხედა, მერე მშვიდად დამიძახა, ცოტა ხანში გავთავისუფლდებიო. ჯიუტად გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, კარი ღია დავტოვე და ამ კაცს წინ დავუდექი. ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
- დიდი ბოდიში, ძალიან სასწრაფო საქმეზე მოვედი, ვერცერთი წუთი ვერ მოვიცდი. იქნებ ნახევარი საათი გარეთ მოგეცადათ.
- თაია, ვამთავრებ ამ კაცთან საბუთების გაფორმებას, ორი წუთი ვერ მოიცდი?
- გთხოვთ, სულ ცოტა ხანს... - დათის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, არ ვიშლიდი ჩემსას.
ეს ულვაშა კაცი ხან მე მიყურებდა, ხან დათის. ბოლოს წამოდგა და ფასფასით გავიდა კაბინეტიდან. გასვლისას კიდევ ერთხელ შემოგვხედა ოდნავ მაღლა აწეული აქოჩრილი წარბების ქვემოდან და კარი გაიხურა.
- რა დაგემართა? - დათი ფეხზე წამოდგა, მაგიდას შემოუარა და ჩემკენ წამოვიდა.
- რატომ წამიყვანე იმ დღეს სახლში? არ დაფიქრდე, ისე მიპასუხე.
- ხომ არ გაგიჟდი? რამე მოხდა?
- მიპასუხე...
დათი მაგიდაზე ჩამოჯდა, თვალებში ჩამხედა და ჩუმად თქვა:
- თავის შეკავება ვერ შევძელი, იმიტომ, რომ იმ დღიდან, ამ კაბინეტის კარი რომ შემოაღე - ვეღარაფერზე ფიქრი ვერ შევძელი, შენ გარდა.
- მატყუებ!
- რატომ უნდა მოგატყუო?
- მერე, რა შეიცვალა მას შემდეგ?
- თაია, არაფერი შეცვლილა, ახლაც იმავეს ვგრძნობ და კიდევ უფრო მეტს, მაგრამ ხომ იცი, რომ საცოლე მყავს, ორ და სამ დღეში ყველაფერს ვერ შევცვლიდი. მერე ვატომ ყველაფერი საბოლოოდ აურია...
- არ მჯერა შენი... სინამდვილეში ის, რაც ვატომ თქვა... - პაუზა გავაკეთე. - შენი ხსნა იყო...
- თუ გიფიქრია, რომ ერთი თვის წინ უნდა მომეყვანა ცოლი და ახლაც რომ არ მყავს მოყვანილი.
- ეტყობა, როიალი არ გიყიდია ჯერ.
- ვერ წარმოიდგენ, თავი რა ცუდად ვიგრძენი, ვატომ რომ თქვა... - გაჩუმდა და მაგიდიდან ჩამოხტა, - რაც თქვა, სიყვარული რომ აგიხსნა. - ახლოს მოვიდა და ისევ ჩემ წინ ჩამოჯდა.
- ვატოს რომ არაფერი ეთქვა, რა შეიცვლებოდა?
- არ ვიცი, რატომ გგონია, რომ ცუდ მდგომარეობაში მარტო შენ ხარ?
- იმიტომ, რომ მარტო მე ვარ.
- კიდევ გნახა იმის მერე? - შემაწყვეტინა.
- ვინ?
- ვატომ.
- არა, მე ვნახავ და დაველაპარაკები.
- რისთვის უნდა ნახო? - თვალები წამოენთო და ზურგით შეტრიალდა, ფანჯრიდან გადახედა ქუჩას. ორივე ხელი ლურჯი, ნაჭრის შარვალზე მიკერებულ ჯიბეებში ჩაიყო.
- მაინტერესებს, რატომ თქვა ის, რაც თქვა...
- გუშინდელი სიამოვნება არ გეყო და მეორედ უნდა აახსნევინო სიყვარული? - ისევ ზურგით იდგა.
- არ მჭირდება ვატოს სიყვარული, და საერთოდაც, მგონია, რომ სხვა რაღაცის გამო...
- აბა, ვისი გჭირდება? - შემოტრიალდა და სწრაფად წამოვიდა ჩემკენ.
მთელი შინაარსი დაკარგა ჩემმა აქ მოსვლამ. თავი უაზროდ ვიგრძენი. ის ისევ შეკითხვებს სვამდა მხოლოდ და მე ისევ თავის მართლების რეჟიმში განვაგრძობდი არსებობას. გავჩუმდი. კარისკენ დავაპირე წასვლა. ზურგისკენ რომ შევტრიალდი, ხელი მომკიდა წელზე. შევბრუნდი და ჩავეხუტე... მაგრად ჩავეხუტე. ხელისგულებმა ნაცნობი სიმკვრივე და სითბო იგრძნო. თავი კისერში ჩავრგე და ავტირდი. ტომ ფორდის ძვირად ღირებული სუნამოს სუნმა სისხლძარღვებამდე შეაღწია და მთელ სხეულში გაჰყვა სისხლის ცხელ ნაკადს. ზუსტად ისეთი სუნი ჰქონდა, როგორიც მხოლოდ მას შეიძლება ჰქონოდა, და ვერ წარმოვიდგინე, თუ კიდევ ვინმეს შეიძლებოდა იგივე სურნელი ჰქონოდა კანზე, ან მას თუ შეიძლებოდა რაიმე განსხვავებული სუნამო ეტარებინა. ეს იყო მისი სურნელი, უნიკალური და ცხელი.
ზურგსა და თმაზე მეფერებოდა. საერთოდ დამეკარგა შეგრძნება იმის, რომ შესაძლოა ნებისმიერს შემოეხსნა კარი და იმ ათასი უბედურებისთვის, რაზეც ის ქალი ლაპარაკობდა ავტობუსში, კიდევ ათასი დაემატებინა. გამახსენდა და გულში ყველაფერი ჩამწყდა. წარმოვიდგინე, რომ დაახლოებით იმავე ინფორმაციას ფლობდა დანარჩენი ყველა სოფელში, მათ შორის, დათის ოჯახი და შესაბამისად, დათიც. ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ წავსულიყავი, აქედან უნდა წავსულიყავი. ფრთხილად მოვაშორე ხელები და კარისკენ წავედი. უკან გამომყვა.
- დარჩი დღეს ჩემთან, გთხოვ, ერთად მოვიფიქრებთ რამეს... - მომეჩვენა, სიტყვებს ფრთხილად არჩევდა.
- რა არის მოსაფიქრებელი? - კარის სახელურს ხელი ჩავჭიდე და თავი მისკენ მივატრიალე.
- ათასი რამე. დავილაპარაკოთ, სულ ყველაფერზე.
- კიდევ ერთი დაკითხვა გინდა მომიწყო იმის გასაგებად, შენამდე ვინ მყავდა და რამდენი?!
- რა არის ცუდი იმაში, რომ ეგ მაინტერესებდეს? რატომ მეჯიუტები, რატომ არ შეიძლება, რომ მომიყვე? აქამდე რომ მოვედით, შენი ბრალია.
- მაგისთვის კიდევ ერთი ღამე არ არის საჭირო, ახლავე გეტყვი, ამ წუთას. შეყვარებული მყავდა. მაშინ ვერ წარმომედგინა, რომ დავშორდებოდი, მაგრამ სიმართლე გითხრა, არც ის წარმომედგინა, რომ მხოლოდ იმის გამო დავრჩებოდი მასთან, რაც ჩვენ შორის იყო. საერთოდაც, ეს ურთიერთობის დეტალი მგონია, ჭანჭიკი და არა მთელი მოტორი და მამოძრავებელი... ის, რაც კოტესთან იყო, არც მაბედნიერებს და არც უბედურად მაგრძნობინებს თავს, ჩვეულებრივი ამბავი მგონია. არც ვნანობ და არც ვამაყობ. ახლა მითხარი, რა შეგმატა ამისმა ცოდნამ?
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, წვერზე ხელი ჩამოისვა, მერე ორივე ხელით სახე და თვალები მოისრისა და ახლოს მოვიდა. ისევ ზემოდან მეორე, შეხსნილ ღილს მივაშტერდი, ისევ ცხვირი მიმეჭყლიტა მის პერანგზე და ისევ ტომ ფორდის ცხელმა სურნელმა მოძებნა სისხლის მღვრიე ნაკადი და მას შეუერთდა.
- ამდენი დრო რატომ დაგჭირდა ამის სათქმელად, ან მაინცდამაინც დღეს რატომ მითხარი?
- იმიტომ რომ დღეს აზრი დაკარგა ამ სიტყვებმა. დღეს სულ ერთია, რა გეცოდინება ჩემზე. კაცთან, რომელიც მხოლოდ იმის გამო შემიყვარებს, რომ მანამდე არავინ მყავდა - არასდროს არაფერი მექნება საერთო. იმიტომ არ გეუბნებოდი აქამდე, რომ მაინტერესებდა, მართლა გრძნობდი თუ არა რამეს და გადალახავდი თუ არა ამ უაზრო ცნობისმოყვარეობას. ახლა ვიცი, რომ მაინც არაფერს გრძნობ და ამიტომ გითხარი. და ესეც რომ არა, სავარაუდოდ, ოდნავ აღვემატები ჩემი ასაკით შენი ქალების რაოდენობას, ვინც ოდესმე გყოლია. ან იქნებ მასწრებ კიდევაც, მაგრამ არ მგონია, თავში აზრად მომსვლოდა და ყოველ ჯერზე დაკითხვა მომეწყო ამის გამო.
- რა შედარებაა, თაია, კარგი რა, შენ ქალი ხარ...
- ჯერ ადამიანი ვარ, ისევე, როგორც შენ. სიყვარულის უფლება ზუსტად ისევე მაქვს, როგორც შენ... და ის, რაც ერთხელ სიყვარულით გავაკეთე, თურმე არ მეპატიება. ამ დროს შენ ასჯერ მაინც გექნება გაკეთებული ოცდაათი წლის მანძილზე და რატომღაც სრულიად საპატიო და გასაგებია თურმე.
სახელურზე ხელი გამიოფლიანდა და შემახსენა, რომ უნდა წავსულიყავი. კარი უხმაუროდ და ნელა გამოვაღე და კიბეს ჩავუყევი. უკან არ გამიხედავს. შენობას იმ მხრიდან შემოვუარე, საიდანაც მისი ტყავისკარიანი კაბინეტის ფანჯარა არ გადმოჰყურებდა. თავშლიანი ქალის ძეგლის ძირში ქვაზე ჩამოვჯექი. არაფერზე მიფიქრია, არც გამვლელებზე, არც დათიზე, არც იმ ქალზე, ორ წუთში რომ შვიდი ანდაზა მიუსადაგა ჩემი ოჯახის ამბებს და ყველა კითხვაზე რომ გამცა პასუხი, თან ისე, რომ არაფერი მიკითხავს არც დედაზე, არც ბებოზე... საკუთარ თავზე ვფიქრობდი, იმაზე, რომ ის ქალი რასაც ჰყვებოდა, ნაწილობრივ მაინც იქნებოდა სიმართლე; იმაზე, რომ შესაძლოა საკუთარ ოჯახზე ყველაზე ნაკლები იცოდე და სხვისაზე იმ სხვაზე ბევრად მეტი. რა უნდა მეკითხა ან ვისთვის, ან რა აზრი ჰქონდა სიმართლის ცოდნას, რომელიც აღარაფერს შემიცვლიდა სხვების თვალში.
წამოვდექი და ეკას მაღაზიისკენ წავედი. რომ შევიხედე, მაცივარში იყო ჩაყუდებული და წმენდდა. ყველაფერი გარშემო შემოეყარა, გაყინული ქათმის ბარკლები, კარაქი, გაყინული გულ-ღვიძლი.
ფეხის ხმაზე თავი ამოსწია. ჯერ სახე გაუბრწყინდა, რომ შემომხედა და მერე კარგად რომ დამათვალიერა, შუბლი შეჭმუხნა.
- აბა, რა ჩაიდინე?
- მაცივარში ჩაყარე ეგ რაღაცები და უნდა დაგელაპარაკო.
- ეს რას გიშლის, გისმენ...
საწყობიდან ვიღაც გალეული ბიჭი გამოტანტალდა. რუხ მაისურზე ფქვილის ან შაქრის ფხვნილის მტვერი ჰქონდა აკრული. მხართან ახლოს მიიტანა ნიკაპი და რამდენჯერმე გაუსვ-გამოუსვა. მერე თავის დაკვრით მომესალმა და მაღაზიის კარში გაუჩინარდა.
- ესაა ის ბიჭი, დედაჩემის დროებით დატკბობას და აქ გამწესებას რომ უნდა ვუმადლოდე.
- ეკა, ახლა ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
მგონი, გული ვატკინე. გაჩუმდა და პატარა პლასტმასის უზურგო სკამზე ჩამოჯდა.
- გისმენ, აბა. - ბროწეულისფერი მოკლე თმა თვალებიდან უკან გადაიწია და შემომაჩერდა. აქეთ-იქით გავიხედე, რომ დავრწმუნებულიყავი, არავინ გვისმენდა. საწყობის თხელი ფიცრის კარი თანაბარ რიტმში ჭრიალებდა ორმხრივ ქარზე.
- შენც იცოდი, არა?
- ვატოს რომ უყვარდი? - ისე მომახალა, სიტყვის თქმა არ დამასრულებინა. - რაში მჭირდებოდა ამის დამალვა?
- არა...
- აბა? - წარბები სადღაც ცხვირთან მოაგროვა და ტუჩები ოდნავ შეღებული დატოვა.
- დედაჩემზე რამე...
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცივი წყალი გადავასხი. წარბებიც და ტუჩებიც იმავე პოზაში გაეყინა და თვალები გაუფართოვდა.
- ვერ გავიგე...
- არა, ზუსტად გაიგე, ანუ აღარაფერს გეკითხები.
სკამიდან ნერვიულად წამოხტა, უკან გადაწეული თმა ხელით ინსტინქტურად ერთხელ კიდევ გადაქაჩა და ხელები შარვალზე გაისვა. არ მგონია, სველი ჰქონოდა, უფრო უხერხულობისგან დაემართა.
- თაია, მაშინებ ძალიან. იქნებ კარგად ამიხსნა, რის გაგებას ცდილობ ჩემგან. ასე, ყველაფერი გავიგეო, რომ მეუბნები, მანერვიულებს, იმიტომ, რომ მე ვერაფერი ვერ გავიგე.
- სახლში დავილაპარაკოთ საღამოს, ან ამაზე აღარასდროს არ ვილაპარაკოთ... იმ ქალმა იმდენი იცოდა ჩემს ოჯახზე, სადღაც ქვედა უბნიდან, შენ ბევრად მეტი უნდა იცოდე, წესით.
- ვინ ქალმა?
- ავტობუსში ჩემ წინ იჯდა. მთელი ასავალ-დასავალი მოჰყვა ჩემების და ბოლოს ისიც თქვა, რომ დედაჩემის კვალში მიდგას ფეხი, და რომ დათის ოჯახი არასდროს არ მიიღებს ჩემი ოჯახიდან გამოსულ გოგოს.
- ხომ არ გაგიჟდა?
- ხომ იცოდი ეს შენც?
ეკა ისევ სკამზე ჩამოჯდა, ტუჩები უაზროდ აამოძრავა ორჯერ, არცერთხელ არაფერი ამოსვლია პირიდან, სათქმელს ვერ არჩევდა, სიტყვებს ისეთ წყობას ვერ აძლევდა, რომ გული არ მტკენოდა. ცოტა ხანს ვუყურე და მერე მაღაზიიდან გამოვედი. უკან გამომეკიდა.
- საღამოს ვილაპარაკოთ, გთხოვ. ასე რომ მიდიხარ, აქ მკვდარს მტოვებ, იცოდე.
- შენ რა შუაში ხარ? რატომ გრძნობ თავს ცუდად ან დამნაშავედ? იმდენჯერ ვიფიქრე, დედა აქამდე რატომ არ მაძალებდა აქ ჩამოსვლას, ან ბიძაჩემს რატომ სძულდა საკუთარი და, ან ბაბუას სიკვდილზე რატომ არავინ ლაპარაკობდა, სად არ ვეძებე პასუხი, ახლობლებში, მშობლებში... და ახლა, არაფერს რომ არ ვეძიებდი, არ ვკითხულობდი, ვიღაც სრულიად უცხო დაჯდა და ორ წუთში ყველა კითხვაზე პასუხი გამცა... იმაზეც მათ შორის, რაც გუშინ ვატომ მითხრა. მართლა ისეთი თავმდაბალი კი არ არის, რომ ჩემი მის გვერდით ყოფნა ვერ წარმოიდგინა, იცოდა ყველაფერი და გმირის როლი ითამაშა დათისთან, და თან ისე, რომ ჩემგანაც არაფერს დალოდებოდა. იქნებ ვეუბნებოდი, ცოლად მოგყვები-მეთქი. ხედავ, რა ჭკვიანი ყოფილა...
- ახლა ყველაფერს მაგ ქალის ნაბოდვარს ნუ დაუკავშირებ.
- ათასი დაფანტული რაღაც მოგროვდა და გონებაში შეიკრა ერთ დიდ ამბად, რომელიც ჩემ გარდა, ყველამ იცოდა, მაგრამ ჩემ გარდა, არავის ეხებოდა. სხვანაირად დავინახე ყველა და ყველაფერი, ბიძაჩემიც კი.
- შემოდი და დაჯექი ცოტა ხანს, დამშვიდდები და მერე წადი. - შემომთავაზა.
- ჰო, ახლა ჩამოვჯდები, ყავას დავლევ და გამივლის ხუთ წუთში. ასე ადვილი გგონია მართლა? საღამომდე... - მივაძახე და ხელი უკან გავწიე დამშვიდობების ნიშნად.
გაგრძელება იქნება