„პირადად, მე ვიცი, რომ მამაჩემს ვაჩუქე ცხოვრების 4 წელი, თან კარგი, ხარისხიანი ცხოვრების 4 წელი. ბოლომდე უკრავდა ფორტეპიანოზე, ჰქონდა ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა – ყურადღება, აუდიენცია, საუბარი, აუდიტორია. ამიტომ, ამ პანსიონატმა მამას მისცა ზუსტად ის, რაც მას სჭირდებოდა, რის გამოც მისი ხასიათი მუდმივად გადასარევი იყო, აღარსად გარბოდა, ნაკლებად ჰქონდა შფოთი“, - ამბობდა ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი", სადაც გარდაცვლილი მამისა და მისი პანსიონატში მიყვანის შესახებ ისაუბრა.
ნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძის მამას, ყველასთვის საყვარელ მეცნიერ დათო ხაზარაძეს, დემენცის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ნანიკომ მამის სპეციალურ ჰოსპისში მიჰყავანა გადაწყვიტა, სადაც ის შესაბამის ზრუნვას იღებდა და ჰქონდა ყველა პირობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ნანიკო მამას ხშირად სტუმრობდა და მასთან ერთად გადაღებულ კადრებსაც აქვეყნებდა. მიუხედავად ამისა, ტელეწამყვანს აგრესიული კომენტარების მოსმენა მაინც მოუწია, მათ შორის, ახლობლებისა და ნათესავებისგანაც. თავად კი არაერთხელ განმარტა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და აღნიშნავდა, რომ ეს არ ნიშნავს მშობლის მიტოვებას, პირიქით, მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა აუცილებელია.
"ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, აგონიაში ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. ამის შემდეგ დავწერე ვრცელი პოსტი და ამას მოჰყვა საშინელი ტალღა ჩემი ნათესავების. ზოგმა ჩემი ფოტო გამოდო წარწერით, რომ ნანიკომ მამა გადააგდო, ჩააბარა, ჩვენ წამოვიყვანთ მას და არ დავუტოვებთო. ამის შემდეგ მივმართე სოციალურ სააგენტოს და მომანიჭეს მხარდამჭერის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე მამას ვეღარავინ წამართმევდა.
გავიდა დრო და მივხვდი, რომ მამასთან ერთად პანსიონატში ზუსტად იმ ოჯახის ნათესავები იყვნენ, ვინც მე მლანძღავდნენ. ახლაც ვთვლი, რომ ძალიან სწორედ მოვიქეცი. ხელმეორედ რომ ეს ვითარება გაჩნდეს, მე ისევ ასე მოვიქცევი", - ამბობდა ნანიკო.