"მე სულ უფრო მეტად გაოცებული ვრჩები თქვენი კეთილი სურვილებითა და წერილებით. ამან მართლა შეცვალა ჩემი და უილიამის სამყარო. ახლა უკეთესად ვარ, ისევ გავდივარ ქიმიოთერაპიას და როგორც ყველას, მეც მაქვს ცუდი და კარგი დღეები. ცუდ დღეებში თავს სუსტად ვგრძნობ, მაგრამ კარგ დღეებში, როცა ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ, მინდა, ეს ენერგია მაქსიმალურად გამოვიყენო. ჩემს მკურნალობას კიდევ დრო უნდა და ის რამდენიმე თვეს გასტანს. მინდა, ეს დრო გაძლიერებას დავუთმო, მეტად მოვუსმინო ჩემს ორგანიზმს და ვისწავლო, გავხდე მეტად მომთმენი. მადლობა გაგებისთვის", - წერს უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი საჯარო წერილში.
სულ რამდენიმე დღის წინ, როგორც დაანონსებული იყო, ქეით მიდლტონი Trooping The Colour-ის ცერემონიაზე გამოჩნდა. პაპარაცებმა უელსის პრინცესა ბრონირებულ მანქანაში დააფიქსირეს, სადაც ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად იყო.
ქეით მიდლტონის მდგომარეობა
რამდენიმეთვიანი გაუჩინარებისა და არაერთი კონსპირაციული თეორიის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონმა ვიდეო გაავრცელა, სადაც მოულოდნელ და შოკისმომგვრელ დიაგნოზზე საუბრობდა. როგორც აღმოჩნდა, პრინცესა მძიმე სენს, სიმსივნეს ებრძვის და ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მკურნალობას სახლში აგრძელებს.
ქეით მიდლტონი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ქიმიოთერაპიის კურსს აგრძელებს, ამის მიუხედავად, ღონისძიებაზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის თეთრი ფერის კაბასა და შლაპაში იყო გამოწყობილი. ცერემონიალის ოფიციალურ ნაწილს, ქეით მიდლტონის გამო, უამრავი ადამიანი ესწრება.
"იანვარში ლონდონში ჩავიტარე მუცლის ღრუს სერიოზული ოპერაცია და იმ დროს ითვლებოდა, რომ ჩემი მდგომარეობა არ იყო სიმსივნური. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა ოპერაციის შემდეგ ჩატარებულმა კვლევებმა დაადგინა, რომ კიბო მქონდა.
ამიტომ ჩემმა სამედიცინო ჯგუფმა მირჩია, რომ მე უნდა გავიარო პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიის კურსი და ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე. ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი იყო და მე და უილიამი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანოთ ჩვენი ოჯახის გამო.
ალბათ წარმოიდგინეთ, ამას დრო დასჭირდა, დრო დამჭირდა, რომ სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, დამეწყო მკურნალობა, მაგრამ რაც მთავარია, დრო დაგვჭირდა, რომ ჯორჯს, შარლოტას და ლუის ყველაფერი ავუხსნათ მათთვის შესაფერისი სახით და დავარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები", - ამბობდა ქეითი.