მოდელი თაკო ჩხეიძე მეუღლესთან, ნუკრი რევიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს. წყვილი იდეალურად გამოიყურება:
ნუკრი რევიშვილმა კარიერა ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოში“ დაიწყო. მისი პირველი მწვრთნელი იყო თემურ ნადირაძე. თავდაპირველად ნუკრი „ტორპედოს“ დუბლებში გამოდიოდა, მაგრამ 2005 წელს, 18 წლის ასაკში, „ტორპედოში“ იური კვერნაძის მოსვლის შემდეგ იგი გუნდის ნომერ პირველი მეკარე გახდა. ჯამში 14 მატჩი ჩაატარა მშობლიურ გუნდში. 2006 წელს ქართველი ფეხბურთელი ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, მაგრამ ძალიან მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა – სულ 7 მატჩი ჩაატარა 3 წლის მანძილზე.
რევიშვილის სანაკრებო კარიერა ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშით დაიწყო, 17 წლამდელთა ნაკრებში მან 1 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 19 წლამდელთა ნაკრებში 6, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრებში 7 მატჩი. ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2005 წლის 8 ოქტომბერს ჰქონდა ყაზახეთის წინააღმდეგ. იმ მატჩში ნუკრიმ მშრალად დაიცვა კარი .შემდეგ იყო დიდი ხნის უთამაშებლობის პერიოდი კლუბში და აქედან გამომდინარე სანაკრებო პაუზა, თუმცა მაჰაჩყალის „ანჟიში“ კარიერის აწყობის და ნაკრებიდან გიორგი ლომაიას წასვლის შემდეგ რევიშვილი ნაკრების ნომერი პირველი მეკარე გახდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელად თემურ ქეცბაიას მოსვლის შემდეგ, ნუკრი რევიშვილი საქართველოს ნაკრების ნომერ პირველი მეკარე გახდა. ევროპის ლიგაზე „დილას“ სახელით წარმატებით ასპარეზობის შემდეგ ისევ დაიბრუნა ნაკრებში პირველობა, რომელიც დროებით თბილისის „დინამოს“ მეკარის გიორგი ლორიას ხელში იყო.
თიკო ჩხეიძისა და ნუკრი რევიშვილის ოჯახში ტრაგედია 2018 წლის 15 აგვისტოს დატრიალდა – მათი 9 წლის ქალიშვილი ტატა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ამ უდიდეს ტრაგედიამდე თიკოს კიდევ ერთი მძიმე განსაცდელის გადატანა მოუხდა – მისი და ნუკრის ქორწილიდან მეხუთე დღეს, თიკოს 24 წლის ძმა, კოსტა, ავარიას ემსხვერპლა. მცხეთიდან მომავალი ავტობილი კლდეს შეეჯახა და სამი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა… მაშინ თიკო სწორედ ტატაზე იყო ორსულად, თუმცა, ბიძამ დისშვილის გაცნობა ვერ მოასწრო.რამდენიმე წლის შემდეგ მოდელს ბიჭი შეეძინა, რომელსაც გარდაცვლილი ძმის სახელი – კოსტა დაარქვა.
ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა, მოდელის მეგობრები თუ უცნობი ადამიანები კი მუდმივად აღნიშნავენ, რომ თიკო ძალიან ძლიერი და პოზიტიური ადამიანია. მისი პირადი თუ ოჯახური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტსა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
მას შემდეგ თიკო ჩხეიძისთვის ტკივილთან გამკლავების ერთადერთი გამოსავალი წიგნის დაწერა აღმოჩნდა: „ჩემი წიგნი არ არის სიკვდილზე, ტატას ეს არ მოუხდებოდა... ჩემი წიგნი არის იმაზე, როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება დიდი ტრაგედიის შემდეგ“ - ამბობდა მოდელი. თიკო ჩხეიძის წიგნის "აღსარება დედისა" პრეზენტაცია 2021 წელს შედგა.
"ტატას ნათლიის სიტყვები წიგნის დაწერის შესახებ, იმდენად ხშირად მიტივტივებდა გონებაში და იმავდროულად, იმდენი ჩანაწერი ინახებოდა ჩემს დღიურსა და ტელეფონში, რომ ბოლოს, საწერი კალამი ავიღე, დღიური გადავშალე და მექანიკურად დავიწყე წერა. წიგნის შინაარსიდან გამომდინარე, სახელწოდება – „აღსარება დედისა“ – მისთვის ძალიან ზუსტია. მანამდე მქონდა სათაურის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ასევე მომწონდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც ამაზე შევაჩერე.
როგორ ფიქრობთ, გარდაცვალებას მივუძღვნიდი რამეს?! არა, არა და არა! ეს წიგნი არის ავტობიოგრაფიული და მასში ზღვა ემოციებია თავმოყრილი. წიგნი არის სიყვარულზე, კარიერაზე, ადამიანურ ურთიერთობაზე, ტრაგედიასა და გადარჩენაზე.
მასში თავმოყრილია პატარა გოგონას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელიც ვფიქრობ, მკითხველს არაერთ ცხოვრებისეულ საკითხზე დააფიქრებს. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, ვცდილობ, მკითხველი არ დავამძიმო და პარალელურად, ჩემი ცხოვრების აქამდე უცნობი ისტორიებიც გავუზიარო. მათ შორის ჩემი და ჩემი მეუღლის სიყვარულის ამბავი – ეს ამ წიგნის მთავარი ლაიტმოტივია. წიგნში, ასევე, გაეცნობით ქართული სამოდელო სფეროსა და სილამაზის კონკურსების დაფარულ მოვლენებს. ამ წიგნის წერის პროცესში ერთი კონკრეტული მიზანი არ მქონია... მასში მკითხველი უამრავ საინტერესო, სახალისო და მტკივნეულ ამბავს შეხვდება. ვიტყვი იმას, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი ღერძი და მოტივატორი არის ტატა, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული ჰქვია და რაც არ უნდა დამეწერა მასზე, ის მაინც კაშკაშა მზის სხივივით შემოაღწევდა თქვენს გულებში. მისი სიკეთე ამის თქმის უფლებას ნამდვილად მაძლევს" - ამბობდა თიკო.