მეგი წულუკიძე 1921 წლის 1-ელ იანვარს, თბილისში დაიბადა... სწავლობდა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში. 1939-1941წწ. ცხოვრობდა ხარკოვში; 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში; 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948-1949წწ. ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია; 1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". მისი პირველი ფილმი იყო "ქართველი ბალეტის ოსტატები"; მან ასევე ითამაშა ფილმებში: "ეთერის სიმღერა", "სხვისი შვილები", "ფატიმა", "მე ვიტყვი სიმართლეს", "დღე უკანასკნელი, დღე პირველი", "აბესალომ და ეთერი", "პალიასტომი", "გაქცევა განთიადისას", "ჭიაკოკონა" და სხვები; იყო რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე.
“ქუთაისი… ჩვენს უბანში – საფიჩხიაზე, ხარაზოვების ბაღში, კინოთეატრი გაიხსნა, სადაც ქართული ფილმების პრემიერებიც იმართებოდა. ყოველი ახალი ქართული ფილმის გამოსვლა ეკრანებზე მოვლენა იყო. უბანში ხმა დაირხა, ფილმ “პალიასტომის ტბის” ქუთაისურ პრემიერას არტისტები და რეჟისორიც დაესწრებიანო. უბნის ბიჭები - დიდი თუ პატარა, ვცდილობდით, როგორმე ბილეთი გვეშოვა. შეძრომასაც ვიკადრებდით, მაგრამ პოლიცია იცავდა იქაურობას და ახლოსაც არ გვაკარებდნენ. იმედი რომ გადაგვეწურა და ფილმიც თითქმის იწყებოდა, ლამაზი ქალი გამოვიდა ბილეთით ხელში, ვიღაცას ელოდებოდა. იმედი მასაც რომ გადაეწურა, ჩვენკენ გამოიხედა და ბილეთით ხელი მაღლა ასწია, მიცვივდნენ უბნელი ბიჭები. მე კიდევ, ნაბიჯიც ვერ გადავდგი. ლამაზმა ქალმა ხელი დამიქნია, თავისკენ მიხმო, ბილეთი გადმომცა და კინოთეატრში შემიძღვა. ფილმი რომ დაიწყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ეკრანზე ის ქალი რომ დავინახე – ვინ აღმოჩნდა ის ლამაზი ქალი? – მეგი წულუკიძე!” - იხსენებდა მსახიობის შესახებ დრამატურგი რეზო კლდიაშვილი.
კონსტანტინემ სიონის ტაძარში ჯვარი დაიწერა მეგი წულუკიძეზე, როცა მირანდა (მირანდა ფალავანდიშვილი, მეორე მეუღლე) და ბავშვები სახლში არ იყვნენ.
მწერალი თავის ქალიშვილს, ნათელას, ეუბნებოდა მეგის შესახებ, უნდა გაგაცნო, რა ლამაზიაო. ნათელა თავს იკავებდა. ის მირანდას თანაუგრძნობდა. თუმცა მოხდა ისე, რომ კონსტანტინემ ჯვარი დაიწერა მეგი წულუკიძეზე. ჯვრისწერა სიონში მოხდა. მეჯვარე აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერას ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები. მწერალმა ნათელას უთხრა: რამდენიმე დღით უნდა წახვიდეო. თუმცა რამდენიმე დღეში კონსტანტინესა და მეგის შორისაც მოხდა კონფლიქტი და ისიც გაუშვა მწერალმა ოჯახიდან. გამსახურდია ცეკაში დაიბარეს:
მაშინ ჯვრისწერა აკრძალული იყო, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო.
შემდეგ მეგი წულუკიძე სიკო დოლიძემ შეირთო, ცნობილმა კინორეჟისორმა. ერთ-ერთ თათბირზე კონსტანტინემ რეჟისორი გააკრიტიკა, სიკო დოლიძე განცვიფრდა და თქვა, რას გადამეკიდა კონსტანტინე, რა მაკავშირებს მასთანო...- მეგი, მეგი წულუკიძეო - ვიღაცამ რეპლიკა წამოისროლა, რასაც სიცილი მოჰყვა. ყველას გაახსენდა ერთი ძველი, უცნაური ქორწინება".