ვერ გავუძელი, ყველა სიტუაციიდან ამოვარდნილი ვიყავი. ვატოს გამო აღარც ბავშვებისკენ მიმიწევდა გული და უბანში ხალხის დანახვასაც გავურბოდი. ვეღარ ვუმკლავდებოდი აკვიატებულ აზრებს. ვერც ეკას სიტყვები და ვერც საკუთარი ხმა მშველოდა, რომელიც გაუჩერებლად მარიგებდა, რომ ბებოსთვის უნდა მიმეხედა.
საკუთარ თავთან ლაპარაკი ისე გავახშირე, ზოგჯერ სხვების საუბარი საერთოდ აღარ მესმოდა. ღამე რომ ვწვებოდი, ყურებზე მაგრად ვიჭერდი ხელს, რომ აღარაფერი გამეგო. ეს ერთადერთი ხმა იყო, რომელსაც არც ყურების დახშობა და არც ყვირილით გადაფარვა არ აჩერებდა, ჭკუიდან შემშლელი ერთადერთი ხმა, რომელიც არა და აღარ ჩერდებოდა, ჩემი იყო... საკუთარი, რომლის არსებობაც მხოლოდ ოცი წლის შემდეგ შევამჩნიე...
ბოლოს ვეღარ გავუმკლავდი და წასვლა გადავწყვიტე. ჩემოდანი ჩავაბარგე და ვფიქრობდი, ბებოს შევამზადებდი და ორი დღის შემდეგ სახლს დავუბრუნდებოდი.
ქვედა სართულზე ჩავედი. კედელზე რაღაცის დარტყმის ყრუ ხმა რომ გავიგე, გავიქეცი. ბებო საწოლზე გადავარდნილიყო და თავი კედელზე ჰქონდა მიბჯენილი. დავინახე, პირიდან ნარწყევის და ქაფის მსგავსი მასა როგორ გადმოსდიოდა. მთელი ხმით ვღრიალებდი ,,ეკას“. უცნაურად სუნთქავდა, პირიდან ხმაურით უშვებდა ჰაერს, მოკლე-მოკლე შუალედებით. სასწრაფო გამოვიძახეთ. მის მოსვლამდე ჯერ ბიძაჩემი მოვიდა. სახე შეშლილი ჰქონდა და ოთახში გაუჩერებლად დადიოდა წინ და უკან.
ბებო გონს თავისით მოვიდა. საწოლზე ჩაესველებინა. მე და ბიძაჩემმა გაჭირვებით გადავიყვანეთ ტახტზე და ქვეშაგები გამოვუცვალეთ. მივხვდი, რომ საქმე იმაზე ცუდად იყო, ვიდრე წარმომედგინა.
რომ გასინჯა და დაათვალიერა ექიმმა, ცალკე გამიყვანა გარეთ და მითხრა, გაჟონვა დაემართაო. მერე მიხვდა, რომ ვერაფერი გავიგე და უფრო გასაგებად შეეცადა აეხსნა. ტვინს ჟანგბადის მიწოდება დააკლდაო - განმიმარტა. რომ ვკითხე, გაუმეორებს თუ არა და რა ვქნა, რომ მეტჯერ აღარ დაემართოს-მეთქი, ხელი გადამისვა მხარზე და მითხრა, ვერაფერს იზამო.
იმ საღამოს ჩალაგებული ჩემოდანი უკან ამოვაბარგე. ორი დღის შემდეგ მოპატიჟემ ჩამოიარა და დათის ქორწილში დამპატიჟა, ივლისის ოცდარვა რიცხვში, ანუ ზუსტად ცამეტი დღის შემდეგ იმ დღიდან.
სამი დღის შემდეგ იგივე შეტევა გაუმეორდა ბებოს და მეორე დღეს საწოლიდან ვეღარ წამოდგა, ლაპარაკის უნარი წაერთვა და მხოლოდ ტიროდა, ქვეშ რომ ისვრიდა. თავთან ვეჯექი და ვამშვიდებდი, ვეუბნებოდი, რომ იმსახურებდა ჩემგან მიხედვას და რომ მალე ფეხზე წამოდგებოდა. იმ დღეს ჭამაზე უარი თქვა, ლუკმებს უკან ყრიდა პირიდან, რომ ვაჭმევდი. მხოლოდ მაშინ, მხოლოდ ერთხელ მიმტყუნა ნერვებმა და ვეჩხუბე... ვეკითხებოდი, ასე რატომ მექცეოდა, რატომ მაწამებდა და მანერვიულებდა. ჯამი იქვე დავაგდე და გარეთ გამოვვარდი, რომ მეტირა. ვიფიქრე, თავს იკლავს შეგნებულად-მეთქი. კიდევ ერთხელ გავანჩხლდი, რომ დედა აქ არ იყო, მაგრამ ეს გაბრაზება ბავშვური და ჭირვეული აღარ იყო. მზად ვიყავი, დამერეკა და პირში მიმეხალა, რომ დაბადების წამიდან გამწირა, გამიმეტა იმ ცხოვრებისთვის, სადაც ჩემით ვერ გადავწყვეტდი, როგორი ვყოფილიყავი; სადაც რაც უნდა მეკეთებინა, მაინც მისი შვილი ვიქნებოდი ჯერ; სადაც თუკი რაიმე ანდაზა მოეგონათ ადამიანებს, ყველა ჩვენს ოჯახზე იყო ზედგამოჭრილი.
ექიმი გამოვიძახე საღამოს. ვიფიქრე, გადასხმებს დავუდგამდი და ასე მაინც მომეძლიერებინა იქნებ. ვეჯიუტებოდი, ვეუბნებოდი, უფლებას არ მოგცემ, მოკვდე და მარტო დამტოვო-მეთქი. ნევროპათოლოგი მოვიდა. პატარა რეზინის ჩაქუჩი ამოაძვრინა. ხან მუხლებზე უკაკუნა, ხან თვალებთან უტრიალა. ბოლოს დანანებით მითხრა, საყლაპავის დამბლაა განვითარებული და აღარაფერი უშველისო, ტვინსაც ჟანგბადი თითქმის არ მიეწოდებოდა, წამლებსაც ვეღარ ყლაპავდა. გული სადამდეც გაუძლებს, მანამდე იცოცხლებსო, თუმცაღა გადასხმას დავუდგამდი თუ არა, ეგ ჩემი ნება იყო.
ორი დღე მოდიოდა ექთანი და გადასხმებს უდგამდა. ზონდი ვერაფრით ჩაუდგეს... ის ორი ღამე ეკა გვერდიდან არ მომცილებია. მთელი ღამის უძილო დილით თვალებდასიებული მიდიოდა სამსახურში და საღამომდე მუშაობდა. დღისით ტასო მოდიოდა და მთელ დღეს ჩემთან ატარებდა. მეორე დღეს ერთად ამოვიდა და-ძმა. ვატომ გულში ჩამიხუტა და მითხრა, რომ მარტო არც ერთ შემთხვევაში არ დამტოვებდა. სახე რომ მის მხართან მქონდა, კარებში დათი და ჯიმი დავინახე. ეზოში ჩამოსხდნენ. ჯიმი ამბობდა, ბებიაჩემსაც დაემართა გაჟონვა, მაგრამ გამოკეთდაო. ვატო ამბობდა, პაპიდაჩემი ორი წელია ჩაწოლილია, მაგრამ ვაი ეგეთ სიცოცხლესო. დათი ხმას არ იღებდა, ჩაიცუცქა ეზოში და სიგარეტი გააბოლა. მეც იქვე ჩამოვჯექი სახლის კარებში იატაკზე. რომ მიდიოდნენ, დათიმ ფეხი აითრია. ყველა რომ გავიდა, მომიახლოვდა.
- განვიცდი, რომ ვერაფერს გიკეთებ, თან ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება.
- ქორწილი გაქვს რამდენიმე დღეში, მე რაში უნდა დამეხმარო. - შევეცადე, უდარდელი გამომეტყველება მიმეღო.
- კარგი რა, ეგ რა ხელს მიშლის??!
- არაფერი მჭირდება... - ვეღარ შევძელი წყენის დამალვა, მოვიღუშე.
- არ მოდიხარ? - ჯიმიმ თავი შემოყო კარში და ორივე ეჭვით აგვათვალიერა.
- გთხოვ, დამირეკე, თუ რაიმეში დაგჭირდი, ან მანქანა თუ დაგჭირდა, ან წაყვანა სადმე, წამოყვანა... რა ვიცი.
- კარგად, დათი. - ვუთხარი და კინაღამ ავტირდი. შეგრძნება, რომ ბოლოჯერ ვხედავდი, მთელ სხეულში გახურებული შანთივით მჩხვლეტდა.
იმ ღამეს ეკა დავტოვე ბებოსთან და ტუალეტში გავედი სულ რამდენიმე წუთით. შესული არ ვიყავი, რომ ფეხის ხმა შემომესმა.
- თაია, - დამიძახა ეკამ ჩუმად და სახლის უკან, ეზოში ჩადგმული ტუალეტის ფიცრულ კარებს მოუახლოვდა.
- გამოვალ ახლავე. - გამოვძახე და ჩაწეული შარვალი ისევ ამოვიწიე. გული ყელში მომებჯინა. გამოვედი და კართად გავჩერდი. ვერაფერს ვხედავდი სიბნელეში, მაგრამ გახშირებული სუნთქვა კარგად მესმოდა.
- თაი, წავიდა ბებო. - მითხრა და ატირდა...
შეკითხვები იმის თაობაზე, ქორწილს რატომ ვაჭიანურებდი და დედაჩემის შეგონებები, რასაც აქამდე მშვიდად ვხვდებოდი - მაღიზიანებდა, თითქმის ყველა წამოწყება ლაპარაკის ამ თემაზე, ჩხუბით მთავრდებოდა. მიზეზს ვეღარ ვპოულობდი, თაკოს ცოლად მოყვანა გადამედო და გამუდმებით ჯერ ვყვიროდით მე და ლალი და მერე სახლიდან გამოვრბოდი. ამას ისიც დაემატა, რომ თაკომ ეჭვიანობა დაიწყო, ყველა წვრილმანზე შეეძლო წამკიდებოდა, ნებისმიერი ჩემი მასთან ჩასვლა სანახავად და ტელეფონზე ლაპარაკი ბოლოს იმით სრულდებოდა, რომ მემუქრებოდა - ბეჭედს დამიბრუნებდა. პირდაპირ არაფერს ამბობდა, მაგრამ ხომ ვხვდებოდი, ისიც უმიზეზო გაჭიანურების გამო მემდუროდა.
ქალაქში გადავედი საცხოვრებლად. ვფიქრობდი, იქნებ მარტო რომ დავრჩებოდი, რაიმე მომეფიქრებინა, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, იმის გარდა, რომ თაიასთან ყოფნას ვნატრობდი, მაგრამ ცოლად მაინც თაკო უნდა მომეყვანა.
იმას, რომ ყველას ყველაფერს ავუხსნიდი და იმ ყველას ახლა უკვე ვატოც ემატებოდა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რაიმეს ახსნას სრულიად შეუძლებელს ხდიდა. ის, რაც აქამდე მერთულებოდა - თაკოსთან და დედაჩემთან დალაპარაკება, ახლა არც ისე შეუძლებლად მიმაჩნდა, მაგრამ ბიჭებთან იმის ახსნა, რომ ის ქალი მინდოდა ზუსტად, რომელიც ერთ-ერთ მათგანს უყვარდა, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო.
არც მარტო დარჩენას და არც სხვებთან ყოფნას არ მოუტანია შედეგი. გონება გაჯიუტებული მებრძოდა, ან მე ვებრძოდი. გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რომ თაია ცხოვრებას გამირთულებდა. ვიცოდი, შემშლიდა იმაზე ფიქრი, რომ სხვა კაცსაც ეკუთვნოდა და მუდმივად უნდობლად უნდა ვყოფილიყავი ამის გამო განწყობილი, რომ ადრე თუ გვიან ეს არამყარი ურთიერთობა ბოლოს მომიღებდა და ყველას დამაკარგვინებდა. ის უზრუნველი და ლაღი ცხოვრება დამთავრდებოდა და აღარავის თვალში არ დავრჩებოდი ძველი დათი, ის კაცი, რომლსაც ყველა რაღაცას ეკითხებოდა და ყველაზე მეტი ეთქმოდა სამეგობროში. ვიღაც თითს გამოიშვერდა და იტყოდა, რომ ქალი, რომელსაც ჩემი ერქვა ოდესღაც, მისიც იყო...
დედას საბუთების გაკეთებას დღეებიღა სჭირდებოდა, მაგრამ ბებოს დღეები აღარ ჰქონდა. ჩვიდმეტ ივლისს, ღამის პირველის ათ წუთზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, ბაბუსთან წასულიყო და ჩვენ მის გარეშე გაგვეგრძელებინა არსებობა. დამტოვა სახლში, რომელიც მე მაჩუქა და რომელსაც მის გარეშე არაფრის ფასი არ ჰქონდა. განცდა მქონდა, რომ კედლებში ყრუ სიცარიელე ჩამდგარიყო, რომ სახლს საყრდენი აღარ ჰქონდა, რომ ბებოსთან ერთად ლამობდნენ კედლები სიკვდილს... და უცებ ძალა ვიგრძენი, ძალა, რომელიც მომდევნო დღეებს გადამატანინებდა, იმიტომ, რომ შიშის და სასოწარკვეთის უფლება წამერთვა. ვიცოდი, არ უნდა შევრყეულიყავი ჭკუიდან და ყველაფერი რომ გადაივლიდა, კიდევ უფრო ძლიერი ვიქნებოდი. იმ საშინელ წამს გამეფიქრა, რომ არც ისე ცუდი ვიყავი, რადგან მარტო სიკვდილის უფლება არ მივეცი. ხომ ამბობდა, მთავარი ის არ არის, როდის მოკვდები, მთავარია, ვინ იქნება ამ დროს შენ გვერდითო. ჰოდა, მიხაროდა, რომ სადღაც ქალაქში, მესამე სართულზე დაქალთან ჭორაობის დროს არ შემატყობინა ვიღაც უცხომ, რომ ბებო აღარ იყო...
27 აგვისტოს, შუაღამის ოთხ საათზე, თვითმფრინავის ძრავა ჩაირთო. გვერდით გავიხედე. ნაცნობი წითელი თავი პატარა, ოთხკუთხედ ფანჯარას თვალს არ აცილებდა.
- ნერვიულობ? - ვკითხე.
- არა, მიხარია... - მიპასუხა.
რამდენიმე საათში ჩავფრინდებოდით და დიდ გაშლილ სივრცეში რომ თვალებს მოვაცეცებდი, იქ ნამდვილად დავინახავდი ყველაზე სანატრელ თვალებს, თვალებს, რომლებსაც შვიდი წელი ყველა კუნჭულში ვეძებდი და რომლებიც არსად იყო.
გაგრძელება იქნება