საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, ემიგრაციაში ბევრი ქართველი წავიდა: პოლიტიკოსები, მთავრობის, კულტურის თუ საზოგადო მოღვაწეები. რეპრესიებს გარიდებულ ქართველებს შორის არიან ის ემიგრანტები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით მსოფლიოში წარუშლელი კვალი დატოვეს. ისტორიკოსი, მეცნიერი რუსუდან დაუშვილი იმ ქალების შესახებ გვიამბობს, რომლებმაც 1920-იან წლებში ევროპას შეაფარეს თავი, სამშობლოში კი მხოლოდ მათ შესახებ მოგონებები დარჩა.
- პირველი ტალღის (1921-1930) ემიგრანტთა შორის ცოტანი იყვნენ ოჯახები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ემიგრანტთა მეორე ტალღა წავიდა, ძირითადად, ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა მეომრები. პირველი და მეორე ტალღის ემიგრანტებს შორის ქალთა რაოდენობა მცირე იყო, თუმცა უმრავლესობამ სახელი გაუთქვა საქართველოს. ამჯერად მოგითხრობთ ქართველი მხატვრის, პირველი ტალღის ემიგრანტ ვერა ფაღავას შესახებ, რომლის შემოქმედებაც ფრანგული კულტურის ნაწილია.
ვერა ფაღავა 12 წლის იყო, როდესაც ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. 1920-21 წლებში ვერას მამა იური დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა ირანში. ოკუპაციის შემდეგ ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა, 1922 წელს კი ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა, იქიდან საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდა. ვერა სამხატვრო სასწავლებელში სწავლის შემდეგ საეკლესიო ვიტრაჟების ერთ-ერთ საუკეთესო მხატვრად იქცა, თუმცა მაშინ წარმატების მიღწევა არ დასცალდა, რადგან 30-იან წლებში საფრანგეთს რთული პერიოდი დაუდგა. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, "დიდი დეპრესიის" წლებმა ძლიერ დააზარალა საფრანგეთი. ამან ფაღავების ოჯახზეც მოახდინა გავლენა. სიდუხჭირეს რომ გამკლავებოდა, ვერამ ტექსტილზე მუშაობა შეისწავლა, ამასთან, ქსოვდა, რათა ოჯახში ლუკმაპურის ფული ჰქონოდათ, ხოლო 1940 წელს მედდად დაიწყო მუშაობა. როგორც მხატვარი, საფრანგეთში ის მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაიცნეს. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო გამოფენაში, სადაც პიკასოს ცოლის, დორა მაარის ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. გალერისტი ჟან ბიუშე ვერას შესახებ წერდა: "პიკასოს ცოლთან ერთად გამოვფენ ვერას. ხალხი უფრო პიკასოს ცოლის სანახავად მოვა, ამ დროს კი ვერა ფაღავას აღმოაჩენს და გაიცნობს". ამ გამოფენამ ვერას შემოქმედებაში დიდი როლი ითამაშა. ბიუშეს გალერეასთან ის 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, თუმცა იმხანად ფინანსურმა პრობლემებმა ისევ იჩინა თავი. პარიზში მხატვრებს ძალიან უჭირდათ, შეუძლებელი იყო გაყიდული ნახატებით თავის რჩენა, ამიტომაც ფერწერის პარალელურად, ქართველმა ემიგრანტმა ფრესკული ხელოვნების ნიმუშების, საბავშვო ბაღებისთვის დეკორატიული პანოების, ეკლესიებისთვის ვიტრაჟების შექმნა, ასევე, ქსოვილის დიზაინზე მუშაობა და წიგნების მხატვრული გაფორმება დაიწყო. მისი ნამუშევრები იმდენად ოსტატურად იყო შესრულებული, რომ 1958 წელს რომის პაპმა იოანე XXIII-მ სპეციალური ოქროს მედლით დააჯილდოვა ხეზე შესრულებული ფრესკა-პანოსთვის "ამაღლება", 1966 წელს კი ვენეციის 33-ე ბიენალეზე საფრანგეთს ვერა ფაღავა წარმოადგენდა.
1970-იან წლებში პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა გალერეა "დარიალი", რომელიც ასევე ემიგრანტ ქართველს, თამარ წულაძეს ეკუთვნოდა. ამჟამად მისი ნახატების დიდი ნაწილი გერმანიასა და შვეიცარიაში კერძო კოლექციებშია დაცული. 15 ნამუშევარი საფრანგეთის ქალაქ დიჟონშია, რამდენიმე კი - გრენობლის ხელოვნების მუზეუმში. პარიზის პომპიდუს ცენტრის საცავებში დაცულ მის ნამუშევრებს დღის სინათლე ჯერ არ უხილავთ.
ვერა ფაღავა სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ის სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა ვიტრაჟებს დიჟონის ეკლესიისთვის. 1988 წელს, 80 წლისა გარდაიცვალა. განისვენებს ლევილის სასაფლაოზე.
XX საუკუნის 50-იან წლებში, მაშინ, როდესაც შანელი, სკიაპარელი, ბალენსიაგა და სხვანი იპყრობდნენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიას, ასპარეზზე გამოჩნდა ქართველი დიზაინერი თამარ გამსახურდია.