საღამოს შვიდის ნახევარზე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. თბილი იყო საღამოც და ამინდიც. მოსაცდელში ყურებამდე გაღებული პირით მელოდა მამა. იქვე, სკამზე, როგორც ყოველთვის, შესანიშნავ ფორმაში გამოწყობილი ლეილა იჯდა. თამბაქოსფერი ჟაკეტი მხრებზე მოესხა და თმა შოკოლადისფრად უბზინავდა. გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა, რომ დავმსგავსებოდი, მაგრამ ეს ხომ ისაა, რასაც ვერ ავირჩევთ.
იმ ზაფხულს ბებოს სამი წლისთავი ხდებოდა. მიჭირდა იმაზე ფიქრი, რომ უნდა ჩავსულიყავი. იმაზე მეტად მიჭირდა, ვიდრე მაშინ, ბებოსთან შვიდწლიანი განშორების შემდეგ რომ გადავწყვიტე სანახავად წასვლა. მძულდა სახლები, სადაც არავინ ცხოვრობდა და კედლებიდან ყრუ ოხვრა ისმოდა. ესეც რომ არა, აღარ მინდოდა იმის გახსენება, რომ სწორედ იქ, ვიღაცისთვის საკმარისად კარგი არ აღმოვჩნდი, რაც ჩემს თვითრწმენას ხელახლა გაანადგურებდა. და სადღაც გულის სიღრმეში - არ მინდოდა ცოლიანი დათის დანახვა...
ეკა საზღვარგარეთ დარჩა. ჯერ ირინასთან ერთად ცხოვრობდა და ერთი წელი ხდებოდა, რაც ცალკე გადავიდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანებს გაჭირვება და ცუდ მდგომარეობაში ყოფნა ისე აახლოებთ, როგორც სხვა არაფერი. რამდენიმე თვე იყო, აღარ მწერდა, მაგრამ დედასგან ვიცოდი, რომ არაფერი უჭირდა...
ბებოს გარდაცვალებიდან სამი წლისთავის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავედი სოფელში. ვიფიქრე, სახლს და საფლავს გავასუფთავებდი. ჯერ ბიძაჩემს შევუარე. მომეჩვენა, რომ საშინლად იყო მობერებული. ისევ ტუჩები მობრიცა გვერდით და ისე გამიღიმა, ლოყა მომადო ლოყაზე. ველოდი, დედაზე რამეს მკითხავდა, მაგრამ სულ ტყუილად.
სახლში მისვლამდე საფლავზე წასვლა მოვინდომე. ვიცოდი, რომ დამამშვიდებდა ბებოსთან სიახლოვე და თავში რაღაცებს თავის ადგილას დააბრუნებდა. სამუშაო იარაღები წამოიღო ბიძაჩემმა და საფლავის გზას ნელა-ნელა ავუყევით. რკინის ხლართებით შემორაგული ბებიას და ბაბუას სამუდამო ადგილსამყოფელი მოვლილი და მიხედილი იყო. მაინც გამოძებნა და რაღაცები მოჩიჩქნა, რაღაცები მოჭრა, მუქ ჟოლოსფერ და იასამნისფერ ყვავილებს ბოთლიდან წყალი დაუსხა და კარებთან ჩამოჯდა. არაფერზე გვილაპარაკია, მხოლოდ თუთაზე ვკითხე რაღაც და მანაც მოკლედ მიპასუხა. მივხვდი, ნაწყენი უნდა ყოფილიყო იმის გამო, რომ ბებოს დაკრძალვაზე არ ჩამოვიდა და როგორც სჩვეოდა, წლები არ აპატიებდა მასაც დედასავით.
დათის სახლს რომ გავუსწორდი, მივიწყებულმა ცისარტყელამ შვიდივე ფერი გადაჭიმა და თავსა და თვალებში გადამეფარა. ვინატრე, თვალი მომეკრა, მაგრამ ვიცოდი, ეს მხოლოდ გამირთულებდა მდგომარეობას. ოდნავ ზემოთ ეკას სახლს გავხედე. ეზოში მისი ძმისშვილები ყიჟინას სცემდნენ. ცოტაც და, ავტირდებოდი. ფილმის ფრაგმენტებივით გადამეშალა თვალწინ სამი წლის წინანდელი კადრები, ჩამოსვლის წამიდან ბებოს დაკრძალვის წამამდე ყველაფერმა სწრაფ გადახვევაზე დაყენებული ფირივით გაირბინა.
სახლში ისევ ის სუნი იდგა, რძის, ფუნის და ნესტიანი კედლების. საწოლზე ჩამოვჯექი. გადასაფარებელს ბებოს ტანისამოსის სუნი ღრმად ჰქონდა გამჯდარი. ისევ ის განცდა დამეუფლა, რომ ყველაფერი იმ წამიდან გრძელდებოდა, ბოლოს რომ ვიყავი აქ.
ბებოს ჩუსტებში ჩავყავი ფეხები და ღუმელთან დალაგებული, ჩაწვრილებული შეშები შიგნით შევყარე. მერე ჩაიდანი შემოვდგი და საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. თუ მართლა არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, თუ მართლა შეუძლიათ ყველაფრის დანახვა და თუ იმ სიცოცხლესაც შეგრძნებები მართავენ, ზუსტად ვიცი, ბებოს ახლა უბედნიერესი განცდა ექნებოდა.
საღამოს გუჯამ შემომიარა. მითხრა, ჭიშკარი რომ ღია დავინახე, გამიხარდაო. აღფრთოვანებული იყო ჩემი ხელახლა ხილვით. დამპირდა, ხვალ წაგიყვან და საღებავს და შპალერს გაყიდინებო. მანქანით შემომიარა მართლაც უთენია, გამაღვიძა და ქალაქში წამიყვანა. მერე მაღაზიასთან ჩამომსვა, მითხრა, ბენზინგასამართზე გავიქცევი, მანამდე შეარჩიე, რაც გჭირდება და მეც მოვალო.
მაღაზია დიდი ჩანდა, მაგრამ შიგნით ბევრი ვერაფერი ვნახე, არც დიდი არჩევანი იყო. იატაკის წითელი საღებავი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გადავწყვიტე, გუჯას დავლოდებოდი. მანამდე შპალერებისკენ გავიარე. სადა, მოკრემისფრო შევარჩიე. იქვე უსაქმოდ მოხეტიალე ბიჭს ვთხოვე, შპალერის წებოსთან და იატაკის შესაღებ ფუნჯებთან ერთად ყველაფერი სალაროსთან მოეტანა. გუჯა არსად ჩანდა. ვიფიქრე, ახლა თუ ,,გადამაგდო“ და მათრევინა გაჩერებამდე ეს ყუთები-მეთქი.
ფანჯარასთან მივედი და გავიხედე. შავი jeep გაჩერდა. არაფრით ჰგავდა გუჯას ძველ ავტომანქანას. სალაროსთან დავბრუნდი ისევ, ფული გადავიხადე და ვთხოვე, რაც შევიძინე, შეენახათ, ვიდრე მანქანა მომაკითხავდა. კარისკენ წავედი. რომ გამოვაღე, დილის მზე შემომეგება, თბილი და კაშკაშა. თვალი მომჭრა. ოთხი საფეხური ჩავირბინე და ის იყო, გზას მივუახლოვდი, რომ ნაცნობმა ხმამ დაიძახა:
- თაია... - თავში გადაჭიმულმა შვიდფერმა ცისარტყელამ დამიდასტურა, რომ ჩემი ინტუიცია არ ცდებოდა, უკან დათი იდგა. შებრუნება ვერ მოვახერხე. ვიდექი და ველოდი, რომ მეორედაც დამიძახებდა და ზუსტად ამ დროს ვიგრძენი "ტომ ფორდის" ერთდროულად გრილი და მხურვალე სუნი. შევტრიალდი. თვალებში უდროოდ და უადგილოდ მომაწვა გუშინდელს აქეთ სადღაც გაჩხერილი ცრემლები. შევეცადე, ღიმილით შემეკავებინა და რომ გამოიწია, მაშინვე გადავეხვიე. დროს ვიგებდი, რომ არაფერი დაენახა. მაგრამ შევცდი, იგრძნო თუ არა ხელისგულებმა ნაცნობი სითბო და სიმკვრივე, მაშინვე ცრემლები წამომივიდა. უკან რომ დაიხია და შემომხედა, მზეს გავუსწორე თვალი და ცრემლები მოვიწმინდე.
- დამაბრმავა. - თავი ვიმართლე.
- აქ რას აკეთებ?
- სახლს უნდა მივხედო ცოტა...
- თმა, - ხელი ისე თამამად მომკიდა... - ისევ რიჟა ხარ.
- მანქანა როდის შეცვალე?
- უფ, გრძელი ამბავია, დიდი ხანია.
- რატომ მოგწონს ეს მაღალი მანქანები და მაღალი გოგოები... - სიტუაციის განსამუხტად უაზროდ ვიხუმრე.
- ჰო, რა ვიცი... - უმიზნოდ გაშალა ხელები, უხალისოდ გამიღიმა და მერე ჯიბეში ჩაიწყო. მაინც მოვასწარი თვალის შევლება. მარჯვენა ხელის არათითს ოქროს რგოლი აღარ უმშვენებდა.
- მუშაობ ისევ? - თემა შევცვალე.
- იქ აღარ... შენ რას აკეთებ?
- ვმუშაობ დედაქალაქში, სასტუმროში ადმინისტრატორი ვარ.
- ვიფიქრე, დარჩებოდი დედაშენთან. - მითხრა და ფეხსაცმელებზე დამაშტერდა.
- ეკა დარჩა...
- ჰო, ეგ გავიგე.
გუჯას მანქანამ გადმოუხვია მაღაზიისკენ. სუნთქვაშეკრული ვიდექი და რომ დავინახე, ამოვისუნთქე. მანქანიდან რომ გადმოვიდა, მაშინვე ხუმრობა დაიწყო და ცოტა მომეხსნა დაძაბულობა.
საღამოს ერთად ვაძრობდით კედლებიდან ძველ შპალერს მე და გუჯა. მერე ტასო მოვიდა და შესვენება გამოვაცხადეთ, ჩაიზე შემოვუსხედით დაბალ მაგიდას. თავზე უზარმაზარი მწვანე მთები გადმოგვყურებდა. ჰაერი საოცრად სუფთა და გრილი მეჩვენა. ტყუილად ვფიქრობდი, რომ ჩამოსვლა არ მინდოდა.
შუაღამის ორს წუთები აკლდა, რომ დავიშალეთ. სახლის შესასვლელში შუქი დავტოვე, სრულ სიბნელეში რომ არ ვმჯდარიყავი და იქვე დადგმულ სარწეველა სკამში ჩავეშვი. ბებოს ძველისძველი, ნაქსოვი შალი შემოვიხვიე მხრებზე და ვიგრძენი, რომ ნამდვილად აქ იყო სადღაც, მისი სუნი ცხვირში მიღიტინებდა და მათბობდა.
ჭიშკარი ფრთხილად გაიხსნა. შეშინებული შევტრიალდი. დათი იდგა კარში, ისევ "ტომ ფორდის" სუნს აფრქვევდა, თეთრი მოსაცმელი შუაღამის სიბნელეს ანათებდა.
- გული გამიხეთქე. - ვუსაყვედურე. ნამდვილად გახეთქვაზე მქონდა, მაგრამ არა იმიტომ, რომ შემაშინა.
არაფერი მიპასუხა, წავიდა და კიბეზე ჩამოჯდა. რამდენიმე წამი ხმას არ იღებდა, მერე ხმადაბლა დაიწყო.
- ვიტყვი, რის თქმაც მინდა და წავალ.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი.
- საერთოდ, შეიძლება ადამიანი ბევრ რამეს მოერიო, ბევრი რაღაც დაამარცხო, ყველაზე რთული, სასიცოცხლოდ საშიში დაავადებებიც კი, მაგრამ საკუთარ ბუნებას ვერაფერს მოუხერხებ. გიფიქრია ამაზე? - გაჩერდა, შემომხედა, აინტერესებდა ვუსმენდი თუ არა და მერე განაგრძო. - მაშინ, როცა თავი ვეღარ დავიხსენი შენი არსებობისგან და შეპყრობილივით ვიქცეოდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, იმაზე, რომ ადრეც გავგიჟებულვარ ქალზე, ადრეც მიდევნია, დღეები დამითვლია, რომ ჩემს ხელში, ჩემს ზურგთან, ჩემ ცხვირწინ, ჩემს საწოლში, სამზარეულოში, ყველგან ის დამენახა. ცოლად გაყოლა ვთხოვე, მაგრამ მერე შემოხვედი ჩემს კაბინეტში და ყველაფერი ხელახლა დაიწყო... ამჯერად სხვა ქალთან. და ამდენი წლის მერე, როცა აღარაფერი მესმის, როცა შევწყვიტე საკუთარ თავთან შეკითხვების დასმა, - ერთ რამეს მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც ბედნიერება იმას მოაქვს, რაც ახალია, უცხო, დროებითი და ყველაზე მთავარი, დაკარგვის პერსპექტივით რაც არის, რასაც დასასრული უწერია. აი, ამას მოაქვს ემოცია და იმ ემოციას მოჰყვება ის ყველაფერი, რაც ახალ ტალღაზე გვრთავს. ამიტომ გვიყვარს ცხოვრება, ვიცით, რომ გვინდა თუ არა, ერთ დღეს დასრულდება...
- რატომ მიყვები ამას? - შევაწყვეტინე.
- ყველა კაცს ის წარმოუდგენია, სანამ ცოლს მოიყვანს, როგორ გაიღვიძებს დილით მის გვერდით, - მოყოლას განაგრძობდა. - როგორ მოუმზადებს საუზმეს მის პერანგში გამოწყობილი, რომ სექსი ყოველ ღამე ისეთივე დარჩება, როგორიც ერთად ყოფნის პირველ დღეებში იყო... მაგრამ მთავარს ივიწყებს, იმას, რომ წარმოდგენა ფანტაზიაა და არა რეალობა... და რას მივხვდი, იცი?! არ არსებობს ზოგადი ცნებები, რეცეპტები ცხოვრებაზე, ბედნიერებაზე, ჯანსაღ ურთიერთობებზე. სინამდვილე ისაა, რომ ურთიერთობა ზუსტად იმდენნაირია, რამდენნაირი წყვილიც არსებობს პლანეტაზე, მაგრამ რაში გაინტერესებს ზოგადის განსაზღვრებები. ან რატომ დავიწყე ასე და რის თქმას ვცდილობ სამი წლის შემდეგ. ზუსტად მინდა იცოდე, როგორი ვარ. მინდა გესმოდეს, რომ მე ის კაცი ვარ, ვისაც ერთხელ უკვე მობეზრდა, ვისაც ერთხელ უკვე უყვარდა და მერე ხელახლა შეუყვარდა. არაფერს გპირდები, იმიტომ კი არა, რომ ამ წამში დარწმუნებული არ ვარ ჩემს გიჟურ გრძნობებში, იმიტომ, რომ ადამიანები ცვლილებებს განიცდიან იმისდა მიხედვით, სად, როგორ და როდის მოხვდებიან.
- რა გინდა, დათი?
- რა და, ბევრი ვიფიქრე და იცი, რა მგონია?! მგონია, რომ თუ ერთად ვიქნებით, მთელი დარჩენილი სიცოცხლე ვიჩხუბებთ, იმიტომ, რომ ჯიუტი და აუტანელი ხარ. ყოველდღე ვიეჭვიანებ, რადგან გამახსენდება, რომ ერთ დროს სრულიად არაფრის გამო მომეცი უფლება, შეგხებოდი... არაფრის გამო მომეცი ყველაფერი და ამის მიზეზს დღესაც ვერ ვიგებ... თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად მენდომება, რომ მოგკლა. მილიარდ პრობლემას შემიქმნის შენი ჩემს ცხოვრებაში დაბრუნება, ყველასთან ყველაფერი აირევა და თავდაყირა დადგება, მაგრამ ყველაზე მთავარი... ეს ზუსტად ის იქნება, რაც არ მომბეზრდება... არასდროს.
იქნებ არც მატყუებდა და მართლა ეგონა, რომ ჩემთან ყოფნა ის იქნებოდა ზუსტად, რაც სჭირდებოდა, მაგრამ მე მშვენივრად ვიცოდი, რომ სრულიად ჩვეულებრივი ვიყავი და როგორც კი თავისად დამიგულებდა, ესეც მობეზრდებოდა. ან იქნებ არც ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ მეშინოდა. ძალას ვიკრებდი, რომ არაფერ ფერადზე არ მეფიქრა. ძალას ვიკრებდი, რომ ჩემს თავში ცისარტყელა აღარ შემომეშვა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და მშვიდად ვუთხარი:
- ცხოვრება შექცევადი პროცესია, დათი, რაღაცებს ვერ გაყინავ მანამ, სანამ შენ რაიმე გონივრულს მოიფიქრებ. ვერ დატოვებ და მერე უკან ვერ დაბრუნდები იმის იმედით, რომ ისევ იმ მდგომარეობაში დაგხვდება...
ფეხზე წამოდგა, ჯერ ეზოში გაიარ-გამოიარა, მერე გაჩერდა და წვერზე ხელი ჩამოისვა.
- თუ რაიმე ძალიან გონივრული მოვიფიქრე?! - მკითხა.
- რაღაცები დროულად უნდა მოიფიქრო, იმიტომ, რომ მერე აზრს კარგავს.
გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ აღარ მისმენდა, რაღაცას მიშტერებოდა. ინსტინქტურად მეც იქით გავიხედე, საითაც თვითონ იყურებოდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კარისკენ და საკეტზე მორგებულ გასაღებზე ჩამოკიდებულ ლითონის კლეოპატრას ხელი მოჰკიდა, რომელიც შესასვლელში ანთებულ მბჟუტავ ნათურაზე ვერცხლისფრად ლაპლაპებდა. მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა და კმაყოფილი ღიმილით ირონიულად მიპასუხა:
- რაღაც არ მგონია, აზრი დაეკარგა...
დასასრული