ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, "ტიკ-ტოკზე", აქტიურად განიხილავენ ქუთაისში გამართულ ქორწილს, რომელიც პომპეზურობით გამოირჩეოდა. პატარძლის, მაკო ყაველაშვილის შესახებ სიუჟეტი „დღის პოსტმა“ მოამზადა.
მაკო ყაველაშვილი თავად დიზაინერია, ქორწილში კი საკუთარი დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა. აღნიშნავს, რომ კაბებს ყოველდღიურობისთვისაც საკუთარი გემოვნებით ქმნის და ამხელა გამოხმაურებას საზოგადოებისგან არ ელოდა.
მაკო ყაველაშვილი
„დღეს როგორსაც მხედავთ, ასეთი ვარ სულ. იციან თქმა, ეს სულ საბანკეტოდ გამოწყობილი დადისო. მე ასე ვგრძნობ თავს თავდაჯერებულად, ბევრად მეტ საქმეს ვაკეთებ, როცა ასე გამოვიყურები.
სხვების ქორწილებში დავდივარ "ოსკარის" კაბებით და შინაგანად სულ წითელ ხალიჩაზე ვარ. ასეთი დავიბადე... შეჯიბრება ნამდვილად არავისთვის მომიწყვია. ჩემი დიზაინით ვიკერავ სულ კაბებს, საპატარძლო კაბაც აბსოლუტურად ჩემი დიზაინით შეიქმნა.
ქორწილში რაიმე გრანდიოზული უნდა მქონოდა, რომ განსხვავებული ვყოფილიყავი ჩემი ყოველდღიურობისგან. ჩემი მიზანი იყო ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენა, რომ ვყოფილიყავი დედოფალი და თავი მეგრძნო პრინცესად", - აღნიშნა მან.
მაკო ყაველაშვილმა თქვა ისიც, რომ ქორწილის დაგეგმვაში მთლიანად იყო ჩართული, რადგან ზუსტად იცოდა, როგორი უნდოდა, რომ ეს დღე გამოსულიყო. მიყხედავად ამისა, მისთვის ამდენი ადამიანის ინტერესი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა:
"ქორწილის ხარჯს რა შეეხება, დაახლოებით, 150 000 დავთვალეთ. ყველაფერზე ვიყავით წამსვლელი. ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა.
მთავარი იყო, რომ სუფრა ყოფილიყო გაშლილი ლამაზად. არ მიყვარს, როცა საკვები მაგიდაზე დაყრილია. ტორტი იყო 10 000-ის ღირებულების. ძალიან დიდი იყო და თითქმის მთელ ქალაქში დავარიგეთ“, - თქვა მაკო ყაველაშვილმა.