„რომ ამბობენ, ყოფილი რძალ-მული როგორ მეგობრობთო, არ მესმის..." - კრისტი ყიფშიძისა და ლენუკა ყიფშიძის ვარსკვლავური დუეტი - Marao

„რომ ამბობენ, ყოფილი რძალ-მული როგორ მეგობრობთო, არ მესმის..." - კრისტი ყიფშიძისა და ლენუკა ყიფშიძის ვარსკვლავური დუეტი

2024-06-21 15:00:07+04:00

კრისტი ყიფშიძე და ლენუკა ყიფშიძე "ვარსკვლავური დუეტის" სტუმრები არიან, სადაც თავიანთ ურთიერთობასა და ცხოვრებაზე საუბრობენ.  

კრისტი ყიფშიძე: „რომ ამბობენ, ყოფილი რძალ-მული როგორ მეგობრობთო, არ მესმის... ჯერ ერთი, გათხოვებამდე ვმეგობრობდი ლენუკასთან; მეორეც, 7 წელი ერთად ვცხოვრობდით. 16 წლის ასაკში მოვხვდი სამოდელო სახლში, სადაც ლენუკას დედა ჩვენებებისთვის გვამზადებდა. იქ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. 1996 წელს მეგობრებთან ერთად ქობულეთში ვისვენებდი. იქ დამინახა გიორგიმ. ლენუკამ მოტყუებით წამიყვანა კაფეში, გიორგის საერთოდ არ ეტყობოდა, რომ მოვწონდი. 

ლენუკა ყიფშიძე: „კრისტის მოტაცებაში მაქვს წვლილი შეტანილი და მე რომ გავიპარე, ოჯახში მხოლოდ კრისტიმ იცოდა... არავინ მელაპარაკებოდა.

ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურები, როგორ ახერხებ?

კრისტი: პირველ რიგში, ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. კოსმეტიკური ჩარევებისგან ძალიან შორს ვარ. ვცდილობ, რომ ბუნებრივი ვიყო. დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას, აუცილებელია ბევრი წყალი; კარგია, თუ ფეხით გაისეირნებ. 

  • "ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო!" - ზურა ყიფშიძის კრიტიკა შვილიშვილს და ნატალიას პასუხი ბაბუას 
  • "ორი ბავშვი გიყურებს, ერთი ტირის, ერთი იცინის - გავგიჟდი; შენ შენი საქმე გაქვს თან გაფუჭებული, შეურაცხყოფილი ხარ, ქალმა დაგტოვა და კინაღამ გადავირიე" - გიორგი ყიფშიძე 

კრისტი ყიფშიძე

მადლობა ღმერთს, მე ვფიქრობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. ვგრძნობ, რომ ის სულ თან დამყვება. როცა მეკითხებიან, რა არის თქვენი წარმატების ფორმულაო, პირველ რიგში, ვამბობ, რომ ეს არის იღბალი და ფორტუნა. იღბალს დავარქმევთ თუ ბედისწერას, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. როგორც მოდელს, გარეგნული მონაცემები მჭირდებოდა; პლუს, საჭიროა ნიჭი, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ მოგიტანს შედეგს იღბლის გარეშე. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა დაუმატო შრომისმოყვარეობა. თუმცა, შრომისუნარიანობასაც საქმის სიყვარული განსაზღვრავს. როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს, არც შრომა გეზარება. ამიტომ იღბლიანი ხარ, როცა საშუალება გაქვს, საყვარელი საქმე აკეთო. მერე შედეგიც აუცილებლად კარგი გამოდის.

მე საკმაოდ საინტერესო გამოცდილებები მივიღე ცხოვრებაში. არც ფსიქოლოგი ვარ და არც ქოუჩი, მაგრამ განვლილიდან და განცდილიდან გამომდინარე, როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი დაკვირვებები და მიგნებები. ამიტომაც ვლაპარაკობ ასე. სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად მეკითხებიან, როგორ გავუმკლავდეთ შფოთვებს. მე ვფიქრობ, მხოლოდ შენ უნდა უმკურნალო შენს თავს, სხვა ვერავინ დაგეხმარება. რა თქმა უნდა, ადამიანები დახმარების ხელს გამოგიწვდიან, ოჯახი გაგამხნევებს, ფსიქოლოგი სწორ გზას გიჩვენებს, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტ მის მოგვარებას. ყველა სხვას მხოლოდ ის შეუძლია, რომ წაგეხმაროს, მაგრამ საკუთარი თავის დახმარება მხოლოდ შენს ხელშია.

როდესაც მაღალი თვითშეფასება გაქვს, ამაყობ საკუთარი თავით, გიყვარს ის და პატივს სცემ საკუთარ მეს, მერე, როცა გარეთ გადიხარ, ამას ყველა გრძნობს, შენი განწყობა გადამდებია და გარშემო ყველა სხვანაირად გექცევა. როცა ზიხარ და ფიქრობ, რომ უბედური ხარ, ამასაც გრძნობენ შენი გარშემო მყოფები და მათი შენდამი დამოკიდებულებაც იგივეა. ამიტომ ნეგატიური სიტყვები და აზრები უნდა მოიშოროთ.

ცხოვრების ყველა ეტაპი სიახლეებთან არის დაკავშირებული. როდესაც 40 წლის გავხდი, ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა. ახლა 46 წლის ვარ. 45-იდან 46 წლამდეც მნიშვნელოვანი გარდატეხა განვიცადე. ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ ავად გავხდი. სახის კანზე სერიოზული პრობლემა შემექმნა. მოგეხსენებათ, მე მოდელი და წამყვანი ვარ და ამ პრობლემის გამო, დაახლოებით, ოთხი თვე სახლში ვიჯექი, არაპროდუქტიული ვიყავი. მთავარი ის არის, რომ გადავრჩი, ვიმკურნალე და ყველაფერი მოგვარდა. არ ვიცი, ეს რისგან იყო გამოწვეული, მაგრამ გამოვედი ამ მდგომარეობიდან. მეუბნებოდნენ, ალბათ, თვალი გეცაო. ადრე მეც იმავეს ვიტყოდი, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს უბრალოდ არ მომხდარა. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. შემიძლია, ვთქვა, რომ ამის შემდეგ ძალიან შევიცვალე. ჩემში განწმენდა მოხდა, მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განვიცადე. ღირებულებები დროსთან ერთად ისედაც გეცვლება, მაგრამ ამის შემდეგ სულ სხვანაირად შევხედე ბევრ რამეს და მივხვდი, რომ ეს ჩემი ბედისწერა იყო."