შვიდის ნახევარზე სალაროსთან დავერჭე. თადარიგი წინასწარ დავიჭირე და მამაჩემს მანქანა ვთხოვე, მჭირდება-მეთქი. როგორც ყოველთვის, უარი არც ახლა უთქვამს, ოღონდ მკაცრად გამაფრთხილა, მთელი ღამით ნუ დაიკარგებიო. თერთმეტისთვის შინ გეყოლება-მეთქი, შევპირდი. მე მხოლოდ ნატას სახლამდე მიყვანა მინდოდა, სხვა არაფერი, ძმაკაცებთან ღრეობას და ღამის გათევას არც ვაპირებდი.
ათი წუთი მაინც დამჭირდა ლოდინი, სანამ ნატა გამოვიდოდა. სიმართლე გითხრათ, ბილეთი სულაც არ მჭირდებოდა, უმისოდაც ადვილად მოვხვდებოდი კონცერტზე, მაგრამ მისთვის მინდოდა მესიამოვნებინა. მინდოდა ეგრძნო, რომ რაღაცაში დამეხმარა.
აჩქარებული ნაბიჯებით გამოვიდა გარეთ, «აჭარულის» საცეკვაო კაბა ცალი ხელით აეწია, ფეხებში რომ არ გაბლანდოდა, მეორე ხელით კი ორი ბილეთი მოჰქონდა.
_ უფრო ადრე ვერ მოვასწარი გამოსვლა, დიდხანს მელოდი? _ აქოშინებულმა მკითხა.
_ არა, ეს წუთია, მოვედი, _ მოვატყუე და მოახლოებულს ლოყაზე ვაკოცე.
შეცბა. უცნაური მოძრაობა გააკეთა, თავი დახარა და მარცხენა ხელის ზურგი ლოყაზე ისეთი ჟესტით აიფარა, თითქოს სილა გააწნეს და აეწვაო.
_ აჰა, ორი ბილეთი… _ თქვა და გაწითლდა, _ ახლახან დამიმთავრდა რეპეტიცია, ამიტომ დამაგვიანდა.
_ დიდი მადლობა, მაგრამ ორი არ მჭირდება, მარტო ვარ, _ ვთქვი და კმაყოფილი იერით გავიღიმე.
_ წამოგეყვანა ვინმე…
_ ვინ, აბა? _ ეშმაკურად დავსვი კითხვა.
_ რა ვიცი, ძმაკაცი ან… ან მეგობარი გოგო… _ დამფრთხალი შველივით შემომხედა.
_ მეგობარი გოგო არ მყავს, ძმაკაცები კი უკვე აქ არიან და ბილეთებიც აქვთ, _ ვუთხარი ის, რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებდა.
_ მაინც გქონდეს, მე აღარ მჭირდება.
_ რატომ, მიეცი ვინმეს, დაქალს ან მეგობარ ბიჭს, _ «სამაგიერო» გადავუხადე.
_ უკვე მივეცი, _ მრავლისმთქმელი ღიმილით მიპასუხა, ბილეთები ხელში მომაჩეჩა და გაიქცა.
ესეც შენ, ზაზა! ხომ მიიღე ის, რასაც იმსახურებდი. გამეცინა. ბილეთები გაშლილ ხელისგულზე დავიტყაპუნე და ირგვლივ მიმოვიხედე, იქნებ უბილეთო ნაცნობი დამენახა ვინმე. როცა დავრწმუნდი, რომ ასეთი არავინ იყო, შენობაში შევედი, კართან მდგარ თომას ბილეთები მივაჩეჩე და გავიარე.
_ მოიცა, ზაზა, მოვახევ და დაგიბრუნებ, _ მომაძახა თომამ, მაგრამ ხელი ავუქნიე, არ მჭირდება-მეთქი და უკანა გასასვლელისკენ გავეშურე, სადაც ლოჟები იყო განლაგებული. მამაჩემის გამოისობით, იქ ჩემთვის ადგილი ყოველთვის მოინახებოდა…
კონცერტი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო და საათზე მეტხანს გაგრძელდა. თენგოს ანსამბლი მეოთხე ნომრად გამოვიდა. ცეცხლოვანმა «აჭარულმა» დარბაზი ადვილად აიყოლია. მოცეკვავეებს შორის თვალებით ნატას დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ შევამჩნიე. მივხვდი, რომ სოლოს ცეკვავდა. აი, ისიც! ბოშა ქალივით გამოფრინდა სცენაზე და… ცეცხლი დააფრქვია! სულ სხვა ენერგია მოდიოდა მისგან, სულ სხვა სიამოვნება! არაჩვეულებრივად ცეკვავდა. აქეთ-იქიდან აღტაცების შეძახილები და სტვენა გაისმა… აპლოდისმენტებმა დარბაზი დაანგრია. ის იმსახურებდა ამას. ტაში არ დამიკრავს, არც ხმა ამომიღია, ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, სავარძელში გემრიელად მოკალათებული, კეფაზე ხელებშემოჭდობილი და სანახაობით ერთიანად დამტკბარი ვიღიმოდი. ვგრძნობდი, ამწუთას იგი ჩემთვის ცეკვავდა…
ათის ნახევარი ხდებოდა, კონცერტი რომ დამთავრდა. ლოჟიდან გამოვედი და გასახდელისკენ გავეშურე, რათა ნატა მენახა. ასეთ დროს ალბათ ყველაზე უპრიანი ყვავილები იქნებოდა, მაგრამ მე არ ვეკუთვნოდი თაყვანისმცემელთა იმ კატეგორიას, ქალის გულის მოგებას თაიგულებით რომ ცდილობენ. ჩემი მთავარი იარაღი უთაიგულო ხელები და მომნუსხველი მზერა იყო ყოველთვის.
მოულოდნელად გოგონების გასახდელთან სეიფას მოვკარი თვალი, ვახო ბახტაძეს, კანონიერ ქურდს, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც რუსეთიდან გადმოიხვეწა. როგორც ამბობდნენ, მას ცამეტი ბანკი ჰქონდა გატანილი, ამდენივე სეიფი _ გაძარცვული და ამიტომაც შეარქვეს მეტსახელად სეიფა. მას მთელი რუსეთის სისხლის სამართლის სამძებრო ეძებდა, ამიტომაც გამოიქცა საქართველოში და, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი იყო, აქ მამიდასთან აფარებდა თავს, რომ არ დაეჭირათ. თუმცა, მეეჭვება, ძებნაში ყოფილიყო, თორემ მთელმა ქალაქმა იცოდა, ვინც იყო და რომ მოენდომებინათ, სამართალდამცველებს მისი დაპატიმრება არ გაუჭირდებოდათ. შეიძლება სულაც იმიტომ არ აკავებდნენ, რომ ვახო საქართველოში «საქმეში არ გადიოდა», არც თვითონ იტკიებდა თავს და არც მილიციას უქმნიდა ზედმეტ პრობლემას. ან კი რაში სჭირდებოდა კრიმინალის აქაც აკიდება, როცა ისედაც შემოსდიოდა წილები რუსეთიდან. სულ რომ არ გაენძრია ხელი, ფული მაინც არ მოაკლდებოდა.
_ კაცურ კაცს გაუმარჯოს! _ მომესალმა და ხელი მძლავრად ჩამომართვა.
_ რას შვრები, როგორ ხარ? _ მოვიკითხე, თან გულისყური მოცეკვავეებისკენ მქონდა.
_ არ მკითხო, ჩემო ზაზა, დამშოკა იმ გოგომ, გადამრია. ეს რა ვნახე, ეს რას ვუყურე. ესწრებოდი კონცერტს? _ აღფრთოვანებით ლაპარაკობდა სეიფა.
სუნთქვა გამიჩერდა. რა მიხვედრა უნდოდა, ნატაზე ლაპარაკობდა.
_ კი, ვესწრებოდი, _ დახშული ხმით ამოვთქვი.
_ იცნობ მაგ გოგოს?
_ არა, არ ვიცნობ.
_ მოვკვდები, რომ არ გავიცნო. საინტერესოა, ვისი შვილია, _ თითქოს თავის ფიქრებს გაეპასუხა.
_ არც ეგ ვიცი. კარგი, წავედი, _ ნაძალადევად გავუღიმე და თენგოს ოთახისკენ გავემართე. თუ ვინმე მიშველიდა ახლა, მხოლოდ თენგო.
კარი შევაღე და თვალებით ვანიშნე მეგობარს, გამოდი-მეთქი. წარმატებისგან თავბრუდახვეულს სახე გაბრწყინებოდა.
_ ნახე, რა ვქენით? ხომ მაგარი ანსამბლი მყავს? _ აღტაცებული ლამის გაჰყვიროდა.
_ ვნახე, ვნახე, მაგრამ ახლა ამისთვის არ მცალია. შენი დახმარება მჭირდება, _ ვუთხარი და ბნელი კუთხისკენ წავათრიე.
_ რა იყო, მოხდა რამე? ფული ხომ არ გჭირდება?
_ არა, რა ფული… მოკლედ… ის გოგო უნდა გამოიყვანო როგორმე და მამაჩემის მანქანაში ჩასვა, გასაგებია? _ სწრაფად ვლაპარაკობდი, რადგან დრო არ ითმენდა.
_ ვინ გოგო? _ გაოცდა თენგო.
_ ნატაზე გეუბნები. იქ სეიფა არის ჩასაფრებული, უნდა გავიცნოო. ხომ გესმის, ეს რასაც ნიშნავს. მაგის ხელში ჩავარდნა…
_ გასაგებია, ახლავე მოვაგვარებ მაგ საქმეს, _ აჩქარდა თენგო.
_ მოიფიქრე რამე, ოღონდ მე არ გამომაჩინო, გესმის? აჰა, გამომართვი, _ და მანქანის გასაღები ხელში მივაჩეჩე.
_ შენ რა შუაში ხარ, მე ვიცი, რასაც ვიზამ, ნუ ნერვიულობ, წადი და გარეთ დამელოდე, _ დამამშვიდა და გავარდა.
კიბის ქვეშ დავდექი და შორიდან დავუწყე სეიფას თვალთვალი. მას ტყავის ქურთუკის საყელო აეწია და ჯიბეებში ხელეჩაწყობილი ბოლთას სცემდა გასახდელის წინ. ამ დროს თენგო გამოჩნდა. მან გვერდი აუარა ვახოს, კარი შეაღო და ხმამაღლა დაიძახა.
_ ნატა, დროზე გამოდი, შენ გელოდები!
ოთახიდან გოგონების წიოკი მოისმა. ალბათ ფორმებს იცვლიდნენ და სწორედ მაშინ შეიხედა მათთან ქორეოგრაფმა.
_ დროზე, დროზე, _ მიაძახა თენგომ და კარი მოხურა.
_ შენ ამათი მასწავლებელი ხარ? _ სეიფა უდიერად წინ აესვეტა თენგოს.
_ დიახ… რა გაინტერესებთ?
_ მე… ვახო ვარ… სეიფა, გაგიგია ალბათ…
_ ა-ა-ა! კი, როგორ არა.
_ ის გოგო… უნდა გამაცნო, ძმაო.
ერთიანად დავიძაბე. მათთან ახლოს ვიდექი, ამიტომ სიტყვები გარკვევით მესმოდა.
_ გოგო? რომელი გოგო? _ არაჩვეულებრივად თამაშობდა ჩემი მეგობარი თავის როლს, გულში შევაქე კიდეც.
_ აი ის, ნატა, _ თავი გაიქნია სეიფამ.
_ მაპატიეთ, მაგრამ გარეთ მშობლები ელოდებიან. თან… მეგობრის შვილია, მე ნუ გამრევთ ამ საქმეში, ხომ გესმით…
ამ დროს კარი გაიღო და წითელქურთუკიანი და თმაგაშლილი ნატა ზღურბლზე გამოჩნდა.
_ მომაკითხეს, თენგო მასწ? _ გულუბრყვილოდ იკითხა გოგონამ.
_ ჰო, წავედით, _ თენგომ ხელი ჩაავლო ნატას და უკანმოუხედავად გაიტაცა.
მეც ეგ მინდოდა. სამალავიდან დინჯად გამოვედი, ვახოს შეუმჩნევლად ავუარე გვერდი და როგორც კი გავცდი, ფოიედან ლამის კისრისტეხვით გავვარდი.
ნატა უკვე მანქანაში იჯდა.
_ ჯიგარი ხარ, _ თენგოს მხარზე დავკარი ხელი, გასაღები გამოვართვი და სალონში შევხტი.
_ აბა, შენ იცი, ბავშვი უვნებლად მიმიყვანე სახლში, იცოდე! _ მომაძახა თენგომ და ხელი დამიქნია.
_ სასწაულად ცეკვავდი, ყოჩაღ! _ შევაქე, როცა მანქანა დავქოქე.
_ გმადლობ, _ ჩუმად ჩაილაპარაკა და განზე გაიხედა.
რამდენიმე წუთი უსიტყვოდ ვიარეთ. ნატა დაძაბული წინ იყურებოდა, ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემკენ.
_ ხომ არ შეგაშინე? _ ვკითხე ბოლოს.
_ არა, _ ჩუმად ჩაილაპარაკა.
_ იქ ერთ ვიღაცას უნდოდა შენი გაცნობა, მე კი…
_ ვის? _ გამაწყვეტინა.
_ არის ერთი, არცთუ სასიამოვნო ადამიანი. ამიტომ თენგოს ვთხოვე დახმარება.
პასუხი არ გაუცია. არ ვიცი, რა იფიქრა, მაგრამ იმწუთას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა წარმოდგენა შეექმნებოდა ჩემზე. მთავარი იყო, რომ დროებით მაინც ავარიდე მოსალოდნელ საფრთხეს. ვიცოდი სეიფას ამბავი. თუ იგი რომელიმე გოგოს თვალს დაადგამდა, ხელიდან არ გაუშვებდა. ჯერ არ ჩამოსულა და ნატასნაირი უკვე იმდენი გააუბედურა, თვლა არ ჰქონდა.
_ ბებიაჩემი ალბათ უკვე მეძებს, _ თქვა უცებ ნატამ.
_ გეძებს? რატომ?
_ ძალიან დამაგვიანდა. ვუთხარი, ცხრის ნახევარზე სახლში ვიქნები-მეთქი. რა ვიცოდი, თუ კონცერტი ასე გვიან დამთავრდებოდა.
_ გვიან დაიწყო და იმიტომ.
_ აქ შეუხვიე, _ თითი მარცხნივ გაიშვირა ნატამ.
_ ცოტა ხნით რომ გავისეირნოთ, არ შეგიძლია? _ შევაპარე.
_ არა, არა, ბებიას შეეშინდება, _ წამოიძახა დაფეთებულმა და ხმაზე მივხვდი, რომ თვითონაც არანაკლებ შეეშინდა.
_ კარგი, როგორც იტყვი. რომელ ქუჩაზე ცხოვრობ?
_ გვეტაძეზე.
_ ო-ო! კარგა შორს ყოფილხარ. საინტერესოა, რითი აპირებდი წასვლას?
_ ფეხით. სულ ასე არ დავდივარ?
_ რას მეუბნები, მართლა? ამ სიშორეზე? ავტობუსი ხომ დადის?
_ ყოველ ნახევარ საათში, მაგრამ მხოლოდ ცხრა საათამდე. უკვე აღარ იქნება.
_ არა უშავს, ავტობუსზე ადრე მაინც მიგიყვან შინ.
_ დიდი მადლობა, _ ჩურჩულით თქვა და მხოლოდ ახლაღა გამომხედა.
რა საოცარი თვალები ჰქონდა. სისხლი ამიდუღდა ძარღვებში. ნეტავ, ჩემი იყოს და სახლში მიმყავდეს, წავიოცნებე.
_ აი, ბებიაჩემი! _ წამოიძახა უცებ და წინ გადაიხარა.
ავტომატურად დავამუხრუჭე და მხედველობა დავძაბე, ღამის სიბნელეში ორი ხელჯოხიანი მოხუცი ქალი შევნიშნე, ნელა რომ მოუყვებოდნენ ჩაბნელებულ ქუჩას.
ნატამ ფანჯარა ჩამოსწია და თავი გარეთ გაყო.
_ ბები, აქ ვარ!
მაღალმა, შავთავსაფრიანმა ქალმა ხელი მოიჩრდილა და ჩვენკენ მოიხედა.
_ მე აქ ჩამოვალ, ზაზა, დიდი მადლობა, _ მორცხვად მითხრა და კარის გაღება დააპირა.
_ რას აკეთებ, გაგიჟდი? შუა გზაზე ხომ არ დაგტოვებ, გოგო, დაუძახე ორივეს და ჩასვი მანქანაში, სახლამდე მიგიყვანთ! _ აღვშფოთდი.
_ არ მინდოდა შენი შეწუხება.
_ მეტჯერ აღარ გაიმეორო მსგავსი სისულელე! _ დავტუქსე და თითი დავუქნიე გაფრთხილების ნიშნად, _ მიდი, დაუძახე.
_ მოდით, მოდით, _ პატარა ბავშვის კილოთი დაიჭყლოპინა გოგონამ, მერე ჩემკენ ზურგით შეტრიალდა და უკანა სალონის კარი გააღო.
მოხუცები ვიშვიშით ჩასხდნენ მანქანაში.
_ გამარჯობა, შვილო, _ მომესალმა შავთავსაფრიანი, _ სად ხარ, ბებო, ამდენ ხანს, გამისკდა გული, რატომ დაგაგვიანდა ასე? ბოლო ავტობუსს რომ არ ჩამოჰყევი, გადავირიე, ციალას შევძახე და წამოვედით ორივე.
_ გვიან დაიწყო, ბები, ჩემი ბრალი არ არის, _ იმართლა თავი ნატამ და აციმციმებული თვალებით მე შემომხედა.
_ შენ ვისი ბიჭი ხარ, გენაცვალე? _ მომიბრუნდა ნატას ბებია.
_ ეგ, ბებო, ჩვენი ცეკვის მასწავლებელია, გვიან რომ იყო, მარტო არ გამომიშვა და წამომიყვანა. თენგო მასწ, გაიცანით, ბებიაჩემი სესილია და ჩვენი მეზობელი ციალა ბებო.
სიცილს ძლივს ვიკავებდი ნატას ნათქვამზე, თენგოდ რომ გამასაღა, მაგრამ რა დამრჩენოდა, ორივეს მოწიწებით დავუქნიე თავი და მანქანა დავძარი.
_ შენ გაიხარე, შვილო, სიკეთე მოგცეს ღმერთმა, ჯანმრთელობა და ბედნიერება. რა ვქნა, ამ ერთი შვილიშვილით ვსულდგმულობ, სხვა საზრუნავი დამავიწყა ჩემმა ვაჟმა, სანერვიულო გამიჩინა ამ სიბერეში. ობლად გაზრდილი გოგოა, ბებო და მეცოდება. ხომ იცი, რა დროა, ასი თვალი და ყური უნდა გამოიბას კაცმა, ათასი ოხერი და ვიგინდარა დადის. ყველაფრის მეშინია. თან ისე ჩამაბარა მამამისმა, რამე რომ დაემართოს, რად მინდა თავი ცოცხალი.
_ კარგი, ბები, გეყოფა, _ გამხიარულდა ნატა, დაძაბულობა მთლიანად მოეხსნა. ახლა თავი ქუდში ჰქონდა, აღარ ეშინოდა ჩემი, რადგან უკვე «თავისიანების» გარემოცვაში იყო.
_ ერთი სული მაქვს, როდის დაამთავრებს სკოლას, რომ წაიყვანოს მამამისმა. კი მეცოდება და არ მინდა, დედინაცვალთან იცხოვროს, მაგრამ რა ვქნა, სხვა გამოსავალს რომ ვერ ვხედავ? _ გააგრძელა სესილიამ, _ ოღონდ ამის ჩარიცხვას მომასწროს ღმერთმა და მერე არაფერს ვინაღვლებ.
_ ჩაირიცხება, ბებია, ნუ ნერვიულობთ. თქვენი შვილიშვილი ისეთი ყოჩაღი გოგოა, აუცილებლად ჩაირიცხება, _ გავამხნევე მოხუცი, მერე ნატას მივუბრუნდი, _ ისე მართლა, სად აპირებ ჩაბარებას?
_ არ ვიცი, ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია. ამათ სამედიცინო უნდათ, მე კი ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარს, ვიფიქრე, ფსიქოლოგიურზე ჩავაბარებ-მეთქი, მაგრამ არ მანებებენ, ორი წელი გაგიცდებაო.
_ ჰო, შენები არ ტყუიან, რომ იცოდე, ფსიქოლოგიურზე რომ ჩააბარო, ორი წლის მუშაობის სტაჟია საჭირო.
_ მერე რა, დავამთავრებ სკოლას, ვიმუშავებ და სტაჟსაც დავაგროვებ, _ თავდაჯერებით წამოიძახა და ამაყად გამომხედა.
ისევ დამწვა მისი თვალების ბრიალმა. სასიამოვნო ჟრუანტელმა სხეული გამითბო.
_ აგერ, აქ გააჩერე, მოვედით, _ თქვა ნატამ და თეთრი ქვით გაწყობილ ორსართულიან წითელი აგურის სახლზე მიმითითა.
_ გაიხარე, შვილო, სულ სიკეთით გევლოს, გენაცვალე, დიდი მადლობა, _ ლოცვა-ლოცვით გადავიდა ბებია მანქანიდან. მეორე მოხუცი უსიტყვოდ მიჰყვა უკან.
_ მითხარი შენი ტელეფონის ნომერი და დაგირეკავ, _ ვუჩურჩულე ნატას.
თვითონაც ჩურჩულით მიკარნახა ნომერი, მადლობის გამომხატველი ღიმილი მაჩუქა და ისე მსუბუქად, ლამაზი მოძრაობით გადახტა სალონიდან, თვალი ვერ მოვწყვიტე…
გაგრძელება იქნება