გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიას მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. როგორც გიორგი წერს, სამარცხვინოა, როცა ცოლს აბრალებ ფეხბურთელის წარუმატებლობას.
„ხვიჩა კვარაცხელია საკმარისად დიდი ფეხბურთელია რომ რაღაც, რაც მის თავს ხდება – მისი ბრალი იყოს და პირიქით.
სამარცხვინოა, როცა ცოლს აბრალებ ფეხბურთელის წარუმატებლობას. ან ნებისმიერ სხვა ვინმეს, თუნდაც ის სხვა ვინმე, ცალკე აღებული, დიდ კრიტიკას იმსახურებდეს. როცა კარგად თამაშობს, ეგებ მაშინაც დააბრალო? არა, მაშინ არ იზამ. და იცი, რატომ? ჩვენ ერთი უცნაური თვისება გვაქვს, ბრალის მესამე პირებში მოკითხვა. ამით ხომ, ქვეცნობიერად, საკუთარ უსუსურობას ამართლებთ, თქვენ რომ ვერაფერი შეძელით, იმ ამბავს.
და თუ მაინცდამაინც ბრალზეა, მე გეტყვით: ის, რომ საქართველოს ნაკრები დღეს აქ მოვიდა, ეს ხვიჩას ,,ბრალია”.ის, რომ საქართველოში ფეხბურთი დაბრუნდა საერთოდ, ეგეც ხვიჩას ,,ბრალია”.
კი, ის ვერ თამაშობს ახლა ისე, როგორსაც ვისურვებდით – გვინდოდა ამ ჩემპიონატის შუკერი და ბობანი ყოფილიყო. ეგ ოცნება გვქონდა. თუმცა, გავიხსენოთ ისიც, რომ იმ ხორვატიაში თითქმის შუკერი და ბობანი იყო დანარჩენი რვაც. ცოტა ფიქრი გავანძრიოთ – კი, ფეხბურთი სოციალური აღტკინებაცაა, მაგრამ პირველ რიგში სპორტია.
კრიტიკა? კრიტიკა ხვიჩას კი არა, მარადონას და რონალდუს შეხვედრიათ, თან მაშინ, როცა უკვე მარადონა და რონალდუ იყვნენ. აკრიტიკეთ. მაგას ვერავინ დაგიშლით. ოღონდ კრიტიკას კალაპოტი უპოვეთ,“ – წერს გიორგი კეკელიძე.
წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.
5 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
საღამო არ გამოირჩეოდა პომპეზურობით, წყვილმა პატარა ზომის ტორტი გაჭრა, ტრადიციული ქართული ცეკვა შეასრულა და სტუმრებთან ერთად იმხიარულა.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოკრძალებული ქორწილი გადაიხადა, იტალიური მედია ვარსკვლავური წყვილის შესახებ მაინც ბევრს წერს: „ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერდა იტალიური მედია.
გავრცელდა კადრები იმის შესახებაც, თუ როგორ გამოიყურება სახლი, სადაც ნიცა და ხვიჩა იცხოვრებენ. როგორც ცნობილია, ქორწილის მეორე დღეს ისინი იტალიაში გაემგზავრნენ და ნეაპოლში დაბინავდნენ. მათი სახლი მყუდროა, ზღვის ხედით.
ცნობილია, რომ ნიცა თავაძე და ხვიჩა კვარაცხელია პირველ შვილს ელოდებიან და მალე ბიჭის მშობლები გახდებიან.