102 წლის ებრაელი ქალი, რომლის ოჯახიც ოსვენციმში მოკლეს, გერმანიის Vogue- ის ივლისი/აგვისტოს გამოცემის გარეკანზე მოხვდა - მარგო ფრიდლანდერი დაიბადა ბერლინში 1921 წელს. ბერლინის ებრაული მუზეუმის ვებსაიტზე არსებული მოკლე ბიოგრაფიის მიხედვით, ფრიდლანდერმა ომის ადრეული ნაწილი დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად გაატარა. ოჯახს ქვეყნიდან გაქცევის გეგმა ჰქონდა თუმცა 1943 წელს მარგოს ძმა გესტაპომ დააპატიმრა. დედა გესტაპოს დაუპირისპირდა, რის გამოც იგი შვილთან ერთად აუშვიცში გადაასახლეს, სადაც ორივე მოკლეს. დაპატიმრების წინ დედამ მარგოს დაუბარა, რომ არ დანებებულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა.
მუზეუმის ცნობით, ფრიდლანდერი, რომელიც მაშინ სულ რაღაც 21 წლის იყო, დაიმალა, თუმცა მასაც უღალატეს და საბოლოოდ ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში, ტერეზიენშტადტის ბანაკში გაგზავნეს.
"მადლობელი ვარ, რომ ეს შევძელი. მოვახერხე და დედაჩემის სურვილი შევასრულე" - ამბობს მარგო.
კერსტინ ვენგმა, ჟურნალის სარედაქციო შინაარსის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ ნომრის თემა იყო სიყვარული, რომელშიც წარმოდგენილია მათი „საყვარელი ნაწარმოებები, საყვარელი ადამიანები“.
„102 წლის ასაკში ის ცდილობს ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობას და ამტკიცებს, რომ დიალოგი ჯერ კიდევ შესაძლებელია“.
ფრიდლანდერმა თავისი მომავალი ქმარი, ადოლფი, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნისას გაიცნო და გათავისუფლების შემდეგ მალევე დაქორწინდა. წყვილი ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში და ნიუ-იორკში ცხოვრობდა ექვს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მაგრამ 2010 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მარგო ბერლინში დაბრუნდა. მას შემდეგ ის ჰოლოკოსტის საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებს.