ულამაზესი, დახვეწილი, მშვიდი და გაწონასწორებული ეკატერინე ანდრონიკაშვილი ყოველთვის არ თანხმდება ინტერვიუებს. მსახიობი, ერთი შეხედვით, ნაზია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ მებრძოლი ხასიათი აქვს. არასოდეს მალავს ასაკს. უზადოდ გამოიყურება და ამისთვის არც პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, არც ვარჯიშობს, არც დიეტებს იცავს. ფაქტია, მისი გარეგნობა, დახვეწილი მანერები და სახასიათო შტრიხები, მისი გენეტიკის დამსახურებაა.
– ადრეულ ასაკში გათხოვდი და როგორც ვიცი, შვილებს შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა...
– ძალიან ადრე გავთხოვდი – 19 წლის. 21 წლისას შვილი მყავდა და ახლა უკვე 30 წლისაა. მეორე შვილი კი ღმერთმა გამომიგზავნა, 43 წლის ასაკში გავაჩინე და 7 წლის ანგელოზი მყავს. 23 წელია შვილებს შორის სხვაობა.
– როგორ ფიქრობ, რაში გაგიმართლა ყველაზე მეტად?
– გამიმართლა ჩემს შვილებში, მშობლებში, წინაპრებში, მეგობრებში და ზოგადად, ბევრ რამეში. საერთოდ, უიღბლო არ ვარ, მაგრამ ხანდახან მგონია, თითქოს, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს, გვერდით ჩამივლის, გაივლის და ჩემთან არ მოდის. იმისთვის, რომ რამეს მივაღწიო, ბრძოლა ნაკლებად, მაგრამ ბევრი შრომა მჭირდება. მაგრამ, თუ ბრძოლა დამჭირდა, საკმაოდ მებრძოლი ადამიანი ვარ და ინტუიციაც საკმაოდ განვითარებული მაქვს.
– გამართლებაში სიყვარული არ გიხსენებია და რატომ?
– ჩემი ორივე შვილის მამასთან ერთად არ ვარ. რაც შეეხება სიყვარულს, რასაკვირველია, მიყვარდა, მაგრამ მგონია, ის „ერთადერთი” არ შემხვედრია.
– ცხოვრებისეული სირთულეები, სიახლეები, ცვლილებები თუ გაშინებს?
– არა, ნამდვილად არ მაშინებს სიახლეები, სირთულეები და ცვლილებები. პირიქით, მიყვარს, მაგრამ გააჩნია – რაში. მაგალითად, ურთიერთობებში, ნამდვილად აღარ მინდა სიურპრიზები. ისეთ ასაკში ვარ, სტაბილურობა, საყრდენი და სიმშვიდე მირჩევნია. ზოდიაქოთი „მშვილდოსანი“ ვარ, მიზანშიც კარგად ვისვრი და რისკიანიც ვარ. თუ გამირისკავს, სწორად გამირისკავს და არ წამიგია.
– შენს განვლილ გზას რომ გადახედო, ღალატის მსხვერპლი ხშირად გამხდარხარ? ბევრი ადამიანი ჩამოგცილებია ან ჩამოგიცილებია?
– დროთა განმავლობაში იფილტრება სამეგობრო წრე და ბოლოს რჩება ის ნამდვილი, ნაღდი მეგობრები, რომლებიც ნათესავებივით შენები არიან. სამწუხაროდ, მქონია შოკური იმედგაცრუება მეგობრის მხრიდან, როცა საერთოდ არ მოელი და საბოლოოდ გაწყდა მასთან კავშირი. მე მეგობრისგან ღალატი უფრო მწარედ მიმაჩნია, ვიდრე სხვა ღალატი.
– რაც წლები ემატება, ადამიანს ფიზიკური ცვლილებისა და სიბერის შიში უჩნდება. შენ თუ გიფიქრია ამაზე?
– შიში ძალიან ნორმალურია და ყველას აქვს. თუ ადამიანი ამბობს, სიბერის არ მეშინიაო, ის არ ამბობს სიმართლეს. თუმცა, გარეგნული ცვლილებების შიში ნამდვილად არ მაქვს. ადამიანის გონებას აქვს შესაძლებლობა, მაქსიმალურად დიდხანს იყოს ახალგაზრდა. თუ შენში ბავშვობა სულ ცოცხლობს და ამას გრძნობ, ეს გაძლევს სიცოცხლის ტონუსს. შეიძლება ძალიან მოვლილი იყო, ათასი პლასტიკური ოპერაცია და ბოტოქსი გაიკეთო, ამის ფონზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, მაგრამ თვალები გქონდეს დაბერებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ იმ სხივს, რომელიც ადამიანის თვალებში ჩანს.