მაკა ძაგანია ქართველი მსახიობია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნათამაშებმა „თინას“ როლმა. 2014 წელს დატოვა სერიალი, მაგრამ 1 წელიწადში დაბრუნდა. ჰყავს მეუღლე გიგა ცერცვაძე და ორი შვილი.
– თუ გახსოვს, რაზე ოცნებობდა პატარა მაკა და დღევანდელი ცხოვრება რამდენად არის ბავშვობისდროინდელ სურვილებთან თანხვედრაში?
– საერთოდ შემეცვლა წარმოდგენები. ფეხი ავიდგი თუ არა, ცეკვა დავიწყე. მთელი ჩემი გონება ბალეტისკენ იყო მიმართული. ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა და ჩემს ოცნებებში ვხედავდი, მომავალში როგორ ვხდებოდი დიდი ბალერინა. 16 წლის ასაკში, ძალიან უცებ, ჩემს გონებაში ყველაფერი გადატრიალდა და აბსოლუტურად სხვაგან წავედი. სცენა, აპლოდისმენტები, მაყურებელი – ეს უცვლელია და მსახიობობა ძალიან შორსაც არ არის ჩემი თავდაპირველი ოცნებისგან, მაგრამ ცეკვა არ არის. მთლიანად თეატრისკენ წამოვედი და მთელი ჩემი ბავშვობის წარმოდგენები ბალერინობის შესახებ, სადღაც გაქრა. ბალეტთან დაკავშირებული მოგონებები ძალიან ტკბილია, მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და რა თქმა უნდა, არ ვნანობ. ერთადერთი, რაც დამრჩა, ისაა, რომ ბალეტის ყურებისას თვალზე ცრემლი მადგება.
– ოჯახის წევრები როგორ გაფასებენ – ასაკის მატებასთან ერთად შეიცვალე?
– მგონი, არ შევცვლილვარ. 24 წლის ასაკში ვარ ჩარჩენილი. ჩემი შვილია 24 წლის და მეც სადღაც იქ ვტრიალებ. რომ ვუყურებ, მახსენდება, რომ 24 წლის არის და მერე ვხვდები, რომ მე ვერ ვიქნები ამ ასაკის (იცინის). ალბათ, შევიცვალე – როგორ შეიძლება 24 და 44 წლის ასაკში ერთნაირი იყო, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ და არც ოჯახის წევრები მეუბნებიან ამას.
– წარსულ შეცდომებზე რომ ფიქრობ, ცდილობ, საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანო?
– საერთოდ, რა თქმა უნდა, ვცდილობ, რაღაცები შევცვალო. თუმცა შეიძლება შეცდომა დავუშვი, სადღაც ფეხი წამოკარი, წავიქეცი და ავდექი, მაგრამ ეს გზა რომ არ გამევლო, მე ხომ დღეს ის არ ვიქნებოდი, რაც ვარ?! უშეცდომო ცხოვრება არ არსებობს, ყველა თავის გზას გადის, თავისი შეცდომებით და შესაბამისად, ამას სინანული ახლავს. ალბათ, ასეც არის საჭირო, რომ ჩვენ ის ვიყოთ, ვინც ვართ.
ზოგადად, ალბათ, გადასადგმელ ნაბიჯებზე წინასწარ ფიქრი სჯობს წარსულთან დაკავშირებულ სინანულს. რაც გავლილია, აღარაფერი ეშველება, მაგრამ მომავალში შემიძლია რაღაცების შეცვლა, ამიტომ მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მივიღებ, დრო რომ გავა, მერე რომ არ გამიხდეს სანანებელი. ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელიც გავიარე.
– ასაკის მატება და გარეგნული ცვლილებები – ამაზე როგორ რეაგირებ?
– თითქოს, ახლა და ახლა უფრო დავიწყე ცვლილებებზე დაკვირვება. ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი საშუალება არსებობს იმის გამოსასწორებლად, რაც არ მოგწონს, მაგრამ მე მაინც ბუნებრიობის მომხრე ვარ. ის ნაოჭიც რომ მოდის, ვფიქრობ, რომ უნდა გქონდეს. არ ვამბობ, რომ თავს არ უნდა მოვუაროთ, მაგრამ მე ბუნებრიობა მირჩევნია. ახლახან გავიწმინდე სახე, ცხოვრებაში პირველად და ალბათ, მეორედ ამას აღარ გავაკეთებ. თითქოს, ჩემი არ არის. ბოტოქსზე ჯერ არც ვფიქრობ, მაგრამ შეიძლება ორ წელიწადში ვთქვა, უი, მჭირდება და მინდა-მეთქი. ახლაც მჭირდება, მაგრამ არ მინდა. 44 წლის გავხდი, პატარა აღარ ვარ და ბუნებრივია, რომ ჩემს სახეზე რაღაცები გაჩნდა, მაგრამ ჯერ ვეგუები და თუ მივხვდი, რომ აღარ მომწონს, ავდგები და მერე გავიკეთებ, რაც დამჭირდება. თუმცა, მაინც მეეჭვება, ასე მოვიქცე (იცინის).
– რას უსურვებ საკუთარ თავს?
– ახალი გამოწვევა მაქვს, რომელთანაც ადრე არანაირი კონტაქტი არ მქონია, მიწასთან ურთიერთობას ვგულისხმობ. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა. როგორც შვილების გაჩენა იყო ჩემთვის მოვლენა, ზუსტად ასეთივე მოვლენაა ჩემთვის ჩემი ვენახი. ძალიან მაბედნიერებს და ბევრი გეგმა მაქვს მასთან დაკავშირებით. ჩემს თავს ვუსურვებ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე ჩემს გეგმებს და შევძლო იმ ჩანაფიქრის განხორციელება, რომელიც ჩემს გონებაშია.