მსახიობი და ჟურნალიტი თაკო კორინთელი საზოგადოებამ "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული ბარბარისკას როლით გაიცნო. ცოტა ხნის წინ იგი საყვარელ ადამიანზე – ლევან ნარეშლზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა. მიუხედავად იმისა, რომ თაკოც და მისი ექიმი მეუღლეც საკმაოდ დაკავებული არიან, ერთმანეთისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ახერხებენ.
"შეიძლება სადმე ვერ გავიდეთ, მაგრამ სახლში ჩავუსხდებით საყვარელ ფილმს ან ერთად გავაკეთებთ რამეს. საქმეებს ყოველთვის თანაბრად ვინაწილებთ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთს შეყვარებულობის პერიოდში უფრო მეტ დროს ვუთმობდით და ახლა ნაკლებს. როგორც კი საქმეს დავამთავრებთ, მაშინვე სახლისკენ მოვიჩქარით, ერთი სული გვაქვს, ერთმანეთს როდის ვნახავთ. ეს შეყვარებულობის პერიოდშიც ასე იყო და ახლაც ასეა.
ძალიან რომანტიკული ვარ და გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლეც ძალიან რომანტიკულია. შეიძლება დღესასწაული საერთოდ არ იყოს, მაგრამ ჩვეულებრივ დროსაც მანებივრებს სიურპრიზებითა და საჩუქრებით. უყვარს ჩემი გახარება. ეს მარტო საჩუქრებით არ გამოიხატება. შეიძლება სახლში მოვიდე ან მეუღლე მოვიდეს ჩემზე ადრე და ერთმანეთს განსაკუთრებული ვახშმით რომანტიკული საღამო მოვუწყოთ.
კამათის გარეშე გამორიცხულია. ჯანსაღი კამათი საჭირო და აუცილებელია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩხუბით ერთმანეთს ვხოცავთ. შეიძლება ძალიან ელემენტარულზე ვიკამათოთ. მაგალითად, დილით მე ხომ ადრე ვიღვიძებ და ფეხაკრეფით დავდივარ, რომ ჩემს მეუღლეს არ გაეღვიძოს. თუმცა მაინც ეღვიძება და მე რომ უკვე გამზადებული გავრბივარ, ჩანთებაკიდებული და მძღოლი მირეკავს, ჩამოდი, გელოდებიო, ეს ამ დროს დამიძახებს – აუ, წყალი მომიტანე, ან რამე გამიკეთეო (იცინის). რა თქმა უნდა, ვუკეთებ, რასაც მთხოვს და ელემენტარული რაღაცებისთვის აღარ ვაფხიზლებ, მაგრამ სამსახურიდან რომ ვბრუნდები, მერე ვსაყვედურობ: ხომ შეგიძლია, მანამდე მთხოვო, სანამ კარს გამოვაღებ და გასვლას დავაპირებ-მეთქი (იცინის). თუმცა გაბუტვა არ გვახასიათებს. შეიძლება საუბრისას რაღაც უხეშად ,გამოგივივდეს, მაგრამ ჩემს მეუღლეს შეუძლია, მაშინვე აღიაროს, უხეშად მომივიდაო, მოვიდეს, ჩამეხუტოს და მომიბოდიშოს. მეც ასე ვარ და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გაბრაზება რამდენიმე საათი გრძელდება, დღეები – მით უმეტეს."
წლების განმავლობაში თაკო კორინთელს ტელეკომპანია „მაესტროში“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავდა. ერთ-ერთი ინტერნეტგამოკითხვით, ის ყველაზე ლამაზ ტელეწამყვანადაც დაასახელეს. შემდეგ კი კულინარიული გადაცემიდან, რომელიც ტელეკომპანია „პალიტრა ტვ“-ზე მიჰყავდა, პირდაპირ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. ამის მიზეზი ბარბარიკას როლის შემსრულებლის, მარიშკა ჯავახაძის ტრავმა გახდა. მას ექიმებმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, ამიტომ მისი როლისთვის სასწრაფოდ შემცვლელის პოვნა გახდა საჭირო.